პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

გაძღოლა უნდა წიგნს

„ერთი საქმეა – წიგნის დაწერა – წიგნის შექმნა, მეორე კი (და უმთავრესი ჩვენს დროში) იმ წიგნის ხალხში გატანა. გაძღოლა უნდა წიგნს. წიგნი სულიერ არსებად უნდა აქციო. წიგნი რომ ფეხის ადგმას იწყებს, სანამდე თვით ივლიდეს, ის შენ უნდა წაიყვანო, გაუძღვე შემდეგში წინ, დიდის თვალყურის დევნებით, რომ ის არ წაიქცეს, როგორც ეს ემართება ახლად ფეხადგმულ ბავშვს. დიდი სიფრთხილეა საჭირო, დიდი გულმოდგინება. დიდი ყურადღება. აქ მარტო ავტორი ვერას გახდება: საჭიროა ყურადღება ორგანიზებული მასსისა, თვით იმ მასის, ვისთვისაც შექმნილია თვით ის წიგნი.“ – წერდა გალაკტიონი 1949 წელს თავის დღიურში.

მართალია ამ ჩანაწერიდან უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა, მაგრამ ის დღესაც აქტუალურია. დიდი პოეტი თურმე ჯერ კიდევ როდის გრძნობდა წიგნის პოპულარიზაციის საჭიროებას. ახლა კი, PR-ის ეპოქაში, კიდევ უფრო მნიშვნელოვნად მოჩანს მისი სიტყვები.

წიგნი საქართველოში წელიწადში მინიმუმ ერთ დღეს ყურადღების ცენტრში ექცევა: ყოველწლიურად ლიტერატორები, გამომცემლები, მთარგმნელები, ბიბლიოთეკარები და ავტორები 23 აპრილს, წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის დღეს, მკითხველთან ერთად საზეიმოდ აღნიშნავენ. თუმცა ამა თუ იმ საკითხზე ცნობიერების ამაღლებას, როგორც წესი, გრძელვადიანი კამპანია სჭირდება. განათლების დონის საერთაშორისო კვლევების სავალალო შედეგების პარალელურად სასიხარულოა, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობენ ადამიანები თუ ჯგუფები, რომლებიც ხშირად უანგაროდაც კი ემსახურებიან წიგნიერების გავრცელების საქმეს, წიგნის პოპულარიზაციას მთელი წლის განმავლობაში. რამდენიმე მათგანზე მინდა მოგითხროთ.

 

ჯილდო – „წიგნის ქომაგი“

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ წელს, თებერვალში, უკვე მეორედ აღნიშნა „წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“, რომელიც საზეიმო ღონისძიებით დასრულდა. დღის ბოლოს, ტრადიციულად, ერთ გამორჩეულ ადამიანს აჯილდოვებენ. მას, ვინც მთელი წლის განმავლობაში კითხვას, წიგნსა და ლიტერატურას განსაკუთრებულ პოპულარიზაციას უწევდა. სპეციალური პრიზი და „წიგნის ქომაგის“ ტიტული შარშან ლევან ბერძენიშვილს გადაეცა, წელს კი – „ფორმულა კრეატივს“ (ქეთი დევდარიანს და დავით გაბუნიას). საქმე ისაა, რომ ლევან ბერძენიშვილმა 2015 წელს წიგნიერებისა თუ მსოფლიო ლიტერატურის შესახებ სხვადასხვა სივრცეში ათობით საჯარო ლექცია ჩაატარა, ჩაწერა 50 რადიოგადაცემა სხვადასხვა ლიტერატურულ მიმდინარეობასა და ტენდენციაზე, კონკრეტულ ნაწარმოებებსა თუ წიგნთან დაკავშირებულ საინტერესო მოვლენებზე. რაც შეეხება წლევანდელ „წიგნის ქომაგს“, მისი დაჯილდოების მიზეზი ორგანიზატორებმა ასე განმარტეს: „ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სატელევიზიო სერიალში, საუკეთესო საეთერო დროს, მთელი სეზონის მანძილზე წიგნის სრულიად შეგნებული და წინასწარგამიზნული უსასყიდლო რეკლამისთვის; იმისთვის, რომ სერიალის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, თინეიჯერი გოგონას მთავარი მახასიათებელია წიგნის კითხვის სიყვარული, იმისთვის, რომ მას ქართველ თინეიჯერებში უამრავი მიმბაძველი გამოუჩნდა. იმისთვის, რომ სერიალში, მისი სცენარიდან გამომდინარე, ფართოდ ხდებოდა მწერლებისა და საგამომცემლო საქმიანობის პოპულარიზაცია“.

 

აქცია – „ჩვენ გვიყვარს წიგნები“

ნებისმიერი კამპანიისთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ამა თუ იმ ქმედებისკენ ცნობილი, ხალხისთვის პატივსაცემი ადამიანი მოუწოდებდეს. რამდენიმე თაობის წახალისება, წიგნის კითხვისკენ მიმართვა, ფოტოხელოვანმა გოგა ჩანადირმა ორიგინალური ფორმით მოახერხა. ის სოციალურ ქსელში მუდმივად აქვეყნებს წიგნთან დაკავშირებულ ფოტოებს. სახლსა თუ ქუჩაში კითხვით გართული მოქალაქეები, წიგნის ორიგინალური თაროები, მცირეწლოვანი ბავშვებისა თუ სკოლის მოსწავლეების  წიგნთან ურთიერთობა და კითხვის პროცესი – ეს არასრული ჩამონათვალია ფოტოკადრებისა, რომელიც წიგნის კონკურენტად მიჩნეულ სივრცეში – ინტერნეტში მისი წყალობით მუდმივად ტრიალებს. აქციას შეგიძლიათ ამ ჰეშთეგით შეუერთდეთ: #ჩვენგვიყვარსწიგნები.

ფოტოკამპანიის საშუალებით გოგა ჩანადირმა უამრავი თანამოაზრე შემოიკრიბა, დააარსა მკითხველთა კლუბი „ნაგერალა“, აწყობს შეხვედრებს სხვადასხვა სივრცეში და ბავშვებს წიგნებს უკითხავს.

 

პროექტი „ეკვილიბრიუმი“

უკვე სამი წელია, რაც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით სოფლის ბიბლიოთეკები და სკოლები წიგნებითა და კომპიუტერებით მარაგდება. „წიგნი და ინტერნეტი ყველა სოფელს“ – ამ სლოგანმა უამრავი ადამიანი გააერთიანა და პროექტი სახალხო-საგანმანათლებლო მოძრაობად აქცია. მასში ჩართული არიან რიგითი მოქალაქეები, ბიზნესმენები, ხელოვანები. საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვების გზით შესყიდული თუ შემოწირულობებით შეგროვილი წიგნები ეროვნულ ბიბლიოთეკაში იყრის თავს, საიდანაც არა მხოლლოდ საქართველოს რეგიონებში, არამედ უცხოეთშიც ნაწილდება. პროექტი უკვე დაეხმარა 700-ზე მეტ სოფელს საქართველოში და 31 ქალაქს უცხოეთში ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის განახლებაში, ახალი ბიბლიოთეკის, სამკითხველოსა თუ ქართული წიგნის კუთხის გახსნაში, რომელიც, როგორც წესი, კომპიუტერებითაცაა ხოლმე აღჭურვილი.

„ეკვილიბრიუმი – განახლებული სოფლის ბიბლიოთეკები“ რეგიონების განვითარებისათვის უდავოდ მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტია და ის სამართლიანად გახდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დაწესებული ჯილდოს – „წლის საუკეთესო“ – მფლობელი ნომინაციაში – „2015 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა განათლებაში“.

 

საუბრები ესმა ონიანზე

ქომაგობა სუბიექტური რამაა. სიყვარულისა და გულშემატკივრობის ფორმაც მრავალგვარი არსებობს. მსახიობ ნინო კასრაძის იმპროვიზებული საღამოების ციკლი ერთ შემოქმედს უკავშირდება, თუმცა თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ ზოგადად წიგნისა და ხელოვნების პოპულარიზაციად რეგიონებში. პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოებისათვის პოეტისა და მხატვრის – ესმა ონიანის შემოქმედების უკეთ გაცნობის მიზნით თვეში ერთი საღამოს ჩატარებას. ნინო კასრაძე მაყურებელს ერთგვარ მონოსპექტაკლს სთავაზობს, სადაც რეჟისორიც თავადაა და მსახიობიც. ესმა ონიანის (1938-1999) პოეზიის, ესეისტიკისა და მხატვრობის შესახებ საუბრისას ის ხატავს ეპოქას, ავლებს პარალელებს სხვადასხვა მხატვრულ ნაწარმოებთან და ხშირად იმპროვიზაციასაც მიმართავს. ეს საუბრები თეატრისა და მწერლობის ერთიანობის საუკეთესო ნიმუშია და უკვე პოპულარობითაც სარგებლობს. პროექტი, რომლის ინიციატორი და ორგანიზატორი ნინო კასრაძესთან ერთად გამომცემლობა „არტანუჯიცაა“, 2016 წლის შემოდგომაზე დაიწყო და უკვე ხუთ ქალაქსა და დაბაში ჩატარდა. ციკლში ჩაერთო არაერთი საჯარო სივრცე (წიგნის მაღაზია, ბიბლიოთეკა, თეატრი) თბილისში, ხაშურში, ზუგდიდში, თიანეთსა და თელავში და მასზე დასწრება ყოველთვის თავისუფალია.

 

***

საბედნიეროდ, საქართველოში კიდევ მრავალი ადამიანი და ორგანიზაცია იღვწის წიგნიერებისათვის. გამომცემლობები, უნივერსიტეტები, ბიბლიოთეკები სისტემატიურად მართავენ სხვადასხვა ტიპის საჯარო ლექციებს, წიგნის წარდგინებებსა თუ შეხვედრებს ავტორებთან. ეს მათი პირდაპირი მოვალეობაა. მაგრამ ახალგაზრდული ინიციატივები თუ ცნობილი ადამიანების უანგარო წვლილი წიგნის პოპულარიზაციის საქმეში უდავოდ დასაფასებელია. იმედი მაქვს, სხვა აქტივისტებზე სხვა დროს კიდევ მოგითხრობთ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი