პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სად იკარგებიან ადამიანები?

კენიაში, რუდოლფის ტბაზე არის კუნძული ენვაიტენეტი, რაც ადგილობრივი ტომის ენაზე „დაუბრუნებელს” ნიშნავს. კუნძულის სიგრძე და სიგანე სულ რამდენიმე კილომეტრს შეადგენს. ადგილობრივი მოსახლეობა კუნძულზე საცხოვრებლად არ გადადის, რადგან მას დაწყევლილ ადგილად მიიჩნევს. თუ ანომალიური მოვლენების მკვლევრებს დავუჯერებთ, ამგვარი ადგილები მსოფლიოში მრავლად არის.

 

1935 წელს კენიაში ინგლისელი მკვლევრის ვივიან ფუშის ექსპედიცია მუშაობდა. მისი ორი კოლეგა მარტინ შეფლისი და ბილ დაისონი საიდუმლოებით მოცულ კუნძულზე გაემართნენ. გავიდა 15 დღე, მაგრამ მეცნიერები არ დაბრუნებულან. შეშფოთებული ფუში იძულებული გახდა მათ საძებნად მაშველები გაეგზავნა, მაგრამ მათ, აბორიგენების მიერ მიტოვებული სოფლის გარდა, ვერაფერი აღმოაჩინეს. შემდეგ გამოიძახეს თვითმფრინავი, რომელმაც სოფლის თავზე ორი დღე-ღამე იფრინა, მაგრამ სასურველი შედეგი არც ამან გამოიღო.

 

ადგილობრივმა მოსახლეობამ ფუშს მოუყვა ლეგენდა. ლეგენდის მიხედვით, კუნძულზე ოდესღაც ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებიც თევზაობასა და ნადირობას მისდევდნენ. თავიანთი ნადავლით ისინი მატერიკზე მცხოვრებ ადამიანებთან ვაჭრობდნენ. მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი სულ უფრო და უფრო იშვიათად ჩნდებოდნენ ხმელეთზე. ამის გამო, მახლობლად მდებარე ლოინგლანის დასახლებიდან „დასაზვერად” ტივი გაგზავნეს.

 

კუნძულზე მისული ხალხი გაოგნებული დარჩა. მათ აბსოლუტურად ცარიელი სოფელი აღმოაჩინეს. ქოხებში იქ მცხოვრები ადამიანების ყოველდღიური მოხმარების ნივთები ეწყო. ჩამქრალ კოცონთან გახრწნილი თევზი იყო მიმოფანტული. სად წავიდა ეს ხალხი? – ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ვერავინ შეძლო. მათ საძებნად წასულმა ხალხმა ვერ გაბედა ძებნის გაგრძელება და სასწრაფოდ დატოვეს კუნძული. ამის შემდეგ იქ გამგზავრებას, ჩიტების გარდა, ვერავინ ბედავს.

 

ადამიანთა საიდუმლოებით მოცული გაქრობები, თუ ამგვარ ისტორიებს დავუჯერებთ, ზოგიერთ შემთხვევაში მოწმეების თვალწინ ხდებოდა. ამერიკულ ყოველკვირეულ გამოცემაში აღწერილი იყო შემთხვევა, როდესაც 1960 წლის 30 ივლისს ონტარიოს შტატის ქალაქ პიკტონში ნათესავებისა და მეზობლების თანდასწრებით 13 წლის ბიჭუნა გაქრა. რამდენიმე დღის შემდეგ იგი იმავე ადგილას იპოვეს.

 

ცნობილია სხვა ისტორიაც, რომელიც 1982 წელს მოხდა. პარიზის გარეუბნის 19 წლის მკვიდრი სერჟი პონტუაზ ფრანკ ფონტენი თავისი პიკაპის საჭესთან იჯდა, როდესაც ჰაერში უჩვეულო კაშკაშა სხეული აღმოაჩინა, რომელიც ნელ-ნელა ეშვებოდა დედამიწისაკენ. იგივე შენიშნა მისმა ორმა მეგობარმა, რომლებიც ამ დროს მანქანაში ნივთებს აწყობდნენ. ფრენკი თავისი ავტომობილით სხეულის ვარდნის ადგილას გაემართა.

 

როდესაც იმავე ადგილას ფრენკის მეგობრები მივიდნენ, მათ აღმოაჩინეს მისი მანქანა, რომელიც თითქოს ორ ნაწილად იყო გაყოფილი. გზაზე მანქანის უკანა ნაწილი იდგა, ხოლო კაბინის ადგილას კაშკაშა სხეული იყო, რომელმაც მათი მისვლის შემდეგ მილისებური ფორმა მიიღო და ელვისებურად აიჭრა ჰაერში. თავად ფრენკი არსად ჩანდა.

 

გავიდა ორი კვირა. ამ ხნის განმავლობაში პოლიცია უშედეგოდ ეძებდა ფრენკს. ერთხელ გამთენიისას მისი ერთ-ერთი მეგობრის კარებზე კაკუნის ხმა გაისმა. კარების ზღურბლზე ფრენკი იდგა. იგი ისევე იყო ჩაცმული, როგორც გაქრობის დღეს, ოღონდ ცოტა შეფიქრიანებული ჩანდა. „სად არის ჩემი პიკაპი? – ეკითხებოდა სახტად დარჩენილ მეგობარს, – ჩვენ რა, აღარ მივდივართ?” ამ სამეულის დაკითხვას დიდხანს აწარმოებდა პოლიცია და პროკურატურა. ამის შემდეგ საქმით დაინტერესდა ამოუცნობი მოვლენების შემსწავლელი კომისია „ჟეპანი”. ფრენკის მოგონების აღდგენა ჰიპნოზის დახმარებით გახდა შესაძლებელი.

 

იგი იხსენებდა, რომ მისი მანქანის კაბინის წინ პატარა ზომის მანათობელი ბურთულა გაჩნდა. მერე ყველაფერი ნისლმა დაფარა. შემდეგ იგი აღმოჩნდა ლაბორატორიაში, რომელიც უამრავი სხვადასხვა აპარატურით იყო მოწყობილი. „ოთახში უამრავი მოძრავი მანათობელი ნათურა იყო, – იხსენებდა ფრენკი, – და მე მივხვდი, რომ ისინი ჩემს შესწავლას ცდილობდნენ”.

 

ცნობილმა ასტრონომმა და ამოუცნობი მფრინავი ობიექტების მკვლევარმა ალან ჰაინეკმა გამოსცა კრებული, რომელშიც „გაქრობისა და გატაცების” უამრავი შემთხვევა იყო მოყვანილი.  ავტორმა მას „მესამე ბუნების დახურული კონტაქტი” უწოდა.

 

აქ მოყვანილი შემთხვევების უმეტესობა კარგად არის არგუმენტირებული. მაგალითად, უიტფილდის (ნიუ ჰემპშირი, ინგლისი) მკვიდრი ბეტი და ბერნი ჰილების გაქრობა. 1961 წლის სექტემბერში ისინი შვებულებიდან შინ ბრუნდებოდნენ, როდესაც ჰაერში ქაოსურად მოძრავი ორი მანათობელი ბურთულა შენიშნეს. იგი თითქოსდა მათ ავტომობილს უთვალთვალებდა. ცოტა ხანში ბეტიმ და ბერნიმ გონება დაკარგეს.

 

როდესაც გონს მოვიდნენ, მიხვდნენ, რომ უკვე ორი დღე იყო გასული და რამდენიმე ასეული მილის მოშორებით იმყოფებოდნენ იმ ადგილიდან, სადაც გაჩერდნენ. შემდეგ მათ გაიხსენეს, რომ რაღაც „ხომალდში” იმყოფებოდნენ, სადაც ბევრი სინათლე იყო. ისინი ამბობდნენ, რომ „არამიწიერი არსებები” მათ „სხივი-საცეცებით” იკვლევდნენ.

 

კრებულში ასევე მოყვანილია 1976 წელს არიზონას შტატის მკვიდრი ტყის მჭრელის, ტრევის უოლტონის გაქრობის ფაქტი. ამ შემთხვევიდან ერთი წლის შემდეგ, გემთსაშენი „ჰინსონ-პარნერის” მუშის გაქრობის ფაქტმა ამერიკის უამრავი გაზეთის ფურცლები მოიარა. ხოლო ჟურნალმა იმ „მიწიერი” თავგადასავლების დაწვრილებითი აღწერა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ყველა ამ ადამიანმა წარმატებით გაიარა სიცრუის დეტექტორის შემოწმება და არ არსებობს არანაირი ეჭვი იმისა, რომ ისინი სიმართლეს არ ამბობენ.

 

მეცნიერთა საკმაოდ დიდი ნაწილი თვლის, რომ თვითმფრინავებისა და ხომალდების გაქრობა და ადამიანთა გატაცება – ყველაფერი ეს ხუმრობისა ან ჰალუცინაციის შედეგია. ობიექტური მტკიცებულება იმისა, რომ ადამიანთა გატაცება რეალურ ფაქტებთანაა დაკავშირებული, არ არსებობს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საოცრებები შეუძლებელია. უბრალოდ, ხშირად მათ ზუსტი სამეცნიერო ახსნა არ გააჩნია.

 

მაგალითად, ბრიტანეთის ჯანდაცვის ბიოფიზიკის ცენტრის მეცნიერები კვანტური ტელეპორტაციის დარგში, საინტერესო ექსპერიმენტებს აწყობენ – ბიოლოგიური ობიექტის ნებისმიერ მანძილზე მრავალვენური გადატანა. ჯერჯერობით ობიექტებად ლაბორატორიულ თაგვებს იყენებენ, მაგრამ მიღწეული შედეგები უკვე იძლევა დასკვნების გაკეთების საშუალებას: ის, რასაც ჯერ კიდევ ასი წლის წინ ალბერტ აინშტაინი წინასწარმეტყველებდა და რითაც არაერთხელ ისარგებლეს ფანტასტებმა, სრულიად შესაძლებელია. ასევე არ უნდა გამოვრიცხოთ დროის მართვის შესაძლებლობა და მასში, როგორც სივრცეში, გადაადგილება.

 

ამასთან დაკავშირებით, სერიოზული სამუშაოები გასწიეს ასტრონომებმა, რომლებიც სამყაროს ცხოვრების კანონებს სწავლობდნენ. მართალია, ყველაფერი ეს ჯერჯერობით პრაქტიკულად მიუღწეველია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი ფიზიკის მოქმედ კანონებს არანაირად არ ეწინააღმდეგება. უცხოპლანეტელები კი ამ შემთხვევაში არაფერ შუაში არიან.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ჩემი „ვანგოგენი“

ეული ყველასთან ერთად

დარდისას გეტყვი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი