პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მყვირალობის დღიური

ვინ არ იცის დრაკონის ამბავი, რომელმაც სიყვარულის დიდი ტვირთის მარტოკამ ტარება ვერ შეძლო, ამოთხარა ორმო და შიგ ჩასძახა. ორმოზე ხე ამოვიდა, ხეს ქარმა დაუბერა, ტოტმა ტოტს უთხრა სიყვარულის ამბავი, ხემ ხეს. საიდუმლო ყველამ გაიგო.

ამ ამბავს, 1956 წლის მარტის დღიურში, გურამ რჩეულიშვილი წერს. გურამი ჯერ მხოლოდ 22 წლისაა და თავგადასავლის, სიყვარულის, მოგზაურობის, შემოქმედების ვნებით ატანილს და ამ ვნების ბარგ-აკიდებულს გაუწევია შორეულ გზებზე სახეტიალოდ.

ცხოვრების გზებზე, უფრო სწორედ. და ამ გაგანია 1956 წლის მარტში, ვინ წარმოიდგენს, რომ გურამს სულ რაღაც ოთხი წელიღა დარჩა ამ ვეებერთელა ვნებების გამოსახატად, მათგან გასათავისუფლებლად.

თუმცა, ვინ ითვლის მის გვერდით წლებსა და დღეებს, გურამ რჩეულიშვილი ხომ ის მოვლენაა, ვისთანაც დრო ვერასდროს ვერაფერს გახდება, ვინც თავისივე მოთხრობების გმირი რაშებივით გადაუქროლა დროის და სივრცის განზომილებებს, ჩვენ ამ რაშების ფლოქვებისგან ავარდნილი ვერცხლისფერი მტვერი წავიკითხეთ ჯერ.

ჰო, სულ ასე მგონია, რომ ჯერ კიდევ არაფერი ვიცით მარადიულად 26 წლის ბიჭზე, რომელზეც უკვე ამდენი დაიწერა და ითქვა, რომელიც არამხოლოდ თავისი თაობის, არამედ ყველა მომავალი თაობის ყველა გოგოს  ერთი დღით მაინც ჭეშმარიტი სიყვარულით უყვარდა და ამ სიყვარულმა ღირსების განცდა გაუმძაფრა, გაალამაზა; ბიჭზე, რომელმაც თავად დაგვიტოვა ზღვა შემოქმედება, რათა უფრო კარგად ჩავიძიროთ, ჩავყურყუმალავდეთ, ჩავუწვეთ შეუცნობლის ფსკერს…

4 ივლისს გურამ რჩეულიშვილის დაბადების დღე იყო. 23 აგვისტოს მისი გარდაცვალების დღე დადგება. ეს _ ამქვეყნიური ქრონიკისთვის, საბედისწერო ციფრების წარწერა მისი სახელის ქვეშ… ისე კი, გურამის ბიოგრაფია ალბათ გაცილებით შორიდან დაიწყო, უხნესი დროიდან, შესაძლოა, ეს სულაც იმ დროს დაემთხვა, როცა ადამიანის სული იმ ფორმით ყალიბდებოდა, რა ფორმითაც ის ჩვენ მოგვეცა.

სხვაგვარად, ამხელა გამოცდილება ასეთ ახალგაზრდა სულში და სხეულში _ ძნელი დასაჯერებელია. ვკითხულობ მის წიგნებს _ მოთხრობებს, დღიურებს, პიესებს, ლექსებს, და მაკვირვებს ეს დიდებული გამოცდილება. ახალგაზრდული ვნებით განახლებული, მომავლის ძალით აყვირებული დიდი ადამიანური დრო, რომელსაც გურამი გვახსენებს.

მისმა დამ, მარინე რჩეულიშვილმა, ფასდაუდებელი ღვაწლი გასწია საიმისოდ, რომ გურამ რჩეულიშვილის შემოქმედება მკითხველისთვის სრულყოფილად, კომპეტენტური შენიშვნების და კომენტარების  დართვით გაეცნო. ცნობილია, რომ მან წერა 22 წლის ასაკში დაიწყო და გარდაცვალებამდე იმხელა შემოქმედება შექმნა, რომ ესაც გაკვირვებას და აღტაცებას იწვევს _ რამხელა ძალისხმევა, შესაძლებლობა აქვს ადამიანის შემოქმედებით სულს, რა სიმაღლის ამოფრქვევას შევესწრებით ხოლმე, როცა განგება ჩაიფიქრებს და ვინმეში ამ სულს აამეტყველებს!..

გურამ რჩეულიშვილის რამდენიმე მოთხრობა სასკოლო პროგრამაშიცაა შეტანილი და ეს შესანიშნავია. მოსწავლეები, როგორც წესი, უპირობო აღფრთოვანებით კითხულობენ და ეცნობიან მის შემოქმედებას და ბიოგრაფიას, მოსწონთ და იზიდავთ მისი პიროვნული ხატი, რომელიც მისსავე მთხრობებშიც მკაფიოდ ჩანს (გურამი ხომ ის შემთხვევაა, ვისზეც იტყვიან _ „როგორც წერს ისე ცხოვრობსო, და პირიქით“); მისი საქციელი, თვისებები, ენერგია _ ეს ყველაფერი გადამდებად მოქმედებს ახალგაზრდებზე, მე ბევრი მინახავს, ვისი ცხოვრებაც შეუცვლია კიდეც გურამის პიროვნულ მაგალითს, ბოლოს და ბოლოს, ამ ადამიანთა შორის ვარ თავად მეც, და სიკვდილამდე დავრჩები მისი მადლიერი, რადგან გურამ რჩეულიშვილმა საჭირო დროს და საჭირო ძალით, პირდაპირი მნიშვნელობით _ გადამარჩინა.

ეს იმ გაუგებარ, სევდიან 90-იანებში იყო, ჩვენი ბავშვობის ნალექიან წლებში, როცა შინ და გარეთ ერთნაირი უკუნი იდგა, ამ სიტყვის ყველანაირი გაგებით (ომი, უშუქობა, უღონობა, უგონობა…). გურამ რჩეულიშვილის მოთხრობების კრებული ვიპოვე, გარეკანზე მზისკენ მოწითალო ცხენით მიმქროლავი მხედრით, იმ წიგნს დავათენე მთელი ზამთარი, ათჯერ, ოცჯერ, მეტჯერ წავიკითხე, სანთლის შუქზე, გათოშილ ოთახში, ხელთათმანებიანი ხელებით ვფურცლე და ვფურცლე და ყოველ წაკითხვაზე ახალი ნაკადით შემოდიოდა ჯერ აქამდე განუცდელი იმედი, იმედს შუქი მოსდევდა, შუქს ძალა, და თანდათან ვგრძნობდი, რომ ხელში რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მეჭირა _ თოთო სამყარო, რომელიც ამ ომებს, ამ სიკვდილებს, ამ ჯოჯოხეთებს გადაურჩა და ახლა ჩვენს გადარჩენას ცდილობს!.. არასდროს აღარაფერი ყოფილა ასეთი შთამბეჭდავი როგორც მაშინ, მერე ბევრჯერ ვიხსენებდი იმ წუთებს, დღეებს და ღამეებს და ვამოწმებდი კიდეც ეჭვიანი ფიქრებით _ ხომ არ გადავაჭარბე რამე, ძალიან ხომ არ მოვიხიბლე და რამე გამომრჩა… მაგრამ არა, პირიქით, ეს ისეთი სუფთა და მშვენიერი აღტაცება იყო, ისეთი უანგარო გადარჩენა, ისეთი მუდმივად გასახსენებელი და მოსაყოლი!..

ჰოდა, სადაც შემიძლია ყველგან ვყვები, სადაც შემიძლია ყველგან გურამზე ვსაუბრობ, მეც მინდა სხვებსაც ჰქონდეთ ასეთი წუთები, სხვებიც გალამაზდნენ, სხვებიც გადარჩნენ!..

ამ ივლისის დღეებში კიდევ ერთხელ გადავიკითხე მისი დღიურები. ზოგი ფანქრით, ზოგიც კალმით, ლურჯ ან სხვა ფერის რვეულებში ნაწერი (როგორც მარინე რჩეულიშვილი აღნიშნავს) მისი ცხოვრების ქრონიკა. ოთხწლიანი ცხოვრების _ დიდი მყვირალობის ამბები.

მყვირალობა ირმების მდგომარეობაა, როცა ხარი და ფური ერთმანეთს დაეძებენ, მთიდან მთაზე გასძახიან, ქედებს, კლდეებს და ხევებს აზანზარებენ. ვისაც ერთხელ მაინც ამ მყვირალობისთვის მოუსმენია, იგრძნობდა ბუნების შემაძრწუნებელ ვნებას, ამ ვნების გამოხატვის საშინელ სილამაზეს… ქართულად ეს ვნება კარგად ჟღერს: „მყვირალობა“. გურამიც ხშირად ახსენებს თავის დღიურებში. „ჩემი ყვირილი ღრიალში იზრდება და საცაა დამაყრუებს. დავეხეტები და დავეძებ. უნდა ვიოვო, ვინ ვიპოვო?..“ აქ მხოლოდ ქალის ძებნაზე, ქალის გამო მყვირალობაზე არაა საუბარი. ეს გურამის უკიდეგანო სულიერი ვნების და ენერგიის ამოძახილია, ეს მისი მაძიებლობაა _ დიდი ღვთაებრივი შუქის, ძალის, სიყვარულის!..

ოთხი წელი გაგრძელდა მისი მყვირალობის დრო. ეს მუდმივი ექსტაზის მდგომარეობასავითაა, თითქოს გამუდმებით ჩართული ხარ რაღაც კოსმიურ გამოსხივებაში და ეს შენს ბედისწერადაც იქცევა, ეს გფლეთს სხვა ადამიანური მატერიისგან და გტოვებს ცარიელ შუქს, არა _ ჯერ წყვდიადს, უკუნს, რომელმაც დიდი სინათლე უნდა შვას. სწორედ ამიტომაა, რომ გურამ რჩეულიშვილის შემოქმედებაში არის ამხელა, დაწმენდილი შუქი. ეს მის ბიოგრაფიაში გავლილი წყვდიადის შედეგია, მისი შინაგანი სულიერი ორომტრიალი, მისი მუდმივ გამოსხივების ველში ყოფნა, სადაც თანაბარი ძალით ტრიალებს ცოდვა და მადლი, ტკივილი და სიხარული. თანაბარი და, რაც მთავარია _ გაასმაგებული ძალით.

„სანამ ამბავი _ სიკვდილი არ შემიძლია, უნდა ვწერო მასზე. როცა გამოილევა, თავს მოვიკლავ, ალბათ _ ეს იქნება ერთადერთი ამბავი, თანაც ყველაზე ღირსშესანიშნავი ჩემს ცხოვრებაში, რაზეც ვერ დავწერ“.

ესაც მისი დღიურიდანაა. სიკვდილი გურამმა თვითონ გამოიხმო _ თავისი მუდმივი ექსტაზით. თანაც როგორი სიკვდილი! ერთადერთი ფაქტობრივი შეცდომაა ამ ჩანაწერში _ მან ამ მშვენიერ სიკვდილზე (თვითმკვლელობას გულისხმობდა მაგრამ ადამიანისთვის თავის გაწირვა _ რაც მისი სიკვდილის მიზეზი გახდა _ რაღაც მომენტში შესაძლოა თვითმკვლელობადაც მივიჩნიოთ) უკვე დაწერა, თავის ყველა ტექსტში ამ სიკვდილზე წერდა, საკუთარ თავსაც და ადამიანებსაც ისე აჩვევდა, როგორც ყველაზე ამაღლებულ და ღვთაებრივ გამოგონებას. როგორც სამაგალითო საქციელს, რომელიც მარადისობაში შეგიძღვება.

გურამი იმ დრაკონს ჰგავდა, ვისი ამბითაც ეს წერილი დავიწყე _ თავისი ტვირთი _ სიყვარული ვეღარ დაიტია, ორმო ამოთხარა და ჩასძახა. ამ ჩაძახილზე ორმოდან ხე ამოვიდა. ხის ტოტმა ტოტს უთხრა, ქარმა კი სიყვარულის ამბავი სხვა ტოტისკენ წაიღო. მალე ის მთელ ქვეყანას მოედო.

გურამ რჩეულიშვილის ამბავი მთელმა ქვეყანამ იცის. ეს ამხნევებს ამ ქვეყანას, პასუხისმგებლობასაც სძენს და თავისუფლების ღვთაებრივი ძალითაც აშლევინებს მკლავებს სამყაროში.

და ბოლოს, ამ ამბავში კიდევ ბევრი საიდუმლოა. ჯერ ჩვენ ყველაფერი არ გაგვიგია. კიდევ ბევრი ტოტი უნდა დაირხეს და ბევრმა ქარმა გადაიქროლოს, სიყვარული კი პლანეტებში გაქვეყნდეს…

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ჩემი „ვანგოგენი“

ეული ყველასთან ერთად

დარდისას გეტყვი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი