პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ანტისისტემური რომანი

საქართველოში ყველაზე პოპულარული და პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის ნომინანტთა სია უკვე ცნობილია. ნომინანტთა შორის კიდევ ერთხელ აღმოჩნდა ახალგაზრდა ქართველი მწერალი და სამოქალაქო აქტივისტი ცოტნე ცხვედიანი. ცხვედიანის „მაიაკოვსკის თეატრს“ წლის საუკეთესო რომანის სტატუსის მოპოვების შანსი აქვს. ბევრს გვიხარია, რადგან გამოუცდელი ავტორი თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში სრულიად განსაკუთრებული როლის შესრულებას ცდილობს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის სტუდენტი ბევრი ასპექტით ენათესავება ჩემს საყვარელ ჯონ სტაინბეკს. ორი შემოქმედის სტილი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ მათ თემატიკა და სამოქალაქო პოზიციები აერთიანებთ. ქუთაისელიც და კალიფორნიელიც გაჭირვებული, გარიყული ადამიანების ჩაგვრისა და განსაცდელის წარმოჩენისთვის ზრუნავენ. ისინი დამოუკიდებელნი არიან პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტებისგან. ორივე მათგანის ნიჭი პირველყოფილი ქრისტიანებივით დევნილ მოქალაქეთა ყოველდღიურობის დახვეწილად აღქმისა და უზუსტესად ახსნის უნარში ვლინდება. რაც მთავარია, ნობელიანტიც და სტუდენტიც ლიტერატურას მხილებისა და საზოგადოებრივი გარდატეხის ძლევამოსილ იარაღად განიხილავენ. მათთვის მთავარი მკითხველის მდგომარეობა, მკითხველისთვის სოლიდარობის გამოცხადებაა და არა საკუთარი განუმეორებლობისა თუ სწორუპოვრობის წარმოჩენა.

რატომ მიიჩნევენ „მაიაკოვსკის თეატრს“ გამორჩეულ ნაწარმოებად?

„მაიაკოვსკის თეატრი“ ანტისისტემური რომანია. იგი ჩვენს უსამართლო სისტემას წარმოაჩენს და მის ყველა შემზარავ ნაკლოვანებაზე სვამს აქცენტს. ვრცელ მოთხრობაში სიტუაცია ბაღდათში ვითარდება. ვფიქრობ, რომ ავტორმა ეს ქალაქი სპეციალურად შეარჩია. სტუდენტები და პროფკავშირელები ხშირად სტუმრობენ ინდუსტრიულ ქალაქებს, იციან ადგილობრივთა პრობლემები და მუხლჩაუხრელი შრომით ცდილობენ მეშახტეებისა თუ მაღაროელების, მეტალურგებისა თუ სამთო ინჟინრების სირთულეებით ხელისუფლების დაინტერესებას. სამწუხაროდ, მათ აღარ რჩებათ დრო, რომ სამრეწველო ცენტრებზე უარეს მდგომარეობაში მყოფ დასახლებებზე იფიქრონ. ჭიათურელი სიკვდილის ფასად მაინც ახერხებს ელემენტარული შემოსავლის მოპოვებას. ლანჩხუთელს იმის იმედი მაინც აქვს, რომ ბათუმისკენ მიმავალი მანქანა „გადარეული გურულის“ ძეგლის მიმდებარედ გახსნილ მაღაზიასთან გააჩერებს. ბაღდათში კი არც მსხვილი საწარმო მუშაობს და არც ცენტრალური გზატკეცილი გადის. ბაღდათი ჩიხში მომწყვდეული გეტოა, სადაც ყველაზე ნათლად ჩანს საყოველთაოდ გავრცელებული სისტემური ჩაგვრის თითოეული ასპექტი.

რა ძირითადი ნიშნები ახასიათებს ცოტნეს მიერ აღწერილ სისტემას?

სისტემა ისედაც გაუბედურებული ადამიანების საბოლოოდ განადგურების სურვილით ხასიათდება. იგი სრულუფლებიან მოქალაქეებად ვერ აღიქვამს ღარიბებს, შეშლილებს, მეძავებს, სხვადასხვა უმცირესობის წარმომადგენლებს. სისტემაში დამყარებულ წესრიგს უდიდეს საფრთხეს უქმნის ნებისმიერი გარიყულისთვის ელემენტარული სიკეთის განაწილება. იერარქიის სათავეში მოქცეული მოთამაშეები საკუთარი უპირატესობებისა და გაბატონებული მდგომარეობის შესანარჩუნებლად მზად არიან შეაჩერონ პროგრესი, შეაფერხონ განვითარების პროცესი, უარი თქვან ყოველდღიურად ფრენის მარტივ და უნიკალურ შესაძლებლობაზე.

სისტემის არსებობასა და უთანასწორობის განვითარებას ხელს  უწყობენ ჟურნალისტები და ინტელექტუალები. ჟურნალისტები ჩაგვრას თავიანთი გულგრილობითა და ზედაპირულობით აძლიერებენ. მათთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ფორმაა, რადგან მოვლენათა შინაარსის აღქმის უნარი დაკარგული აქვთ. პოეტებს, ფილოსოფოსებსა და რეჟისორებს კი მხოლოდ პირველ პირში შეუძლიათ ლაპარაკი, დაკარგული აქვთ სხვების განსაცდელის თანაგანცდის ნიჭი. მათ მხოლოდ იმის ძალა შესწევთ, რომ აკრიტიკონ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები, გამოკვეთონ გლობალიზაციის უარყოფითი ნიშნები, ისაუბრონ ტერორიზმის რაციონალურ ასპექტებზე. ისინი მზად არიან მხარი დაუჭირონ ბნელ ძალებს, რადგან მათ ინტელექტუალების ფუფუნების უზრუნველყოფის შნო აქვთ. შემოქმედნი საკუთარი კეთილდღეობის ფასად მონობის ქურუმები და მორჩილების აპოლოგეტები ხდებიან.

მჩაგვრელ სისტემაში ქველმოქმედებაც კი დაქვემდებარების განმტკიცების საშუალებაა. მოულოდნელად გამდიდრებული ადამიანები თავიანთი შემოსავლის მემილიონედის ათასში ერთხელ გაღებით მყარი პოლიტიკური კარიერის გაკეთებას ცდილობენ. ქველმოქმედთათვის მნიშვნელობა არ აქვს ვის ეხმარებიან, რატომ ეხმარებიან, საკმარისი არის თუ არა მათი დახმარება. მთავარი სიყალბის საშუალებით სახელის მოხვეჭაა.

ცოტნე შესანიშნავად ასაბუთებს იმას, თუ რა როლი აქვთ უსამართლობის გაღვივების საქმეში რელიგიურ სტრუქტურებს. ეკლესია განწირული ადამიანების თავშესაფრის ნაცვლად, თავშესაფრის ნანგრევებზე აგებულ ქვის აკლდამად არის ქცეული. ნაწარმოების ღრმადმორწმუნე, უნიკალური და უტყვი მეორეხარისხოვანი პერსონაჟი ვერა დიდებულ ნაგებობაზე მეტ სიწმინდეს ჩაფხავებულ თეატრში პოულობს.

ცხვედიანი ძალიან კარგად იცნობს „პერესტროიკის“ პერიოდში ჩამოყალიბებულ თაობას: „მამამ და მისმა თაობამ დამოუკიდებლობა გამოგლიჯეს უდიდეს იმპერიას. ყოველ შემთხვევაში, ასე ეგონათ. მათ შექმნილ ქვეყანაში კი აღმოჩნდა, რომ ადგილის დამკვიდრება იოლი არ იყო. თუ არ იბრძოლებდა, თავისი გუშინდელი თანამოაზრეები წაართმევდნენ ყველაფერს…. ყველაზე დიდი მიზეზი იმისა, რომ მამა მოძალადედ იქცა, იმის განცდაა, რომ თვითონ გახდა უსამართლობის მსხვერპლი… მის წინაშე იმდენი დანაშაული მიუძღვით, რომ ახლა მას ყველაფერი ეპატიება“. ავტორი ღიად მიანიშნებს იმაზე, რომ სისტემის წესრიგი სოლიდარობას კონკურენციით ანაცვლებს. სასტიკ კონკურენციასა და ურთიერთქიშპში ჩაფლულ მოქალაქეებს კი პროგრესის საერთო ძალისხმევით მიღწევის შესაძლებლობა სამუდამოდ აქვთ დაკარგული. მაშასადამე, ჩვენს ყოფაში განწირული მსხვერპლიც კი ჯალათის წისქვილზე ასხამს წყალს, თან დარწმუნებულია, რომ საკუთარი თავისა და ოჯახისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს.

საინტერესოა, არსებობს თუ არა ამ ყოვლისმომცველი ჩაგვრის მექანიზმის გაჩერების შესაძლებლობა.

სამწუხაროდ, ავტორი რომანის უკანასკნელ გვერდამდე ამტკიცებს, რომ სამყარო აჯანყებულის ყველა შეტევის შემდეგ ბევრად უფრო ძლიერი ხდება და ყველა წინააღმდეგობას კვლავ თავისი წესრიგის ნაწილად აქცევს. თითქოს, წიგნის მთავარი პერსონაჟი იმის მაგალითია, რომ ჩვენ არაფერი შეგვიძლია, რომ ყველანი უძლურნი ვართ დიდი ხნის წინ ამუშავებული, აგუგუნებული მანქანის ხმაურის წინაშე.

არადა, გამოსავალი არსებობს. გეტოებში დაბადებულთაგან ერთეულები წარმატების მიღწევას ახერხებენ. ისინი მშობლიური გარემოდან გარბიან, მწვერვალებს იპყრობენ, საკუთარ თავს პოულობენ და წარმოაჩენენ. დაწინაურებულები პირად კეთილდღეობაში აგრძელებენ ცხოვრებას და დანარჩენებს საკუთარ თავს მისაბაძ მაგალითად სთავაზობენ: „ჩვენც ხომ თქვენ დღეში ვიყავით, ვიშრომეთ, გადავრჩით და  საუკეთესოც დავიმსახურეთ. თქვენც სცადეთ და გამოგივათ!“ ჩვენი მიზანი გეტოდან გაქცევა კი არ უნდა იყოს, არამედ მისი გაუქმებისთვის უნდა ვზრუნავდეთ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი