პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მუსიკალური ენის საიდუმლო: მელოდიის ტიპები

საინტერესოა, რა ესმის ბავშვს მუსიკის მოსმენისას, როგორ აღიქვამს მას. მუსიკალური ბგერების სამყარო ხომ ძალზე რთულია. როგორ გავაგებინოთ მოსწავლეს დაწყებით ეტაპზე მუსიკის განსაკუთრებულობა? მაგალითად, ბგერა და მისი მახასიათებლები (სიმაღლე, გრძლიობები, სიძლიერე, შეფერილობა), მეტრი, რიტმი, ტემპი, მელოდია და აკომპანემენტი, ფაქტურა, შტრიხები და ა.შ.

 

წინა წერილში მუსიკალური გამომსახველობის საშუალებებს შორის უმთავრესი კომპონენტი – მელოდიის მნიშვნელობა და მისი სახეები მიმოვიხილე. ამჯერად მელოდიის ტიპებზე ვისაუბრებ.

 

 

ვოკალური მუსიკის გაცნობისას ვხვდებით მელოდიის განსაკუთრებულ ფორმას, სადაც მთავარი როლი მუსიკალურ გამღერებას ენიჭება, ხოლო სიტყვები მეორე პლანზე ინაცვლებს. როგორც წესი, ამგვარ მღერად და გრძელ მელოდიებს მუსიკოსები ფართო სუნთქვის მელოდიას  – კანტილენას (canto – მღერა) უწოდებენ. მისი მნიშვნელობა მომდინარეობს შუასაუკუნეების მუსიკალურ-პოეტური ჟანრის სახელწოდებიდან.

კანტილენა ჩვენს წარმოდგენაში მელოდიის ნელ ტემპში დიდ სუნთქვაზე შესრულების ასოციაციას ჰქმნის, სადაც მთელი ყურადღება გახანგრძლივებული მუსიკალური ტონის ექსპრესიაზეა გამახვილებული. ერთი მარცვლიდან მეორეზე, ერთი ნოტიდან მეორე ნოტზე გადასასვლელად საჭიროა ბიძგების გარეშე ხმის ისე გაჭიმვა, თითქოს ბგერათა მთელი ეს „აცმა“ მხოლოდ ერთ სწორ და ხანგრძლივ ბგერას წარმოადგენდეს. ყველა ბგერას მკაცრად უნდა ჰქონდეს შენარჩუნებული საერთო ტემბრი, სიძლიერე და ბგერის ხარისხი.

კანტილენური მღერა ვოკალური მუსიკის საფუძველს წარმოადგენს, ხოლო მისი ტექნიკურად ფლობა – ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ჩვევას პროფესიონალ ვოკალისტთა შორის და დღემდე წარმატების საწინდრად მიიჩნევა. Legato (გადაბმით შესრულება) კანტილენური სიმღერის ძირითადი შტრიხია.

კანტილენა რეჩიტატივის საპირისპიროა. რეჩიტატივში ყოველ მარცვალს ერთი ნოტი შეესაბამება, ხოლო კანტილენისთვის დამახასიათებელია მარცვლოვანი გამღერებები, სადაც ერთი ხმოვანი შესაძლოა 5-6 სხვადასხვა ბგერაზე გამღერდეს. მუსიკალური ფრაზები ტექსტის ფრაზებს შეიძლება არ დაემთხვეს, ხშირად ისინი ერთიდან მეორეში შეუმჩნევლად გადადის და  მელოდიის „უსასრულობის“ შთაბეჭდილებას ქმნის.

 

განვიხილოთ ზემოხსენებული ვოკალური მუსიკის საინტერესო ფორმა, რომელიც ბუნებრივი მეტყველებისკენაა მიდრეკილი. ის სალაპარაკო მეტყველების სიმღერისკენ მიმავალი გზის პირველი საფეხურია. ამგვარი „მუსიკალური მეტყველების“ წარმოშობის ხანის დადგენა შეუძლებელია. ის იმ დროიდან არსებობს, რა დროიდანაც ადამიანები ლაპარაკობენ და მღერიან. ამგვარ მეტყველებას მუსიკოსები რეჩიტატივს ვუწოდებთ.

რეჩიტატივი არის მელოდიის განსაკუთრებული ტიპი. მასში მუსიკალური ინტონაცია სიტყვებს ემორჩილება. მელოდიაში გაბმული ბგერები არ გვხვდება. თვით სიტყვა „recitare“ ლათინურია და ხმამაღლა კითხვას, დეკლამაციას ნიშნავს, ანუ, როცა ნახევრად მღერი და ნახევრად ლაპარაკობ. მაგალითად, ის გამოიყენება საოპერო მუსიკაში. რეჩიტატივს გამომსახველობითი თვალსაზრისით თუ დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ სწორედ ის განაპირობებს გმირის ემოციურ მდგომარეობასა და განცდებს, რის გამოხატვაც მელოდიური ხერხებით შეუძლებელია. რეჩიტატივი სამი სახისაა (secco, a tempo და არიოზული მღერადობა) და ხშირად, შერწყმული სახით, ერთიმეორის მონაცვლეობით გამოიყენება. მუსიკაში საყოველთაოდ მიღებული კანონების (რიტმისა და მელოდიის) მიმართ რეჩიტატივის დაუმორჩილებლობის მიუხედავად, მაინც არსებობს წესები, რომლებიც ამ ჟანრის მუსიკალურ ნაწარმოებთან ჰარმონიულ თანაარსებობას უზრუნველყოფს.

 

 

ტექსტის გარეშე, ხმისთვის განკუთვნილი ნაწარმოები (სოლო თუ ინსტრუმენტული თანხლებით) განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ვოკალურ მუსიკაში. ხშირად, ალბათ, ვერც კი ვამჩნევთ, როგორ ვასრულებთ ვოკალიზებს. რომელიმე ხმოვანზე სხვადასხვა უსიტყვო მელოდიებს ვმღერით და წარმოდგენაც არ გვაქვს, რომ ეს არის ვოკალური მუსიკის ერთგვარი ფორმა, რომელიც განკუთვნილია სიმღერისთვის სიტყვების გარეშე. ის ცნობილია ვოკალიზის (vocalise) სახელწოდებით, როგორც „უსიტყვო სიმღერა“ და სრულდება ხმოვან ბგერაზე ან მარცვალზე. ამ ჟანრის დახასიათებაში ძირითად დასახელებასთან ერთად სხვა აღნიშვნაც გვხვდება, მაგალითად, „ეტიუდი“. ეს შედარება, რასაკვირველია, სამართლიანია, ვინაიდან მათ მსგავსი ფუნქციები გააჩნიათ. შემსრულებლის ხმისა და სმენის განვითარებასა და ტექნიკურ დაოსტატებაში ორივე მათგანი სასწავლო ხასიათს ატარებს.

პედაგოგიკური მიზნებისთვის ფართოდ გამოყენებული ვოკალიზი მხატვრული თვალსაზრისით თანდათან პიესის სახით განვითარდა. ხმა აქ გვევლინება, როგორც განუმეორებელი ტემბრის მქონე ინსტრუმენტი. ვოკალიზი გათვალისწინებულია პროფესიონალ შემსრულებლებზე, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი ხმის სილამაზისა და ბრწყინვალე ტექნიკის დემონსტრირება.

საჭიროა კი ასეთი გამომსახველი და დიდი გემოვნებით „აწყობილი“ მელოდიისთვის სიტყვები? როგორც ჩანს, სერგეი რახმანინოვი მათ ზედმეტად მიიჩნევდა, როდესაც ერთი ცნობილი მომღერლისადმი მიძღვნილ ნაწარმოებს თან ამ შინაარსის ბარათს ურთავდა: „თქვენი ხმითა და შესრულებით გაცილებით მეტს გამოხატავთ, ვიდრე ვინმე სხვა – სიტყვებით“.

 

ამ ვიდეოჩანაწერის ნოტებს თვალს სწრაფად თუ გადავავლებთ, მეთექვსმეტედების სიმრავლისა და პუნქტირული რიტმის ფიგურაციების გამო, „ვოკალიზი“ სწრაფი და ენერგიული მოგვეჩვენება. სინამდვილეში ტემპი ამ „უსასრულო“ მელოდიაში ძალზე ნელია. აქ ყოველი ფრაზა არამყარი აკორდით სრულდება და ვინაიდან მელოდიაში სიმყარე არ შეიგრძნობა, დასასრულიც არ ჩანს. სწორედ ამიტომ გვეჩვენება მელოდია „უსასრულო“.

 

არსებობს მელოდიის ინსტრუმენტული ტიპიც. ასეთი მელოდიები, ძირითადად, საკრავებზე შესასრულებლადაა განკუთვნილი. მოცემულ მაგალითში მელოდია უსწრაფესი, თავბრუდამხვევი სიჩქარით მიჰქრის.

ინსტრუმენტული ტიპის მელოდია ხასიათდება ვირტუოზულობით, რთული რიტმული მონახაზებით, მაღალი რეგისტრითა და უსწრაფესი ტემპით, რის გამოც, უმეტესწილად, მათი გამღერება თითქმის შეუძლებელი ხდება. თუმცა ყოველთვის არსებობენ გამონაკლისები.

ჩვენ გავეცანით ვოკალური მელოდიის ძირითად ტიპებს. იმედია, ამიერიდან ნაწარმოებებში მელოდიის სახეების ამოცნობა აღარ გაგვიჭირდება.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი