ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

სიტყვები…

ენა ცოცხალი „ორგანიზმია“, სიტყვებს კი თავიანთი ცხოვრება აქვთ. ისინი „იბადებიან“, ადგილს იმკვიდრებენ, სახეს იცვლიან, იკარგებიან ან სულაც, „კვდებიან“. წერილს სიტყვების შესახებ ამ საყოველთაოდ ცნობილი მეტაფორით შემთხვევით არ ვიწყებ. დღეს რამდენიმე ისეთი სიტყვის წარმოშობასა და ცვლილებებზე ვისაუბრებთ, რომელთა შესახებაც მოსწავლეებისგან არაერთხელ მოგვისმენია კითხვები.

სიტყვათა ეტიმოლოგია საინტერესო საკვლევია. ძველი ქართული ლიტერატურის შესწავლის პროცესში კი ხშირად გვეძლევა საშუალება ვისაუბროთ სიტყვათა გარეგნულ ცვლილებებზე, ბგერითი გარსის სახეცვლილებაზე, შინაარსობრივ განვითარებასა და ისტორიულ ცვალებადობაზე.

ეს უკანასკნელი ენობრივ-ლექსიკური პროცესი ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ძველ ქართულ ლიტერატურულ ტექსტებში გამოყენებული უამრავი სიტყვა დღეს სულ სხვა მნიშვნელობით იხმარება.  ამ ცვლილებებს, ძირითადად, ორი მიზეზი განაპირობებს: სიტყვას ან უვიწროვდება მნიშვნელობა ( ფართო მნიშვნელობა ჰქონდა და უფრო ვიწრო მნიშნელობა მიიღო) ან პირიქით, უფართოვდება ( ვიწრო მნიშვნელობა ჰქონდა და უფრო ფართო მნიშვნელობა მიიღო).

აღსანიშნავია ისიც, რომ სიტყვათა მნიშვნელობის გაფართოება-დავიწროებისა და ცვლილებების მიმოხილვას ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტში გაწერილი პროგრამის შინაარსიც გვავალდებულებს.

„კუბო შემკული“…

გავიხსენოთ ერთი სტროფი „ვეფხისტყაოსნიდან“:

„ამიგდო ქალმან ფარდაგი მძიმე თავისა ძალითა,

სადა დგა კუბო შემკული ბადახშითა და ლალითა;

შიგან ჯდა იგი პირითა მზისაებრ ელვა-მკრთალითა,

მე შემომხედნის ლამაზად მის მელნის ტბისა თვალითა“.

სტროფში ნახსენები სიტყვა „კუბო“ მოსწავლეებისთვის მოულოდნელი და საჩოთიროა. თანდართულ ლექსიკონში განმარტების გაცნობის გარეშე მათთვის გაუგებარი იქნებოდა, რატომ იყენებს ავტორი ამ აღმნიშვნელს  მოცემულ კონტექსტში. კუბო თანამედროვე გაგებით მიცვალებულთა ჩასასვენებელია, მაგრამ ძველად ამ სიტყვით აღინიშნებოდა ოთხ სვეტზე დაყრდნობილი გადახურული ( თაღიანი) კარავი. ეს კარავი ან მოძრავი იყო, ან უძრავი. მოძრავი კუბო-ტახტრევანი გამოიყენებოდა მაღალი სოციალური ფენის, შეძლებული ადამიანების, საპატიო სტუმრების ტრანსპორტირებისთვის. სულხან საბას მიხედვით კუბო  „ესე არს ქალთა და კაცთა ჩასაჯდომელი (შთასაჯდომელი ). აქლემთა ასაკიდებელი, გინა ჴელით სატარებელი . კუბო არს შთასაჯდომელი ქალთა, აღსაკიდებელი აქლემთა, გინა პილოთა“.

შესაბამისად, სიტყვის მნიშვნელობა თანამედროვე ქართულში დავიწროებულია და ამ ცვლილების გააზრების გარეშე ტექსტის გაგებაც რთული იქნება.

„ქუეყანასა ზედა“

გავიხსენოთ მონაკვეთი იაკობ ხუცესის ჰაგიოგრაფიული თხზულებიდან, სადაც დღეს გავრცელებული სიტყვა დავიწროებული მნიშვნელობით იხმარებოდა:

„ვითარცა ესმა ნეტარსა შუშანიკს, დავარდა ქუეყანასა ზედა და თავსა დამართ სცემდა და ცრემლითა მწარითა იტყოდა: „საწყალობელ იქმნა უბადრუკი ვარსქენ, რამეთუ უვარ-ყო ჭეშმარიტი ღმერთი და აღიარა ატროშანი და შეერთო იგი უღმრთოთა“.

მეორე საპროგრამო ტექსტში გიორგი მერჩულე წერს: „ყოველთა მათ ნეტართა მოიხილავნ წმიდაჲ გრიგოლ და კეთილთა ქცევათა მათთა ისწავებნ – რომელთაგანმე ლოცვასა და მარხვასა, რომელთაგანმე სიმდაბლესა და სიყვარულსა, რომელთაგანმე სიმშვიდესა და განურისხველობასა, რომელთაგანმე უპოვარებასა და ქვეყანასა ზედა წოლასა, გინათუ ზეჯდომით ძილსა…“

აღსანიშნავია, რომ ძველსავე ქართულში შეინიშნება ამ სიტყვის განზოგადებული მნიშვნელობით გამოყენების შემთხვევებიც. იმავე „შუშანიკის წამებაში“ ვარსქენ პიტიახში „მოიწია…საზღვართა ქართლისათა, ქუეყანასა მას ჰერეთსასა“, მერჩულესთან კი ვკითხულობთ:

„ ხოლო ნეტარმან გრიგოლ, ვითარცა იხილა თავი თვისი ხორციელად დიდებასა შინა, ფრიად წუხდა გული მისი და განიზრახა ფარულად სივლტოლაჲ თვისით ქვეყანით საღმრთოჲთა წოდებითა, რომელიცა უძღოდა მას მამათმთავრისა აბრაჰამის სახედ, და ვითარცა ისრაელნი უდაბნოდ. არამედ აბრაჰამ ქვეყანისა მისგან ურწმუნოთა ნათესავთაჲსა განაშორა ღმერთმან, ხოლო ესე მორწმუნისა და კეთილად მსახურისა ქვეყანისაგან გამოიყვანა ამის მიზეზისათვის..“

ქვეყანა დღეს სამყაროს, მსოფლიოს, დედამიწის, ჩვენი პლანეტის,  კონკრეტული გეოგრაფიული ადგილის და სხვა უამრავი აღსანიშნის აღმნიშნელია. ძველ ქართულში კი ის დავიწროებული მნიშნელობით იხმარებოდა და მიწას, დედამიწას აღნიშნავდა. სიტყვა ისტორიულად ერთგვარი კომპოზიტია. შედგება ორი ნაწილისგან ქვე და ყანა. ყანა მიწას ერქვა. დაახლოებით მეთერთმეტე საუკუნიდან მოყოლებული ნათარგმნ თუ ორიგინალურ ტექსტებში ქვეყანა მხოლოდ იმ მნიშვნელობით იხმარება, რა მნიშვნელობასაც ჩვენ დღეს ვიცნობთ.

სოფელი ქვეყნის სანაცვლოდ…

ძველი ტექსტების სწავლებისა და კვლევის პროცესში საინტერესო და ზოგჯერ სახალისოც კია მოსწავლეების პერიფრაზების მოსმენა. ისინი სიტყვებს, რომელთა მნიშვნელობებიც დღეს დავიწროებული ან გაფართოებულია, ცხადია, მხოლოდ იმ მნიშვნელობებით იყენებენ, რაც მათთვისაა ცნობილი. „სოფელი“ ამ მხრივ განსაკუთრებით ხშირად „იჩაგრება“ ხოლმე.

ძველ ქართულში სოფელი იმას ნიშნავდა, რასაც ახლა ქვეყანას ვუწოდებთ. „შუშანიკის წამებაში“ წამებული დედოფლის  სანახავად „აზნაურნი დიდ-დიდნი და ზეპურნი დედანი, აზნაურნი და უაზნონი სოფლისა ქართლისანი მოვიდეს“. აქ სიტყვა სოფელი მცირე დასახლებულ პუნქტს კი არ აღნიშნავს, არამედ უფრო ფართო მნიშვნელობითაა გამოყენებული. გავიხსენოთ ასევე სტროფი „ვეფხისტყაოსნიდან“:

„ვა, სოფელო, რას შიგან ხარ, რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა!

ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!

სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადათ ძირსა!

მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა“.

ამ შემთხვევაში სოფელს საწუთროს მნიშვნელობა აქვს მინიჭებული და ამ სიტყვის დაკავშირება თანამედროვე გაგებასთან კვლავ არასწორი გააზრების მიზეზი შეიძლება გახდეს.

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ თანამედროვე სოფლის მნიშვნელობით ძველად გამოიყენებოდა სიტყვა დაბა. „შუშანიკის წამებაში“ გვხვდება ფრაზები:

„და ვითარცა მოვიდა დაბასა, რომელსა სახელი ჰრქჳან ცურტავ“, ასევე –  „ხოლო მე ვიჯმენ ადრე და მივიწიე დაბასა მას, რომელსაცა იყო ნეტარი შუშანიკ“.

სულხან საბა ორბელიანის განმარტებით დაბა არის „სოფელი მომცრო. რამეთუ ს ო ფ ე ლ ი ეწოდება სრულიად საწუთროსა. ხოლო დ ა ბ ა – ერთსა. შენობათაგან კაცრიელთა“.  შოთა ძიძიგური თავის წიგნში „ სიტყვის ცხოვრება“ აღნიშნავს, რომ დაბა ადრე დამუშავებული მიწისა და ნახნავის სახელი იყო. მკვლევრის მითითებით, ეს უძველესი მნიშვნელობა სიტყვისა დაცულია სვანურ სიტყვაში დაბ, რაც ხნულს ნიშნავს.  საინტერესოა ისიც, რომ სიტყვა მდაბიური დაკავშირებულია ამ ძირთან ( დაბა) და ნიშნავს სოფლელს. თანამედროვე მეტყველებაში ამ სიტყვის მნიშნელობა კიდევ უფრო გაფართოვდა და სოციალური უთანასწორობის გამო არაპრივილეგირებული ადამიანის მნიშნელობითაც გამოიყენება.

მედგარი

დროთა განმავლობაში ზოგიერთი სიტყვა შინაარსობრივად იმდენად იცვლება, რომ სრულიად საპირისპირო მნიშვნელობასაც იძენს. ასეთია, მაგალითად, იოვანე საბანისძის თხზულებაში ნახსენები სიტყვა „მედგარი“. იოვანე სამოელ კათალიკოსისადმი მიწერილ საპასუხო წერილში სოლომონის სიტყვებს იმოწმებს და ამბობს:

„ჰბაძევდ ჯინჭველსა, მედგარო, და იქმენ მუშაკ მსგავს მისა“.

საბას განმარტებით, მედგარი ნიშნავს ზარმაცს, მცონარსა და მოუძლურებულს (მედგარი – მცონარი და მოუძლურებული; მედგარი ითქმის მარადის ძვირისა დამმარხველი გულთა შინა აღუჴოცელად; მედგარი მსოფლიოთა ენითა მზაკვარად ითქმის, რომელმან ჴერჴითა დააკვეთის მორკინალი თვისი მიწასა ზედა ძლიერად).

თანამედროვე განმარტებით ლექსიკონში კი სიტყვა განმარტებულია ასე:

„მედგარი        მედგარ-ი (მედგრისა) 1. ძლიერი, მტკიცე, მაგარი, შეუპოვარი. მედგარი ბრძოლა. მედგარი იერიში. მედგრად ზმნს. ძლიერად, მაგრად, შეუპოვრად“.

 

გამოყენებული ლიტერატურა

სულხან-საბა ორბელიანი „ლექსიკონი ქართული“, ტ. I-II

ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ელექტრონული ვერსია (არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის და ენის მოდელირების ასოციაციის ერთობლივ პროექტი)

შოთა ძიძიგური „სიტყვის ცხოვრება“

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი