ჭეშმარიტება, განსხვავებული აზრი და ლიტერატურა

ერთხელ ინტერვიუს პროცესში უმბერტო ეკომ ჟურნალისტი ქალბატონი გამოარჩია და ჰკითხა: „ვიცი, როგორი დაკავებული ბრძანდებით, ამიტომ ერთ უხერხულ შეკითხვას დაგისვამთ: თქვენი გადატვირთული გრაფიკის პირობებში ჩემი წიგნის რამდენიმე გვერდის წაკითხვა თუ მოახერხეთ?“ ჟურნალისტი წამოწითლდა და უპასუხა, რომ წიგნის ექვსასივე გვერდი, პირველიდან ბოლო გვერდამდე, წაიკითხა, თანაც რამდენიმე მონაკვეთი – ორჯერაც კი. ეკომ ამოიოხრა და დაბალი ხმით თქვა: „აი ესაა ნამდვილი პრობლემა! ნეტა რომელი წიგნის განხილვას ვაპირებთ, თქვენ რომ წაიკითხეთ თუ მე რომ დაწერას შევეცადე, იმისას?“

 

ხშირად ხდება, რომ ფაქტებთან თანაბარი წვდომის შემთხვევაშიც კი ექსპერტები განსხვავებულ აზრებს გამოთქვამენ, ურთიერთსაპირისპირო შეხედულებებს აფიქსირებენ და ამის ნიადაგზე მათ შორის უთანხმოება ჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული აზრის ხშირად ეშინიათ, დიდი ხანია, აღიარებულია, რომ განსხვავებული აზრი და დისკუსიის ნიადაგზე წარმოქმნილი უთანხმოება, ჩვეულებრივი რამაა მეცნიერებისთვის და საბოლოო ჭეშმარიტების დადგენის გზაზე. რომ არა უთანხმოებები, აკადემიური დისციპლინები წინ ვერ წაიწევდა. მათ გამოა, რომ მკვლევრები უფრო მეტად დაფიქრდებიან, შეეცდებიან მეტი დამაჯერებელი მონაცემი მოიძიონ, ექსპერიმენტი ან გამოკითხვა ჩაატარონ და სხვა აპრობირებულ მეთოდს მიმართონ თავიანთი არგუმენტის გასამყარებლად. თუმცა ექსპერიმენტის ან გამოკითხვის ჩატარება და მეტი მონაცემის მოძიება უფრო საბუნებისმეტყველო, გინდაც, სოციალურ მეცნიერებებს მიესადაგება. საბოლოო ჭეშმარიტების დადგენის გზაზე ლიტერატურა განსხვავებულ მიდგომებს საჭიროებს. და მაინც, რაც არ უნდა ზუსტი იყოს აპრობირებული მეთოდები, არცერთი დარგი არაა დაზღვეული არასწორი დასკვნებისგან.

მოდით (ამ წერილის ფარგლებში), დასკვნები ან საბოლოო ჭეშმარიტება ვუწოდოთ თეორიებს. საბუნებისმეტყველო დარგები თეორიამდე მისასვლელად სამეცნიერო მეთოდოლოგიას იყენებენ. წარმოუდგენელია ნამდვილი თეორია, რომელიც ამ მეთოდოლოგიის გვერდის ავლითაა ჩამოყალიბებული. გვერდის ავლის შემთხვევაში საქმე უკვე თეორიასთან აღარ გვაქვს. სიტყვა თეორიას ბერძნული წარმოშობა აქვს და თავდაპირველი მნიშვნელობით დაკვირვებას ნიშნავს. სიტყვის საზღვრების გაფართოების შედეგად დღეს თეორია უკვე იდეათა ისეთ სისტემას გულისხმობს, რომელიც განზოგადებულია, თუმცა გამომდინარეობს კონკრეტულიდან, ეფუძნება მას და სამყაროს, მოვლენის, საზოგადოების, ადამიანის რაღაც ასპექტის ასახსნელად გამოდგება. საქმე ისაა, რომ მიუხედავად განმარტებისა, თეორია საბუნებისმეტყველო, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში განსხვავებული მნიშვნელობით გამოიყენება. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, სანამ რომელიმე თეორია საბოლოო სახეს მიიღებს, თეორიამდე მისასვლელი გზა საკმაოდ რთული და ხანგრძლივია, შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ ის საუკუნეები გაგრძელდეს და ერთი მეცნიერის დაწყებული საქმე მეორემ დაასრულოს. ეტაპები კი, რომლებიც მეცნიერმა ამ გრძელ გზაზე უნდა გაიაროს, როგორც წესი, შემდეგია: დაკვირვება, ვარაუდის ან ჰიპოთეზის გამოთქმა, მის დასამტკიცებლად (ან უარსაყოფად) ექსპერიმენტების ჩატარება, ექსპერიმენტების შედეგების ანალიზით კანონის ჩამოყალიბება. კანონი აღწერს, მაგრამ არ განმარტავს არ ხსნის მის მიღმა არსებულ მონაცემებს, როგორც კი ეს მოხერხდება, თეორიამდეც მივალთ. მიუხედავად იმისა, რომ აქ ჩამოთვლილი ეტაპები ისე გამოიყურებიან, თითქოს ერთის მეორეში გადაზრდა ხდება, ეს არასწორი შეხედულებაა. ჰიპოთეზაც, კანონიც და თეორიაც ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კონცეპტებია, მათგან ერთი, თეორია კი უტყუარ ჭეშმარიტებად მიიჩნევა. გასაგებია, რომ სხვადასხვა მიზეზებით თეორია შეიძლება უკუვაგდოთ. ეს ხდება იმიტომ, რომ სამეცნიერო მეთოდოლოგიის რომელიღაც ეტაპს ხარვეზი აღმოაჩნდება: ან, ტექნოლოგიის განვითარების გამო, ახალი მონაცემები წამოგვეწევა ან კიდევ ის, რასაც მანამდე ვეყრდნობოდით, შეცდომა აღმოჩნდება ხოლმე. მაგრამ, ამისდა მიუხედავად, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში თეორია მაინც ბოლო ეტაპია, მასზე თითქოს ერთგვარი გარანტიის ხარისხის ნიშნიანი საბოლოო ბეჭედი ან დამღაა დასმული.

ლიტერატურაში ამ ყველაფერს განსხვავებულად უყურებენ. თუკი ლიტერატურასთან მიმართებით შემიძლია ვთქვა : „ერთი თეორია მაქვს“, ამ ფრაზას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ვერ გამოვიყენებ, რადგან პირველში ის ვარაუდს ნიშნავს, მეორეში კი ვარაუდი ჰიპოთეზაა, თეორია კი, როგორც უკვე ვთქვით, საბოლოო „განაჩენი“.

ლიტერატურის თეორია ლიტერატურული ნაწარმოებების ბუნებისა და კვლევის მეთოდების  შესწავლას გვთავაზობს. თუმცა მეოცე საუკუნიდან ეს ტერმინი ტექსტის წაკითხვის სხვადასხვა მიდგომებს გამოხატავს, სხვადასხვა მიდგომა კი ხშირ შემთხვევაში პირდაპირ კავშირშია ზოგიერთ აკადემიურ დისციპლინასთან, კერძოდ, ფილოსოფიის მიმართულებებთან და სოციოლოგიასთან. ამდენად, ლეტერატურული თეორიის დიაპაზონი დიდია და ის მერყეობს ტექსტის წაკითხვისას ესთეტიკური სიამოვნების მიღებიდან ტექსტის განსხვავებულ (მაგ. ფემინისტურ) წაკითხვამდე, ტექსტის სიტყვებითა და მხატვრული საშუალებებით ტკბობიდან დაწყებული დამთავრებული იმავე ტექსტის სრულ დეკონსტრუქციამდე. ტექსტის დეკონსტრუქციისკენ სწრაფვა ხშირად გადაჯაჭვულია პოსტმოდერნისტულ ხედვებთან. თუმცა, როდესაც პოსტმოდერნიზმზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლიტერატურის თეორეტიკოსებმა, რომელთაც ამ მიმდინარეობას მიაკუთვნებენ, სტრუქტურალიზმით დაიწყეს, დროსთან და გამოცდილებასთან ერთად კი მათი გადაკვალიფიცირება მოხდა პოსტ-სტრუქტურალისტებად და დეკონსტრუქციონალისტებად. მათმა ხედვებმა საბოლოოდ განსაზღვრეს სოციოლოგიის აქტიური ჩარევა ლიტერატურული ნაწარმოების შესწავლის პროცესში და ტექსტის წაკითხვისას მათ საქმიანობას უკავშირდება ისეთი ახალი მიმართულებების გაჩენა, როგორიცაა მანამდე გაუგონარი მკითხველზე ორიენტირებული წაკითხვა (მაგ. გენდერული და ქვიარ წაკითხვა). ამ ტენდენციების წინ წამოწევამდე ლიტერატურული ტექსტის ანალიზისას უდიდესი ყურადღება ექცეოდა ავტორის ბიოგრაფიის შესწავლას, ნაწარმოების შექმნის თარიღს და, შესაბამისად, იმ ისტორიულ კონტექსტს, რომელშიც მწერალი მოღვაწეობდა. თუკი მანამდე ტექსტის გაგების უზრუნველსაყოფად ამოსავალი თავად ნაწარმოების ავტორი იყო, ნელ-ნელა წინა პლანზე წამოიწია მკითხველის როლმა და მისი წარმომავლობა (იგულისხმება წინარე განათლებასთან, კულტურულ, ეთნიკურ და რელიგიურ ფონთან ერთად მკითხველის სოციალური, გენდერული, ასაკობრივი კუთვნილებაც) იქცა ტექსტის გაგების ცენტრალურ ორიენტირად. შესაბამისად, ლიტერატურის შესწავლისას სამი ათვლის წერტილის მონიშვნა ხდება: ავტორი, ტექსტი და მკითხველი. ის, ვისაც ტექსტის შესწავლის საკითხში ავტორის როლი მიაჩნია გადამწყვეტად, ყოველგვარი პრობლემის გარეშე მიაღწევს დასახულ მიზანს, რადგან თანამედროვე მწერლების შემოქმედების შესწავლისას ადვილია ავტორთან კომუნიკაცია. პრობლემა მაშინ იჩენს თავს, როდესაც შესასწავლი ტექსტის ავტორი გარდაცვლილია ანდა, როგორც საკმაოდ ხშირად ხდება, როდესაც ტექსტის ავტორი უცნობია – ტექსტი ანონიმურია ან ავტორის ვინაობა დაკარგულია. ასევე საკმაოდ დიდი საფრთხეა იმ ისტორიული კონტექსტის გაგებისას, რომელშიც ავტორი მოღვაწეობდა. ლიტერატურის კრიტიკოსი კარგად იცნობს თავის დროს, მაგრამ მას საკმაოდ გაუჭირდება შესასწავლი ავტორის ეპოქის სრულყოფილი გაგება (რადგან ხანდახან შესასწავლად სასურველ ეპოქაზე არც სრული ინფორმაცია გვაქვს და არც მაშინდელი სტანდარტებია ჩვენთვის ადვილად აღსაქმელი). ამ სირთულეების გათვალისწინებით, ლიტერატურის შესწავლა მხოლოდ ტექსტზე დაყრდნობით, გარკვეული შვება აღმოჩნდა ამ საქმეში. ერთი შეხედვით, ტექსტი თითქოს ნეიტრალურია და მისი ენის, სტილის, მხატვრულ-გამომსახველობითი ფორმების შესწავლა თითქოს ერთგვარი გამოსავალია. მაგრამ ასეთ დროს თავს იჩენს მორიგი პრობლემები, რასაც სემიოტიკის სფეროში გადავყავართ. ამიტომაც, ბურთი და მოედანი ისევ მკითხველს რჩება: ტექსტის წაკითხვისას ცენტრალური მოთამაშე მკითხველი ხდება! ეს მოვლენა როლანდ ბარტმა თავის საპროგრამო ნაშრომში არაჩვეულებრივად დაახასიათა. მისთვის მკითხველის მიერ ნაწარმოების წაკითხვა ავტორის მკვლელობის ტოლფასი გახდა; მკითხველი, როგორც კი წიგნის წაკითხვას დაიწყებს, თავის აღქმას აამოქმედებს, ამ აქტით ის „კლავს ავტორს“ და თავად ხდება ავტორი (“კლასიკური კრიტიციზმი არასოდეს არ აქცევდა ყურადღებას მკითხველს. მისთვის მწერალი ერთადერთი პერსონაა (აქ იგულისხმება აქტორი) ლიტერატურაში… ჩვენ უკვე ვიცით, ნაწერს რომ მომავალი მივცეთ, აუცილებელია ამ მითის დანგრვეა: მკითხველის დაბადება ავტორის სიკვდილის ხარჯზე უნდა მოხდეს“). მკითხველის აღქმას კი მრავალი ფაქტორი განაპირობებს: წინარე ცოდნა, წარმოსახვის უნარი, ენის თავისებური გაგება, ინტელექტუალური შესაძლებლებები, ეპოქა, რომელშიც ის ცხოვრობს, სოციალური წარმომავლობა, რელიგია, სქესი, ასაკი და ა.შ. ამდენად, ყოველ ნაწარმოებს ერთი დამწერი/მთქმელი ჰყავს, მაგრამ მას უსასრულოდ ბევრი ავტორი ჰყავს, შესაბამისად ტექსტის გახსნის შესაძლებლობაც უსასრულოდ ბევრია, გააჩნია, ვის ხელში მოხვდება ის. ამიტომაც ის ავტორები, რომლებიც კარგად იცნობენ ლიტერატურის თეორეტიკოსების ნაშრომებს, უკვე თავად უხსნიან გზას თავიანთ მკითხველებს და ათასნაირ ექსპერიმენტში მონაწილეობის მიღებას სთავაზობენ. ამგვარ ლიტერატურულ ექსპერიმენტებს ტექნოლოგიის განვითარებამაც შეუწყო ხელი. თუკი მანამდე ავტორისა და მწერლის სივრცე რაღაც გაგებით შეზღუდული იყო, ახლა უკვე ეს სივრცე გაფართოვდა. ნაწამოები საჯარო სივრცეში იფინება და იგი დაუბრკოლებლადაა ხელმისაწვდომია ნებისმიერი მკითხველი-ავტორისთვის, ტექსტის გაგრძელება შეუძლია დაწეროს ყველამ, ვისაც კი ამის სურვილი გაუჩნდება. მკითხველი ნაწარმოების შექმნის პროცესის მონაწილე, ე.ი. სრულუფლებიანი ავტორი ხდება.

სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო. იმიტომ რომ ზოგიერთი ლიტერატორისთვის სიმართლის დადგენის გზაზე ამოსავალი ტექსტია, მეორე ჯგუფისთვის – ავტორი, სხვებისთვის კი – მკითხველი, ლიტერატურაში, ისევე როგორც სხვა სფეროებში, მკვლევრებს შორის განსხვავებული აზრისა და შეხედულების გამო აღმოცენებული უთანხმოებები საკმაოდ ხშირია. გასაგებია, რომ არ შეიძლება ერთდროულად რამდენიმე სიმართლე არსებობდეს, მაგრამ, როგორც ვიცით, ხშირად ის, რაც მანამდე უტყუარი ფაქტი და სიმართლე გვეგონა ხოლმე, სულაც არ აღმოჩენილა სიმართლე და ის სხვა ახლა სიმართლეს ჩაუნაცვლებია. თუკი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ბევრად უფრო ადვილია, განვსაზღვროთ, რომელ მხარესაა სიმართლე, ლიტერატურაში სიმართლე საკმაოდ რთული დასადგენია. მთავარია, მოვუსმინოთ ყველა მხარეს და, თუკი ამით არავინ დაზარალდება და არაფერი დაზიანდება, დაე, მივცეთ მათ თანაარსებობის საშუალება.

 

კომენტარები

comments