შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ბავშვის აღზრდა ქვემეხის ჩამოსხმაზე ძნელი ყოფილა

მორის დრიუონისმწვანეთითება ტისტუს“ შესახებ

ჩემს ბავშვობაში მორის დრიუონის წიგნები დიუმას ტომეულების გვერდით გვეწყო. დიუმათი ვიყავი გატაცებული, დრიუონის ისტორიული რომანების სათაურები (“დაწყევლილი მეფეების“ ციკლიდან) კი რეფრენივით გასდევდა წაკითხულ ტექსტებს. მომავალშიც, თუ სადმე დრიუონს ახსენებდნენ, გულში მისამღერივით ვიმეორებდი: “რკინის მეფე,“ “მოწამლული გვირგვინი,“ “როდესაც მეფე სწირავს საფრანგეთს.“

მორის დრიუონი მეორე მსოფლიო ომის დროს შარლ დე გოლის მეთაურობით საფრანგეთის პარტიზანული მოძრაობის წევრებთან ერთად იბრძოდა. ოცდაოთხი წლისა ფრანგული წინააღმდეგობის ოფიციალური ჰიმნის, “პარტიზანების სიმღერის“  თანაავტორი გახდა (2006 წელს ჰიმნის ხელნაწერს ისტორიულ ძეგლის სტატუსი მიანიჭეს). პრეზიდენტ ჟორჟ პომპიდუს დროს დრიუონმა საფრანგეთის კულტურის მინისტრის თანამდებობა დაიკავა და არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.

საინტერესო ფაქტებით დახუნძლული ბიოგრაფიიდან მხოლოდ რამდენიმე მნიშველოვანი თარიღი გამოვყავი. თუმცა, არაფერი მითქვამს იმ ძირითად მიზეზზე, დრიუონი საბავშვო ლიტერატურას რომ დაუკავშირა და ჩემი წერილის მთავარ გმირად აქცია.

 

2015 წელს, წიგნის საახალწლო ფესტივალზე “მწვანეთითება ტისტუ“ შევიძინე. წიგნი ჩემი თაობის უცხოელი მკითხველისთვის ბავშვობისდროინდელი ყოფილა (1957 წელს გამოუციათ), ქართველმა მკითხველმა კი დაგვიანებით გაიცნო და სავარაუდოდ ჩემსავით გაოცდა. დიახ, დრიუონისეული ზღაპრის აღმოჩენა ისეთივე უცნაური იყო, როგორც ის ფაქტი, რომ ალან მილნს ვინი ფუუჰი გულზე არ ეხატებოდა, ფრენკ ბაუმი კი ზურმუხტქალაქიდან თავის დაღწევაზე ოცნებობდა.

მინიატურული ზღაპრის (“მწვანეთითება ტისტუ“ 115 გვერდიანი, 10/17სმ-ზე ზომის წიგნია) კითხვა იქვე დავიწყე. ნაწარმოების შეფასების საკუთარი ინდიკატორები ხომ ყველას თავისებური გვაქვს. მე დახატვა თუ მომინდა, ნებისმიერი საქებარი სიტყვა ფასს კარგავს. პირველივე გვერდებიდან ჩემმა თითებმა მოსვენება დაკარგა, მომინდა დაუყოვნებლივ გამეცოცხლებინა “შავქუდიანი და გრძელსახელოან კაბაში გამოწყობილი“ ნათლიები, ტისტუს დედა “ქერათმიანი, ჰაეროვანი არსება, ყვავილივით ნაზი ლოყებით, ვარდის ფურცლებისფერი ფრჩხილებით, რომლებიც ისე ბზინავდა, როგორც ათი პატარა ფანჯარა მზის ამოსვლისას,“ ულვაშას სათბური, ტისტუს მოქსოვილი საბნის ქვეშ თვალებგაბრწყინებული პატარა გოგონა…

წელს “მწვანეთიტება ტისტუ“ სამოცი წლის ხდება. არ ვიცი, მისმა დარგულ-ნალოლიავებმა ხემ ზრდა სად და როდის დაასრულა, თუმცა, ამას რა მნიშვნელობა აქვს, როდესაც ცდილობ, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა შეიტყოს ვინ იყო ტისტუ.

პატარა პრინცივით კოსმიური და არაორდინალური არსება

ტისტუ ელვარე სასახლეში ბრწყინვალე მამასთან, თაიგულის მსგავს დედასთან, სარკესავით ალაპლაპებულ მანქანებსა და ძვირფასი ქვებივით მბზინავ ცხენებს შორის ცხოვრობდა. სადარბაზო კიბის მოელვარე სპილენძის მოაჯირით პირველ სართულზე დაგებულ დათვის ტყავებამდე თავბრუდამხვევი სისწრაფით დაშვება უყვარდა და წარმოიდგენდა, ვითომ მფრინავი ხალიჩით მოფრინავდა.

მამა-ბატონი ქვემეხებით ვაჭრობდა. ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ოდესმე მის ადგილს ტისტუ დაიკავებდა, ისევე როგორც მისმა მამამ შეცვალა თავის დროზე პაპა. ტისტუს მშობლების ისე მოჰქონდათ თავი, თითქოს, ყველაფერი ხელეწიფებოდათ და როგორც წიგნის გმირებს სჩვევიათ, არაფრად აგდებდნენ ავტორის გაფრთხილებებს.

მზამზარეული შეხედულებები არაფრის მაქნისია

მორის დრიუონი “მწვანეთითება ტისტუს“ პირველსავე თავში მიგვანიშნებს, “მზამზარეული შეხედულებები ფეხს ვერ იკიდებენ ამ ქვეყნად განსაკუთრებული მისიით მოვლენილი ადამიანების გონებაშიო.“

ყველას ეგონა, რომ მდიდარი, ლამაზი და გამოწკეპილი ბიჭუნა სკოლაში სასწაულს მოახდენდა, მაგრამ “სკოლამ ტისტუ მშობლებს დაუბრუნა,“ გათვლები ამაო აღმოჩნდა. არ გეგონოთ, ბიჭუნას სწავლა არ სურდა. უბრალოდ, “გაკვეთილზე ჯერ მარჯვენა თვალი დაებლიტებოტა, მერე კი სულ ძილისძილს მიეცემოდა.“

ტისტუს არაორდინალურობა ქვემეხთქალაქს მწყობრიდან გამოიყვანს (დრიუონი ირონიასა და დრამატულ ფერებს არ იშურებს): მზეს ამოსვლა უჭირს, ბალიშში თავჩარგულ ტისტუს გაღვიძება არ სურს, განათლების სისტემაზე გულაცრუებული მზარეული ქალები ბუზღუნებენ, მსახური კაროლუსი იმუქრება და გრამატიკის წესებს ივიწყებს, მეჯინიბეები პროტესტს გამოთქვამენ, დადარდიანებულ ფაშატს შუბლზე სამი ღერი თმა გაუჭაღარავდება, მამა-ბატონი მართალია ბრიოლინზე უარს ვერ ამბობს, მაგრამ თმას ძალზე უხალისოდ იპრიალებს, დედა-ბატონს კი, ვარდის მსგავს დედას, თვალიდან მომწყდარი ცრემლი რძიან ყავაში უვარდება.

“ბავშვის აღზრდა ქვემეხის ჩამოსხმაზე ძნელი ყოფილაო,“ – დაასკვნიან ტისტუს მშობლები, – თუმცა, “დაბნეულობა უკურნებელი სენი და ძილქუში ბრონქიტზე საშიში როდიაო,“ – თავს გაიმხნევებენ და გადაწყვეტენ, რომ ტისტუს კაცად “ცხოვრებისეული სკოლა“ აქცევს. მართლაც, მებაღეობის, დანაშაულის, გაჭირვების, ავადმყოფობის, წესრიგის გაკვეთილები ტისტუსთვის გაცილებით საინტერესო აღმოჩნდება. ბიჭუნა ყურადღებით უსმენს მებაღეს, ექიმს, ციხისა თუ ქვემეხის ქარხნის ზედამხედველს და ძილი კი არ ერევა, ფიქრობს, დასკვნები გამოაქვს და გამალებით ამუშავებს… თითებს!

მწვანე თითები

ტისტუ ხვდება რა რთულია, როცა სხვა ბავშვებს არ ჰგავხარ, ამიტომ საკუთარ თავში აღმოჩენილი ნიჭი აფრთხობს, ურჩევნია ჩვეულებრივი იყოს. მის სურვილს მებაღე ულვაშა გაგებით ეკიდება, ვინაიდან გამოცდილებამ ისიც დაარწმუნა “ფარულ ნიჭს მუდამ უსიამოვნება რომ მოაქვს და უმჯობესია ხალხს შური არ აღუძრა.“

ტისტუს საოცარი უნარის საიდუმლო მწვანე თითებშია დაფარული, მწვანე თითები, რა თქმა უნდა, უხილავია. ტისტუს ფარული ნიჭის შესახებ კი არაფერს გეტყვით, უმჯობესია წიგნიდან შეიტყოთ.

ადამიანებს კარგად რომ უმკურნალო, ძალიან უნდა გიყვარდეს ისინი.

მორის დრიუონი თავის მინიატურულ ზღაპარში უამრავ კითხვას სვამს და მათზე პასუხებს ორიგინალური ფორმით გვთავაზობს. საშუალებას გვაძლებს შვილებთან და მოსწავლეებთან ერთად კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას ფიქრობს წესრიგისმოყვარული საზოგადოება ნორმებიდან გადახვევაზე? რატომ დავცინით “ახლის აღმომჩენს და შეიძლება ციხეშიც კი ამოვაყოფინოთ თავი, ოღონდ სათაყვანებელ წესრიგს არ დაემუქროს. მერე კი, თუ დრომ მისი სიმართლე დაადასტურა, ძეგლს დავუდგამთ, გენიოსად გამოავცხადებთ?!“

რა არის ქვემეხთქალაქში (თუნდაც, ნებისმიერ ქალაქში) უმთავრესი? ბოტანიკური ბაღი, როგორც ეს ტისტუს მიაჩნია თუ წესრიგი “როხროხასეული გაგებით?“ ან წესრიგი რას ნიშნავს, როდესაც ყველა კმაყოფილია თუ ყველას სასჯელის შიში აქვს? ათავისუფლებს თუ არა ბოროტებისგან ციხე ადამიანს? არსებობს იმედისმომცემი წამალი? რომც არსებობდეს, რისი მაქნისია თუ ადამიანს გულში სევდა ჩაჰბუდებია?

წიგნის პერსონაჟები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ყურადღება სჭირდებათ და ახარებთ. ტისტუს კი სხვა დანარჩენთან ერთად სიყვარულის ნიჭიც აქვს. ადამიანებს გულისყურით ეპყრობა. ტისტუს მაგალითზე თუ ტისტუსთან ერთად დრიუონი ჩვენც გვაძლევს შანსს “ცხოვრებოსეული სკოლა“ გავიაროთ და აღმოვაჩინოთ:

მაგალითად, რატომ არის მებაღე (ულვაშა თუ ნებისმიერი სხვა) ხალხთან სიტყვაძვირი.  “ცხადია, თუ ყოველ ვარდსა და მიხაკს რაც ბაღში ხარობს სათითაოდ შეასხავ ხოტბა-დიდებას, საღამოს ხმა ისე ჩგეხლიჩება, ვერც ბატონს უსურვებ მშვიდობის ღამეს და ვერც ქალბატონის საამებლად იტყვი რამეს.“

ომი არავის უნდა, როდესაც ის გარდაუვალია, უსუსურობა გიპყრობს, მაგრამ… საკმარისია ვინმემ ომი შეაჩეროს, კმაყოფილების ნაცვლად ზოგს ბრაზი ეუფლება, იმიტომ რომ “ძალზე საჭირო“ იარაღი აღარ იყიდება და იმსხვრევა კიდევ ერთი მზამზარეული შეხედულება – “ქვემეხი ქოლგა როდია, მზიან ამინდში რომ არავის დასჭირდეს, არც ჭილის ქუდია, წვიმიან ამინდში მაღაზიის თაროზე მტვერმა შეჭამოს. როგორი ამინდიც არ უნდა იდგეს, ქვემეხი მუდამ გაიყიდება!“

მინიატურული ზღაპარი პატარა ბიჭუნაზე, ნათლიებმა უცნაური სახელი ტისტუ რომ შეარქვეს, ერთგვარი გზამკვლევია ადამიანების გულისგულის მისაგნებად, ყოფითი თუ გლობალური პრობლემების აღმოსაჩენად. ზღაპარი კი დრიუონისა გახლავთ, დიახ, სწორედ იმ ადამიანმა შეთხზა, საფრანგეთის ისტორიას რომანებად რომ აქცევდა და პარტიზანებთან ერთად იბრძოდა.

თუ კედელზე ქვემეხი კიდია

ელვარე სასახლის სასტუმრო ოთახში სურათი კიდია, სურათზე აღბეჭდილ ბერიკაცს ცალი ხელი ქვემეხის ლაფეტზე ჩამოუდია. ბერიკაცი ტისტუს ბაბუაა.

ჩეხოვი ამტკიცებდა, რომ სცენაზე დატენილი იარაღის დადება არ შეიძლება, თუ არავის აქვს განზრახული მისი გასროლაო. ანუ, მხატვრულ ნაწარმოებში ყველა დეტალი მთავარ იდეას უნდა ემსახურებოდესო.

რომელ იდეას ემსახურება ელვარე სასახლის კედელზე დახატული ქვემეხი, გაისვრის თუ არა დრიუონისეული იარაღი? რა თქმა უნდა გაისვრის, მაგრამ რას? უმჯობესია, ესეც წიგნიდან შეიტყოთ…

რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ საბავშვო წიგნები სავსეა უფროსებისათვის განკუთვნილი გზავნილებით და სტრიქონებს შორის უამრავი რეცეპტია ამოსაკითხი: როგორ მოვამზადოთ სწორი ყალიბი, სანამ რაიმეს ჩამოვასხამთ, როგორ მოვზილოთ გონება ზღაპრის ენა რომ აითვისოს და… როგორ გავამზადოთ ნიადაგი იმ ყვავილის დასარგავად, ბოროტებას რომ კუდით ქვა ასროლინოს…

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ჩემი „ვანგოგენი“

ეული ყველასთან ერთად

დარდისას გეტყვი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი