პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

,,აღმოსაჩენი“ მწერლები

უკვე მეოთხე სასწავლო წელია ბავშვების მიერ დაარსებულ ,,მკითხველთა და კრიტიკოსთა“ კლუბს ვხელმძღვანელობ და ბევრი რამ მასწავლეს. თვითონაც ბევრი რამე და ვინმე აღმოაჩინეს. თავს ვიმშვიდებ,რომ რასაც ვაკეთებთ, აუცილებლად დარჩება მათ გონებასა და გულში, აისახება მათ სულზე, სამომავლო გეგმებზე, მიზნებსა და ოცნებებზე. და როცა განსაკუთრებით გაუჭირდებათ, ყველაზე მეტად დასჭირდებათ, სწორედ მაშინ წამოუტივტივდებათ გონებაში, რაზეც ერთად გვიფიქრია, გვისაუბრია, გვიკამათია ან რაც უბრალოდ ერთმანეთისთვის მოგვიყოლია.

ლიტერატურული სამყარო, მადლობა  ღმერთს, ამოუწურავია! არც საფიქრალს გამოგილევს, არც სალაპარაკოს, არც აღმოსაჩენს. ამ უკიდეგანო გალაქტიკაში ზოგჯერ თვითონ გადაეყრებიან ხოლმე საოცარ პლანეტებს, ხანაც ჩემი დახმარება სჭირდებათ. არა აქვს მნიშვნელობა, რომელი გზით აღმოჩნდებიან პლანეტაზე, მთავარია, რომ იყვარებენ, სათავისოდ დაიგულებენ. და ახლა ყველას გვაქვს ჩვენ – ჩვენი პლანეტა.

ბავშვებს, ზოგადად, უყვართ აღმოჩენები და  „აღმოსაჩენი“ მწერლებიც. ეს ის მწერლები არიან, რომელთა სახელები და გვარები  არც საპროგრამო მასალაში დომინირებს და არც ბესტსელერების სიაში ქუხს, მაგრამ მაინც გენიალურები არიან და სიტყვა ,,აღმოსაჩენი“, რა თქმა უნდა, პირობითია. მათთან მისასვლელად ბავშვებს აუცილებლად სჭირდებათ მასწავლებელი და მასწავლებელს სჭირდება სიფრთხილე, რომ ისე მიაწოდოს მათი ნაწარმოებები, ამ ავტორების განსაკუთრებულობამ არ დააფრთხოს და აღმოჩენის სიხარული არ გაუფერმკრთალდეთ…

ამ წერილში  ჩვენს მხოლოდ ორ ქართველ ,,აღმოჩენაზე“  შევჩერდები. რატომ მაინცადამაინც ქართველი? მე მგონია, საფუძვლიანი მიზეზების გამო:

1) როგორც წესი, მოზარდები საზღვარგარეთელ ავტორებს უფრო ეტანებიან (უცხოს ხიბლი და არჩევანის მრავალფეროვნება ერთნაირად მოქმედებს) და ქართული ლიტერატურა, ძირითადად, რუსთაველი – აკაკი – ვაჟა – ილია ჰგონიათ.

2) ღრმად მწამს, რომ ჯერ მშობლიურ ტბაში უნდა ისწავლო ცურვა, რომ მერე სხვის ოკეანეში თამამად შეცურო.

იმდენად განსხვავებულია და განსაკუთრებულია ერლომ ახვლედიანი, ძალიან მეშინოდა, როგორ მიიღებდნენ მის ნაწარმოებებს. პირველად მისმა სახელმა მაშინ გაიჟღერა ჩვენს კლუბში, როცა ,,არასერიოზულ კაცს“ ვუყურეთ. სცენარი ერლომ ახვლედიანს ეკუთვნის.ძალიან მოეწონათ. მერე ამონარიდები წავუკითხე ერლომის შემოქმედებიდან, ინტერვიუებიდან და მის ჩანაწერებს მოვუსმინეთ. ამას ისიც დაემატა,რომ უყურეს  ეპიზოდს მერაბ კოკოჩაშვილის ფილმიდან ,,ცხელი ზაფხულის სამი დღე“, სადაც ერლომის გმირს,რამაზს, შემოკრებილი  ჰყავს ბავშვები და სახარებას უკითხავს…

ისეთი შთამბეჭდავი იყო ეს სცენა, თითქოს იჯდა ერლომი ჩვენს კლუბში და ჩვენ გვიკითხავდა…

,,- აი,ასე ვიკრიბებით ხოლმე და ვკითხულობთ.

– თვითონ ვერ წაიკითხავენ?

– მარტო კითხვაში ხომ არ არის საქმე?! ვფიქრობთ, ვმსჯელობთ, ვკამათობთ… რა ვიცი“.

აი, მერე კი წაიკითხეს მისი ,,შურიანი კაცის ამბავი“ და  ,,ვანო და ნიკო“, რომ ველოდი, იმაზე მეტად მოეწონათ. ბევრი ფიქრი და კითხვა გაუჩნდათ, ბევრიც ვილაპარაკეთ.

არც აქ არ გავჩერებულვართ. სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე ერლომ ახვლედიანის სცენარით გადაღებული საინტერესო და სახალისო მოკლემეტრაჟიანი ფილმი ,,საერთო კედელი“( რეჟისორი ა.დარსაველიძე, დამდგმელი რეჟისორი შ. მანაგაძე).

 

 

ესეც მოეწონათ. ბევრი საფიქრალი მოგვცა. ამ ფილმით დასრულდა ,,ჩვენი აღმოჩენილი“ უცნაური კაცის ამბავი.

მეორე მწერალი, რომელიც აღმოვაჩინეთ, ჩვენი თანამედროვე, ძალიან საინტრესო ავტორი, კოტე ჯანდიერია. მე ეს მწერალი ძალიან მიყვარს და კიდევ უფრო შემიყვარდა, ლიტერატურულ ჟურნალ ,,არილში“ რომ დაიბეჭდა მისი მონოპიესა ,,ელექტრიკოსი“. აღვფრთოვანდი. მაშინვე გავუზიარე კლუბის წევრთაგან  ყველაზე გამოცდილებს, იმათაც მოეწონათ. მაგრამ ამით არ დაგვიწყია მისი შემოქმედების გაცნობა. ჯერ ძალიან საინტერესო და დეტექტიური ხასიათის მოთხრობა წავიკითხეთ ,,განსხვავებული კალიბრის ვაზნა“. ისეთი დამაჯერებელია ავტორი, ძნელია, მხატვრულ გამონაგონად ჩაუთვალო,რასც წერს. ამასთან დაკავშირებით ერთ დროს ძალიან პოპულარული სერიალი ,,ცხელი ძაღლი“ გავიხსენეთ, რომლის სცენარის ავტორი სწორედ კოტე ჯანდიერია, ნუგზარ შატაიძესთან ერთად.

მწერლის ინტერვიუც წავიკითხეთ:   „ … ვწერ ძალიან იშვიათად. მწერლობას არ განვიხილავ ჩემს პროფესიად და შემოსავლის წყაროდ. ამ თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ მწერალი არცა ვარ. ვწერ მხოლოდ მაშინ, როდესაც მე ეს მანიჭებს სიამოვნებას. ამიტომაც, ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება კონტრაქტი დავდო რომელიმე გამომცემლობასთან და ვალდებულება ავიღო, რომ ამა და ამ ვადებში, ამა და ამ თემაზე დავწერ მოთხრობას, ნოველას ან რომანს. ცხადია, პროფესიონალი მწერალი ასე არ იქცევა.ლიტერატურასთან მე ჰედონისტური დამოკიდებულება მაქვს “.

,, კონკიას ღამეც“ წავიკითხეთ, მერე ,,გლობალიზაცია“ – გლობალური ფიქრის მორევში გვიკრა თავი. ისიც გავიგეთ, რომ სწორედ ამ ნაწარმოებით წარსდგა მწერალი ევროპელი მკითხველის წინაშე ბერლინის წიგნის ფესტივალზე.

მხოლოდ ამის შემდეგ მივადექით „არილს“ და „ ელექტრიკოსს“. ბავშვების ემოციებმა ჩემს მოლოდინს ისევ გადააჭარბა. მოეწონათ ნაწარმოების განსხვავებული სტილი, განსხვავებული თემა. აბა, ვინ ელოდება რიგითი ელექტრიკოსისაგან ამდენ ფიქრსა და საინტერესო ამბის მოსმენას?!

„ როცა სხვები გიყურებენ, იძულებული ხარ ითამაშო, ვიღაცის დაწერილი როლი მოირგო, საკუთარი თავი დაკარგო.

არა, კი არ დაკარგოგადამალო!

მხოლოდ სიბნელეში ხარ დაცული სხვისი თვალებისაგან.

თვალებისხვაზე ძალადობის იარაღია. განსაკუთრებით, როდესაც ეგ თვალები

სიბნელიდან გიყურებენ“.

ისე სევდიანად ყვება ტუსენკას, ციხეში შვილის ნახვაზე მეოცნებე და ამ ოცნებისაგან მუდამ თვალებაციმციმებული ქალის, ამბავს…

„ მერე კომკავშირული უჯრედის თამჯდომარემ, ლენა ლოგინოვამ, აცახცახებულ დედას ცივი სიძულვილით ჩახედა თვალებში და მიახალა: “Ну что, приехала, контра недобитая?! Жаль. что не расстреляли!”

კაცი კიბესთან მიდის და ჭერიდან ჩამოშვებულ სადენზე ჰკიდებს გიტარას.

კაცი:

ეს სიტყვები არ თარგმნება. ეს ის კომკავშირული რუსულია, რომელიც არც ერთ სხვა ენაზე ასე დამაჯერებლად არ ჟღერს

დიდი სოციალისტური ექსპერიმენტი, ადამიანთა ახალი ჯიშის გამოყვანის წარმატებული ნიმუში

ჩვენ, ყველანი ამ ექსპერიმენტის პროდუქტი ვართზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად

მერე დადგმაც გვინდოდა, ვეღარ მოვახერხეთ. იქნებ მომავალში შევძლოთ.

მთავარია, „აღმოვაჩინეთ“.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი