სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

განათლება, თანმიმდევრულობა და ისევ ის დარდი

სიტყვა „თანმიმდევრულობა“ ოქსფორდის ონლაინ ლექსიკონში ასეა განმარტებული: დროთა განმავლობაში ერთგვარად მოქმედება ან კეთება, განსაკუთრებით – სამართლიანობისა და სიზუსტის თვალსაზრისით; დროთა განმავლობაში უცვლელი ბუნება, სტანდარტი ან ეფექტი; ის, რაც არ შეიცავს ლოგიკურ წინააღმდეგობებს.

მრავალი ექსპერიმენტი მოწმობს არათანმიმდევრულობის დამღუპველ შედეგებს ცხოველთა ქცევის შეცვლის მიზნით ჯილდოსა და სასჯელის გამოყენების დროს. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ფსიქოლოგ ნორმან მაიერის კლასიკური ექსპერიმენტი. მაიერი აჯილდოებდა ვირთხას, თუ ის პლატფორმიდან იმ კარისკენ გადახტებოდა, რომელზეც ოთხკუთხედი ეხატა. კარი იღებოდა და ვირთხა მის უკან მოთავსებულ საჭმელს იღებდა ჯილდოდ. თუ ვირთხა პლატფორმიდან იმ კარისკენ გადახტებოდა, რომელზეც სამკუთხედი ეხატა, მაიერი სჯიდა ცხოველს – კარი არ იღებოდა, ვირთხა მას ცხვირით ეჯახებოდა და შემდეგ საკმაოდ დიდი სიმაღლიდან ბადეზე ეცემოდა. ამგვარად, ვირთხა „სწავლობდა“ ოთხკუთხედისა და სამკუთხედის გარჩევას – ეს იყო მარტივი ექსპერიმენტი პირობითი რეფლექსის ჩამოყალიბებაზე.

შემდეგ მაიერმა გადაწყვიტა, „არათანმიმდევრული“ ყოფილიყო ჯილდოსა და სასჯელის გამოყენებისას. ის გამიზნულად ცვლიდა პირობებს ნახატის შემთხვევითი (უსისტემო) შერჩევის გზით. ზოგჯერ ოთხკუთხედი იმ კარზე ეხატა, რომლის უკანაც საკვები იდო, ზოგჯერ კი იმაზე, რომელიც არ იღებოდა.

რა მოუვიდათ ვირთხებს? ისინი „ნევროზულები“ გახდნენ; ზოგიერთს კანის დაავადება გაუჩნდა, ზოგი კატატონიურ მდგომარეობაში ჩავარდა, ზოგი უგონოდ და უმისამართოდ დარბოდა გალიაში, ზოგი სხვა ვირთხებს გაურბოდა, ზოგი აღარ ჭამდა. მაიერმა არათანმიმდევრულობით ვირთხებში „ექსპერიმენტული ნევროზი“ გამოიწვია.

ჯილდოსა და სასჯელის გამოყენებისას არათანმიმდევრულობის შედეგები შესაძლოა ასეთივე დამღუპველი აღმოჩნდეს ადამიანისთვისაც. არათანმიმდევრულობა არ გვაძლევს „სწორი“ (დასაჯილდოებელი) ქცევის დასწავლისა და „არასასურველი“ (დასასჯელი) ქცევის თავიდან აცილების შესაძლებლობას. ჩვენ ვერ ვხედავთ გამარჯვების გზას. შედეგად იმედი გვიცრუვდება, ვიბნევით, ვბრაზობთ და ნევროზულები ვხდებით.[1]

მცირე ხნის წინ მეგობრის პოსტი ვნახე ფინურ განათლების სისტემაში რევოლუციური რეფორმის შესახებ, ჰოდა, კიდევ ერთხელ დამწყდა გული…

არ ვიცი, შესწავლილია თუ არა, რა შედეგები მოჰყვება არათანმიმდევრულობას ისეთ სფეროში, როგორიც განათლებაა. ვფიქრობ, სახარბიელო არაფერი. ახსნა ადვილია: თუ ეკონომიკური კუთხით შევხედავთ, განათლება წარმოების პროცესად შეიძლება განვიხილოთ, რომლის შედეგი/პროდუქტი – განათლებული ადამიანი – სხვა პროდუქტივით სწრაფად ვერ იქმნება. თუ ნებისმიერი უახლესი და ურთულესი მოდელის ტექნიკაც კი რამდენიმე საათში შეიძლება ააწყო, განათლებული ადამიანის “წარმოებას” წლები სჭირდება. აქ საქმე თაობათა ღირებულებების, პრინციპების, ცხოვრების წესის ჩამოყალიბებასთან, ერთი სიტყვით, გაადამიანებასთან გვაქვს და გაუაზრებელი, ნაჩქარევი ცვლილებები სარისკოა როგორც წარმოებაში ჩართული ადამიანებისთვის, ისე პროდუქტის მომხმარებელთათვის. არადა, ბოლო რამდენიმე ათწლეულია, სულ ასეთ ცვლილებებში ვართ.

ცოდვა გამხელილი ჯობია – ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლის მიერ კრედიტების დაგროვების წესის ბოლო ვერსია არ წამიკითხავს. ვიფიქრე, რამდენიმე დღეში, კვირაში ან თვეში განახლებულის წაკითხვა მომიწევს და ბარემ დაველოდები–მეთქი. ცხადია, ამგვარი დამოკიდებულების მიზეზი ისიც იყო, რომ ეს ყველაფერი პირდაპირ არ მეხება – სკოლაში არ ვმუშაობ. წარმოვიდგინე, რომ მემუშავა…

მივხვდი, თავს საშინლად ვიგრძნობდი, თუ:

მეცოდინებოდა, რომ ჩემი როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტის მწარმოებლის აზრი არავის აინტერესებს;

ხელისუფლების ცვლა პირდაპირ კავშირში იქნებოდა ჩემი სამუშაოს „რა“ და „როგორ“ კითხვებზე პასუხის ძირფესვიან ცვლასთან;

ხელისუფლებას მხოლოდ არჩევნების მოახლოებისას მოვაგონდებოდი;

წლების განმავლობაში ცუდი პროდუქტის მწარმოებელს სამსახურიდან „ნუ იქნება ოღონდ ბუნტი“–ს შიშის გამო არ გამიშვებდნენ;

ჩემს შვილს არასოდეს მოუნდებოდა ჩემი გზის გაგრძელება;

ხმის ჩახლეჩამდე საათების აღება დამჭირდებოდა, რომ ჩემს ხელფასს ხელფასი რქმეოდა;

ხმაჩახლეჩილი და არაქათგამოლეული „ისე რა“ გაკვეთილებს ჩავატარებდი და მუდმივი დარდის მიზეზად მოსწავლეთა ჩამქრალი თვალები მექნებოდა;

ხმაჩახლეჩილს და არაქათგამოლეულს, არათუ პროფესიული, მხატვრული ლიტერატურის წაკითხვაც აღარ შემეძლებოდა/მომინდებოდა;

ნამდვილი პროფესიული დიალოგის ნაცვლად სფეროს ხელმძღვანელებთან შეხვედრები პოპულისტური გულის ფხანა იქნებოდა;

ამ ჩაკეტილი წრიდან სინათლის მბჟუტავი სხივიც არ ეჩანებოდა…

[1] გორდონი თ. (2014).  როგორ გავხდე კარგი მშობელი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, გვ. 196. თბილისი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი