აზროვნების სახეები

აზროვნება არის ინფორმაციის გადამუშავების პროცესი, რომლის მიზანია პრობლემის გადაჭრა, დასკვნების გამოტანა და გადაწყვეტილების მიღება. აზროვნება კოგნიტიური პროცესია, ანუ შინაგანად, გონებაში მიმდინარეობს, მაგრამ მისი შედეგი ქცევით ვლინდება. მაგალითად, მოჭადრაკე თავის აზროვნებას ჭადრაკის ფიგურის გადაადგილებით ავლენს. აზროვნების დროს ხდება ცოდნის გამოყენება და მანიპულირება სიტუაციის შესაბამისად.

ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან აზროვნების სტილით და ეს კარგად ჩანს მათ საქმიანობაში. ზოგს პრაქტიკული საქმიანობა უფრო ეხერხება, ზოგს თეორიული ტიპისა ურჩევნია, ზოგი მშრალი თანმიმდევრული ლოგიკით მსჯელობას ამჯობინებს, ზოგისთვის კი ეს მთლიან ხატად გაერთიანებული პროცესია. მოზრდილისა და ბავშვის აზროვნებაც განსხვავდება ერთმანეთისგან; სხვადასხვა კულტურის მატარებელთა აზროვნების წესიც არ არის ერთნაირი.

ამრიგად, ფსიქოლოგიაში გამოყოფენ აზროვნების სახეებს და ტიპებს. ასეთ დაყოფას მეტ–ნაკლებად პირობითი ხასიათი აქვს და დამოკიდებულია იმ კრიტერიუმებზე, რომელთა საფუძველზეც მოხდა აზროვნების ტიპების ან სახეების შინაარსობრივი დახასიათება. ეს კრიტერიუმები კი მეტად მრავალფეროვანია.

კლასიკურ ფსიქოლოგიაში აზროვნების შემდეგ სახეები გამოიყოფა:

  • პრაქტიკული ანუ მოქმედებით-ხატოვანი აზროვნება;
  • ხატოვანი აზროვნება;
  • ვერბალურ-ლოგიკური აზროვნება.

ასეთი კლასიფიკაციის კრიტერიული საფუძველი ორნაირია. პირველი ეხება ბავშვის აზროვნების ონტოგენეზურ განვითარებას, რომელშიც კარგად ჩანს, როგორ ხდება მეტყველების დაუფლებასთან ერთად პრაქტიკულიდან ვერბალურ–ლოგიკურ აზროვნებაზე გადასვლა. ამდენად, აზროვნების ზემოთ მოყვანილი სახეები განიხილება როგორც აზროვნების განვითარების საფეხურები, რომლებიც განსხვავდება ერთმანეთისგან არა ოპერაციულად ან ფუნქციურად, არამედ განზოგადების დონით. იგულისხმება, რომ ვერბალურ–ლოგიკური აზროვნების შემთხვევაში უფრო მეტადაა შესაძლებელი სინამდვილის განზოგადება და ანალიზი, ვიდრე მხოლოდ მოქმედებით შემოსაზღვრული აზროვნების შემთხვევაში.

პრაქტიკული აზროვნებგულისხმობს აზროვნების ისეთ სახეს, როდესაც ამოცანის გადაწყვეტა ხდება თვით მოქმედების პროცესში, რეალური სიტუაციის გარდაქმნის ხარჯზე, ობიექტებთან რეალური ურთიერთქმედების საშუალებით. ასეთი აზროვნება ახასიათებს ბავშვს, სანამ მეტყველებას დაეუფლება.

ხატოვანი აზროვნება თვალსაჩინო ხატებით აზროვნებაა, როდესაც რაიმე პრობლემის გადასაჭრელად სააზროვნო ოპერაციები ხატებზე დაყრდნობით ხორციელდება.

ლოგიკური აზროვნება კი ცნებებით აზროვნებას გულისხმობს. ეს არის განყენებული აზროვნება, რომელიც არ არის თვალსაჩინო და რაიმე პრობლემის გადაჭრისას ვერბალურ–ლოგიკურ მსჯელობას ეყრდნობა.

თანამედროვე ადამიანთან სამივე სახის აზროვნებას ვხვდებით. იმის მიხედვით, რა დონის პრობლემის გადაჭრა უხდება, პიროვნება მიმართავს ხან პრაქტიკულ, ხან ვერბალურ–ლოგიკურ, ხან ხატოვან აზროვნებას.

ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში გვხვდება აზროვნების სხვაგვარი კლასიფიკაცია, უფრო მეტად – დიქოტომური დაყოფა („დიქოტომია“ – მთელის დაყოფა ორ ნაწილად).

განასხვავებენ: თეორიულ და პრაქტიკულ აზროვნებას. ამ სახის კლასიფიკაციას საფუძვლად უდევს გადასაწყვეტ ამოცანათა ტიპი.

თეორიული აზროვნება განსაზღვრულ კანონზომიერებათა შემეცნებაა აბსტრაქტულ მიმართებათა დამყარების საფუძველზე. ეს პროცესი ხანგრძლივია, მოწყვეტილია რაიმე კონკრეტულ სიტუაციას და მისი ნაყოფიერება საბოლოო შედეგის მიხედვით ფასდება. დიდ თეორეტიკოს მეცნიერთა ფუნდამენტური აღმოჩენები ასეთი თეორიული აზროვნების შედეგია, ნიუტონის კანონები იქნება ეს თუ მენდელეევის პერიოდული სისტემა.

პრაქტიკული აზროვნება მიმართულია უფრო კერძო, კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტისკენ. მისი მთავარი ამოცანაა არა რაიმე ზოგადი კანონზომიერების შემეცნება, არამედ კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელი გეგმის პროექტის შედგენა. პრაქტიკული აზროვნება უშუალოდ კერძო, პრაქტიკული ამოცანის გადაწყვეტასთანაა დაკავშირებული. ის სპეციფიკურია იმით, რომ დროის დეფიციტის პირობებში მიდინარეობს და ჰიპოთეზების შემოწმების დრო მკვეთრად შეზღუდულია. ამდენად, პრაქტიკული აზროვნებისას გადაწყვეტილება თვით მიმდინარე პროცესის სწრაფი ანალიზის შედეგად მიიღება. სამწუხაროდ, ამ ორ ტიპს ხშირად უპირისპირებენ ერთმანეთს თეორიული აზროვნების სასარგებლოდ. მიიჩნევა, რომ პრაქტიკული აზროვნება უფრო მარტივი და ადვილია. პრაქტიკული ტიპის აზროვნების გარეშე წარმოუდგენელია მხედართმთავრის, საწარმოოო და სავაჭრო მმართველობის წარმატებული საქმიანობა. ვერავინ იტყვის, რომ მეცნიერ–თეორეტიკოსის საქმე უფრო ძნელია, ვიდრე საწარმოო მენეჯერისა – მათი საქმიანობა უბრალოდ სხვადასხვა ტიპის აზროვნებას და პიროვნულ თვისებებს მოითხოვს.

განასხვავებენ: ანალიტიკურ (ლოგიკურ) და ინტუიციურ აზროვნებას. ამ დაყოფის კრიტერიუმია აზროვნების პროცესის დროში მიმდინარეობის ხასიათი და გაცნობიერების დონე. ანალიტიკური აზროვნება დროში გაშლილია, ეტაპობრივად მიმდინარეობს, მეტ–ნაკლებად წარმოდგენილია ადამიანის ცნობიერებაში. ინტუიციური ტიპის აზროვნებას ახასიათებს დროში შეკუმშულობა და მინიმალური გაცნობიერება. ამ ტიპის აზროვნების მქონე ზუსტად ვერასოდეს გეტყვით, როგორ მიმდინარეობდა მისი მსჯელობა და რამ მიიყვანა პრობლემის გადაჭრამდე.

აზროვნების ფსიქოლოგიისადმი მიძღვნილ ლიტერატურაში გვხვდება შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების ცნებებიც. ასეთი დაყოფის კრიტერიუმი აზროვნების პროცესის შედეგია. შემოქმედებითი ტიპისაა აზროვნება, რომლის შედეგიცაა ახალი კანონზომიერების აღმოჩენა ან ახალი პრობლემის გადაჭრა. კრიტიკული აზროვნების მიზანია უკვე მიღებული გადაწყვეტილებების შემოწმება და იმის ანალიზი, პრაქტიკულად როგორ და სად შეიძლება მათი გამოყენება. შემოქმედებითი აზროვნება მიმართულია ახალი იდეების შექმნისკენ, კრიტიკული აზროვნება კი მათ ნაკლოვანებებს, ხარვეზებს წარმოაჩენს. ადამიანის წინაშე დასმულ ამოცანათა ეფექტური გადაწყვეტისთვის აუცილებელია ორივე სახის აზროვნება. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ერთი ყოველთვის ხელს უშლის მეორეს. რაიმე კონკრეტული პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრის მაგალითია ამოცანათა ჯგუფური გადაწყვეტის მეთოდი „გონებრივი იერიში“, რომელიც წარმატებით გამოიყენება მოულოდნელად წამოჭრილი პრობლემების მოსაგვარებლად. იკრიბება სპეციალისტთა ჯგუფი, რომელმაც უნდა მოახდინოს „თავისუფალი ასოცირება“ განსაზღვრული პრობლემის გარშემო. ჯგუფის ყოველ წევრს ევალება, გამოთქვას ყველაფერი, რაც აზრად მოუვა, კრიტიკა აკრძალულია, ყველა იდეა იწერება და იერიშის ბოლოს ხდება მათი კრიტიკული შეფასება სხვა ჯგუფის მიერ.

ფსიქოლოგიაში მიღებულია აზროვნების კიდევ ერთი დაყოფა: რეალისტურ და აუტისტურ ტიპებად. ამ დიქოტომიას საფუძვლად უდევს აზროვნების პროცესის მიმართულება – რისკენ არის მიმართული ადამიანის აზროვნება, რა წარმოადგენს მის საგანს. რეალისტური აზროვნება მიმართულია გარე სამყაროსკენ. მისი მიზანია რამის შემეცნება, ის ემყარება ლოგიკურ კანონებს. ამ ტიპის აზროვნებასთან საქმე გვაქვს ნებისმიერი ისეთი პრობლემის გადაჭრისას, რომელიც ანალიზსა და აბსტრაქციას მოითხოვს. აუტისტური ტიპის აზროვნება მიმართულია პიროვნების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისკენ, მისი სურვილების რეალიზაციისკენ. ხანდახან მის აღსანიშნავად ტერმინ “ეგოცენტრულ აზროვნებასაც” იყენებენ. ამ ტიპის აზროვნება თავს ვერ აღწევს აფექტური სფეროს გავლენას. მისი მიმდინარეობა მთლიანად არის განპირობებული პიროვნების სურვილებით, მისი ძლიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისკენ სწრაფვით. რეალურ ობიექტებს შორის მიმართების დამყარება, პრობლემის გადაჭრა ხდება არა რეალურად არსებული მიმართებების ან სიტუაციის ანალიზის, განყენების საფუძველზე, არამედ საკუთარი სურვილის შესაბამისად. რამდენადაც რეალურ მიმართებათა ამსახველი ლოგიკა არ წარმოადგენს ამ აზროვნების მამოძრავებელ ძალას, პიროვნების ცნობიერებაში თანაარსებობენ წინააღმდეგობრივი და ურთიერთგამომრიცხავი აზრები და სურვილები.

ასევე განასხვავებენ პროდუქციულ და რეპროდუქციულ აზროვნებას. ასეთი გარჩევის საფუძველია შედეგის სიახლე: პროდუქციული აზროვნების ცნება გეშტალტფსიქოლოგებმა შემოიღეს. ამ ტერმინით ხაზს უსვამენ აზროვნების შემოქმედებით ხასიათს. იმას, რომ აზროვნების პროცესის შედეგად მიიღება სრულიად ახალი ცოდნა, გამოცდილება. აზროვნების პროდუქციულ და რეპროდუქციულ ტიპებს შორის ის განსხვავებაა, რომ ეს უკანასკნელი იყენებს უკვე მზა ჩვევას, გამოცდილ სქემას რაიმე პრობლემის გადასაჭრელად. ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირია შემთხვევა, როდესაც ჩვენ წინაშე წამოჭრილ პრობლემას ჩვეული, გამოცდილებაში არსებული წესით ვწყვეტთ; ეს რეპროდუქციული აზროვნებაა. მაგრამ ასევე ხშირად ვეჯახებით ისეთ ამოცანებს, რომელთა გადაწყვეტის გამოცდილება არ გვქონია. აქ კი საჭიროა გადაწყვეტის ახალი გზების ძიება, რასაც პროდუქციული აზროვნება ემსახურება.

კომენტარები

comments