შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

რუტინის მოთვინიერება

ცნობილი მწერლები და მეცნიერები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მაგრამ მათმა უმეტესობამ კარგად იცის დაბალანსებული მუშაობისა და დასვენების ფასი. მათ ესმით, რომ შემოქმედებითი შთაგონების წყარო არ უნდა დაშრეს. ეს კი ძალების მობილიზაციას საჭიროებს.

 

1912 წელს პარიზის ერთ-ერთი სადაზღვეო კომპანიის თანამშრომელი, ფრანც კაფკა თავის საცოლეს, ფელიცია ბაუერს წერდა: „დრო საერთოდ არ მაქვს, არც – ძალა, ჩემი სამსახური საშინელებაა, სახლში კი ხმაური მკლავს. რადგან ცხოვრებაში ნაკლებად მიმართლებს, სხვადასხვა ხრიკს მივმართავ“. კაფკას ხრიკი განმარტოებით სეირნობაში მდგომარეობდა, ღამით კი დაძინება ძალიან უჭირდა.

 

ამ მხრივ არც ჩვენი ცხოვრება განსხვავდება ცნობილი ადამიანების ცხოვრებისაგან, რადგან ნებისმიერი ჩვენგანის ყოველდღიურობა შედგება მყარი ჩვევებისგან, რიტუალებისგან,  ვალდებულებებისგან, რომელთა შესრულების შემდეგ, ცოტა პირადი დრო გვრჩება.  როგორ უნდა ვაბალანსოთ სამუშაო და დასვენება, დაგეგმარება და იმპროვიზაცია ისე, რომ არც ძალა დაგვეკარგოს და არც შთაგონება?

 

მეისონ კარის წიგნში „გენიოსის რეჟიმი: დღის წესრიგი ცნობილი ადამიანებისთვის“ თავმოყრილია 161 მწერლის, მხატვრის, მეცნიერისა თუ ფილოსოფოსის ცხოვრებისეული დეტალები, სადაც ბევრი რამ ჩვენთვის მახლობელი უნდა იყოს.

 

ძილი

 

ყველა ადამიანი, რომელიც აქტიური ცხოვრების ნაკადში ხვდება, ყოფიერების მოთვინიერების თავისებურ ხერხებს მიმართავს. მაგალითად, გიუსტავ ფლობერს წერა მხოლოდ ღამღამობით შეეძლო, დღისით კი მცირედი ხმაურიც თავ-გზას ურევდა. გიუნტერ გრასი პირიქით იყო. ის ამბობდა, რომ ღამით შთაგონებით წერდა, მაგრამ დილით რომ გადახედავდა წუხანდელ ნაწერს, მისი გადაკეთება უწევდა.

 

თანამედროვე ამერიკელი მწერალი ნიკოლსონ ბეიკერმა ასეთი რამ მოიგონა: ერთ დღეში ორი დილა „შეათავსა“. ის წერდა: „როგორც წესი, დილის ოთხ საათზე ან ხუთის ნახევარზე ვიღვიძებ. ვწერ და ყავას ვსვამ. საათნახევრის შემდეგ ძილი მერევა, თვინიერად ვუბრუნდები ლოგინს და ცხრის ნახევარზე მეორე დილა მითენდება“.

 

ფსიქოლოგი ფრენსის სკინერი დიდი ხანია იღვიძებს შუაღამისას და საათნახევრის განმავლობაში გულმოდგინედ მუშაობს. ლოგინთან ახლოს შემზადებული აქვს ხის დაფაზე მიმაგრებული ბლოკნოტ-ფანქარი. დაფას თავისი პატარა სანათიც მოჰყვება. ფსიქოლოგი არ უჩივის უძილობას. ის ცოტას წაიმუშავებს და კვლავ მშვიდობიანად იძინებს.

 

ძილთან დაკავშირებულ პრობლემებს ბევრი შემოქმედებითი ადამიანი უჩივის. მაგალითად, უილიამ ჯეიმსი საკუთარ თავს დიდხანს აძინებდა ქლოროფორმით, ფერენც ლისტი ღამღამობით ნერვულად სცემდა ბოლთას ოთახში, ჩარლზ დარვინი კი ჩაძინებამდე საათობით ფიქრობდა სხვადასხვა სამეცნიერო პრობლემაზე.

 

ზოგიერთ ცნობილ ადამიანს მიაჩნდა, რომ ძილის ტრადიციული რეჟიმი მისთვის მიუღებელი ან უეფექტო იყო. ამერიკელი არქიტექტორი და გამომგონებელი ბაკმინსტერ ფულერმა მოიგონა „მაღალხარისხიანი“ ძილის თავისებური სქემა: დღისით ის ცოტა ხნით იძინებდა და შემდეგ ისევ უბრუნდებოდა სამუშაოს. მისი ბიოგრაფი წერს, რომ ფულერი მოულოდნელად ითიშებოდა ნებისმიერ ადგილას და ღრმა ძილს მიეცემოდა ხოლმე. ეს გარშემო მყოფთ შოკში აგდებდა. შემდეგ კი, ასეთივე სისწრაფით იღვიძებდა.

 

რენე დეკარტი ყოველდღიურად ათ-თერთმეტ საათს იძინებდა, ბევრს სეირნობდა ტყე-ტყე და ირწმუნებოდა, რომ მხოლოდ ხანგრძლივი დასვენების შემდეგ შეეძლო, გონებრივად ემუშავა.

 

კვება და სტიმულატორები

 

ბევრი მხატვარი და მოაზროვნე უპირატესობას მსუბუქ და მცირეულუფიან საკვებს ანიჭებდა. პიკასო მარტო ბოსტნეულს, ბრინჯს, თევზეულს და ყურძენს მიირთმევდა. ფრენსის ბეკონი კი პირიქით, დღეში სამჯერ აწყობდა პურ-მარილობებს და ერთ ჭამაზე რამდენიმე ბოთლ ღვინოს ცლიდა. ეს ხელს არ უშლიდა მუშაობაში: „შეზარხოშებულს უფრო კარგად გამომდის ყველაფერი, ჩემი ტვინი ცოცხლდება, ენერგია მემატება“.

 

ონორე დე ბალზაკი დღეში 50-მდე ფინჯან მაგარ ყავას სვამდა. იუნსტონ ჰიუ ოდენი კი ყავასთან ერთად ალკოჰოლს, თამბაქოს და ამფეტამინებს ეძალებოდა. სამწუხაროდ, თამბაქო ყველაზე გავრცელებული სტიმულატორია შემოქმედებით ადამიანებში. ზიგმუნდ ფროიდი, რომელიც მთელი ცხოვრება ეწეოდა, წერდა, რომ თამბაქო ამ ცხოვრებაში ყველაზე იაფფასიანი სიამოვნება იყო.

 

ბოჰემური ცხოვრების წესი, რომელსაც შემოქმედებითი ადამიანები ირჩევენ, მეტად მიდრეკილს ხდის მათ სტიმულატორების მიმართ. თუმცა არსებობენ ისეთი ცნობილი ადამიანებიც, რომლებიც მუშაობის დროს კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ნებისმიერი სახის სტიმულატორებს – ინგმარ ბერგმანი ყოველთვის ფხიზელი მუშაობდა; ალკოჰოლიზმით შეპყრობილი ფრენსის სკოტ კეი ფიცჯერალდიც კი მოგვიანებით აღიარებდა, რომ ვრცელი ნაწარმოების წერის დროს, შემდგომში კი რედაქტირებისას, სასმელთან საერთოდ არ მეგობრობდა.

 

დასვენება

 

საჭირო დროს დასვენება შემოქმედებისთვის კონცენტრაციაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ძალიან ადვილია მორიგ პრობლემასა თუ საკითხზე გავამახვილოთ ყურადღება, დროის ათვლა დავკარგოთ და ისე „გადავიწვათ“, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში საერთოდ აღარ შეგვეძლოს მუშაობა. მაგრამ დასვენებაც სხვადასხვანაირად არის შესაძლებელი.

 

როცა იგორ სტრავინსკის მუშაობა არაპროდუქტიული ხდებოდა, ის თავზე დგებოდა, ბეთჰოვენი კი ასეთ დროს, სადილის შემდეგ, სასეირნოდ მიდიოდა, რასაც თითქმის მთელი დარჩენილი დღე მიჰქონდა. სეირნობის კიდევ ერთმა მოყვარულმა, სერენ კიერკეგორმა, სამუშაოს შორის დასვენებებისას თითქმის მთელი კოპენჰაგენი მოიარა. ბენჟამინ ფრანკლინი დილაობით თითქმის მთელი საათის განმავლობაში იღებდა ჰაეროვან აბაზანებს, ამის შემდეგ კი ცოტა ხნით წაუძინებდა კიდეც.

 

კარლ იუნგი წერდა: „მივხვდი, რომ ადამიანი, რომელიც მუშაობას აგრძელებს იმის მიუხედავადაც კი, რომ მას დასვენება სჭირდება, უბრალოდ სულელია“.

 

როგორც ჩვენ ყველა, გენიოსებიც წუხდნენ კონცენტრაციის ნაკლებობით, ისიც პროკრასტინირებენ (საქმის მუდმივად სამერმისოდ გადადება). პროკრასტინაციის პრობლემა განსაკუთრებით აწუხებდა უილიამ ჯეიმსს. ის უნივერსიტეტის ლექტორი იყო და ლექციების მომზადებას ხშირად გადადებდა უკანასკნელი წუთებისთვის, რასაც საკმაო ირონიით აღნიშნავდა კიდეც: „კარგად ვიცნობ ადამიანს, რომელიც დიდხანს უნდება ბუხრის ანთებას, სკამების გადაადგილებას, მაგიდის უკანასკნელი ბუმბულებისგან გასუფთავებას, მაგიდაზე ნივთების დალაგებას, თაროდან პირველივე წიგნის გამოღებასა და თვალიერებას, ფრჩხილების გაპრიალებას და მთელი დილა ლაპარაკს – ის ამ ყველაფერს უმიზნოდ აკეთებს, მხოლოდ იმიტომ, რომ იმ ერთადერთ საქმეს არ მოკიდოს ხელი, რომელიც დილას უნდა შეესრულებინა და რომელიც მასში ზიზღს იწვევს (ლექციის მომზადებას ვგულისხმობ)“.

 

იმისთვის, რომ ოდნავ მოდუნებულიყო, ფრენსის ბეკონი ძილის წინ კულინარიულ წიგნებს კითხულობდა, ვუდი ალენი ყურადღების სხვა რამეზე გადასატანად დღეში რამდენჯერმე იღებს შხაპს, დევიდ ლინჩი კი ტრანსცენდენტალურ მედიტაციას მისდევს.

 

სამუშაო

 

იმისთვის, ვინც ბოლომდე უძღვნის თავს საქმეს, სამუშაო არის ის, რაც ცხოვრებას აზრს სძენს. ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ სამუშაოსთვისაა საჭირო. ამიტომ ისეთი სამუშაოც კი, რომელიც ყველაზე მეტად უკავშირდება ხელოვნებას, დისციპლინასა და თითქმის ასკეტურ, მტკიცე თვითშეზღუდვას გულისხმობს.

 

„მადამ ბოვარზე“ მუშაობის დროს ფლობერი წერდა: „ჩემი სამუშაო უცნაური სიყვარულით მიყვარს, როგორც ასკეტს კელია, რომელიც მუცელს უღრღნის… დროდადრო, როცა თავს დაცარიელებულად ვგრძნობ, როცა ფრაზები არ ეწყობა და მხოლოდ რამდენიმე გვერდის დაწერის შემდეგ ვამჩნევ, რომ ჯერ არცერთი მზა ფრაზა არ დამიწერია, დივანზე ვენარცხები და ვწევარ უიმედო სევდისაგან გასულელებული. მძულს ჩემი თავი და ვწყევლი მას იმ უგონო სიამაყისთვის, რომლის გამოც ქიმერასთან რბოლაში ვიხრჩობი. გადის საათის მეოთხედი და ყველაფერი იცვლება – გული ბედნიერებით ძგერს“.

 

„ბოლოს და ბოლოს, სამუშაო საუკეთესო გზაა ცხოვრებისაგან თავის დასაძვრენად,“ – წერდა მოგვიანებით.

მწერლისა თუ მხატვრის რეალური ცხოვრება იშვიათად გვაგონებს რომანტიკულ წარმოდგენებს ღვთაებრივად შთაგონებულ პოეტ-შემოქმედზე, რომელიც ინსპირაციას ელის. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ყოველდღიური შრომა, შთაგონება კი როგორმე გამოიძებნება. ჰენრი მილერი, მწერალი, რომელსაც, რთულია, ზედმეტი ასკეტიზმი დავაბრალოთ, წერდა: „გასხივოსნების ჭეშმარიტი მომენტების შენარჩუნებისთვის მკაცრი დისციპლინაა საჭირო“. ამას ადასტურებდა  ბერნარდ მალამუდიც: „დისციპლინა საჭირო რამეა. თუკი საჭიროა, რომ ხელოვნებისთვის თავი გააკონტროლოთ, აკონტროლეთ თავი!“

ერნესტ ჰემინგუეი ყოველთვის დილის ექვსზე იწყებდა წერას, შუადღისას კი ჩერდებოდა: „როცა წერას ამთავრებ, სიცარიელეს გრძნობ, მაგრამ მუდმივად ავსებადი ხარ, თითქოს საყვარელ ადამიანთან სიყვარულით იყავი დაკავებული. შენთან ახლოს არაფერი მოვა, არაფერი მოხდება, დიდ მნიშვნელობას არაფერს მიაწერ – ელოდები მომდევნო დღეს, როცა ამასთან დაბრუნებას შეძლებ. ყველაზე რთული სწორედ მეორე დღის მოლოდინთან გამკლავებაა. ეს ყველაზე რთულია“.

ბევრი მწერალი იწესებდა იმ მინიმუმს, რომელიც დღის განმავლობაში უნდა დაეწერა. თუნდაც მომავალში ნახევრის წაშლა ან გადაწერა გახდეს საჭირო, თავად  ტექსტთან მუშაობის პროცესია აუცილებელი. მხატვარი ჩაკ კლოუზი კარგად აჯამებს ამ „დედამიწურ“ და ფხიზელ აზრს შემოქმედებაზე: „შთაგონება დილეტანტისთვისაა, ჩვენ კი, პროფესიონალები, უბრალოდ ვიწყებთ მუშაობას“.

მწერლების, მხატვრების, ინტელექტუალებისა და მეცნიერების ცხოვრება, ისევე, როგორც უმრავლესობა ჩვენგანის ცხოვრება, წონასწორობაა წესრიგსა და ქაოსს შორის. დეტალური რეგლამენტაცია ისეთივე საშიშია, როგორც სრული თავისუფლება, გაწერილი გეგმები მუდმივად იშლება, თავდაჯერება ზოგჯერ ყველაზე საჭირო მომენტში მიგვატოვებს, შემოქმედებით პროცესს კი ხშირად ზღუდავს რუტინა.

რუტინის მოთვინიერება, საქმისა და არჩეული ცხოვრების წესისთვის დღის ყველაზე ოპტიმალურად გაწერა ის პრობლემაა, რომელსაც ყველა თავისებურად უმკლავდება. აქ არ არსებობს მზა რეცეპტები, მაგრამ არსებობს იმ მოქმედებათა ჩამონათვალი, რომელიც შეიძლება ჩვენი ყოველდღიურობის რეჟიმის შექმნისას გამოვიყენოთ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი