პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

„განდეგილის“    სწავლებისათვის

„განდეგილის“   სწავლებისას   ორ  ძირითად   სირთულეს ვაწყდებით: ეს გახლავთ ტექსტის გაგება, რადგან ნაწარმოების სიუჟეტი სხვადასხვა დროსა და სივრცეში ვითარდება და იდეურ-მხატვრული ანალიზი, თუ რისთვის დაწერა ილიამ იგი, რა პრობლემა განიხილა მასში და  როგორ ესახება მწერალს „ გზა ხსნისა“.   წარსული, აწმყო და მომავალი ილიას აზრსა და შემოქმედებაში  ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული.  მწერალი     პოემას იწყებს წარსულით,  „კლდეში შეთხრილი“  გამოქვაბულის აღწერით, სადაც წმინდა მამანი იღვწოდნენ და მათი მოწამებრივი ცხოვრების გამო გამოქვაბულის სიწმინდე იმდენად „სწამს დღესაც ერსა“, რომ  „ნადირსაც,  მუნ შეფარებულს, მონადირეც კი არ ახლებს ხელსა“.  შემდეგ  აწმყოში გადადის  და  გვამცნობს, რომ  წმინდა ალაგი მიუვალია  და „თუ არ ღვთის ღირსი“ იმ გარემოს ვერავინ მიეკარება, „და  თუ  შეჰბედავს, მსწრაფლ რისხვა ღვთისა ჭექა-ქუხილით მოევლინება“. ილია  პოემის დასაწყისშივე წარმოსახავს   თხზულების იდეურ მიმართულებას, კერძოდ, თითქოს ჩვეულებრივად იწყებს ამბის თხრობას  და გვამცნობს, რომ

„ოდესღაც ტაძარს, იმ გაუქმებულს, მეუდაბნოე შეჰკედლებია,

საიქიოსთვის ეს სააქაო დაუთმია და განშორებია.“

მწირს „ხორცი სულისთვის უწამებია“ და მისი ლოცვა-ვედრება ღმერთს უსმენია, სულიერი ღვაწლისათვის შემოქმედს მზის სხივი მოუვლენია. ლოცვის ჟამს მწირი ამ სხივს „თვის ლოცვანს ზედ დააყრდენდა“ და სულის სიწმინდეს ყოველდღიურად ასე ამოწმებდა. სიუჟეტის განვითარების ამ ეტაპზე  ავტორი  მეტად საინტერესო ცნობას გვაწვდის მწირის სარწმუნოებისა და სიწმინდის  შესახებ.  მეთერთმეტე კლასელებს უკვე  შესწავლილი აქვთ „გრიგოლ ხანძთელისა“ და „იოანე და ექვთიმე ათონელების  ცხოვრება “,  მათ მეტ-ნეკლებად იციან, რომ წმინდა მამები არ მიიჩნევდნენ  თავს წმინდანებად, „სიწმინდის შემოწმებაზე“ ხომ   ზედმეტია საუბარი. განდეგილის მოღვაწეობა  მარცხით რომ დამთავრდება, ეს ილიამ ამ მნიშვნელოვანი დეტალით  უკვე გვითხრა და პოემის ძირთადი აზრიცა  და იდეაც სწორედ მცირედმორწმუნეობის  ან არასწორი სარწმუნოების (ცრუმორწმუნეობის) მარცხია და არა განდეგილობისა.  აკაკი ბაქრაძე როგორც ბრძანებდა,  ეს პრობლემა იმდროინდელ საქართველოში   არ არსებობდა.

მართალია, განდეგილის სული განიწმინდა, მაგრამ ყოველივე ამქვეყნიურზე ჯერ არ ამაღლებულა. ამისათვის საჭიროა ძლიერი ცდუნების საშუალებით განწმენდილი სულის გამოცდა.  ამ გამოცდის კეთილად დაგვირგვინებით გამომჟღავნდება  მწირის  სულის სიმტკიცე და ურყეობა იმ გზისა, რომელსაც იგი  სულის ამაღლებისა და ამქვეყნიური ამაოებიდან დახსნის გამო  დაადგა .

საღამო ჟამს განდეგილი გაჰყურებს ჩამავალ მზეს, რომლის ხილვითაც

„წარტყვევნილ იქმნა განყენებული

და ვით ცხოველს ხატს, ღვთის დიდებისას,

შესცქერდა მზესა განცვიფრებული“.

უეცრად ცა მოიღრუბლა, ატყდა ჭექა-ქუხილი. პოემის დასაწყისში ილიამ გვამცნო ასეთი ამინდის მიზეზი. ახლა კი პირიქით ხდება-ცუდი ამინდი და ჭექა-ქუხილი მწყემს ქალს აიძულებს,  გამოქვაბულს მიმართოს. ისე საშინლად გაავდრდა, თითქოს  „ღმერთი სჯის ქვეყანას ცოდვილს დღეს მას საშინელს განკითხვისასა“. ბედის დაცინვას მიაგავს ამ დროს განდეგილის ლოცვა ქვეყნის გადარჩენისათვის. როგორც ვიცით,   „თუ არ ღვთის ღირსი“, გამოქვაბულს  ვერავინ გაეკარებოდა, აქედან გამომდინარე მწყემსი ქალი ღვთის ღირსია  ან უფრო მეტიც………..

განდეგილი შინაგანად გრძნობს, რომ „განსაცდელი რამ“ მოელის. ადამიანის ხმის გაგონებაზე მისი  კითხვა -„ვინა ხარ, კაცი თუ მავნე აქ მოგზავნილი ეშმაკისაგან?“ _მწირის დარღვეული სულიერი სიმშვიდის დამადასტურებელია. განდეგილის შიში კიდევ უფრო მატულობს მაშინ, როდესაც  ქალის ხმას შეიცნობს უცნობის ხმაში:_„შეკრთა, შეშინდა ამა ხმისაგან, ნუთუ აწ ბედმა ქალის სახითა განსაცდელი რამ მას მუვლინა“.

მწირისათვის  ნათელია, რომ ქალის გამოცხადება მასთან ღვთის ნებაა  მისი სულის გამოსაცდელად,  მაგრამ  არ ფიქრობს იმის შესახებ, რომ შესაძლოა საკუთარი ვნებები განცდიდნენ მას, რამეთუ ყველა ვნება „დამარხული და განსვენებული“ ჰგონია;  მისი სული, ჯერ კიდევ ხორცში რომ იმყოფება,  არც ამას ითვალისწინებს ხიბლის  წყალობით  დაბრმავებული  მოღვაწე. ხიბლი _კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სულიერი დაავადებაა, რომელშიც ქართველი ერი იმყოფებოდა (და სამწუხაროდ დღესაც ვიმყოფებით). „განდეგილის“ სრულყოფილად შესწავლისთვის  ამ პრობლემის ახსნა-განმარტებასაც  გარკვეული დროის დათმობა ესაჭიროება.

დავუბრუნდეთ „მწყემს ქალს“, იგი იწყებს ამბის თხრობას, თუ როგორ გაიტაცა ბუნების მშვენიერებამ და ჩამავალი მზის ხატებამ: „შევხედე თუ არ იმ მზეს, იმ ცასა, გავშტერდი, ვეღარ მოვსხლიტე თვალი. ღვთის სახესავით, გარს შუქმოსხმული,  მთის წვერზედ დიდი  მზე ბრწყინვალებდა“.

განდეგილისათვის ქალი სულგანუწმენდელია, რადგან ერში ცხოვრობს, მისი სული კი განწმენდილი, მაშ რატომ ან როგორ აღიქვამს  ორივე ადამიანი მზეს ღვთის სახედ?!  ამ კითხვას ილია არ სვამს, სამაგიეროდ ქმნის მისი გაჩენის რეალურ შესაძლებლობას, რაც გამორიცხავს განდეგილის მიერ იგივე კითხვის შეუცნობლობას;  სწორედ ამან გააორა მწირის  სული.

ქალის კითხვას _„მოშორდი და აქ სულ მარტოკა ხარ?“_ მწირი პასუხობს: „შენვე სთქვი, სხვა ვინ მოხედავს ქვეყნით, ერთს დავიწყებულს და განდეგილს მწირს“_ ამ სიტყვებით განდეგილის წუხილი,  წუთისოფლის უარყოფით გამოწვეული,  ჯერ კიდევ გაუცნობიერებელია, ხოლო , როდესაც ამბობს: „ასეთი არის ჩანს ნება ღვთისა“  _ამით უკვე აშკარად ამჟღავნებს რწმენის არამდგრადობას.  უდიდეს შინაგან მღელვარებასა და სულიერ გაორებას  მწირი შემდეგი  სიტყვებით  აცნობიერებს: „გზა ყველგან არის…  ხოლო გზა  ხსნისა  ასეთი მერგო მე… უბედურსა…“

გაორებულ, რწმენაშერყეულ სულს არ ძალუძს ცდუნებაზე გამარჯვება, ხოლო მარცხის შემთხვევაში სინანული და სასოება. ამიტომ შერისხა ღმერთმა განდეგილის სული: „მივარდა ლოცვანს,  დააყრდნა სხივზედ და ეჰა, სხივმა არ დაიჭირა.“

პოემის სრულფასოვნად შესასწავლად ასევე საჭიროა ბავშვებმა გაიაზრონ  მწყემსი ქალის  მხატვრული სახე-სიმბოლო. ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, მის პროფესიაზე უნდა ვისაუბროთ.  მწყემსობა ქალის პროფესია არაა. მწყემსი სახარებისეული სახე-სიმბოლოა.  შესაძლოა იმ მწყემსს, რომელიც განდეგილს ესტუმრება,  ქალის სახე ჰქონდეს, მაგრამ სულაც არ იყოს ქალი. წმინდა მამათა ცხოვრებიდან  ვიცით,  ანგელოზები  ან დემონები სხვადასხვა სახით როგორ ეცხადებოდნენ მათ, გლახაკის შესამოსელით სამგზის როგორ ესტუმრა მაცხოვარი ერთ დედაკაცს, ასე რომ,  მხოლოდ ერთ  კონტექსტში  მწყემსი ქალის მხატვრული სახის განხილვა, ჩემი აზრით, შეუძლებელია, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ქალი თავს „მამის ურჩს“ უწოდებს და დასძენს,  რომ,  მიუხედავად „ცხვარის“ დაკარგვისა, მამა ყველაფერს აპატიებდა, ოღონდ ის „უვნებელი“ ენახა. ამ შემთხვევაში „უძღები შვილის“ სახე-სიმბოლოთაც შეიძლება მოვიაზროთ იგი. (ამ დეტალთან დაკავშირებით ბავშვებს ვეუბნები, რომ ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა და მას თავზე არავის  ვახვევ.  შესაძლოა, ილიას ეს აზრადაც არ მოსვლია პოემის წერის პროცესში, მაგრამ მამის ურჩობა და ქონების დაკარგვა ის ორი ფაქტორია, რომლითაც მწყემსი ქალი ნამდვილად ჰგავს უძღებ შვილს) ვფიქრობ, სწორედ მისი საშუალებით აცნობიერებინებს მწერალი მწირის სულის ცხონებისათვის არჩევანის მცდარობას, ნაკლებმორწმუნეობასა  და ხიბლს,  რომლიდანაც მარცხის გარეშე  გამოსვლა თითქმის შეუძლებელია. სამწუხაროდ სწორედ ესაა ილიასდროინდელი საქართველოს აწმყო:

„და იქ სად წმინდანთ უდიდებიათ

ღმერთი მსჯავრის და ჭეშმარიტების,

იქ, სად უწირავთ უფლისა მიმართ

მსხვერპლი ქებისა და ღაღადების,_

აწ შორის ნანგრავთ და ნატამალთა

მარტო ქარიღა დადის და ქშუის,

და გამომფრთხალი ჭექა-ქუხილით

მუნ შეხვეწილი ნადირი ღმუის“……

 

რაც შეეხება მომავალს, ჯერ კიდევ 1872 წელს  ილია წერდა:

„ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!…

აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია,“

თითქმის ათი წლის შემდეგ1883 წელს წერს  „განდეგილს“  და ის მომავალი, რომელიც უნდა რომ  მის საყვარელ ქვეყანას ჰქონდეს, სამწუხაროდ  ჯერ კიდევ არსად ჩანს.

ამიტომ  გააშიშვლა  ადამიანის სული ილიამ თავის პოემაში და მისი  ურთულესი ბუნება გვიჩვენა. თუმცა, ეს ისე ღრმად მოათავსა ტექსტში, როგორც თავად ადამიანის სული- ღრმა და ძნელსაწვდომი.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. აკაკი ბაქრაძე – „მწერლობის მითვინიერება“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი