ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

რეცეფტული ენის დარღვევა ბავშვებში

რეცეფტული ენის დარღვევებით ბოლო პერიოდში ბევრ ბავშვს ვხვდები. არაპროფესიონალი ადამიანისთვის ამ დიაგნოზსა და აუტიზმს შორის ზღვარის გავლება ძალიან ჭირს. მით უფრო, რომ ე. წ. ABA, ქცევითი თერაპია ხშირ შემთხვევაში ორივე დიაგნოზის მქონე ბავშვებს ენიშნებათ. საკითხში გასარკვევად ბავშვთა ფსიქიატრსა და ნევროლოგს, მედეა ზირაქაშვილს მივმართეთ.

ჩვენს საზოგადოებაში ხშირად გვესმის ტერმინები: „ენისა და მეტყველების დარღვევები“, „ექსპრესული ენის დარღვევა“, „რეცეფტული ენის დარღვევა“, „სულმოუთქმელი მეტყველება“, რაც ვფიქრობ ძალიან აბნევს ბავშვების მშობლებს, რომლებსაც ექიმები აღნიშნული დიაგნოზებით ამისამართებენ მეტყველების თერაპევტებთან. ჩამოთვლილი სახელწოდებები ერთი და იმავე პრობლემის სხვადასხვა ფორმულირებაა, თუ…

ძალიან ხშირად ყოფით საუბრებში „ენის დარღვევები“ და „მეტყველების დარღვევები“ ურთიერთჩამნაცვლებელ ტერმინებად გამოიყენება, რაც ერთმნიშვნელოვნად უკვე დიდი შეცდომაა. ენისა და მეტყველების დარღვევების ჯგუფი განსხვავებული კატეგორიებია და თითოეული სხვადასხვა ტიპის დარღვევას მოიცავს. შესაბამისად მათზე სამუშაოდ მნიშვნელოვანია დიაგნოზის სწორად დიფერენცირება.

მაშინ იქნებ განვმარტოთ რა განსხვავებაა ამ დიაგნოსტიკურ კატეგორიებს შორის და რა თავისებურებებს მოიცავს ისინი? მაგალითად, რა არის მეტყველება და მისი დარღვევები?

მეტყველება კომუნიკაციის ვერბალური გამოხატულებაა და წარმოადგენს ენის კუნთების, ტუჩების, ყბებისა და ვოკალური ტრაქტის კოორდინირებულ მოძრაობას ბგერათა პროდუცირებისთვის. ამ კოორდინირებულ მოქმედებათა კასკადში ნებისმიერი კომპონენტის დაზიანებამ შესაძლოა გამოიწვიოს ზემოთ აღნიშნული ბგერათა წარმოთქმის დარღვევა. სწორედ ბგერების არასწორად გამოთქმა არის „მეტყველების დარღვევის“ ყველაზე ადეკვატური განმარტება. მეტყველება კი მოიცავს არტიკულაციას, ხმას და მეტყველების დინებას. მეტყველების დარღვევებიდან ყველაზე ხშირია: ენაბორძიკობა, სულმოუთქმელი მეტყველება, დიზართრია…

რა არის ენა და როგორ ხდება ენის განვითარება? ვისაუბროთ დადგენილ ნორმებზე ბავშვის სხვადასხვა ასაკში.

ენა სიტყვებისა და მთელი რიგი სიმბოლოების სისტემაა, გადმოცემული წერილობითი, სალაპარაკო, ჟესტების და სხეულის ენის ფორმით. ენის განვითარება, ადამიანის სოციალურ- კოგნიტური განვითარების უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია. ენა კომპლექსური, განსაკუთრებული უნარია, რომელიც ბავშვში ვითარდება სპონტანურად, ინსტინქტურად, ცნობიერების დაძაბვისა და მითითების გარეშე. სხვადასხვა ინდივიდში ენის განვითარება ხარისხობრივად იდენტურია, განსხვავებულია მხოლოდ მიღებული ინფორმაციის აღქმა და მისი გადამუშავება. მისი მთავარი ფუნქცია ადამიანებს შორის კომუნიკაციის დამყარებაა. ის შედგება ფონეტიკისგან, სემანტიკისგან, ლექსიკისა და პრაგმატიკისგან.

უფრო დეტალურად გადავხედოთ ენის განვითარებას: ორსულობის მეორე ტრიმესტრის ბოლოსთვის ნაყოფი უკვე ასხვავებს სხვებისგან დედის ხმას. დაბადებიდან ძალიან მოკლე პერიოდში ახალშობილი იწყებს სამეტყველო ბგერების გარჩევას. ყურადღების გამახვილება მოზრდილთა ხმის ტემბრზე, სახის გამომეტყველება და შესაბამისი ტანის მოძრაობები შეინიშნება 3 თვის ასაკისთვის; იმიტაცია (მიბაძვა, გამეორება) და რეციპროკული (ორმხრივი) კომუნიკაცია ვითარდება 6 თვისთვის. სოციალური ჟესტიკულაციური თამაშები, ჩვენი ანალოგიით „ჭიტა“ და ა. შ. ტიპურია 9-10 თვისთვის. თავდაპირველად ბავშვი გამოხატავს სიტყვების აღქმას სელექციური მითითებით საგანზე ან სხვა ქცევითი მინიშნებებით. ამ დროს იმიტაცია და ექოლალია (სხვისი ნათქვამის გამეორება) ექსპრესიული ენის განვითარების მნიშვნელოვანი ელემენტია. თუ სიტყვათა ლექსიკონი 50-70 სიტყვამდეა, ჩნდება ფრაზები და ორსიტყვიანი წინადადებები. სიტყვათა კომბინაციის შესაძლებლობები აჩენს გრამატიკის, კერძოდ სინტაქსის ელემენტებს – თავიდან მარტივს, სწრაფი გართულების შესაძლებლობით. 3 წლისათვის ბავშვთა უმეტესობა იყენებს სამსიტყვიან წინადადებებს სიტყვათა სწორი წყობით, კუთვნილებითი ნაცვალსახელებითა და ზმნის მარტივი წარსული ფორმით. ამ ასაკის  ბავშვთა საუბრის 50% გასაგები უნდა იყოს უცხოთათვის. 5 წლისთვის პასუხობენ შეკითხვებს: „როდის?“, „რატომ?“, „როგორ?“. ღია შეკითხვებზე პასუხის უნარი აძლევთ მათ საშუალებას აწარმოონ მოკლე დიალოგები, იყენებენ ენას ინფორმაციის მისაღებად და თან საკუთარი აზრების გასახმოვანებლად. მეტყველება ძირითადად გასაგებია უცხოთათვის. 7-8 წლის ასაკისათვის ბავშვებს შესწევთ კომპლექსური წინადადებების სტრუქტურის ყოველდღიურ საუბარში გამოყენების უნარი და იწყებენ ირონიის, სარკაზმისა და იუმორის გაგებას.

რა არის ენის დარღვევა?

როდესაც გარკვეული ფაქტორების ზეგავლენით ადამიანს აქვს სირთულე გაიგოს სხვისი ნათქვამი ან გაუზიაროს სხვას საკუთარი მოსაზრებები, იდეები და გრძნობები, საუბრობენ ენის დარღვევებზე.

ენის დარღვევები წარმოდგენილია რეცეფტული ენის დარღვევით, როდესაც ინდივიდს უჭირს სხვისი ნათქვამის ადეკვატურად აღქმა/გაგება. ამ დროს, ნორმალური ინტელექტის მიუხედავად, ბავშვებს უჭირთ გაიგონ და შესაბამისად შეასრულონ დირექტივები; აქვთ ძალიან მწირი სიტყვათა მარაგი; უჭირთ გაიგონ ასაკის შესაბამისი შეკითხვები და უპასუხონ მათ; ხშირად სხვის ნათქვამსა და დასმულ შეკითხვას მყისიერად იმეორებენ; არ იჩენენ ინტერესს, როდესაც მშობლები წიგნს უკითხავენ; აიგნორებენ, როდესაც მიმართავენ ან დავალებას აძლევენ; მათი სიტყვების და წინადადებების შინაარსი გაუგებარია; უჭირთ სხვისი ნათქვამის დამახსოვრება, შესაბამისად ვერ გამოიტანენ აზრს ნათქვამიდან.

 

როდის და რა სიმპტომების არსებობის შემთხვევაში უნდა შეშფოთდეს მშობელი და რა ასაკიდანაა შესაძლებელი რეცეფტული ენის დარღვევის დიაგნოზის დასმა?

რეცეფტული ენის დარღვევების დროს პრობლემები, როგორც წესი, თავს იჩენს 3 წლის ასაკამდე. თუ მშობელი შენიშნავს, რომ ბავშვს განვითარების ადრეულ ეტაპზე აქვს ენის დარღვევების ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნები, ეჭვი უნდა მიიტანოს, რომ შესაძლებელია, სულ მცირე, ეს იყოს რეცეფტული ენის დარღვევა და დროულად უნდა მიმართოს ბავშვთა ფსიქიატრს და მეტყველების თერაპევტს, რადგან ეს დარღვევები შემდგომ წლებში იწვევს ხოლმე აკადემიური მოსწრების პრობლემებს.

  • ბავშვმა გვიან წარმოთქვა პირველი სიტყვები, გვიან დაიწყო სიტყვათა შეკავშირება (ფრაზები);
  • იშვიათად ამბობს კომპლექსურ წინადადებებს, ისიც მრავალი გრამატიკული შეცდომით. აქვს დროის წარმოების პრობლემები, მაგ.: „გუშინ“, „ხვალ“;
  • მისი საუბარი გაურკვეველია, არაინფორმაციულია და მოკლებული ფაქტებს. დეტალები ჩანაცვლებულია ამგვარი სიტყვებით: „იმან“, „ის“;
  • უჭირს სიტყვების ფონემატური დიფერენციაცია, შესაბამისად ლექსიკონი მწირია;
  • უჭირს ბგერათა ნაკადიდან საუბრის მნიშვნელობის გაგება;
  • ახასიათებს ექოლალია (როგორც მყისიერი, ასევე მოგვიანებითი);
  • სირთულეები აქვს მითითებების (დირექტივების) შესრულებისას;
  • იმეორებს შეკითხვას და შემდეგ პასუხობს;
  • აქვს შეკითხვებზე – როდის? რატომ? როგორ? ვინ? რა? სად? – პასუხის გაცემის სირთულეები;
  • ახასიათებს იდიოსინკრატული, ე. წ. „მარცვლების სალათის“ ტიპის მეტყველება: იყენებს მარცვლების კომბინაციას, რომელიც ჰგავს ჟღერადობით ჭეშმარიტ სიტყვებს, მაგრამ უშინაარსოა;
  • უჭირს მოსმენა. ამის გამო ადამიანს, რომელიც ცდილობს ელაპარაკოს ან რაიმე ასწავლოს, თითქოს აიგნორებს;
  • სჭირდება დამატებითი დრო ინფორმაციის გადამუშავებისთვის;
  • აქვს ვერბალურად მოწოდებული ინფორმაციის დამახსოვრების პრობლემები.

 

ABA ანუ გამოყენებით ქცევით თერაპიას ხშირად იყენებენ როგორც აუტიზმის, ისე რეცეფტული ენის დარღვევის მქონე ბავშვებთან. იქნებ განგვიმარტოთ, რა სხვაობაა ამ ორ დიაგნოზს შორის?

ეს ორი, ანუ რეცეფტული ენის დარღვევების და აუტიზმის სპექტრის აშლილობის სიმპტომები ხშირად გადაფარავს ერთმანეთს. აუტიზმის სპექტრის აშლილობა მოიცავს რეცეფტული ენის დარღვევის პრაქტიკულად ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ნიშანს და ემატება მესამე სფეროს –შეზღუდული ინტერესებისა და განმეორებადი, სტერეოტიპული ქცევების პატერნი. განსხვავებით ასა-სგან, რეცეფტული ენის დარღვევების შემთხვევაში ბავშვი ძირითადად მოწადინებულია უპასუხოს დასმულ შეკითხვას, მაღალი მოტივაცია აქვს შეასრულოს დირექტივა, თვალებში უყურებს გარშემომყოფებს და ელოდება დირექტივის/შეკითხვის გამარტივებას, რომ შეასრულოს დავალება. მაგალითად, თხოვნაზე – „კუბი მომაწოდე“, ბურთს გამოგვიწვდის, რადგან შესაძლოა „კუბის“ და „ბურთის“ დასახელებას ვერ აკავშირებდეს საგნის მნიშვნელობასთან, თუმცა თუ ინსტრუმენტულ ჟესტს (მაგ.: თვალით ან თითით მინიშნებას) გამოვიყენებთ, მას დავალების შესრულება გაუადვილდება. უხშირესად აუტიზმის სპექტრის შემთხვევაში დირექტივა შესაძლოა საერთოდ დაიგნორდეს, მზერითი კონტაქტი კი მკვეთრად დეფიციტური იყოს. ასევე მნიშვნელოვანი განმასხვავებელია სახელით დაძახებაზე რეაგირება, რომელიც ადეკვატურია რეცეფტული ენის დარღვევის დროს, თუმცა სოციალიზაციის სირთულეები შესაძლოა ორივე დიაგნოზის შემთხვევაში სხვადასხვა სიმძიმით იყოს გამოხატული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი