პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მუსიკალური ენის საიდუმლო: მელოდია

მუსიკა ბგერების ენით გადმოიცემა

 

მუსიკა, როგორც სულის ენა, ჩვენი ცხოვრების თანამგზავრია. მისი მნიშვნელობა ფასდაუდებელია. ის ჟღერს ყველგან. ჩუმი, ხმამაღალი, სწრაფი თუ მშვიდი, უცნობი თუ ნაცნობი, ჩვენს ცხოვრებას მუდამ თან სდევს.

ყველა დიდ მუსიკოსს მიაჩნია, რომ მუსიკის სიყვარული და მისი ღრმა ცოდნა გრძნობებისა და აზროვნების ჰორიზონტს აფართოებს, ადამიანის სამყაროში ახალი ტონები და ფერები შეაქვს, სულიერად ამდიდრებს და სრულყოფს მას.

გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მხატვრები და მუსიკოსები ჩვეულებრივი ადამიანებისგან განსხვავებულად ხედავენ. მათი ხედვა ერთმანეთისგანაც განსხვავდება. მაგალითად, მხატვრები საგნების აღქმასთან ერთად იმ ხაზებსა და ფერებსაც ამჩნევენ, რომლებისგანაც შედგება ისინი, მუსიკოსები კი „ბგერის მხატვრებად“ გვევლინებიან. მოყვარულებისგან განსხვავებით, მათი „ხედვა“ გაცილებით ფართო და ღრმაა. მუსიკოსს ნაწარმოების სილამაზისა და ხასიათის აღქმასთან ერთად ისიც ესმის, რატომ არის ის ასეთი ლამაზი და ამაღელვებელი. ყველა ამ „რატომ“-ზე პასუხის გასაცემად დამწყებმა მუსიკოსმა მონდომებით უნდა ისწავლოს.

მუსიკას როგორც მოწესრიგებული ბგერების ხელოვნებას თავისი სპეციფიკა აქვს და მასში გარკვევა არცთუ იოლია.

მუსიკალური ნაწარმოების მოსმენისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება მის ანალიზს და ამ პროცესში მოსწავლეების აქტიურ მონაწილეობას. ნაწარმოების მთლიანობის აღქმასთან ერთად აუცილებელია, ყურადღება მიექცეს მისი წყობისა და გამომსახველობითი ხერხების გააზრებას.

გამომსახველობითი ხერხების თვალსაზრისით მუსიკა საოცრად მდიდარი და მრავალსახოვანია, და თუ მხატვარი – ნახატში, მოქანდაკე – ქვაში, მწერალი და პოეტი სიტყვაში ასახავს „სამყაროს სურათს“, კომპოზიტორი ყოველივე ამას მუსიკალური ბგერების მეშვეობით გადმოსცემს. ამ საიდუმლო საბურველის ქვეშ მოქცეულია მელოდია, რიტმი, კილო, ჰარმონია, რეგისტრი, ტემბრი, დინამიკა… საინტერესოა, მუსიკის ჟღერადობაში რამის „დასანახავად“ რომელი მათგანი უნდა შეისწავლოს და გაიაზროს მოსწავლემ?

რა თქმა უნდა, ყველა.

რობერტ შუმანი დამწყებ მუსიკოსებს მიმართავდა: „ნუ შეგაშინებთ სიტყვები „თეორია“, „ჰარმონია“, „პოლიფონია“ და სხვა. დაუმეგობრდით მათ და ისინი გაგიღიმებენ“.

 

მელოდია

სამყარო სავსეა ბრწყინვალე კომპოზიტორთა მიერ შექმნილი მელოდიებით. ჩვენს მეხსიერებაში ჩაბეჭდილი ესა თუ ის მელოდია არცთუ იშვიათად გვახსენებს თავს და ხანდახან მას გაუცნობიერებლადაც კი ვღიღინებთ.

ალბათ ვიცით, რომ ნებისმიერი მუსიკალური ნაწარმოების საფუძველია მელოდია – „მუსიკის სული“. სიტყვა „მელოდია“ ბერძნულად „სიმღერას“, „გამღერებას“ ნიშნავს. მელოდია ერთ ხმაში გამოხატული განვითარებული და დასრულებული მუსიკალური აზრია. სმენით აღიქმება როგორც კომპოზიციური და კილოებრივი მთლიანობა. ჰომოფონიურ წყობაში მელოდიას აკომპანემენტი და ბანი უპირისპირდება. ანუ მელოდია მუსიკალური ნაწარმოების ზედა ხმაშია მოქცეული, ქვედა ხმებში კი, როგორც ჰარმონიული საყრდენი – მისი თანხლება, აკომპანემენტი. ზოგჯერ მელოდია და აკომპანემენტი ერთმანეთს ადგილებს უცვლის.

მიუხედავად მუსიკაში ჰარმონიისა და რიტმის უმნიშვნელოვანესი როლისა, მელოდია იერარქიის მწვერვალზე დგას.

მოსწავლეებისთვის მელოდიის აკადემიურ დონეზე ახსნა-განმარტება სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს, ამიტომ აჯობებს, თემა გავამარტივოთ და დავსვათ კითხვა: მაინც რა არის მელოდია? მელოდია სიმღერაა. მელოდია მუსიკაა. მაგრამ მუსიკა მხოლოდ მელოდიისგან არ შედგება. ამავე დროს, მუსიკას მელოდიის გარეშეც შეუძლია არსებობა.

საუბრისას ნებისმიერი სიტყვების გაუგებარ ნაკრებს კი არ ვიყენებთ, არამედ შესატყვის ცნებებსა და გრამატიკულ ფორმებს ვეძებთ აზრის გადმოსაცემად. მუსიკაც ხომ ენაა? ესე იგი ბუნებრივიცაა, რომ ფიქრები მუსიკალური ენით გადმოიცემა. და მე, როგორც მუსიკის ავტორს, შემიძლია, დავადასტურო ეს. იმისათვის, რომ ჩვენი ჩანაფიქრი გაიგონ, აზრი გარკვევით უნდა გამოვთქვათ ანუ განვავითაროთ და დასრულებულ წერტილამდე მივიყვანოთ. მხოლოდ განვითარებული და დასრულებული მუსიკალური აზრი შეიძლება ჩაითვალოს მელოდიად. არ დაგვავიწყდეს მოსწავლეებისთვის იმის შეხსენებაც, რომ აკორდთა ვერც ერთი ულამაზესი ჯაჭვი მელოდიად ვერ მიიჩნევა. აკორდში შემავალი ვერც ერთი ხმა ვერ გაუწევს მელოდიას „პაექრობას“. მაგრამ ვერც მელოდია შეძლებს მრავალხმიან ნაწარმოებში მუსიკალური აზრის სრულყოფილად გადმოცემას. ის მხოლოდ ყველა ხმის ერთობლიობით მიიღწევა.

მელოდია შეიძლება იყოს მდორე, წყვეტილი, მშვიდი, მხიარული… მისგან მუსიკალურად ჟონავს ადამიანთა სევდა, იმედი, სიყვარული.

მელოდიური ხაზი (მელოდიური სურათი) მელოდიის მთავარი კომპონენტია. ერთი და იმავე ბგერის გამეორება მელოდიად ვერ ჩაითვლება, რადგან მელოდია სხვადასხვა სიმაღლის ბგერებისგან წარმოიქმნება. მცირე ზომის მიუხედავად, მელოდია ითავსებს დრამატურგიული განვითარების ყველა ეტაპს: დასაწყისს, განვითარებას, კულმინაციას და დასკვნას.

მელოდიურ ხაზს ქმნის ინტერვალები და მათი მოძრაობა: აღმავალი (დაძაბულობის თანდათანობითი მატება), დაღმავალი (დაძაბულობის კლება), ტალღოვანი (მოძრაობათა მიმართულების მონაცვლეობა), სწორხაზოვანი (ახასიათებს სეკუნდური ინტონაცია), ნახტომისებრი (მოძრაობა ფართო ინტერვალებით).

მელოდიური ხაზის ეს ძირითადი სახეები მეტწილად ერთმანეთს ენაცვლება, რითაც მელოდიის მრავალსახეობას ქმნის.

მელოდიის მოცულობას დიაპაზონს ვუწოდებთ. მას გამომსახველობისთვის ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს. მელოდიის ვიწრო დიაპაზონი კვარტას არ აღემატება. ამგვარი მელოდია მსმენელზე თავშეკავებულ, გაწონასწორებულ შთაბეჭდილებას ახდენს. ფართო დიაპაზონი, რასაკვირველია, კვარტას სცდება და ემოციურობით, დაძაბულობით გამოირჩევა.

მელოდიაში ინტონაციას წარმოადგენს ბგერათა განსაკუთრებული თანმიმდევრობა, როდესაც სხვადასხვა ემოციის გამოსახატავად ხმის სიმაღლე იცვლება.

მელოდიის გამომსახველობა დამოკიდებულია კილოსა და ჰარმონიაზე.

მელოდიაში კილოს საფუძვლად მიჩნეულია მელოდია მაჟორში (ოპტიმისტურად ჟღერს), მელოდია მინორში (სევდიანად ჟღერს), მელოდია ძველ კილოში (ჟღერს არქაულად), მელოდია პენტატონიკაში (მშვიდად ჟღერს) და ა.შ.

რაც შეეხება მელოდიის ჰარმონიულ საფუძველს: ახალ-ახალი ჰარმონიით გამეორებას მელოდიის ხასიათის შეცვლა შეუძლია, დისონანსური ინტერვალების გამოყენებას კი მასში დაძაბულობა შეაქვს და ა.შ.

დავალება: ნახეთ ქვემოთ მოცემული ვიდეო და დაადგინეთ, მუსიკალური ენის რომელი ელემენტებია გამოყენებული: მელოდიური ხაზის სახე, კილო, ინტონაცია, დიაპაზონი.

https://www.youtube.com/watch?v=V0XcmzLHc1M

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი