ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მუსიკალური ენის საიდუმლო

მელოდიის სინტაქსური სტრუქტურა

სიტყვის მუსიკალობა

 

სიტყვა უპირველესად გონებისკენ არის მიმართული, მერე კი – გრძნობებისკენ. ზოგჯერ, როცა სათქმელის სიტყვებით გადმოცემა ვერ ხერხდება, მუსიკა გვევლინება მხსნელად. მუსიკის ენა სიტყვას კონკრეტიკით თუ ჩამოუვარდება, სამაგიეროდ, ემოციურ ფლანგზე იმარჯვებს, ერთად კი ისინი ყოვლისშემძლენი ხდებიან. დიახ, რასაც სიტყვიერი ტექსტი სრულყოფილად ვერ აღწერს, მისი გამოხატვა მუსიკალურ ტექსტს შეუძლია. მუსიკა სიტყვას ფრთებს ასხამს და უფრო მღელვარეს ხდის, სიტყვა კი მეტ განსაზღვრულობას სძენს მუსიკას. ამიტომ არის, რომ სიტყვა და მუსიკა მუდამ შერწყმისკენ მიისწრაფვიან.

მუსიკისა და ლიტერატურის მჭიდრო კავშირი ოდითგანვე ცნობილია. მოგეხსენებათ, პოეზია ლიტერატურის ყველაზე მუსიკალური ფორმაა და თითქმის ყველა იმ გამომსახველობითი ელემენტისგან შედგება, რომლისგანაც მუსიკა. მასში გვხვდება: ინტონაცია, რიტმი, ტემპი, რითმა, დინამიკა, პაუზები. პაუზებს იგივე ფუნქცია აკისრია, რაც მეტყველებაში – სასვენ ნიშნებს. სასვენი ნიშნები, ფრაზის ხანგრძლივობა თუ ლექსის საერთო ზომა იმ განუმეორებელ მუსიკას ქმნის, რომელიც თითქმის ყოველი კარგი ლექსიდან მოისმის.

მუსიკისა და ლიტერატურის საზღვრები ერთმანეთისთვის ღიაა. ლიტერატურა სრულყოფას მუსიკაში პოვებს, ხოლო მუსიკა – ლიტერატურაში. მაგალითად, პოეტს ძალუძს, მუსიკის სიღრმე და მისი გამომსახველობა გვაგრძნობინოს, კომპოზიტორს კი პოეტური და პროზაული სახეების სრულად გახსნა შეუძლია.

ადვილი მისახვედრია, რომ ის, რაც მუსიკასა და ლიტერატურას საერთო აქვთ – ბგერაა.

მუსიკა, პოეზიისა და პროზის მსგავსად, დროში ჟღერს და ჩვენს აზროვნებაში მისი აღქმა ერთმანეთის მომდევნო ნაწილების საშუალებით ხდება. მუსიკალური ფორმის არსს ეს თვისება განსაზღვრავს. მუსიკალური ფორმა, რომელიც ერთიან განვითარებას წარმოადგენს, ამავე დროს, შეიძლება დანაწევრდეს. ამით მუსიკა მეტყველებასთან არის ახლოს, ვინაიდან ფორმის დიდი ნაწილები ლიტერატურული ნაწარმოების ცალკეულ თავებს მოგვაგონებს, ხოლო შედარებით მცირე – აბზაცებს, სხვადასხვა სიგრძის ფრაზებს, სიტყვებს.

მუსიკაში მელოდია, როგორც წინადადება (სიტყვის ფართო გაგებით) ანუ მთლიანობის პირველადი ფორმა, თავის შინაგან სტრუქტურას ქმნის, სადაც სხვადასხვა მასშტაბის იერარქიული ერთეულები იძებნება, ერთეულებს შორის კი განსაზღვრული ურთიერთკავშირი ყალიბდება. მაგალითად, დანაწილების შემთხვევაში მეტყველების შემადგენელ ელემენტებად მარცვლებს, სიტყვებს, ფრაზებსა და წინადადებებს ვიღებთ. მარცვლები სიტყვებად ერთიანდება, სიტყვები – ფრაზებად, ხოლო ფრაზები – წინადადებებად. მსგავსი აგებულება აქვს მუსიკალურ მელოდიასაც და ანალოგიურადვე შეიძლება მისი დანაწილებაც. მელოდიის გამოთქმა-გადმოცემის სისტემაში მოტივი ლექსიკურ ერთეულად გვევლინება, როგორც სიტყვა – სამეტყველო ფრაზაში. ის წინადადების ყველაზე მცირე ნაწილია. მოტივები ფრაზებად ერთიანდება, ფრაზები – წინადადებებად, ხოლო წინადადებები – ერთ მთლიან მელოდიად.

მთლიანობის ფორმირებისთვის და მკაფიო მხატვრული სახეების მისაღებად საჭიროა სამეტყველო და მუსიკალური ნაკადის წიგნიერად და ლოგიკურად ორგანიზება ორ ურთიერთსაწინააღმდეგო ქმედებაზე დაყრდნობით: ერთი მხრივ, მეტყველების ცალკეულ ელემენტებად დაყოფა (მარცვლები, სიტყვები, ფრაზები, წინადადებები; მუსიკაში – მოტივები, ფრაზები და ა.შ.), მეორე მხრივ, მათი მთლიან კონსტრუქციად გაერთიანება.

მუსიკის ესთეტიკური ღირსება, მისი მხატვრულ-გამომსახველობითი შინაარსი, მსმენელზე ზემოქმედების ძალა ფრაზირების ცოდნაზეა დამოკიდებული, ანუ იმაზე, ბუნებრივად როგორ „გამოთქვა“ მუსიკალური აზრი, გამოავლინო ინტონაციური ელემენტების ერთიანობა და, ამავე დროს, მათი დანაწევრებულობა.

 

 

მუსიკალური მეტყველება

 

მოგეხსენებათ, მუსიკა იდუმალებაა. ის მიუწვდომელია. მისით მხოლოდ უნდა დავტკბეთ. მაგრამ მას, ვინც მუსიკა თავის პროფესიად აქცია, ტკბობაზე მეტი მოეთხოვება. უფრო ზუსტად, ის ვალდებულია, ტკბობის მიზეზი იცოდეს. ამის მისაღწევად მუსიკის „გარეგან ფორმას“ ისე უნდა „შეხედოს“, როგორც ბავშვობაში სათამაშოს ათვალიერებდა, აკვირდებოდა, შეისწავლიდა – შლიდა, აწყობდა და ამით სიამოვნება იღებდა. ასევე შეიძლება მოვეპყროთ მელოდიასაც. მელოდიის აგებულების ცოდნა მუსიკასთან ურთიერთობას გვიადვილებს. მუსიკაც ხომ აზრია, რომელშიც უნდა გავერკვეთ.

მრავალწლიანი დაკვირვება ცხადყოფს, რომ მუსიკა ორგანიზებული ჟღერადობის სამყაროა, ხოლო მუსიკალური ენა – სისტემა, განკუთვნილი ბგერითი სტრუქტურის, მუსიკალური აზრის ფორმირებისთვის.

ნებისმიერი სიმღერა თუ ნაწარმოები ერთ მთლიან, დასრულებულ ნაგებობას წარმოადგენს, მაგრამ, ამავე დროს, ის მცირე მუსიკალურ ნაწილებადაც არის დაყოფილი. მაგალითად, მეტყველებისას ცალკეულ ასოებს ან სიტყვებს თუ წარმოვთქვამთ, აზრს ვერავინ გამოიტანს, მით უფრო, ვერ იგრძნობს მის ხასიათსა და ემოციურ შეფერილობას. ასევეა მუსიკალურ მეტყველებაშიც, აუცილებელია ცალკეული ნოტების – მოტივების ფრაზებად დაჯგუფება. ფრაზირების განსაკუთრებულობა ვოკალურ ნაწარმოებებში ნათლად იგრძნობა. როგორც წესი, ვოკალისტი სუნთქვას აზრობრივ ფრაზებს შორის იღებს, ამიტომ მუშაობის პროცესში, სიმღერის შესწავლისას, ლოგიკური ფრაზები ჩვენში ბუნებრივად მწკრივდება.

ძალზე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა ელემენტებისგან შედგება მუსიკა. ამაში კი მუსიკალური სინტაქსი დაგვეხმარება. სინტაქსი მუსიკალური მეტყველების აგებულებას შეისწავლის, ნაწარმოების მცირე ნაწილაკების – მოტივის, ფრაზის, წინადადების, პერიოდის – გააზრებულ ურთიერთქმედებას, რაც საბოლოოდ ნაწარმოების მუსიკალურ ფორმას წარმოქმნის.

მუსიკალურ ნაწარმოებში ნაწილების გამიჯვნის მომენტს ანუ წერტილებს, სადაც სინტაქსური სტრუქტურები იყოფ , ცეზურა ეწოდება. ცეზურა მუსიკალურ ნაგებობებს ერთმანეთისგან გამოაცალკევებს და მუსიკის უფრო მკაფიოდ აღქმაში გვეხმარება.

ცეზურის ძირითადი ნიშნებია:

  1. პაუზა;
  2. შედარებით მეტი გრძლიობის ბგერაზე შეჩერება.

უფრო მარტივად კი, ცეზურა იქ შეიგრძნობა, სადაც მუსიკა „ჩერდება“, როდესაც ჟღერადობა რეალურად წყდება, ანუ პაუზა ჩამოვარდება. ცეზურა ასევე შეიგრძნობა დიდ გრძლიობებთან.

მაგალითად, ლექსში ცეზურა პაუზაა (სასვენი ნიშანი), რომელიც სტრიქონს ნაწილებად ყოფს.

 

მოტივი

მოტივი როგორც „აზრის ჩანასახი“ მელოდიის ყველაზე მცირე გამომსახველობითი ნაწილაკია, უმცირესი აზრობრივი სტრუქტურული ერთეული. მოტივს, ისევე როგორც სიტყვას, ერთი აქცენტი აქვს და ხშირად ერთ ტაქტს უტოლდება. აქცენტი შეიძლება იყოს მოტივის დასაწყისში, შუაში ან ბოლოს. მოტივი შედგება არანაკლებ ორი ნოტისგან და ცეზურით არ იყოფა, თუმცა, ზოგიერთ ნაწარმოებში, ტემპის, ზომისა და ფაქტურის გათვალისწინებით, შესაძლოა 2 ტაქტზე გაშლილი მოტივიც შეგვხვდეს. ზოგჯერ მოტივი უფრო მცირე ნაწილებად – სუბმოტივებად იყოფა. სუბმოტივს როგორც მხოლოდ მთლიანის ნაწილს აზრობრივი დატვირთვა არ გააჩნია.

მეტყველებაში მოტივი შეიძლება სიტყვას შევადაროთ.

 

ფრაზა

ერთ მუსიკალურ ნაგებობაში მოტივების გაერთიანებით უფრო დიდ ნაწილს – ფრაზას ვიღებთ, ანუ ორი ან სამი მოტივის დაჯგუფება ფრაზას წარმოქმნის.

რა არის მუსიკალური ფრაზა? ეს არის წინადადების ნაწილი, რომელსაც სრულად განვითარება არ შეუძლია. ის შუალედური ნაგებობაა მოტივსა და წინადადებას შორის, ანუ მოტივზე გრძელია და წინადადებაზე მოკლე.

მელოდიაში მუსიკალური ფრაზების დადასრულზე რიტმული შეჩერებები ანუ პაუზები მიუთითებს. მელოდიაში ყოველი გამეორება – ზუსტად ან რაიმე ცვლილებით – ახალი მუსიკალური ფრაზის შეგრძნებას ქმნის. ფრაზის დაბოლოება, როგორც წესი, აპოსტროფით ანუ „ჩიტით“ აღინიშნება.

 

წინადადება. პერიოდი

ორი ან სამი ფრაზის გაერთიანება წინადადებას წარმოქმნის, ორი წინადადებისგან შემდგარი მელოდია – პერიოდს. პერიოდი მუსიკალური აზრის გადმოცემის დასრულებული ფორმაა.

მეტი თვალსაჩინოებისთვის შეგვიძლია წარმოვიდგინოთ: შევარჩიოთ რაიმე მელოდია და მის დასაწყისს გამადიდებელი შუშა მივუახლოოთ. ჩვენს თვალწინ მელოდიის ერთი პატარა ნაწყვეტი – მოტივი გამოიკვეთება. მოტივს მოტივი მოჰყვება, მათი ერთობლიობა ფრაზას წარმოქმნის, ფრაზებისა – წინადადებებს, ხოლო წინადადებები – დასრულებულ მუსიკალურ აზრს, პერიოდს.

 

დავალება. მელოდიაში მოძებნეთ და აღნიშნეთ:

  1. ყოველი მოტივის, ფრაზისა და წინადადების დასაწყისი და დასასრული;
  2. მელოდიური და რიტმული მონახაზის მიხედვით ფრაზების მსგავსება;
  3. ყოველი ცეზურის ადგილმდებარეობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი