სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

        ,,კალიგრაფისტთა სკოლა’’

დიდი ხანია, მინდოდა, კალიგრაფიასა და მასთან დაკავშირებულ მიდგომებზე დამეწერა. საკითხზე დაფიქრებისაკენ კი ხელახლა მიბიძგა ცოტა ხნის წინ გამართულმა შეხვედრამ, რომელზეც  ქართულის სახელმძღვანელოს პოტენციური ავტორები მსჯელობდნენ, თუ როგორ უნდა ჩაიდოს დაწყებითი საფეხურის სახელმძღვანელოში  წერაზე, კალიგრაფიის დახვეწაზე მიმართული სავარჯიშოები, უნდა წერდნენ თუ არა მოსწავლეები ბადიან რვეულებში და ა.შ.

დავიწყოთ მცირეოდენი შესავლით, როგორც რიტორიკის კანონები მოითხოვს.         ,,კალიგრაფია“ ბერძნული სიტყვაა და სიტყვასიტყვით ლამაზად წერას ნიშნავს. საქართველოში მას ოდითგანვე დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ბეჭდური სისტემის განვითარებამდე კალიგრაფისტთა სკოლები არსებობდა, რომლებში განსწავლულებიც დიდი რუდუნებითა და მოწიწებით  ასრულებდნენ სხვადასხვა მნიშვნელობის ტექსტის გადამწერთა ფუნქციას. ერთი სიტყვით,  კალიგრაფისტობა ჩვენს ქვეყანაში ხელოვნების რანგში იყო აყვანილი . ბუნებით ესთეტი ქართველი ყოველთვის თვლიდა, რომ თვალი ჭამს და თვალი სვამს, ამიტომ ხელით ნაწერი ძალიან ლამაზი უნდა იყოს.  განათლების საბჭოური სისტემა ამ საკითხს კიდევ უფრო ხისტად  უდგებოდა-მოსწავლეებს სხვადასხვა წესით აიძულებდნენ ლამაზად წერას, მემარცხენეებს მაინცდამაინც მარჯვენა ხელის ხმარებას უკიჟინებდნენ, ,,ბატიფეხურის’’ ავტორს კი ხშირად აგემებდნენ ხოლმე იმ ავადსახსენებელ სახაზავს, წესით ჭკუა რომ უნდა ესწავლებინა.

გავიდა ხანი. მსოფლიო გადავიდა ბეჭდურ სისტემაზე. საზოგადოებაში გაჩნდა ლიბერალური შეხედულებები, განათლების სფეროში კი-კონსტრუქციული მიდგომები, მაგრამ ბევრისთვის ეს საკითხი რატომღაც იმავე სიმაღლეზე დგას, რა სიმაღლეზეც მაშინ იყო, როცა ადამიანები ჯერ კიდევ ბატის ფრთას აწებდნენ მელანში. ლამაზად წერა ისევაა ძალდატანების, წვალების, იძულების და, შესაბამისად, მოსწავლის მხრიდან წერითი სამუშაოს სიძულვილის ერთ-ერთი მიზეზი.  ვისაც დაბალ საფეხურზე ქართულის მასწავლებლად უმუშავია და საკითხსაც ჯანსაღად უყურებს, იშვიათია, არ ჰქონოდა ამ საკითხზე მცირეოდენი შეუთანხმებლობა მაინც მშობლებთან და ზოგიერთ კოლეგასთან. მასწავლებელთა ნაწილი ისევ აწვალებს მოსწავლეებს კალიგრაფიის გამო,  მშობელთა უმრავლესობაც  ჯიუტად თვლის პრიორიტეტად ლამაზად წერას, წერის სხვა ასპექტები კი ამის ფონზე მათთვის მნიშვნელობას კარგავს.

საკითხის უკეთ გასაშლელად ჩემი  პრაქტიკიდან ერთ ადრეულ და უხერხულ ეპიზოდს გავიხსენებ: სკოლაში მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა. ენთუზიაზმს არ ვუჩიოდი და , ბუნებრივია, დიდ დროს ვუთმობდი მოსწავლეებში წერისა და კითხვის უნარების გაუმჯობესებას. ამ ძნელად სავალ გზაზე ერთი გასაოცარი ამბავი გადამხდა: ერთ-ერთ მოსწავლეს უცნაური ჩვევა ჰქონდა : სახლში მიცემული  წერითი დავალება მინიმუმ შვიდჯერ დაწერილი მოჰქონდა. რომ მეგონა, ჩემ მიერ შესასწორებლად გამიზნულ ნაწერს ვეცნობოდი, აღმოჩნდებოდა, რომ 6-7 ვარიანტი შემდეგ გვერდებზე ეწერა. ვერ ვიგებდი, რა ხდებოდა. ნერვები მაწყდებოდა იმის გარკვევაში, რომელი იყო საბოლოო, რადგან ხშირად წინა ნაწერი სჯობდა შემდეგს. ვერ ვხვდებოდი , რატომ ,,თამაშობდა’’ ბავშვი ასე საშინაო დავალების რვეულში. მიზეზს კი არა და არ მეუბნებოდა. არაერთხელ მივეცი შენიშვნა ამის გამო. ჯიუტად იმავის გამეორების შემდეგ კი  გავაფრთხილე, რომ თუ კიდევ მომიტანდა ამდენჯერ დაწერილ ერთსა და იმავე დავალებას, ყველას გადავუხაზავდი. შენც არ მომიკვდე- არაფერი შეცვლილა. ერთ დღესაც ნერვებმა მიმტყუნა, ავიღე რვეული და ყველა გამეორებული დავალება გადავხაზე.  რას ვიზამთ, მუშაობის ადრეულ საფეხურზე ყველას მოგვდის მსგავსი შეცდომები.

შედეგმაც არ დააყოვნა. მეორე დღეს მოსწავლის დედაცა და მამაც ერთად დამესხნენ თავს. მიზანი კაპასი მასწავლებლის ,,შეხურება’’ იყო. დიალოგში, რომელიც ჩემი ძალისხმევით კონსტრუქციულ ჩარჩოში წარიმართა, გამოირკვა, რომ  თურმე შვილს მამა კალიგრაფიაში ავარჯიშებდა, არც მეტი და არც ნაკლები, საშინაო დავალების რვეულში. ეს იყო ერთი დავალების მრავალი ასლის არსებობის მიზეზი. გავშრი. შემეცოდა ბავშვი, რომელიც რატომღაც მიზეზს ვერ მაგებინებდა. ალბათ, ინტუიციურად ხვდებოდა, რომ ჩემი და მამის მიდგომები დიდად არ ემთხვეოდა. წარმოვიდგინე, როგორ იჯდა ღამით და ხვნეშა-ხვნეშით, მინიმუმ რვაჯერ, იძულებით წერდა ერთსა და იმავე დავალებას… მე კი ამდენი შრომა ერთი ფხრიწინით წყალში ჩავუყარე…

ეს ყველაზე დრამატული ფაქტია ჩემი პრაქტიკიდან კალიგრაფიასთან დაკავშირებით მშობელთა რადიკალურ-კონსერვატორული მიდგომების საილუსტრაციოდ. შესაძლოა, სხვები იძულების უარეს მეთოდებსაც მიმართავენ შინ.  მასწავლებელთან მშობლის დიალოგში კი საკითხი დაახლოებით ასე ისმება ხოლმე:

მშობელი:

-თქვენ ხომ სთხოვთ მკაცრად, რომ ლამაზად წეროს? (რატომღაც საეჭვოა ხოლმე მოთხოვნა, არადა, საინტერესოა, რომელ მასწავლებელს სიამოვნებს გაურკვეველი და უსუფთაო ნაწერის კითხვა?)

მასწავებელი:

-რა თქმა უნდა, წერის კულტურის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა  ეს საკითხი გარკვეულწილად კომპენსირდება იმ ფაქტით, რომ მოსწავლე ახერხებს უფრო მნიშვნელოვან რამეებს: აზრის გამართულად და მოქნილად ჩამოყალიბებას, ახალი ლექსიკური ერთეულების ოსტატურად გამოყენებას, კონკრეტული საკითხის ირგვლივ ვრცელ და თანმიმდევრულ მსჯელობას…

მშობელი:

-კი, მაგრამ ნაწერს რომ შეხედავ, სურვილი არ გაგიჩნდება წაკითხვის, როგორ ასოებს წერს, რა საშინელებაა…

მასწავლებელი:

– არც ისე ცუდად წერს. მთავარია, წერის კულტურა დაიცვას. ასოების მოხაზულობას რაც შეეხება, კალიგრაფია ხშირად გენეტიკურია, ინდივიდის გასაღებია, ასე ადვილად არ იცვლება. თან, მსოფლიო ბეჭდურ სისტემაზეა გადასული, ეს საკითხიც ასე მტკივნეულად აღარ დგას…

მშობელი:

– ასე როგორ შეიძლება, ბევრი უნდა ივარჯიშოს გამოსწორებაზე, ზოგი ხატავს, ისე წერს..

მასწავლებელი:

-მართალს ბრძანებთ, მაგრამ მას სხვა უფრო მნიშვნელოვანი უნარები აქვს. ასოების მოხაზულობას რაც შეეხება, ყველა ერთნაირად ვერ დაწერს. ყველა ვან გოგივით ხომ ვერ ხატავს…

(დუმილი)

არ იფიქროთ, რომ მასწავლებელი ან მოსწავლის ლამაზ ნაწერს არ აფასებდეს, ან წერის კულტურაზე არ მუშაობდეს, ან ღვლარჭნილი და აბდაუბდა ნაწერის კითხვა სიამოვნებდეს. მაგრამ მოგეხსენებათ, სწავლების პროცესში გონივრულია,  მეტი ძალისხმევა მიმართო შინაარსობრივ და არა- ფორმალურ მხარეზე. ენისა და ლიტერატურის სწავლება არ გახლავთ გრაფიკისა და ფერწერის გაკვეთილები, სადაც ფორმაზე მუშაობას უამრავ დროს დაუთმობ.

კაცმა რომ თქვას, რა პრობლემაა მასწავლებლისათვის კალიგრაფიის გაუმჯობესებისათვის ხშირი და მიზანმიმართული ვარჯიში. ,,სუფთა წერის გაკვეთილები“ ხომ ყველაზე ადვილი ჩასატარებელია: მიეცით მოსწავლეებს საწერი, ყოველგვარი ტვინის ჭყლეტისა და ფიქრის გარეშე, ერთადერთი მოთხოვნით: ,,წეერეთ ნეელა და ლაამაზად.“

მზრუნველმა და მოტივირებულმა მასწავლებელმა კი იცის, რომ ლამაზად წერის მოთხოვნა არ უნდა აქციოს მოსწავლის ტანჯვისა და წვალების იარაღად. ფორმალური მხარის ლაფსუსები კი მოსატანიც არაა იმ ბარიერებთან, რაც მოსწავლეს შეიძლება შეექმნას გრამატიკული პარადიგმების გაგების, გამართულად წერისა და აზროვნების კუთხით.  საოცარი ისაა, რომ ადამიანთა ნაწილს ამ ყველაფერზე უფრო პრიორიტეტულად სუფთად და ლამაზად წერა ესახება. ჩემი აზრით, ეს დამოკიდებულება ტიპური ანარეკლია საზოგადოების ცნობიერებისა, რომელიც ფორმას შინაარსზე მეტ დატვირთვას ანიჭებს.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, კითხვაზე, თუ როგორ უნდა გადაიჭრას მოსწავლეებში კალიგრაფიის ჩამოყალიბების პრობლემა სახელმძღვანელოს შემქმნელთა, მშობლებისა თუ მასწავლებლების მხრიდან ,  ერთადერთი პასუხი არსებობს, რომელსაც უნდა დაეფუძნოს ყველა მეთოდი თუ სტრატეგია: უმტკივნეულოდ, ტანჯვისა და ძალადობის გარეშე!

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი