პოეზია და პერფორმანსი- პოეტური ნაწარმოების სწავლება

პოეტური ნაწარმოებები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე დაწყებითი საფეხურიდანვე შეისწავლება. მოსწავლის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით ლექსების შესწავლისა და დამუშავების „ძირითადი პაკეტი“, ცხადია, განსხვავებულია. საბაზო და საშუალო საფეხურზე მოსწალეები, დაწყებითი საფეხურისგან განსხვავებით, უფრო ღრმად და საფუძვლიანად ამუშვებენ პოეტურ ტექსტებს.

  • რა არის პოეტის მთავარი სათქმელი?
  • ვინ არის ლექსის ლირიკული გმირი?
  • რა მხატვრულ საშუალებებს იყენებს პოეტი?
  • ტროპის რა სახეებია გამოყენებული?
  • რას გულისხმობს პოეტი ამა თუ იმ მხატვრულ სახეში?
  • რა მოიაზრება ამა თუ იმ სტრიქონში/სტროფში/ტაეპში?
  • რითმა, რიტმი და ვერსიფიკაციის სხვა საკითხები…

ლექსზე მუშაობა, ძირითადად, ამ კითხვებზე პასუხების გაცემას, მსჯელობას, საუბარს მოიცავს. არც თუ იშვიათ შემთხვევებში მოსწავლეებს ლექსების ზეპირად დასწავლაც ევალებათ.

აუცილებელია თუ არა ლექსების ზეპირად დასწავლა, რათა უკეთ ჩავწვდეთ აზრს/არსს/სათქმელს? შესაძლებელია თუ არა პოეტურ ტექსტებზე მუშაობის გამრავალფეროვნება? როგორ შეიძლება დავაინტერესოთ მოსწავლეები ტექსტებით, რომლებიც არ/ვერ ეხმიანებიან მათ ინტერესებს?

დღევანდელ წერილში სწორედ ამ კითხვებზე შევეცდები პასუხების გაცემას.

დავიწყოთ მნიშნელოვანი კითხვით – საჭიროა თუ არა დაზეპირება?

დაზეპირებას მომხრეებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც.

ლექსების ზეპირად დასწავლის მომხრეები ყურადღებას ამახვილებენ შემდეგ ფაქტორებზე:

  • ლექსების ზეპირად სწავლა ავარჯიშებს მეხსიერებას
  • ამდიდრებს ლექსიკურ მარაგს
  • მოსწავლეს საშუალებას აძლევს მიზნობრივად ( არგუმენტაციისთვის, დასაბუთებისთვის…) გამოიყენოს ციტატები ზეპირი თუ წერითი მსჯელობის დროს
  • დაზეპირება საჭიროა ლიტერატურული გემოვნების დასახვეწად;

მოხმობილი არგუმენტები მართლაც მნიშვნელოვანია და გარკვეულწილად, საგულისხმოც.

თუმცა არსებობს ერთი მნიშვნელოვანი პირობა –  ყველა ამ სასიკეთო შედეგს აუცილებლად უნდა ახლდეს გააზრებისა და ანალიზის ელემენტებიც და ამის უგულებელყოფის გარეშე ლექსის დაზეპირება  გაუმართლებელი იქნება. ნებისმიერი აქტივობის, დავალების, სავარჯიშოს, მითითების მიცემის სავალდებულო წინაპირობაა მისაღწევი მიზნის წინასწარ გათვლა. თუ ლექსის დაზეპირება თვითმიზანია ( დაზეპირება-დაზეპირებისთვის), შედეგი ნაკლებად სასარგებლო იქნება, თუ მასწავლებელი ლექსის დაზეპირების პროცესს სახალისოდ, საინტერესოდ და არარუტინულად წარმართავს,  შედეგიც უკეთესი იქნება(ამაზე უფრო დაწვრილებით მოგვიანებით ვისაუბრებთ).

აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ერთი ფაქტორიც – ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი პროგრამის თანახმად ლექსის ზეპირად დასწავლა მოსწავლეს არ მოეთხოვება არც ერთ საფეხურზე. შესაბამისად, მისი შეფასება ( ნიშნის დაკლება) ამ მიმართულებით ყოვლად გაუმართლებელია!

ლექსის დაზეპირების მოწინააღმდეგეთა არგუმენტები:

  • პროცესი მექანიკურია და საკუთრივ დაზეპირება არ ეხმარება მოსწავლეს გააზრებასა და ანალიზში.
  • არიან მოსწავლეები, რომლებიც ვერ იმახსოვრებენ ტექსტებს ზეპირად. ისინი წამგებიან მდგომარეობაში არიან, თუ მასწავლებელი ლექსს ზეპირად აძლევს კლასს და ამის მიხედვით აფასებს .
  • მეხსიერების გავარჯიშება შესაძლებელია სხვა, მეტად სახალისო და საინტერესო სავარჯიშოებით. ლექსის ზეპირად დასწავლის იძულება კი უკუეფექტს იძლევა და მოსწავლეს, შესაძლოა, საერთოდ შესძულდეს პოეზია ( კონკრეტული ავტორი, კონკრეტული ლექსი…).
  • ზეპირად დასწავლა ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვს მოსწავლისგან, გააზრება-ანალიზისა და სხვა უფრო მაღალი დონის სააზროვნო აქტივობებისთვის ნაკლები დრო რჩება.

ცხადია, ყველა ეს არგუმენტიც საგულისხმო და საინტერესოა. ზოგადად, იმის პირდაპირ თქმა, უნდა ვასწავლოთ თუ არა მოსწავლეებს ლექსები ზეპირად რთულია და ერთი „საყოველთაო რეცეპტი“ ამ შემთხვევაში არ არსებობს. თუმცა არის აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორები, რაც ზევითაც აღინიშნა:

  1. ლექსების დასწავლა არ უნდა იყოს „მისაღწევი შედეგი“. ეს აქტივობა შეიძლება განვიხილოთ, როგორც “დამხმარე ინსტრუმენტი” სხვადასხვა მნიშვნელოვანი უნარის განვითარებისთვის.
  2. დაუშვებელია დაზეპირების „ხარისხის“ მიხედვით ნიშნის დაწერა. მოსწავლეს არ უნდა შეუფასდეს მეხსიერება. ეს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კომპეტენცია ნამდვილად არ არის.

ახლა კი მინდა შემოგთავაზოთ აქტივობა, რომელიც ორივე პოზიციის ( დაზეპირების მომხრეები და დაზეპირების მოწინააღდეგეები)მომხრეებს დაეხმარება პოეზიის შესწავლის პროცესში.

პოეზია და პერფორმანსი

რას ნიშნავს პერფორმანსი და როგორ გამოვიყენოთ ის სასწავლო მიზნებისთვის?

პერფორმანსი თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ფორმაა. სიტყვასიტყვით ნიშნავს – შესრულებას, წარმოდგენას, გამოსვლას. გულისხმობს ხელოვანის ან ხელოვანთა ჯგუფის მიერ წინასწარგანსაზღვრულ დროსა და ადგილზე გარკვეული წარმოდგენის გამართვას. პერფორმანსად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც ინდივიდის/ინდივიდების დამოკიდებულებას, მოსაზრებას, სათქმელს გამოხატავს კონკრეტული სამიზნე აუდიტორიის წინაშე. შესაძლებელია ხელოვნების ნებისმიერი სხვა დარგის ელემენტების გამოყენება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. პერფორმანსი ხშირად მოიცავს ცეკვის, მუსიკის, თეატრის, ცირკის და სხვა მომიჯნავე დარგების ელემენტებს და მიიჩნევა კონცეპტუალურ ფორმად. განმარტებითი ლექსიკონის თანახმად, პერფორმანსი მხატვრული შემოქმედების სახეობაა, რომელიც აერთიანებს თეატრსა და სახვით ხელოვნებას. პერფორმანსში მხატვარი თავად წარმოუდგენს მაყურებელს გაცოცხლებულ კომპოზიციებს.

სათქმელის ამ საინტერესო და განსხვავებული ფორმის მოსწავლეებისთვის წარდგენის, გაცნობის შემდეგ მასწავლებელს შეუძლია შესთავაზოს მოსწავლეებს მოცემული (შესასწავლი, საპროგრამო ან საგანგებოდ შერჩეული) ლექსის გადაკეთება პერფორმანსად.

მოსწავლეები არ იქნებიან შეზღუდულნი გამოხტვის ფორმებით, მათ შეუძლიათ გამოიყენონ ნებისმიერი საშუალება „ლექსის გასაცოცხლებლად“. შეუძლიათ გაერთიანდნენ ჯგუფებში ან წარმოადგინონ ინდივიდუალური პროექტი. საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გთავაზობთ რამდენიმე მითითებას:

1.ლექსის ზეპირად დასწავლა სავალდებულო არაა. წარმოდგენის დროს მათ შეუძლიათ ხელთ ჰქონდეთ ტექსტი.

2.მოსწავლის მიზანია „გააცოცხლოს“ პოეტის სათქმელი, უფრო გასაგები გახადოს ესა თუ ის მხატვრული სახე.

3.მოსწავლეს შეუძლია წარმოაჩინოს საკუთარი დამოკიდებულება ქმედებით. გამოიყენოს სამსახიობო ოსტატობა, მიმიკა, ჟესტიკულაცია, წინასწარ შერჩეული რეკვიზიტი.

  1. მას შეუძლია გამოიყენოს აუდიო/ვიდეო/მედიასაშუალებები – შეარჩიოს შესაფერისი მუსიკალური გაფორმება, გააკეთოს ვიდეოჩანაწერი, დახატოს ილუსტრაცია, გააკეთოს ფოტოკოლაჟი.
  2. მოსწავლეს შეუძლია გამართოს „წარმოსახვითი დიალოგი“ პოეტთან. დაუსვას მას მისთვის საინტერესო კითხვები, თავად შეეცადოს გასცეს პასუხები „ღიად დარჩენილ“ კითხვებს, დახატოს სიტყვიერი ილუსტრაცია – წარმოიდგინოს და აღწეროს ლექსის დაწერის დროს შექმნილი ატმოსფერო, გარემო, პოეტის სულიერი, ემოციური, ფსიქოლოგიური მდგომარეობა. შემოგვთავაზოს პოეტის „ფსიქოპორტრეტი“ ლექსის მიხედვით.
  3. 6. მოსამზადებლად სასურველია მივცეთ გარკვეული დრო ლექსის სირთულის ან სხვა საჭიროებების გათვალისწინებით. დავალებას პერმანენტული პროექტის სახე შეგვიძლია მივცეთ. სამუშოს გადანაწილების შემდეგ კვირაში ერთი შერჩეული დღის განმავლობაში სხვადასხვა ჯგუფი ან მოსწავლე წარმოადგენს ერთ პოეტურ პერფორმანსს.

ამგვარად დაგეგმილი სამუშაო სასწავლო პროცესს ნამდვილად გაამრავალფეროვნებს. მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ღრმად ჩაწვდნენ პოეტურ ქმნილებას, ბოლომდე შეიგრძნონ ლირიკული ტექსტის არსი  და ყოველგვარი მექანიკური დამახსოვრების გარეშე გაითავისონ ტექსტი. შეადარეთ – ერთ ან ორ საგაკვეთილო საათში სქემატურად „დამუშავებული“ ლექსი და ლექსი, რომელზეც მოსწავლე გარკვეული დროის განმავლობაში ფიქრობს, ამუშავებს მხატვრულ სახეებს, საშუალებებს, ცდილობს შეარჩიოს გამოხატვის საკუთარი ფორმები.

პოეზია იმდენად მრავალფეროვანი და ღირებული რამაა, რომ ნამდვილად იმსახურებს იმაზე მეტს, ვიდრე უბრალო გაზეპირება ან „მარტივ მამრავლებად“ ( მხატვრულ სახეებად, მხატვრულ საშუალებებად, რითმებად და ა.შ.) დაშლაა.

პოეზიისა და პერფორმანსის ტანდემი კი ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი, მარტივი და საინტერესო ფორმაა ამ მიზნის მისაღწევად.

 

 

 

 

 

კომენტარები

comments