პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სასწავლო სტრატეგიების გამოყენება ისტორიის სწავლებაში

აისბერგი

ყოველ ისტორიულ მოვლენას თავისი მიზეზი აქვს, ხშირად – არაერთიც. ეს მიზეზები ყოველთვის არ დევს ზედაპირზე და მოსწავლეებისთვის ადვილი შესამჩნევი არ არის. სტრატეგია „აისბერგი“ დაეხმარება მათ, უკეთ დაინახონ ფაქტორები, რომლებმაც განსაზღვრულ ისტორიულ მოვლენამდე მიგვიყვანა. აისბერგის ვიზუალური მხარე შეახსენებს მოზარდებს, რომ წარსულისა თუ თანამედროვეობის უკეთ გასაგებად მოვლენის სიღრმისეული შესწავლაა საჭირო და არ კმარა ის, რაც ერთი შეხედვითაც ჩანს. ეს სტრატეგია მოსწავლეებმა შეიძლება გამოიყენონ მასალის როგორც ანალიზისთვის, ისე შეფასებისთვისაც.

 

პირველი საფეხური:

აირჩიეთ მოვლენა, რომელიც მოსწავლეებისთვის უცხო არ არის. თემა შეიძლება იყოს ლიტერატურული, ისტორიული ან თანამედროვეობის ამსახველი.

 

მეორე საფეხური:

მასწავლებელს შეუძლია აჩვენოს კლასს აისბერგის (პირამიდის მსგავსის) გამოსახულება – ნახატი, ფოტო და ა.შ. მისი დემონსტრირების მთავარი მიზანი ის არის, რომ მოსწავლეებისთვის ნათელი გახდეს: ის, რაც წყლის ზედაპირზე ჩანს, აისბერგის მხოლოდ მცირე ნაწილია, ძირითადი ნაწილი კი წყლის ქვეშაა მოქცეული. ამის შემდეგ სთხოვეთ ბავშვებს, დახატონ ასეთივე აისბერგი. ნახატზე უნდა გაირჩეოდეს წყლიდან ამოშვერილი პატარა წვერი, წყლის ხაზი და ფართო ძირი წყლის ქვეშ. აისბერგი საკმაოდ დიდი უნდა იყოს, რათა მოსწავლეებმა შეძლონ მასში საკუთარი მოსაზრებების ჩაწერა.

 

მესამე საფეხური:

სთხოვეთ მოსწავლეებს, ჩამოთვალონ ყველაფერი, რაც იციან თქვენ მიერ დასახელებული ისტორიული მოვლენის შესახებ. მათი პასუხი აისბერგის წვერში ჩაწერეთ. ამ ეტაპზე მასწავლებელმა უნდა დასვას შემდეგი კითხვები: რა მოხდა? რა არჩევანი გააკეთეს ისტორიულმა პირებმა ან ჯგუფებმა? ვინ გააკეთა ეს არჩევანი? ვინ დაზარალდა? როდის მოხდა ეს? სად მოხდა? – და ა.შ.

 

მეოთხე საფეხური:

სთხოვეთ მოსწავლეებს, იფიქრონ იმაზე, რითი იყო გამოწვეული ეს მოვლენა. რომელმა ფაქტორებმა მოახდინა გავლენა კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ცალკეულმა პირებმა ან ადამიანთა ჯგუფებმა მიიღეს (ეს ფაქტორები შეიძლება იყოს არჩევნები, ეკონომიკური კრიზისი, სტიქიური უბედურება, ომი, გამოგონება, შიში, ხელისუფლებისადმი მორჩილება, იდეათა შეთანხმება თუ შეუთავსებლობა, სტერეოტიპები და სხვა). ამ კითხვებზე პასუხები მოსწავლეებმა აისბერგის ქვედა ნაწილში (წყლის ქვეშ) უნდა ჩაწერონ.

ამ საფეხურზე მუშაობა უმჯობესია ჯგუფებში, რათა მოსწავლეებს თავიანთი იდეების სხვებთან ერთად განხილვის საშუალება მიეცეთ.

 

მეხუთე საფეხური:

ამ აქტივობის დასრულების შემდეგ, შესაჯამებლად, მასწავლებელმა კლასს უნდა დაუსვას შემდეგი კითხვები:

. რა ისწავლეთ „აისბეგის“ შესრულების შემდეგ?

. იმ მიზეზთაგან, რომლებიც აისბერგის ქვედა ნაწილშია ჩამოთვლილი, რომელი ორი მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვნად? რატომ?

. კიდევ რა უნდა იცოდეთ იმისთვის, რომ უკეთ გაიგოთ, რატომ მოხდა ეს მოვლენა? – და სხვა.

 

სტრატეგიის სხვა ვარიანტები

  • შეფასების ინსტრუმენტი: აქტივობის დასრულების შემდეგ შეიძლება, მოსწავლეებს დაავალოთ ესეის დაწერა, რომელიც აისბერგის ქვედა ნაწილში ჩაწერილ პასუხებს დაეყრდნობა.
  • მოვლენათა შედარება: სთხოვეთ მოსწავლეებს, შეავსონ აისბერგის შაბლონები წლის განმავლობაში შესწავლილი სხვა ისტორიული მოვლენების შესახებაც და პერიოდულად შეადარონ ისინი ერთმანეთს, რათა გაიაზრონ საერთო და განსხვავებული მიზეზები, რომლებიც ისტორიულ მოვლენებს იწვევს. ეს სავარჯიშო მათ საშუალებას მისცემს, აღმოაჩინონ ზოგადი ისტორიული კანონზომიერებანი და ასევე – ის სპეციფიკური კონტექსტი თუ ფაქტორები, რომლებიც ყოველ ისტორულ მოვლენას უნიკალურს ხდის.
  • დიაგრამის ხე: ისტორიული მოვლენების ანალიზისთვის მოსწავლეები აისბერგის ნაცვლად იყენებენ დიაგრამის ხეს. ამ შემთხვევაში მოვლენის ამსახველ ფაქტებს (ფაქტის დასახელება, როდის და სად მოხდა ის და სხვა) ხის ვარჯზე წერენ, ხოლო ამ ისტორიულ მოვლენაში ჩართული პირების სახელებს – ტოტებზე. შეიძლება ისტორიული პირებისა და მოვლენების ერთმანეთთან ხაზებით დაკავშირებაც. ისტორიული მოვლენის მიზეზები კი ხის ფესვებზე უნდა დაიწეროს.
  • „აისბერგის“ გამოყენება შეიძლება არა მარტო ისტორიული, არამედ მიმდინარე მოვლენების შესწავლის დროსაც, მაგ., გაზეთში ან ინტერნეტში განთავსებული სტატიის შესწავლის დროს.

 

არგუმენტების შეფასება

ამ სტრატეგიის გამოყენებისას მოსწავლეები:

  • განივითარებენ ანალიტიკურ აზროვნებას;
  • დაამუშავებენ რთულ და ჩახლართულ არგუმენტაციას;
  • ისწავლიან საკუთარი შეხედულებების ფორმულირებასა და სტურუქტურირებას;
  • გამოიმუშავებენ წინასწარი ჩანაწერების გაკეთების უნარს, რომლებიც მათ ანალიტიკური ესეისა თუ თზულების დაწერაში დაეხმარება.

 

პირველი საფეხური:

გააცანით მოსწავლეებს სტატია ან ესეი, რომელიც საკამათო საკითხს/საკითხებს შეიცავს და რომელშიც წარმოდგენილია დასმული პრობლემის შესახებ ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებები.

 

მეორე საფეხური:

მოსწავლეებს დაავალეთ, შეაფასონ სტატიაში/ესეიში მოყვანილი არგუმენტების დამაჯერებლობა. სთხოვეთ, ამოიწერონ არგუმენტები საკუთარი პოზიციის გასამყარებლად. ამისთვის მათ უნდა გამოიყენონ როგორც ტექსტიდან ამოკრებილი მტკიცებულებები, ასევე ამ ისტორიული მოვლენის შესახებ არსებული სხვა ინფორმაციაც.

 

მესამე საფეხური:

მოსწავლეებმა უნდა განსაზღვრონ, რამდენად ეთანხმებიან ან არ ეთანხმებიან პოზიციას, რომელიც სტატიაში/ესეიშია მოყვანილი.

 

მეოთხე საფეხური:

მოსწავლეებმა უნდა დახაზონ ცხრილი, რომელიც ქვემოთაა წარმოდგენილი. მარცხენა სვეტში ჩაწერონ არგუმენტები, რომლებიც მათ მოსაზრებას ამტკიცებს, ხოლო მარჯვენაში – არგუმენტები საპირისპირო მოსაზებოს სასარგებლოდ. აუცილებელია ორივე ტიპის არგუმენტებების თანაბრად წარმოდგენა. მოსწავლეებს ამ დავალების შესრულება  რომ გაუადვილდეთ, სთხოვეთ წარმოიდგინონ, თითქოს საწინააღმდეგო აზრის მქონდე ადამიანს ესაუბრებიან.

 

მეხუთე საფეხური:

ამ ეტაპზე მოსწავლეები ყურადღებით უნდა დააკვირდნენ ორივე სვეტში ჩამოწერილ არგუმენტებს და უპასუხონ შემდეგ კითხვებს: რა დასკვნები გამოიტანეთ ამ მოვლენის შესახებ? ხომ არ შეიცვალა თქვენი თვალთახედვა? თუ შეიცვალა, რატომ და რამდენად?

 

მეექვსე საფეხური:

დასასრულ, მოსწავლეებს შეუძლიათ, საკუთარი მოსაზრებები განიხილონ თანაკლასელებთან ან გამოიყენონ ეს ანალიზი ესეის ან თხზულების დასაწერად.

თუ მოვლენის ირგვლივ იკვეთება არა ორი, არამედ მეტი თვალთახედვა, შესაბამისად გაზარდეთ სვეტების რაოდენობაც. ამის შემდეგ ჰკითხეთ მოსწავლეებს, რომელი თვალთახედვა და არგუმენტია მათთვის ყველაზე მისაღები. ამ დავალების დასრულების შემდეგ მათ უნდა შეასრულონ მეორე და მეექვსე საფეხურებზე გათვალისწინებული აქტივობები.

 

ორი ურთიერთსაწინააღმდეგო არგუმენტის შეფასების ცრილი

დიახ არა, მაგრამ
1. 1.
2. 2.
3. 3.
4. 4.

 

მრავალი ურთიერთსაწინააღმდეგო არგუმენტის შეფასების ცრილი

დიახ არა, მაგრამ არა, მაგრამ არა, მაგრამ არა, მაგრამ
1. 1. 1. 1. 1.
2. 2. 2. 2. 2.
3. 3. 3. 3. 3.
4. 4. 4. 4. 4.

 

პერსონაჟთა ცხრილი

პერსონაჟთა ცხრილი მოსწავლეებს ეხმარება ტექსტის მთავარი და მეორეხარისხოვანი გმირების შესახებ ინფორმაციის ორგანიზებაში. ქვემოთ მოცემული ცხრილების შევსება სასარგებლოა როგორც ესეის დასაწერად, ისე ტესტური სამუშაოს შესასრულებლადაც. ეს სტრაგეგია გამოიყენება ლიტერატურული და ისტორიული პერსონაჟების შესახებ ინფორმაციის დასამუშავებლად.

პირველი საფეხური:

უპირველეს ყოვლისა, მასწავლებელი უნდა დაფიქრდეს, რაში სჭირდებათ მოსწავლეებს ამ სტრატეგიის გამოყენება. მიზანი შეიძლება არაერთი იყოს. აი, ზოგიერთი მათგანი:

  • დავეხმაროთ მოსწავლეებს, საფუძვლიანად შეისწავლონ ნაწარმოების გმირები/ისტორიული პერსონაჟები;
  • დავეხმაროთ მოსწავლეებს, განივითარონ ტექსტობრივი მონაცემების დამუშავების უნარი;
  • დავეხმაროთ მოსწავლეებს ესეის წერასა და პროექტის მომზადებაში;
  • შევაფასოთ მოსწავლეები ტექსტის გაგების თვალსაზრისით.

 

მეორე საფეხური:

სქემის შაბლონის შექმნა.

ამგვარი სქემსი შესაქმნელად საჭიროა შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემა:

  • ნაწარმოების/წყაროს რომელ პერსონაჟებზე გვინდა მოვახდინოთ ფოკუსირება?
  • რა ინფორმაცია გაინტერესებთ პერსონაჟების შესახებ?
  • გინდათ, მოსწავლეები მხოლოდ ერთ გმირს დააკვირდნენ თუ რამდენიმეს?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ შეადგინეთ ცხრილი.

მესამე საფეხური:

მოიფიქრეთ, როგორ ამუშავებთ მოსწავლეებს. ისინი შეიძლება მუშაობდნენ როგორც ინდივიდუალურად, ასევე მცირე ჯგუფებად. არის შემთხვევები, როდესაც ცხრილის შევსებაში მთელი კლასია ჩართული.

წარმოგიდგენთ პერსონაჟთა ორ ცხრილს, რომლებიც შეიძლება გამოვიყენოთ სხვა ასეთივე ცხრილების შესაქმნელად:

 

  1. მრავალი პერსონაჟის დასახასიათებელი ცხრილი
პერსონაჟის სახელი ბიოგრაფიული ცნობები პერსონაჟის მოქმედება ძირითადი ციტატები, რომლებიც პერსონაჟს ეკუთვნის
       
       
       

 

  1. ერთი პერსონაჟის დასახასიათებელი ცხრილი
პერსონაჟის სახელი  
პერსონაჟის აღწერა დიალოგები, რომლებიც მოგვითხრობს მთავარ პერსონაჟზე და ახასიათებს მას
დიალოგები, რომლებიც მოგვითხრობს სხვა პერსონაჟებზე და ახასიათებს მათ პერსონაჟის მოქმედება

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი