პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

კალეიდოსკოპის აღმოჩენების ცენტრი, ანუ რეცეპტები ცვლილებებისთვის

როლა პატარა საუნივერსიტეტო ქალაქია – სულ ოცი ათასი ადამიანი ცხოვრობს და მოსახლეობის მესამედი ან სწავლობს, ან ასწავლის მისურის მეცნიერებათა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში. ამიტომ აქაურ მშობელთა უმეტესობას კარგად ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია მოზარდთა ტექნოლოგიური და საინჟინრო განათლება დღეს, როცა მომავალს სულ უფრო მეტად ქმნიან მანქანები და ალგორითმები. ვინაიდან ტექნოლოგიური, საინჟინრო და კომპიუტერული სფეროები ძალიან სწრაფად ვითარდება, ტიპური საჯარო სკოლებისთვის ძალიან რთულია ასეთივე სისწრაფით სასკოლო პროგრამის განვითარება. შესაბამისად, ამგვარი განათლებისთვის მნიშვნელოვანია კლასგარეშე აქტივობებისა და კლუბების არსებობა.

ამერიკის დიდ ქალაქებში ამ მხრივ უზარმაზარი შესაძლებლობებია: სამეცნიერო ცენტრები და საბავშვო მუზეუმები (იხ. „ჯადოსნური სამყაროს საწყისები“ https://mastsavlebeli.ge/?p=1903), სამეცნიერო-საჩხირკედელაო ბაზრობები (MakerFaire – იხ. სტატია), სასკოლო რობოტიქსის კლუბები და უნივერსიტეტებში არსებული საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ორგანიზაციები, ფაბლაბები და  Makerspace ტიპის საინჟინრო სივრცეები საშუალო სკოლის მოსწავლეებს სთავაზობენ ფასიან და უფასო, ერთდღიან და ერთწლიან, საშაბათო და საზაფხულო კლასებსა თუ ბანაკებს.

ხუთი წლის წინ რამდენიმე დაინტერესებული მასწავლებელი და მშობელი მიხვდა, რომ როლა ასეთ შესაძლებლობათა სიმრავლით ვერ დაიკვეხნიდა. შეიკრიბნენ, შექმნეს 30-კაციანი საბჭო ადგილობრივი პროფესორების, მასწავლებლებისა და საჯარო მოხელეების შემადგენლობით. გადაწყვიტეს, რომ როლას აუცილებლად სჭირდება ერთგვარი სამეცნიერო-საბავშვო მუზეუმი და ამ პროცესის დასაწყებად, საჭიროებების პირველადი შეფასებისთვის საჭირო იყო ექსპერტის მოწვევა. ექსპერტის მოწვევა 40000$ ჯდებოდა, ეს ფული საბჭოს ჯერ არ ჰქონდა და მუზეუმის შექმნა გაურკვეველი ვადით გადაიდო.

განხილვას მარტინა ბაურიც ესწრებოდა, სამი შვილის დედა, რომლებსაც განათლებას შინ აძლევდა და ძალიან ბევრ ადგილობრივ საგანმანათლებლო ინიციატივაში იყო ჩართული. მარტინამ კარგად იცოდა, რომ მუნიციპალიტეტი კიდევ დიდხანს არ გამოყოფდა ექსპერტისთვის ამხელა თანხას. ისიც იცოდა, რომ ფულის მოძიების შემთხვევაშიც ექსპერტის დასკვნაც დიდხანს დარჩებოდა თაროზე. ამიტომ დაუკავშირდა თავისნაირ აქტიურ მშობლებს და დაიწყეს ზრუნვა საწყისი პროგრამების დაგეგმვაზე. როგორც მარტინა იხსენებს, „კალეიდოსკოპის აღმოჩენათა ცენტრი“ თავიდან მხოლოდ ვირტუალურად არსებობდა, ვებსაიტზე, რომელიც თავად შექმნა.

– იცოდი ვებსაიტის გაკეთება? ვკითხე გაოცებულმა.

– არა, მაგრამ რა მოხდა მერე, – გაეცინა.

– უამრავი პროგრამა არსებობს, რომელშიც მარტივი ვებსაიტის შექმნა შეიძლება, ვიდეოს ვუყურე, ვისწავლე, დომეინი კი სულ იაფად ვიყიდე; რაღაცით ხომ უნდა მომეზიდა მშობლები, რეკლამა გამეკეთებინა.

პირველი პროგრამისთვის ლაურა ანტოლაკმა 800 დოლარი გაიღო, რითაც 10 ცალი ლეგოს „მარტივი მექანიზმების“ ნაკრები შეიძინეს, მოხალისე სტუდენტები და მასწავლებლები მოძებნეს და ადგილობრივი სათემო ცენტრის მიერ გამოყოფილ პატარა ოთახში იმავე ზაფხულს მარტივი მექანიზმების ათი ერთკვირიანი კურსი ჩაატარეს 6-9 წლის ბავშვებისთვის. კვირაში 5-დღიან, დღეში 2-საათიან კურსში ყველა მშობელი სიხარულით იხდიდა 25 დოლარს. ასზე მეტი ბავშვი მოვიდა და ზაფხულის ბოლოს უკვე შემდეგი პროგრამისთვის საჭირო ფული დაგროვდა. სექტემბრიდან ლეგოს გუნდები შექმნეს Junior FIRST Lego League შეჯიბრებისთვის – ექვსი ბავშვისგან შემდგარი 16 გუნდი სექტემბრიდან აპრილამდე იკვლევდა შეჯიბრების თემას, აკეთებდა საგამოფენო დაფას, სწავლობდა მარტივი მექანიზმების მოქმედებას და ქმნიდა ლეგოს მოტორიზებულ მოდელს. გუნდები საკუთარ სკოლებში იკრიბებოდნენ გაკვეთილების შემდეგ, მწვრთნელებად კი მოხალისე მშობლები მარტინას და ლაურას ინსტრუქციებით მუშაობდნენ. შემდეგი პროგრამა უახლოესი დიდი ქალაქიდან გადმოიტანეს – გაძლიერებული მათემატიკის პროგრამა დაინტერესებული მეხუთე-მეცხრე კლასელებისთვის. პროგრამისთვის აუდიტორია უნივერსიტეტმა გამოყო, სწავლებაში ადგილობრივი მასწავლებლები ჩაერთნენ.

პროგრამების რაოდენობის ზრდას მოხალისეთა რაოდენობის ზრდაც მოჰყვა. უნივერსიტეტმა და ადგილობრივმა ტექნიკურმა ინსტიტუტმა ცენტრს ძველი კომპიუტერები, ელექტრონული ნაკრებები, წინა თაობის რობოტიქსის მასალები აჩუქეს, რომლებიც სასწავლად მაინც გამოდგებოდა. ამიტომ მალე დადგა ერთიანი სივრცის საკითხი. აქ ძალიან გაუმართლათ – ქალაქის ცენტრში უიაფესად იყიდებოდა ორსართულიანი შენობა, რადგან საშინელ მდგომარეობაში იყო.

„შიგნით რომ შევედი, შემეშინდა, – იხსენებს მარტინა, – მაგრამ ბევრ პროგრამაში ვყოფილვარ მოხალისე და ვიცოდი: ვერავინ დაგვეხმარებოდა მთელი შენობის გარემონტებაში, მაგრამ თითო ქილა ზედმეტ საღებავს ყველა მოძებნიდა საკუთარ გარაჟში. თითო ზედმეტ საათსაც გამონახავდა“.

შენობა ერთმა ქველმოქმედმა შეიძინა და უსასყიდლოდ გადასცა ცენტრს. მარტინამ და მისმა მეგობრებმა მაშინვე ყველგან გაავრცელეს თხოვნა და ვისაც შეეძლო – მოსახლეობამ თუ ორგანიზაციამ, ყველამ იპოვა ზედმეტი ქილა საღებავი, ფიცარი, ძველი მაგიდა თუ სკამი საწყობსა თუ გარაჟში. ამის შემდეგ დაიწყო შენობის შეკეთება ნაწილ-ნაწილ, რომელიც უკვე სამი წელია, გრძელდება და ჯერ არ დასრულებულა – ერთ შაბათ-კვირას ერთი სტუდენტური ორგანიზაცია მოვა და ერთ ოთახში იატაკს დააგებს, მეორე შაბათ-კვირას სხვა ორგანიზაცია კედლებს შეღებავს, უფროსკლასელები მაგიდებს დაჭედავენ, რამდენიმე მშობელი მუნიციპალიტეტისგან საჩუქრად მიღებულ ძველ კარადებს შეაკეთებს, ტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტები ელექტროობას გაიყვანენ.

მთელი ქალაქის ასეთი შრომის, მოხალისე სტუდენტებისა და მშობლების ჩართულობის შედეგია ის, რომ დღეს კალეიდოსკოპის აღმოჩენათა ცენტრი 5-დან 17 წლამდე ბავშვების მეორე სახლია: აქ იკრიბება დაწყებითი სკოლის ლეგოს 15 გუნდი, საშუალო სკოლის რობოტიქსის 5 გუნდი, უფროსკლასელთა რობოტიქსის 4 გუნდი; „მომავლის ქალაქის“ შეჯიბრისთვის და სამეცნიერო ოლიმპიადისთვის აქ ემზადებიან; მთელი წლის მანძილზე უამრავი უფასო და დაბალფასიანი პროგრამა მოქმედებს: მაინკრაფტით პროგრამირების სწავლა, სამგანზომილებიანი მოდელირება და ბეჭდვა, ბიოლოგიური მოდელები, ატრაქციონების ფიზიკა, რობოტიქსი ყველა ასაკისთვის, არქიტექტურის საწყისები, სამშენებლო ინჟინერია, მუსიკისა და ხატვის გაკვეთილები, რადიოელექტრონიკა და ორიგამების გეომეტრია. ამ პროგრამების დიდი ნაწილი საგანმანათლებლო გრანტებით ხორციელდება, მასწავლებლებად კი სტუდენტები ან მშობლები ერთვებიან, მათ შორის მეც – ლეგოს რობოტიქსის ერთ-ერთი გუნდის მწვრთნელი ვარ. ზაფხულში რობოტიქსის ბანაკსაც ვხელმძღვანელობ და ორშაბათობით – GirlBots-პროგრამასაც, რომლის მიზანია სხვადასხვა ასაკის გოგონების ინჟინერიითა და რობოტიქსით დაინტერესება.

მარტინას და ლაურას შემდეგი მიზანი კალეიდოსკოპის აღმოჩენათა ცენტრში საჩხირკედელაო სივრცის შექმნაა – ერთგვარი Makerspace, ფაბლაბის, სადაც უფროსკლასელები შეძლებენ საკუთარი პროექტების რეალურ განხორციელებას სხვადასხვა კომპიუტერულ დაზგებსა და დანადგარებზე. დარწმუნებული ვარ, სულ ორიოდე წელიწადში ამ პატარა ქალაქში ასეთი მნიშვნელოვანი სივრცეც გაჩნდება – მარტინამ ხომ კარგად იცის რეცეპტები ცვლილებებისთვის, რომელთაც მხოლოდ ყოველი ჩვენგანის გარაჟში ნაპოვნი ზედმეტი ქილა საღებავი და კვირაში ორიოდე საათი სჭირდება, და არა 40 ათას დოლარად ღირებული ექსპერტული შეფასება.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი