პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ტრაგიკული ,,ბოლო ზარი” -ვინ აგებს პასუხს ,,ბოლო ზარის” დროს მოსწავლისთვის მიყენებულ ზიანზე?

,,ბოლო ზარის” დღეს მასწავლებლებმა მოსწავლეები გარდაცვლილი თანაკლასელის სასაფლაოზე წაიყვანეს. გზად სატვირთო ავტომობილი გააჩერეს, რომლის მძღოლიც ,,ნასვამი” იყო. მასწავლებლებმა მოსწავლეები სატვირთო ავტომობილის ძარაზე შემოსვეს.

 

მძღოლმა საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია, ავტომობილი გადაბრუნდა და ერთ-ერთი მოსწავლე ქვეშ მოიყოლა. მან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო.

 

ეს ამბავი 1996 წელს მოხდა. უზენაესმა სასამართლომ კი ზიანის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილება 2013 წელს მიიღო.

 

ვინ უნდა აგოს პასუხი მოსწავლისთვის მიყენებული მატერიალური თუ მორალური ზიანის გამო? მასწავლებლებმა? სკოლამ? განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ? ამ კითხვებს უზენაესმა სასამართლომ უპასუხა.

 

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, პედაგოგები მოქმედებდნენ, როგორც სამინისტროს სისტემის დასაქმებული პირები და არა როგორც ფიზიკური პირები. სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების შედეგად დამდგარ ზიანად კი მიიჩნევა ისეთი ზიანი, რომელიც დადგა პირის მიერ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქმედებების განხორცილების ან სამსახურებრივი უფლებამოსილებების გადამეტების დროს. როგორც წესი, უფლების გადამეტებისას ხდება ზიანის მიყენება. უფლებამოსილების გადამეტება, გაუფრთხილებლობა ადასტურებს სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევას და არ ნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში თანამშრომელი მოქმედებს როგორც კერძო პირი.

 

სასამართლოს განმარტებით, სამინისტრო თავის მიზნებს აღწევს თავისი სისტემის თანამშრომლების საქმიანობის მეშვეობით, რომელთა მოქმედება სამინისტროს მოქმედებად ითვლება. პედაგოგების ქმედება კი უკავშირდებოდა სასწავლო პროცესის დასრულებას. სკოლის დამამთავრებელი კლასის  მოსწავლეების სკოლის ტერიტორიის გარეთ პედაგოგებთან ერთად გასვლა თავისთავად გულისხმობდა პედაგოგების ვალდებულებას, გამოეჩინათ წინდახედულება, სიფრთხილე, ეზრუნათ მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე. პედაგოგების ქმედება არის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას განხორციელებული, მიუხედავად იმისა, რომ ზიანი სკოლის ტერიტორიის გარეთ დადგა.

 

სასამართლოს დასკვნით, სკოლა, რომელშიც დასაქმებული იყვნენ პედაგოგები, სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულება იყო. ამიტომ, სასამართლოს მტკიცებით, პედაგოგთა მიერ მიყენებული ზიანისთვის პასუხისმგებელი არის სამინისტრო.

 

უზენაესი სასამართლოს განმარტებით, პირი მხოლოდ მაშინ აგებს პასუხს მიყენებული ზიანისთვის, როცა მისი ქმედება ადეკვატურ კავშირშია დამდგარ შედეგთან. პედაგოგთა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შედეგად მოსწავლეები სკოლის ტერიტორიის გარეთ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლის მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომობილის ძარაზე აღმოჩნდნენ, სადაც  არ იყო უზრუნველყოფილი მათი უსაფრთხოება. ავტომობილი არ იყო განკუთვნილი მგზავრთა გადასაყვანად, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას შეექმნა მნიშვნელოვანი საფრთხე, მოსწავლეს კი მიადგა მძიმე მატერიალური და მორალური ზიანი.

 

საინტერესოა, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა მატერიალური ზიანის ნაწილში, რადგან ის ხანდაზმულად ცნო. თუმცა, იმსჯელა მორალური ზიანის ნაწილზე. კერძოდ, მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ხანდაზმული  არ არის, რადგან მორალური ზიანის მიყენება არ უკავშირდება უშუალოდ ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების მომენტს. მორალური ზიანი შესაძლოა მოგვიანებით სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედების შედეგად დადგეს. ეს ფაქტორები შეიძლება იყოს – მკურნალობის უშედეგობა, ხანგრძლივი უმწეო მდგომარეობა, აქტიური ცხოვრების შეუძლებლობა, ცხოვრების წესისა და რიტმის შეცვლა, მკურნალობის უშედეგობა, ცხოვრების ხალისის დაქვეითება, ნერვიული დაძაბულობა, არასრულფასოვნების კომპლექსის განვითარება და სხვა ფაქტორები.

 

კანონით არ არის განსაზღვრული მორალური ზიანის ოდენობა. მორალური ზიანის ანაზღაურების თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია და მრავალ სხვადასხვა პირობაზეა დამოკიდებული. მის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა დელიქტით გამოწვეული მძიმე შედეგი. რადგან, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება არის ადამიანის აბსოლუტური უფლება და სამართლებრივი დაცვის საგანი, ხოლო მიღებული ტრავმების შედეგად დარღვეულია მოსარჩელის ორგანიზმის მნიშვნელოვანი ფუნქციები, რამაც გამოიწვია მისი შრომის უნარის დაკარგვა, ყოფა-ცხოვრების არსებითი გაძნელება, თვითრეალიზებისა და სრულფასოვანი ცხოვრების შესაძლებლობის მკვეთრი შემცირება, სასამართლომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დააკისრა ზიანის ანაზღაურება 50.000 ლარის ოდენობით. გადაწყვეტილების მიღების დროს, უზენაესმა სასამართლომ მსგავს საქმეებზე ზიანის ოდენობის განსაზღვრის სასამართლო პრაქტიკაც გაითვალისწინა.

 

ამ გადაწყვეტილების შესახებ შესაძლოა განსხვავებული მოსაზრებები არსებობდეს, რადგან სკოლა ავტონომიური დაწესებულებაა, საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც, დადგენილი შეზღუდვების ფარგლებში, დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას. მაგრამ, ფაქტია, ეს არის სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც იქმნება სასამართლო პრაქტიკა და ის, გარკვეულწილად, გავლენას ახდენს შემდგომ გადაწყვეტილებებზე მსგავსი საქმეების შემთხვევაში.

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი