პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

Maker Faire – ჩხირკედელების ბაზრობა თუ მომავალი სამყაროს ნაწილები

სამი-ოთხი წელია 11 წლის გიოს გავლენით ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ქიმიურ და ფიზიკურ ექსპერიმენტებს, რობოტიქსს და ელექტრონიკას უჭირავს. გასართობად მეტწილად სამეცნიერო მუზეუმებში და ცენტრებში დავდივართ.  ამიტომ უყოყმანოდ გადავწყვიტეთ Maker Faire-ზე წასვლა, რომელიც ჩვენი ქალაქიდან 350 კილომეტრის დაშორებით, კანზას-სიტიში ტარდებოდა. Maker Faire-ს შესახებ პირველად ნინო დვალიძისგან გავიგე, როცა ფეისბუქმეგობრებს რჩევა გვკითხა სახელწოდების თარგმანის შესახებ. Maker ხომ ჩხირკედელაა, ანუ ჩხირკედელათა ბაზრობა-მეთქი, დაუფიქრებლად მივწერე. არა, ეს გაცილებით მეტიაო, მიპასუხა. ნინო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეა და უკვე რამდენიმე წელია, საკუთარ გუნდთან ერთად ცდილობს საქართველოში სამეცნიერო ღონისძიებებისა და კლუბების დანერგვას, რომელთა შორისაა ყოველწლიური სამეცნიერო პიკნიკი, ახალგაზრდა გამომგონებელთა კლუბი და სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია „ფაბლაბი“. სწორედ მაშინ მოვიძიე ინფორმაცია და ამ წინადადებას წავაწყდი: „ხელოვნების, ხელოსნობის, ინჟინერიის, სამეცნიერო პროექტებისა და თვითნაკეთობების დღესასწაული“.

Maker Faire-ს წამოწყებას ბიძგი ამერიკული ჟურნალი Make-ს, ანუ „შექმენის“ გამოსვლამ მისცა. ჟურნალის აუდიტორია უნდა ყოფილიყო თემი, რომელიც სახლში ჩხირკედელაობდა, თავად ქმნიდა საგნებს თუ ექსპერიმენტებით ერთობოდა – DIY (Do It Yourself – დაამზადე თავად) მოყვარულები. ჟურნალი მალევე გახდა პოპულარული, პირველი Maker Faire ბაზრობა 2006 წელს ჩატარდა. 2014 წელს კი უკვე მილიონი ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში 130-ზე მეტ დიდ და პატარა ბაზრობა-გამოფენაში მონაწილეობდა.

Maker, ანუ შემქმნელი არ არის უბრალოდ ხელმარჯვე ოსტატი ან ხელოსანი. ის ფეხდაფეხ მიჰყვება და ხშირად წინ უსწრებს თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს. ამ მოძრაობის გავრცელება ხელს უწყობს სხვადასხვა ინოვაციური იდეების წარმოშობას, ინჟინერიის, ინდუსტრიული დიზაინისა და ტექნოლოგიური განათლების განვითარებას. მოძრაობის ბევრი მიმდევარი, ასე ვთქვათ, ჩხირკედელა, ხშირად უბრალოდ ერთობა, სამოყვარულო დონეზე სწავლობს და ქმნის, მაგრამ მათი ერთობლივი გართობა ბადებს ახალ პროდუქტებსა და ახალ კომპანიებს. ამ ტიპის კლუბებში იზრდებიან მომავალი გამომგონებლები, ინჟინრები და მეცნიერები.

რაც შეეხება კანზას-სიტის ბაზრობა-გამოფენას, გაცვეთილ ფრაზას გამოვიყენებ -„ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა“… ალბათ ასჯერ. კანზას-სიტის ყოფილი რკინიგზის სადგურის უზარმაზარი შენობა, რომელიც ახლა კაფეებს, სამეცნიერო მუზეუმს და პლანეტარიუმს უჭირავს, მთლიანად შეევსოთ ადამიანებს და რობოტებს. შენობის ეზო დახლებს, საბავშვო ექსპერიმენტების და კონსტრუქტორების კუთხეებს ეკავა, შემოღობილ სივრცეებში ხელნაკეთი მექანიკური და ელექტრონული მანქანები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. თვალებანთებული ბავშვები ხან სამეცნიერო ფანტასტიკის ცნობილ პერსონაჟებს დასდევდნენ, ხან თვითმართვად რობოტებს აბეზრებდნენ თავს.

სამგანზომილებიანი პრინტერების სიმრავლე თვალს ჭრიდა – ქარხნული თუ სახლში დამზადებული, ნებისმიერი ზომის, ფორმის, მასალით მბეჭდავი. ყველა ხელნაკეთ პრინტერს კონსტრუქციაში იმავე ტიპის პრინტერებით დაბეჭდილი ნაწილები ჰქონდა ჩართული. სამგანზომილებიანი პრინტერის ყველაზე გავრცელებული და იაფი ტექნოლოგია პლასტიკის დახვეულ ძაფს იყენებს. მეხსიერებაში გადაცემული მოდელის შესაბამისად, ძაფი დნება და ფენა-ფენა წვრილ ზოლებად ებეჭდება ბაზისს, რაც საბოლოოდ სამგანზომილებიან რეალურ მოდელს ქმნის. მცირე ზომის მოდელების შესაქმნელ პრინტერებს შორის გოლიათივით, ჭერამდე იყო აზიდული პრინტერი, რომელიც რამდენიმე საათში ერთხელ კიდევ ერთ დიდ ობიექტს – უზარმაზარ ლარნაკს, ნატურალური ზომის მანეკენს თუ მოხერხებულ სავარძელს – ქმნიდა.

 

 

 

გიო მიყვებოდა, რომ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში სამგანზომილებიანი პრინტერის დაყენების შემდეგ პირველ რიგში ამავე პრინტერის სათადარიგო ნაწილები დაბეჭდეს. ხუმრობა-ხუმრობაში უტოპიურ-რეკურსიული სამყარო წარმოვიდგინეთ, სადაც მზის ელემენტებზე მომუშავე პრინტერები დაგორავენ და გზად შემხვედრი მასალის გამოყენებით თავისნაირ პრინტერებს ბეჭდავენ. ხუმრობა და უტოპია იქეთ იყოს და დარწმუნებული ვარ, მალე ყველა ვისარგებლებთ ამ ტექნოლოგიით –  ჩვენთვის საჭირო სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთს თუ ახალ სათამაშოს ბავშვისთვის პირდაპირ სახლში დავბეჭდავთ. მით უმეტეს, რომ უკვე მასალების შემადგენლობა და ხარისხიც და პრინტერების სისწრაფეც უმჯობესდება. რაც, თავის მხრივ, სამგანზომილებიანი მოდელირების კიდევ უფრო სწრაფ განვითარებას და გავრცელებას გამოიწვევს.

 

სამეცნიერო მუზეუმის პირველ სართულზე კონსტრუქტორების ოთახები მცირეწლოვანი ბავშვების გასართობებით იყო სავსე. რობოზოოპარკში არტბოტები თავისთვის დაცანცარებდნენ დიდ თეთრ ფარდაგზე და წრიულ აბსტრაქციებს ქმნიდნენ, ვიდრე რომელიმე ბავშვი თამაშით არ აწყვეტინებდა შემოქმედებით პროცესს.

 

იქვე პლანშეტებზე სპეციალური პროგრამის 3-D doodle გამოყენებით ბავშვების მიერ დახატული ფიგურები პრინტერებზე ცოცხლდებოდნენ. გვერდით მეორადი მასალებით ჩანთები და თოჯინები იქმნებოდა. გარეთ ბავშვები უზარმაზარ საპნის ბუშტებს უშვებდნენ გრძელ ჯოხებზე გამობმული თოკებით და თავისი ხელით გამოჭედილ მანქანებს 20-მეტრიან ესტაკადაზე ტესტავდნენ. დარბაზის ქიმიური ექსპერიმენტების კუთხეში კოკა-კოლის ბოთლებიდან ათმეტრიანი შადრევნები ფეთქდებოდა და თხევადი აზოტით ნაყინი მზადდებოდა, მეორე მხარეს კი ტესლას ტრანსფორმატორებიდან პერიოდულად წუილით სკდებოდა ელვა.

 

გიოს ყველაზე მეტად არდუინოს და რესპბერი პაის მიკროკონტროლები აინტერესებდა. ვნახეთ ბევრი ჟურნალი, წიგნი, ნაკრები მათთან მუშაობისა და დაპროგრამებისთვის. ისიც კი აღმოაჩინა, თუ როგორ ჩააშენოს არდუინო ჩვეულებრივ, სათამაშო, პულტიან რობოტში, რომ სათამაშოს სენსორების გამოყენება შეძლოს. ინტეგრირებული წრედების სწორად დარჩილვაც ისწავლა და პატარა მუსიკალურ-მანათობელი სათამაშოც აამუშავა.

ჩემთვის ერთდროულად საინტერესო და გულდასაწყვეტი იყო, თუ რამდენად ბევრი ორგანიზაცია მუშაობს მოსახლეობის ტექნოლოგიური განათლების და განვითარების კუთხით, საქართველოსგან განსხვავებით. უამრავი ფლაერი იუწყებოდა კანზას-სიტის და მისურისა თუ კანზასის შტატების სხვა ქალაქებში არსებული სათემო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა ასაკის ჯგუფებს პროგრამირებას, მიკროკონტროლირების გამოყენებას, რობოტიქსს, ლეგოს მექანიზმებს თუ სამგანზომილებიან მოდელირებას ხშირად უფასოდ ასწავლიან.

 

ასევე ძალიან საინტერესო იყო სხვადასხვა ტიპის ონლაინ თუ რეალური კლუბები: მაგ. კრეატიული ანაქრონიზმის საზოგადოება – რენესანსის პერიოდით დაინტერესებული ადამიანები შაბათ-კვირას ისტორიას ეცნობიან, ფორმებს კერავენ, რაინდთა შეჯიბრებებს აწყობენ; ძალიან პოპულარული სტიმპანკ მოძრაობის მიმდევრები, რომლებიც  სტიმპანკ სათვალეებით თუ სხვა აქსესუარებით გამოირჩევიან, ჟიულ ვერნისა და ჰერბერტ უელსის შემოქმედების თაყვანისმცემლები, მათი იდეეების განხორციელებას რომ ცდილობენ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით; რ2 რობოტების  კლუბი, სადაც ვარსკვლავური ომების ფანები, განსხვავებული მასალებით თუ ტექნოლოგიებით, ათწლეულზე მეტია, რ2 რობოტებს ქმნიან. ნებისმიერი ასაკისთვის შესაძლებელია ამ ტიპის კლუბის თუ გაერთიანების პოვნა: ჯერ იყო და მეორეკლასელმა გოგონამ თავისი გუნდის მიერ შექმნილი და დაპროგრამებული ლეგოს რთული კონსტრუქციის მოქმედება გვიჩვენა, თან მოგვიყვა, როგორ ისწავლა სენსორების გამოყენება იუთუბის ვიდეოებით. ცოტა ხანში კი სტიმპანკის ხანში შესული ფანი ხუთი წლის სანდროს ძველი კონსერვის ყუთისგან გიტარის დამზადების წესს უხსნიდა.

ბაზრობაზე სხვა ტიპის პროდუქციაც იყო გამოტანილი – შინ დამზადებული მწნილები თუ მურაბები, ტყავზე ნამუშევრები თუ ჯაჭვის კაბები, ქოსპლეის ზედმიწევნით ზუსტი ფორმები თუ სტიმპანკის კბილანებიან-მექანიზმებიანი სამკაულები. კულინარიული გაკვეთილებიც კი ტარდებოდა. ხის ოსტატმა, რომლის მაგიდაზე გვერდიგვერდ იდო ხეზე ნამუშევრები და მათი პლასტიკური ასლები, მომიყვა, რომ მთელი ცხოვრება ხეზე მუშაობს. მაგრამ ხეზე კვეთა ძალიან დიდ დროს მოითხოვს და ვერასდროს ანაზღაურებს დახარჯულ შრომას. ორი წლის წინ კი ასეთივე გამოფენაზე მან იაფი სამგანზომილებიანი პრინტერების არსებობის შესახებ შეიტყო, ტექნოლოგია შეისწავლა, პრინტერი შეიძინა და ახლა საკუთარი შემოქმედების სამგანზომილებიან ასლებს აკეთებს.

უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების გაცნობის და ინოვაციური იდეების გაცვლის გარდა, ეს ის ადგილია, სადაც ჩუბაკა გრუთს ართმევს ხელს (თუ ტოტს), რ2 რობოტები აბეზარა ბავშვებს გაურბიან, დალეკს პატარა დოქტორ ჰუ ბუშტის ხმლით ებრძვის, შუა საუკუნეების რაინდი ტრანსფორმერს ბლინების საბეჭდი მანქანის ავკარგიანობაზე ეკამათება, რობოხელები სინათლის მახვილებით კენწლაობენ  და ზომბი-გოგოები არდუნიოთი მართვადი პეპელას ფრთებით ერთობიან. გონებაში რაღაც ხდება ამ სივრცეში მოხვედრისას, არათუ რეალურ, წარმოსახვით სამყაროებს შორისაც იშლება საზღვრები, ქრება ყდები, სამეცნიერო ფანტასტიკის ყველა წიგნი და ფილმი ერთმანეთში გადადის და ორდღიანი უტოპიური ცხოვრება იწყება, რომელშიც საკუთარ ნეირონებს შორის კავშირების ზრდის სისწრაფეს უწყვეტად გრძნობ. ამ შეგრძნებებზე უფრო ეფექტური დაკვირვებისთვის თავზე დასამაგრებელი კატის ყურებიც კი იყიდებოდა, რომლებიც ტვინის აქტივობის მიხედვით მოძრაობენ.

კვირა საღამოს სახლისკენ მიმავალ ოთხსაათიან გზაზე ერთმანეთს არ ვაცლიდით ნანახისა და ახალჩასახული იდეების შესახებ აღტაცებულ კი არა, უფრო აჭყლოპინებულ საუბარს.  შუა გზაზე დაღლილ ბავშვებს ჩაეძინათ. მე კი იმედიანად ვფიქრობდი იმაზე, რომ ამ ზღაპრის ქართული ანალოგის პილოტირება სექტემბერში, ილიას უნივერსიტეტის სამეცნიერო პიკნიკის ფარგლებში, წარმატებული იქნებოდა. რადგან Maker Faire მართლაც გაცილებით მეტია, ვიდრე ჩხირკედელების ბაზრობა –  შემოქმედების ყველაზე უჩვეულო ფესტივალია, სადაც სამყაროს მომავალი მხიარულად ბეჭდავს საკუთარ ინოვაციურ ნაწილებს.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი