ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

რისი მედიუმია პოეტი, ანუ რატი ამაღლობელის „სეკვენცია“

„ის (პოეტი), როგორც ფორმა, არის საშუალება, რომლის მეშვეობითაც ლაპარაკობს ღმერთი ან ეშმაკი.…პოეტის ხილული ფორმა არის ისეთივე ნიშანი, როგორც ბგერა, ნოტი… და მხოლოდ“.

მალევიჩი

 

მედიუმი განიხილება, როგორც სემიოტიკური სისტემა, რომელიც აღწერს სამყაროს და ამ აღწერისას გამოყენებული ნიშნებით გადმოგვცემს აზრს, ინფორმაციას, იდეას. რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ფორმათა სამყაროში, აზრი ჩვენამდე მოდის განსხვავებული სემიოტიკური არხებით: ლინგვისტური არხით, მათემატიკური ნიშნებით, აუდიალური და ვიზუალური სემიოტიკური სისტემებით და სხვა.

მედიუმი – სულიერ სამყაროს მატერიალურთან აკავშირებს. მით უფრო, ეს შეიძლება ითქვას პოეზიაზე. ამის გამოხატულებაა პოეტის სიტყვები: „არც მიწისა ვარ, არც ცისა“, ან „ხან მიწისა ვარ, ხან – ცისა“. ამიტომაც ხშირად შეუძლებელია, ლირიკული „მეს“ იდენტიფიკაცია პიროვნულ „მესთან“.

ერთ-ერთი მოხსენების დროს პასტერნაკს უთქვამს: „ცოცხალი სული პიროვნულისგან გაუცხოებულია თავისუფალი სუბიექტურობის სასარგებლოდ – რომელიც არის უკვდავება!“ მიმოქცევა ზეპიროვნულობასა და პიროვნულს შორის პოეტს ხშირად აქცევს ერთგვარი ბრძოლის ველად, კონფლიქტიც მაშინ იბადება, როდესაც პიროვნული ეწინააღმდეგება ღვთაებრივს (მეტაფორული და არა რელიგიური გაგებით).

და მაინც… რისი ან ვისი მედიუმია პოეტი? ან რომელი სამყაროს რიტმები მოაქვს ჩვენამდე? ამისი ზუსტად ახსნა შეუძლებელია. შეუძლებელია, რადგან იმ სივრცე-განზომილებებს სახელი არა აქვს. პოეტი მაშინაც კი, როდესაც, შესაძლოა, ძალიან პიროვნულ ამბებზე გვესაუბრება, ეს მხოლოდ ანკესია, რომლის მეშვეობით ის სრულიად სხვა თევზს იჭერს სხვა წყლებში. მედიუმის კავშირი ხან შიგნიდან გარეთაა მიმართული და ხანაც, გარკვეული რიტმებით გარედან შიგნით იჭრება. ყველა შემთხვევაში რეზონანსი მყარდება და ამ რეზონანსის დროს ხდება სწორედ ახალი ინფორმაციის, აზრის, იდეის შემოჭრა ტექსტში. ამიტომ არის, რომ პოეტი ყოველთვის გაოცებული რჩება საკუთარი სიტყვათქმნადობით, ის იქცევა ერთგვარ ინსტრუმენტად, რომელიც იღებს ინფორმაციას (აზრს, იდეას) და გადასცემს სხვებს. ლინგვისტური აპარატით გამოხატული აზრი ერთდროულად ხდება მუსიკალური (რიტმის წყალობით), ვიზუალური და კინესთეტიკური – სახეების მეშვეობით და, შესაბამისად, მკითხველში ანალოგიური პარამეტრების მეშვეობით იწყებს ჩატვირთვას. უბრალოდ, ჩვენი საუკუნის პრობლემა ის გახლავთ, რომ ადამიანთა კომუნიკაცია მშრალი, ზედაპირული და პრაგმატულად ცნებითია. ადამიანებს ესმით სიტყვები და მათი მნიშვნელობები, მაგრამ ამ სიტყვებით გამოხატული აზრის სხვა პარამეტრებით მიღება არ შეუძლიათ. ისინი შესაძლოა, ეტრფიან პოეზიას, იზეპირებენ კიდეც, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვების კავშირები და მნიშვნელობებია და სხვა არაფერი. ნამდვილი პოეზიის შემეცნება ინტუიციურიცაა და აცოცხლებს რიტმებს, ფერებს, ფორმებს, შეგრძნებებს, რაც, საბოლოოდ ქმნის იმ განზომილების შინაგან სივრცეს, საიდანაც ლექსის აზრი მოედინება.

ბუნებრივია, რომ პოეზია მხოლოდ ერთი განზომილებიდან არ საზრდოობს და როგორც მეტაფორულად ამბობდა მალევიჩი: „ის (პოეზია), როგორც ფორმა, არის საშუალება, რომლის მეშვეობითაც ლაპარაკობს ღმერთი ან ეშმაკი.… პოეტის ხილული ფორმა არის ისეთივე ნიშანი, როგორც ბგერა, ნოტი… და მხოლოდ“. ღმერთი და ეშმაკიც მეტაფორებია, რა თქმა უნდა, და აღნიშნავს პოზიტიურ და ნეგატიურ ენერგიას.

არსებობს პოეზია, რომელშიც რიტმი და ტემპი ეწირება სახეებს, ფორმებს, საგნებს და, პირიქით – რომელშიც უფრო მნიშვნელოვანია რიტმი და ტემპი, როგორც დრო და მოძრაობა. ამას ქმნის ბგერწერა. ვფიქრობ, რომ თანამედროვე ქართულ პოეზიაში ამისი საუკეთესო ნიმუში რატი ამაღლობელის პოეზიაა.  რატის რიტმული პოეზიიდან განსაკუთრებით „სეკვენციას“  გამოვარჩევდი.

ეს ლექსი განსაკუთრებულ ძალას იძენს, როდესაც მას თავად პოეტი კითხულობს, რადგან წაკითხვისას პოეტი თავის ტექსტიანად ხდება ერთი მთლიანი ნიშანი (სწორედ ისე, როგორც ზემოთ მოხმობილ მალევიჩის ციტატაშია), რომელიც სწორედ რიტმისა და ტემპის წყალობით უკავშირდება „სხვა სამყაროს“, საიდანაც ეს აზრი მოედინება, როგორც სწრაფი მდინარე და მსმენელში განსხვავებულ შეგრძნებებს აცოცხლებს… მერე სიტყვები აღარ გესმის, რჩება მხოლოდ მოძრაობის შეგრძნება, ბოლოს ეს ყველაფერი დიდ დუმილში გადადის… თითქოს კოსმოსური ხომალდი გაიტყორცნა… ამ დროს ხდება სწორედ „დაკავშირება“, ამ დროს ასრულებს პოეტი-მედიუმი თავის მთავარ დანიშნულებას – შეეხოს ადამიანთა სულებს.

ესეც დღევანდელი აბი: გირჩევთ, რომ მოუსმინოთ რატი ამაღლობელის ლექსის ვიდეოჩანაწერს. ეს აბი საშიში არ არის, შეგიძლიათ დღეში რამდენჯერმე მიიღოთ… ასევე ერთ მიღებაზე 2-3-ჯერაც, გვერდითი მოვლენები არა აქვს, ეფექტი კი აუცილებლად ექნება. აბი მოქმედებას იწყებს მიღებისთანავე.

 

სეკვენცია

ანი ბანი და განი და
მართლა არ ვიცი რა მინდა,
ალბათ პატარა და მინდა
ღმერთო, დამინდე, ამინ, და
ანი ბანი და განი და.
მინდა ამოვძვრე კანიდან,
სიცოცხლე მინდა თავიდან.
სიკვდილი მინდა? – არ მინდა,
არა როგორმე გავუძლებ,
არა როგორმე ავიტან,
მხრით გოლგოთაზე ავიტან
დღეებს, რომელიც სვე-ბედმა
გამი-წვიმ-ავდარ-ამინდა.
ანი ბანი და განი და
სევდის სივრცე და განი და
ბედის ცამეტი განედი
ვერ გავისეგრძეგანე და
მისი უღრმესი ქანიდან
ვყვირივარ: ანი ბანი და
განი და დანი ზანი და
თანდათან თანი კანი და
ლანი და მანი მანი და
მე ნანი-ნანი-ნა მინდა.
ვეხფვის ტყავისა გაძრობა
ამ გატანჯული ტანიდან
და წასვლა იერუსალიმს,
კანას ქორწილში სმა მინდა.
მეგზურად მწყემსი ძმა მინდა:
პანი და ჟანი რანი და
ფანი და ღანი ყანი და
შანი ჩანი და ქანი და
ეზო-კარიდან, ყანიდან
მუნ ჩემი ბაღის ნაყოფის
მიტანა ქანაანიდან.
მე ცაზე ცანი ვცანი და
ჯანი და ძანი წანი და
მინდა გამოსვლა წამიდან,
ვეებერთელა ცა მინდა.
ვიწრო ბილიკის მაგიერ
ათი ათასი გზა მინდა.
გზა მინდა მნათობებიდან,
შენსკენ მავალი გზა მინდა,
მზის მუცელღების ხმა მინდა.
სანი და ჭანი ხანი და
ვერძის შუბლიდან, ხარიდან
ისევ მნათობთა გზა მინდა,
ყოველ მნათობში ანთებულ
საიდუმლოში წვა მინდა..
ყველა ვარსკვლავში წვა მინდა,
ყველა ვარსკვლავში სვლა მინდა,
ყველა ვარსკვლავის ცვლა მინდა,
მინდა გამოსვლა წამიდან,
ვეებერთელა ცა მინდა.
ანი ბანი და განი და,
ღმერთო, ამ შუბლის ამინდი
ცხრა მზით ამინთე, ამინ, და
ისევ ა-მინდა, ე-მინდა,
თეთრი ი-მინდა, ო-მინდა,
სანამ ცხოვრების ჰოემდე
მივალ ათასი ომიდან,
ერთი ძლიერი უ-მინდა,
სამოთხის ვაშლი უმი, და
მერე შენს გვერდით თუ გინდა,
ანი ბანი და განი და,
ღმერთო, დამინდე და მინდა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი