პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ფორმალური და არაფორმალური განათლების თავისებურებანი

ძველი ქართული ანდაზა გვეუბნება, ,,სწავლა კაცს სიბერემდე არ მოსჭარბდებაო“. თუმცა ზრდასრულთა განათლების პრობლემებზე ღიად საუბარი საქართველოში ოცდამეერთე საუკუნის დადგომის შემდეგ დაიწყო.

სკოლის დამთავრების შემდეგ, ახალგაზრდების ნაწილი ჯერ კიდევ იმ მიზნით აბარებს უმაღლეს სასწავლებელში, რომ საზოგადოებაში ასეა მიღებული, ანუ, ან სტუდენტი ხარ, ან – უსაქმური, რომელსაც თვითგანვითარებისთვის საჭირო სხვა ბერკეტები არ გააჩნია. წარმოიდგინეთ, გაქვთ ვაკანტური სამუშაო ადგილი და გასაუბრებაზე მოდის კანდიდატი, რომელსაც ბაკალავრის დიპლომიც კი არ აქვს. როგორ ფიქრობთ, ბევრი ხელმძღვანელი გარისკავს შესაბამისი კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე თანამშრომლის აყვანას?!

უმაღლესი განათლება და პროფესიის შესაბამისი (მინიმუმ ერთწლიანი) სამუშაო გამოცდილება ნებისმიერი ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნების განუყოფელი ნაწილია. ხშირად ზემოაღნიშნული მოთხოვნები გადაულახავ ბარიერს ქმნის. ისმის კითხვა: საიდან მიიღებ სამუშაო გამოცდილებას, თუ მის გარეშე არავინ მოგცემს თავის გამოცდის უფლებას?! ჩვენი ქვეყანა ისედაც უჩივის ვაკანსიების სიმწირეს და არჩევანსაც გამოცდილ, ფორმალური განათლების თვალსაზრისით კვალიფიცირებულ კადრებზე შეაჩერებს.

გამოდის, რომ ადამიანის ბედი ფორმალური განათლების სისტემის ჩარხზე ბრუნავს, რაც სკოლაში შესვლის პირველი დღიდან უმაღლესი სასწავლებლის კარის გამოხურვამდე ასე თუ ისე გაკმაყოფილებს, მაგრამ, როგორც კი საგანმანათლებლო  დაწესებულების ზღურბლს გადააბიჯებ, ახალი მოტივატორის მოძიება და თვითმიზნების დასახვა დაგჭირდება. სამწუხაროდ, ადამიანთა დიდი ნაწილი ეგუება იმ ფაქტს, რომ სხვებისგან არაფრით გამოირჩევა, წყვეტს თვითგანვითარებისთვის ბრძოლას და იწყებს ინერციით ცხოვრებას.

საქართველოს უმაღლესი განათლების კანონში წერია, რომ უმაღლესი განათლების მთავარი მიზანია: ,,ქართული და მსოფლიო კულტურის ღირებულებების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა; დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე ორიენტაცია; პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება; პიროვნული პოტენციალის რეალიზება და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება; თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პირების მომზადება; შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების მქონე პირთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა; უმაღლესი განათლების სისტემის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადება და გადამზადება, სამეცნიერო კვლევის პირობების შექმნა, უზრუნველყოფა და განვითარება და სხვ.“

ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ფორმალური განათლების ფარგლებში გვთავაზობს ხარიხსხიანი აკადემიური პროგრამების ხელმისაწვდომობას, სტუდენტთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას, პედაგოგთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას, აკადემიურ თავისუფლებას და, რაც მთავარია, ,,უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში“.

საინტერესოა, როგორ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ განათლების ხანგრძლივად მიღების შესაძლებლობა, იმის გარდა, რომ მოხსნილია ასაკობრივი შეზღუდვა მაგისტრატურასა თუ დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველთათვის. სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვებას მხოლოდ აპლიკანტთა ნაწილი ახერხებს, მსურველთა უმეტესობას კი ზემოაღნიშნული შესაძლებლობის გამოყენება საკმაოდ ძვირი უჯდება. ამას გარდა, სასწავლო პროცესს სხვა გარემო ფაქტორებიც აფერხებს: არასწორი რეჟიმი,  ზედაპირული სწავლა (სწავლა დიპლომისთვის), დაბალი მოტივაცია, გადაღლილობა, სწავლის შიში (სოფოფობია), დეპრესია და სხვ.

მსგავსი პრობლემების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში, აუცილებელია ზრდასრულთა განათლების მნიშვნელობის გააზრება და არსებული საგანმანათლებლო შესაძლებლობების ეფექტურად გამოყენება.

 

ზრდასრულთა განათლების თავისებურებებში უკეთ გასარკვევად სჯობს გადავხედოთ ერთ-ერთ საგანმანათლებლო ნაშრომს – ,,ზრდასრულთა განათლების ზოგადი მიმოხილვა საქართველოს, ნიგერიის, ინგლისისა და ავსტრალიის მაგალითზე“ (ნათელა ბედენაშვილი), სადაც განხილულია ზრდასრულთა განათლების ძირითადი პრინციპები და სხვადასხვა ქვეყნის ზემოაღნიშნული საკითხისადმი დამოკიდებულება.

ზრდასრულთა განათლება გულისხმობს საბაზო განათლების მქონე ზრდასრულ ასაკს (15 წლიდან ზევით) მიღწეულ პირთა განათლებას. მისი მთავარი პრინციპებია:  სწავლების ინოვაციური მეთოდების დამკვიდრება; საბაზო განათლებითა და აუცილებელი საგანმანათლებლო უნარ-ჩვევებით თითოეული მოქალაქის აღჭურვა; ადამიანურ რესურსებში მეტი ინვესტიციის ჩადება; სწავლის სხვადასხვა შესაძლებლობის არსებობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება, საგანმანათლებლო სივრცის ხელმისაწვდომობა და სხვ.

ზრდასრულთა განათლებას (ანდრაგოგიკა) არაერთ ქვეყანაში იკვლევენ.  მისი ზოგადი პედაგოგიკისგან განცალკევება მოზარდისა და ზრდასრულის სწავლა-სწავლების პროცესების შედარებამ და მათ შორის არსებული განსხვავების დაფიქსირებამ განაპირობა. ყველაზე თვალსაჩინო განსხვავებად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტორი, რომ ზრდასრულები ფლობენ გაცილებით მეტ ცოდნასა და ცხოვრებისეულ გამოცდილებას. ამას გარდა, ისინი იწყებენ მიღებული ცოდნის გამოყენებით დასახული მიზნისკენ სწრაფვას.

განათლებული საზოგადოება სოციალური პრობლემების გადაჭრის წინაპირობასაც წარმოადგენს. მაგალითად ავიღოთ  დემოგრაფიული კონტექსტი, რომელიც გულისხმობს მიგრაციის საშიშროებას და მოსახლეობის დაბერებას, რაც აუცილებელს ხდის შრომისუნარიანი მოსახლეობის გადამზადებას, მათი კარიერული წინსვლის ხელშეწყობას და  სოციალური პირობების გაუმჯობესებას.

დღეს ჩვენს ქვეყანაში განათლებას გაცილებით დიდი ყურადღება ექცევა, ვიდრე ჩემს ბავშვობაში. სახელმწიფო აფინანსებს ბევრ საგანმანათლებლო პროგრამას, მათ შორის, კომპეტენციის დამადასტურებელ და კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებსაც. განსაკუთრებით აღსანიშნავია პროგრამები, რომლებიც ქვეყნის მაღალმთიანი, მოსახლეობისგან თითქმის დაცლილი, ენობრივი ბარიერის მქონე ან ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფლების განვითარებაზეა ორიენტირებული. თუმცა ზემოაღნიშნული პროექტები ძირითადად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ხორციელდება.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ჩატარებული საგანმანათლებლო კონფერენციების ამსახველ დოკუმენტებში ცხადად ჩანს მათი  პოზიცია ზრდასრულთა განათლების ხელშეწყობასთან დაკავშირებით, მათ  შორისაა საქართველოც. აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს ზემოაღნიშნული დოკუმენტების (კონვენციები, მემორანდუმები) ხელმომწერი ქვეყნებიდან  მისი კვალიფიკაციისა თუ სწავლის პერიოდის აღიარების მოთხოვნა შეუძლია.

ასევე აღსანიშნავია დისტანციური სწავლების ფორმატი. თურმე პირველი დისტანციური კურსი 1700 წელს გახსნილა. ინტერნეტის ნაცვლად, კომუნიკაციას ფოსტის მეშვეობით ამყარებდნენ და სპეციალურ სახელმძღვანელოებს სხვადასხვა მისამართზე  გზავნიდნენ.  დისტანციური კურსი არ მოიცავდა საშინაო დავალებას ან სხვა რაიმე აკადემიურ ვალდებულებას, ამიტომ მისით მხოლოდ მაღალი ენთუზიაზმის მქონე სტუდენტები ინტერესდებოდნენ.

ინტერნეტმა დისტანციური სწავლა განვითარების ახალ საფეხურზე აიყვანა. იგი გაცილებით მოქნილი და ღირებული გახდა. 1995 წლიდან ზოგიერთ ონლაინ კურსს უკვე ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხის მინიჭებაც შეეძლო. დღეისათვის ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის უნივერსიტეტების მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსზე დარეგისტრირება. თან, უმეტეს შემთხვევაში, დისტანციური სწავლება გაცილებით იაფი ჯდება. დისტანციური პროგრამით მიღებული დიპლომი აკრედიტებულია და იმ დიპლომის მსგავსია, რასაც სტუდენტი ადგილზე სწავლის დროს იღებს.

დისტანციური სწავლების სხვადასხვა მეთოდი არსებობს. ყველაზე გავრცელებულია ონლაინ მეთოდი. ლექტორი სტუდენტებთან ელექტრონული ფოსტით  და ვიდეო ლექციების ჩანაწერებით ურთიერთობს. უმეტეს შემთხვევაში, ვიდეო ლექციები უნივერსიტეტის საიტზე იტვირთება და მათი ნახვა მხოლოდ კურსზე დარეგისტრირებულ პირს შეუძლია. ლექტორები მათ დაქვემდებარებაში მყოფი სტუდენტების კითხვებსაც ელექტრონული ფოსტით იღებენ და პასუხობენ.

ლაივ კონფერენციის მეთოდი გულისხმობს სილაბუსით წინასწარ განსაზღვრულ დროში სალექციო კურსის პირდაპირ ეთერში მოსმენას. ლექციის მსვლელობისას სტუდენტს უფლება აქვს, დასვას კითხვები და პასუხსაც კითხვის დასმისთანავე იღებს. ჰიბრიდული კურსი კი ზემოთ განხილულ ორივე მეთოდს აერთიანებს. ანუ ლექციების ნაწილი ჩანაწერების სახითაა ხელმისაწვდომი, ნაწილი კი ლაივ კონფერენციებზე იკითხება.

საქართველო ონლაინ კურსების სიმრავლით ვერ დაიკვეხნის. აღნიშნული სასწავლო მეთოდი ძირითადად უცხო ენის შესწავლისთვის გამოიყენება.

მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტის როლი ზრდასრულთა განათლების საქმეში უდიდესია, ვერავინ უარყოფს არაფორმალური განათლების მნიშვნელობას, მუდმივი პროფესიული ზრდისა და განვითარების თვალსაზრისით.

ევროპის საბჭო დიდი ხანია აქტიურად განიხილავს არაფორმალური სწავლების აღიარების აუცილებლობას და ასახელებს პროფესიული კომპეტენციების აღიარების ორ ფორმას: სერტიფიკაციას, როგორც ფორმალური განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელსაც განათლების სამინისტრო გასცემს და ვალიდაციას, რომელიც ითვალისწინებს განათლების ყველა ფორმას და მოიცავს დამატებითი კომპეტენციებისა და ცოდნის ამსახველ ინფორმაციას. ვალიდაცია კომპეტენციის დადასტურების ახალი და საზოგადოების დიდი ნაწილისთვის უცნობი ფორმაა. მისი მიზანი თვითსწავლისა და მისი შედეგების აღიარებაა.

2004 წლიდან, საქართველოში განათლების საკითხებზე  მუშაობის პროცესში ჩაერთო ,,ზრდასრულთა განათლების ასოციაცია“, რომლის მთავარ მიზანსაც არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და ,,აქტიური მოქალაქის“ კონცეფციის პოპულარიზაცია წარმოადგენს.

არაფორმალური განათლების მიღება საგანმანათლებლო დაწესებულების ფარგლებში ან მის მიღმა შეგიძლიათ (ტრენინგები, სემინარები, საჯარო ლექციები, ე.წ ,,ვორქშოპები“ და სხვ.) არაფორმალური განათლების ფარგლებში შესაძლოა ახალ სპეციალობასაც დაეუფლოთ, თუმცა ჯერჯერობით ვერ შეძლებთ კომპეტენციის დამადასტურებელი ოფიციალური სერტიფიკატის მიღებას. ამ მიზეზით, ხშირად არიდებენ თავს თვითგანვითარებისა და პროფესიული წინსვლისთვის სასარგებლო  შეხვედრებზე დასწრებას.

საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილმა თუ იცის, რომ 2011 წლიდან ძალაში შევიდა განათლების მინისტრის ბრძანება არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების პირობებისა და წესის დამტკიცების თაობაზე: ,,არაფორმალური განათლების გზით მიღებული კვალიფიკაციის სახელმწიფო აღიარება ხორციელდება ატესტაციის გავლის შედეგად, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო აღიარებს არაფორმალურ განათლებას სახელობო განათლების დონეზე.“  თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ აღნიშნული დოკუმენტი ნაკლებად გამოყენება პრაქტიკაში, რადგან ქართულ რეალობაში ჯერ კიდევ არ არსებობს ერთიანი ხედვა არაფორმალური განათლების შესახებ.

იმედს ვიტოვებ, რომ მალე ჩვენს ქვეყანაშიც დაიხვეწება არაფორმალური განათლების სისტემა. შემდეგ წერილში კი თვითრეგულაციით სწავლის, ანუ წარმატების მთავარი ფორმულის შესახებ ვისაუბრებ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი