პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სწავლის მოტივაციის ხელშეწყობა უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეებში

სკოლაში მისვლასთან ერთად ბავშვის ცხოვრების მთავარი შინაარსი სწავლა ხდება. ბავშვები სწავლაში წარმატებასა თუ მარცხს მძაფრად განიცდიან, უფროსების ბავშვისადმი დამოკიდებულებაც ხშირად იმით განისაზღვრება, როგორ სწავლობს იგი. სწავლა მხოლოდ ცოდნის შეძენისა და ინტელექტუალური განვითარების საფუძველი კი არა, პიროვნების ჩამოყალიბების პირობაც არის.

მაგრამ გამოცდილ პედაგოგებს შეუმჩნევიათ, რომ ზოგიერთ მოსწავლეს პირველი კლასის მეორე სემესტრიდან უნელდება სწავლისადმი სწრაფვა და ერთგვარი გულგრილობა ეუფლება. ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს: სკოლის გარეგანი ატრიბუტებისადმი შეჩვევა, სკოლის რუტინა, რთული დავალებები, გადაღლა…
სწავლისას წამოჭრილ სირთულეებს დიმიტრი უზნაძემ აღზრდის ტრაგედია უწოდა, “როდესაც აღმზრდელი როგორც სოციალური მიზნების მატარებელი მომავალზეა ორიენტირებული, აღსაზრდელი კი აწმყოს სუბიექტია, რომელსაც ახლა სურს რაღაც და მასზე უარის თქმა უჭირს”, პრობლემის გადაჭრის გზა კი ასე დასახა: ,,სწავლების ორგანიზაციამ იმაზე უნდა იზრუნოს, რომ თავიდან ბავშვის სწავლა მის უშუალო მისწრაფებებსა და ინტერესებს დაუქვემდებაროს – წარმატების მიღწევის მოთხოვნილებას, ცნობისმოყვარეობას, ფუნქციობის მოთხოვნილებას. ამავე დროს, იზრუნოს პიროვნების როგორც ნებისმიერი ქცევის განმახორციელებელი სუბიექტის განვითარებაზე – ისწავლოს გაცნობიერებულად, შეგნებულად, მიზანდასახულად. რაც, რასაკვირველია, სრულიადაც არ გამორიცხავს მოსწავლის ინტერესების უგულებელყოფას!”
მაინც რა მოთხოვნილებები განსაზღვრავს ადამიანის აქტივობას?
როგორც ცნობილია, პიროვნებას აქტივობისკენ მოთხოვნილებები უბიძგებს. მოთხოვნილებები კი, შ. ჩხარტიშვილის მიხედვით, სამ ჯგუფად იყოფა: ბიოგენურად, ფსიქოგენურად და სოციოგენურად.
ბიოგენური მოთხოვნილებები უშუალოდ არის დაკავშირებული სიცოცხლის შენარჩუნებასთან;
ფსიქოგენური მოთხოვნილებები ადამინის ფსიქიკაში მომხდარ ცვლილებებს უკავშირდება და იმავე სტრუქტურაში მოითხოვს დაკმაყოფილებას. ესენია ინტელექტუალური, ესთეტიკური, თავისუფლების, წესრიგის მოთხოვნილებები.
სოციოგენური მოთხოვნილებები კი სოციალურ ურთიერთობებში აღმოცენდება და სოციალური ურთიერთობების გზითვე კმაყოფილდება. ესენია თანამშრომლობის, თანაარსებობის, პრესტიჟის (აღიარების), მეგობრობის, ძალაუფლების მოთხოვნილებები.
დაწყებით სასკოლო ასაკში სწავლის პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ფსიქოგენურ და სოციოგენურ მოთხოვნილებებს.
უმცროს სასკოლო ასაკში ფსიქოგენური მოთხოვნილებებიდან გამოკვეთილია ახალი შთაბეჭდილებების მიღების, ცნობისმოყვარეობის მოთხოვნილებები, საიდანაც აღმოცენდება ინტელექტუალური აქტივობის მოთხოვნილება.
სოციოგენური მოთხოვნილებებიდან დაწყებით სკოლაში მნიშვნელოვანია სიყვარულის, აღიარების, ურთიერთობისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნილებები.
სიყვარულის მოთხოვნილება: სკოლაში შესვლასთან ერთად ბავშვისთვის მნიშვნელოვანი ხდება არა მხოლოდ ოჯახის წევრების, არამედ სხვა ადამიანების სიყვარულიც. მნიშვნელოვანია, როგორ გამოხატავენ მისდამი სიყვარულს: ბავშვი გრძნობს, რომ მასწავლებელს უყვარს, როდესაც იგი მას სახელით მიმართავს, ყურადღებიანია მის მიმართ, სწავლების პროცესში ითვალისწინებს მის საჭიროებებს.
აღიარების მოთხოვნილება: უმცროს სასკოლო ასაკში ბავშვს უჩნდება მოთხოვნილება, დიდებმა ცნონ იგი, ყურადღება მიაქციონ მას როგორც კარგს; ცდილობს შეესატყვისებოდეს უფროსების მოთხოვნებს, დაიმსახუროს მათი ყურადღება და ქება.
ურთიერთობის მოთხოვნილება: 5-6 წლიდან ბავშვები ,,მარტო მეზობლურიდან” თამაშიდან ერთად თამაშზე გადადიან; უჩნდებათ მოთხოვნილება, ერთმანეთს მოუყვნენ რაღაცას, აჩვენონ რამე, ერთად შეასრულონ უფროსების დავალება. ერთობლივი მოქმედება სულ უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება, რითაც საფუძველი ეყრება მეგობრობის განცდის განვითარებას. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, ბავშვები შევაჩვიოთ ერთად თამაშს, სხვადასხვა საქმიანობის ერთად შესრულებას.
დამოუკიდებლობის მოთხოვნილება: სკოლამდელ ასაკში იწყებს განვითარებას მე-ს ცნობიერება. ბავშვი გამოაცალკევებს თავს უფროსებისგან და ცდილობს, განსაზღვრული აქტივობა დამოუკიდებლად შეასრულოს. დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს დამოუკიდებლად უკვე ბევრი რამის კეთება შეუძლიათ. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, მასწავლებელმა დაიცვას ბალანსი უკვე ნასწავლ მასალასა და სიახლეს შორის, რათა მოსწავლეებმა მოახდინონ მიღებული ცოდნისა და განვითარებული უნარების დემონსტრირება.
მოტივაციის გავლენა სწავლაზე
მოტივი – ეს არის პიროვნების შინაგანი მიდრეკილება ამა თუ იმ აქტივობის განსახორციელებლად, რომელიც განსაზღვრული მოთხოვნილების დაკმაყოფილებას უკავშირდება.
წამყვანი მოტივი მოსწავლის წამყვან ქცევასთან არის დაკავშირებული. 5-6 წლის ასაკში ბავშვის წამყვანი ქცევა თამაშია, ხოლო 6-7 წლიდან წამყვანი ქცევა სწავლა ხდება.
წამყვანი მოტივი – თამაში
ბავშვის ზრდასთან ერთად იცვლება თამაშის სახეც. ადრეული ასაკის ბავშვებს თამაშის დროს არ აქვთ მიზანი, არ ემორჩილებიან ამა თუ იმ წესს, 5-6 წლიდან კი ბავშვები ისახავენ მიზანს, ადგენენ თამაშის წესებს, ეხმარებიან ერთმანეთს. ლ. ვიგოტსკის თანახმად, თამაშში მცირდება წარმოსახული სიტუაციის როლი და იზრდება წესების მნიშვნელობა. თუ ბავშვმა თამაშის ყველა ფორმა არ გაიარა, სწავლის მოტივიც დაიგვიანებს.
რატომ უთმობს ძალიან სასიამოვნო პროცესი, თამაში, დროთა განმავლობაში ადგილს სწავლას? ამ კითხვაზე პასუხი თვითონ თამაშის ქცევის განვითარებაში უნდა ვეძიოთ. სკოლამდელ ასაკში თამაშის წარმმართველი თვითონ პროცესია – მანიპულაციური, საგნობრივი და სიუჟეტურ-როლური თამაშის დროს ბავშვი სიამოვნებას თვითონ თამაშისგან იღებს, წესებიან თამაშში კი მნიშვნელოვანია შედეგი, ანუ გამარჯვება, ხოლო გამარჯვებისთვის განსაზღვრული უნარების განვითარება – სწავლაა საჭირო.
თამაშით ბავშვი ფსიქოგენურ და სოციოგენურ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებს.
თამაშში ყალიბდება ბავშვის ფსიქიკური თვისებები და პიროვნული თავისებურებები. თამაში გავლენას ახდენს ნებისმიერი ფსიქიკური პროცესის ფორმირებაზე. მაგალითად, თამაშში განვითარებას იწყებს ნებისმიერი ყურადღება და მეხსიერება, რაც სკოლაში სწავლისთვის საჭირო მნიშვნელოვანი უნარებია. თამაში ბავშვის აზროვნების განვითარებაზეც ახდენს გავლენას. თამაშის პროცესში ბავშვი სწავლობს აზროვნებას საგნების შესახებ და მათ გონებრივ ჭრილში გამოყენებას. ამრიგად, თამაშით ბავშვის თანადათანობით გადადის წარმოდგენათა ჭრილში აზროვნებაზე. სიუჟეტურ-როლური თამაში საფუძვლად ედება აზროვნების განსაკუთრებული თვისებების ფორმირებას, რომლებიც საშუალებას აძლევს ბავშვს, თავი სხვის ადგილას დააყენოს, გაითვალისწინოს მისი მომავალი ქცევა და ამის საფუძველზე ააგოს საკუთარი.
როლური თამაში ხელს უწყობს წარმოსახვის განვითარებასაც. თამაშში ბავშვი სწავლობს ერთი საგნის მეორით ჩანაცვლებას, ასრულებს სხვადასხვა სოციალურ როლს.
თამაში გავლენას ახდენს ბავშვის პიროვნების განვითარებაზე. იგი ეცნობა მოზრდილთა ქცევასა და ურთიერთობებს, რომლებიც მისი ქცევის ნიმუში ხდება. ბავშვი იძენს ურთიერთობის ძირითად ჩვევებს, რომლებიც აუცილებელია თანატოლებსა და მოზრდილებთან ურთიერთობის დასამყარებლად.
თამაშის ქცევაში ჩამოყალიბებას იწყებს სასწავლო მოქმედება, რომელიც მოგვიანებით ქცევის წამყვან ფორმად იქცევა. სწავლა მოზრდილს შემოაქვს, ის უშუალოდ არ აღმოცენდება თამაშიდან. 5 წლის ბავშვი სწავლას თამაშით იწყებს. იგი მას ისე ეკიდება, როგორც განსაზღვრული წესების მქონე თავისებურ როლურ თამაშს და ამ წესების შესრულებისას შეუმჩნევლად ეუფლება ელემენტარულ საწავლო მოქმედებას, უყალიბდება სწავლის უნარი და სურვილი.
წამყვანი მოტივი – სწავლა
სწავლის მოტივები მოტივთა ორ ჯგუფს აერთიანებს.
პირველ ჯგუფს მიეკუთვნება სასწავლო საქმიანობასთან უშუალოდ დაკავშირებული მოტივები – ბავშვის შემეცნებითი ინტერესები, ინტელექტუალური აქტივობის მოთხოვნილება.
მეორე ჯგუფს ქმნის სწავლის ფართო სოციალური მოტივები, ანუ მოტივები, რომლებიც დაკავშირებულია ბავშვის სხვა ადამიანებთან ურთიერთობის, მათგან შექებისა და აღიარების მიღების მოთხოვნილებასთან; ასევე – ბავშვის სურვილი, დაიკავოს განსაზღვრული ადგილი სოციალური ურთიერთობის სფეროში.
ამრიგად, დაწყებითი კლაისის მოსწავლეებთან სწავლის მოტივებს ფსიქოგენური და სოციოგენური მოთხოვნილებები განსაზღვრავს.
რა ეხმარება მასწავლებელს სწავლის მოტივაციის ფორმირებაში?
სწავლის მოტივაციისა და ნებელობის განსავითარებლად შეიძლება გამოვიყენოთ სიტუაცია, რომელშიც ხდება ახალი შთაბეჭდილებების მიღებისა და უფროსებთან პოზიტიური ურთიერთობის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება. ასეთი სიტუაციის შესაქმნელად შეგვიძლია გამოცანის ეფექტი გამოვიყენოთ. ყველა ბავშვს უყვარს გამოცანები, რებუსები, კროსვორდები. მსგავსი აქტივობები საგრძნობლად აცოცხლებს სასწავლო პროცესს.
მოსწავლეებში სწავლის მიმართ ინტერესის გაღვივების შესახებ ლ. ვიგოტსკი წერდა: ,,მოვლენამ ჩვენში ინტერესი რომ გამოიწვიოს, ის რაღაცნაირად ჩვენს გამოცდილებას უნდა უკავშირდებოდეს, მაგრამ თავის თავში რაღაც სრულიად ახალსაც მოაზრებდეს… ბავშვის არსებული ინტერესიდან ახალი ინტერესისკენ – ასეთია ინტერესის განვითარების გზა”.
მოტივაციის განვითარებას დიდად უწყობს ხელს, როდესაც მოსწავლე გრძნობს, რომ მას ენდობიან და მისი წარმატებისა სჯერათ.
მაგრამ არსებობს ფაქტორთა წყება, რომლებიც მოტივაციაზე უარყოფითად აისახება. მაგალითად, კვლევებით დადგენილია, რომ მოტივაციას აქრობს გადაღლა. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი დაწყებით კლასებში მოძრავი პაუზების გამოყენება.
მოტივაციის ფორმირებას ხელს უშლის სტრესიც. ის უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს ახალი გარემოს ან ინფორმაციის მიმართ. ამიტომ მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ სტრესის ოპტიმალური დონე. კვლევებით დადგენილია, რომ სტრესის ოპტიმალური დონის შენარჩუნებას უზრუნველყოფს კლასის საჭიროებათა გაცნობა, სწავლების ორგანიზების ფორმათა ცვლილება, სხვადასხვა მეთოდის გამოყენება, შეფასების კრიტერიუმების წინასწარი გაცნობა, მოსწავლეებისადმი მასწავლებლის კეთილგანწყობილი დამოკიდებულება, საუბრის მშვიდი და გაწონასწორებული კილო.
მოგეხსენებათ, კარგი მასწავლებელი ყოველთვის ქმნის მოტივაციას. ამისთვის მასწავლებლები შემდეგ გზებს მიმართავენ: 1) ყველა მოსწავლეს ერთნაირად პოზიტიურად ეპყრობიან, არ გამოარჩევენ ფავორიტებს; 2) ამხნევებენ მოსწავლეებს სირთულეების დროს; 3) აძლევენ უკუკავშირს; 4) მოსწავლის მიღწევებს ადარებენ მხოლოდ მისსავე შედეგებს და არა სხვა მოსწავლეებისას; 4) მოსწავლეებისა და კლასის საჭიროებათა გათვალისწინებით, ზრუნავენ მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენებაზე; 5) ხელს უწყობენ მოსწავლეებს მეტაკოგნიტური სტრატეგიების გამოყენებაში (მიზნის დასახვა, სწავლების პროცესის თვითკონტროლი).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი