პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ქენჯნა

ახლა იშვიათად მიწევს მეტროპოლიტენით სარგებლობა, მაგრამ წლების წინ, ჩემთვის უცვლელი ტრანსპორტი იყო. ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ ორი კვირის წინ ჩავედი მეტროში. ერთი გაჩერების შემდეგ, გაიღო თუ არა მეტროს ვაგონის კარი, მყისვე შემოხტა, თან უკან-უკან იყურებოდა გამარჯვებული ღიმილით და ვიღაცას ენას უყოფდა, ალბათ, კონკურენტ შემწეობის მთხოვნელს, რომელსაც სისხარტემ უმტყუნა. შევხედე თუ არა, ვიცანი, ისევ ის დიდრონი ცისფერი თვალები, კურნოსა ცხვირი და დალალებად დაყრილი ქერა, ხუჭუჭა თმა, გასაოცარი სილამაზის აწ უვე 13-14 წლის ვაჟი. კარის დახურვისთანავე მთელი სერიოზულობითა და პროფესიონალიზმით ჩამოგვიარა უკლებლივ ყველა მგზავრს, საოცარი მოხერხებულობით ჩაგვაბღუჯინა სანთლები, შეარჩია ვაგონის შუა ადგილი და როხროხა, ალაგ-ალაგ ბავშვური დეტონაციებითა და „ყიყლიყოებით“ გაჯერებული ხმით, ოდნავი აქცენტით დაგვამუნათა წმინდანების სახელებით და სანთლის ყიდვის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილთა წყალობის გარდაუვლობაშიც ცდილობდა მგზავრთა დარწმუნებას. როცა დაასრულა, ისეთივე სისხარტით წამოკრიფა სანთლები, მიეყრდნო კარს და მოჰყვა ხურდების თვლას. შემდეგ სადგურში გვერდზე ვაგონში გადაინაცვლა და იქაც ეგრე.

ყველა სხვა ტრანსპორტთან შედარებით მეტრო ბავშვობიდან რატომღაც განსაკუთრებით მიყვარს. მართალია, 90-იანების საწყის ეტაპზე არა ერთხელ მივლია ფეხდაფეხ ჩაკურატებულ ვირთხებთან ერთად ჩაბნელებულ გვირაბში, მაგრამ არასდროს მიღალატია მისთვის. ეს ერთგულება სტუდენტობაშიც გაგრძელდა. დილით მისულები საღამოსკენ ვამთავრებდით ლექცია-სემინარებს. ჰოდა, დავუყვებოდით თსუ-ის პირველი კორპუსიდან გზას რუსთაველის მეტრომდე, თან ვხალისობდით, ვლაზღანდარობდით, ხან ვკამათობდით და განვიხილავდით იმ დროს ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებს, ხანაც გადავუხვევდით ხოლმე გზიდან და საერთოდ სხვაგან, მაგალითად, ნარიყალაზე ამოვყოფდით თავს. მოკლედ, გზა მეტროსადგურამდე ჩემი სტუდენტობის ერთ-ერთი ტკბილი მოგონებაა ახლაც. მეტროსთან მისულები უკვე ვშორდებოდით ერთმანეთს, ჩემს მხარეს, დიდუბისკენ (ჩემს ჯგუფელსა და მეგობარ ნინოს თუ არ ჩავთვლით), იშვიათად თუ ვინმე მოდიოდა. შევიდოდი ვაგონში, ავეყუდებოდი სწორედ იმ კარს, სადაც ეწერა, ნუ მიეყრდნობით და ველოდი ჩემს სადგურს. გაჭირვება და მოწყალების მთხოვნელი მაშინ იყო, თუ იყო, ზოგჯერ 2-3 ადამიანი ერთად შემოდიოდა სხვადასხვა ტექსტითა და ერთნაირი შუქჩამქრალი თვალებით. როგორც რუსთაველამდე გზაა ყველაზე მძაფრად ჩემის სტუდენტობის სურათ-ხატებში, ისე განსაკუთრებულად მაქვს მეხსიერებაში ჩაბეჭდილი ერთი სურათი – დაახლოებით 35 წლის ქალი, ისიც საქმიანი, კონკრეტული მიზნით შემოსული ვაგონში, ჩამოხეული ჭრელი კაბით, მუდამ თავწაკრული, ნაიკისნიშნიან შლოპანცებში ფეხებგაყოფილი და ორი თუ სამი წლის ხელშიატატებული  ულამაზესი, ნათელსახიანი ბიჭუნათი, რომელიც ლურჯ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა და შეხედვის დროს დამორცხვებული თავისივე გრძელ ქერა ხუჭუჭა თმებში გემალებოდა. მახსოვს, სანამ დედამისი იმ ყოველდღიური, უკვე რუტინად ქცეული საქმით იყო დაკავებული, ხელი დავუქნიე, რა თქმა უნდა, დაიმალა, მაგრამ როცა ვაგონიდან გადიოდნენ, ამოიჭყიტა, დამიქნია ხელი და კვლავ დედის მხრებში ჩარგო ბუჩქა თავი.  ეს 2003 წელი იყო, პირველ აბზაცში მოთხრობილი ეპიზოდი კი ორი კვირის წინანდელია.

თავშიც ვთქვი, როგორც კი შემოხტა და შევხედე, მაშინვე ვიცანი. ვუყურებდი და  რაღაცნაირად ცრემლი ყელში მებჯინებოდა, მრცხვენოდა, თითქოს იმწამს რაღაც დანაშაული ჩამედინა და ვმალავდი, არ მყოფნიდა შნო და ვაჟკაცობა რომ მეღიარებინა. მერე ყველაზე ერთად გავბრაზდი – ხალხზე, პოლიციაზე, პოლიტიკოსებზე, უკლებლივ მთელ საჩინოვნიკეთზე, წინასაარჩევნო კამპანიებზე, სამთავრობოებზე, არასამთავრობოებზე და, ზოგადად, ყველა ადამიანზე, ვინც მოვახერხეთ, რომ ის ოქროსკულულებიანი ბიჭი 14 წლის შემდეგ იმავე საქმით არის დაკავებული, რითიც წლების წინ დედამისი და ერთადერთი უნარი, რაც გამოვუმუშავეთ, მოწყალების თხოვნის მაღალი კომპეტენციაა. აქ საუბარი ზედმეტია სახელმწიფოს მხრიდან კონსტიტუციური ვალდებულების შეუსრულებლობაზე (დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა.), სადგურებშივე მოსეირნე პოლიციელების ამ თვალსაზრისით გულგრილობაზე, არსებული პრობლემის საზოგადოების მხრიდან  უგულებელყოფაზე და სხვა.

პირველ რიგში, მე ჩემს თავს ვერჩი, ვერაფერს ვერ ვუშვები ამ სინდისის ქენჯნას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი