შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ანტიდაბადება

ამ დღეებში მედიაში  სამწუხარო განცხადება გავრცელდა ქუთაისში, აბაშიძის ქუჩაზე  ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსთან მომხდარი ტრაგედიის შესახებ. 1981 წელს აგებულ შენობას ჩამოენგრა ბოლო სართულსა და სახურავს შორის არსებული გარე ფასადის ნაწილი, რომელმაც მშობლებთან ერთად მყოფ 12 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ეს ითვალისწინებს დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესისა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

12 წლის გოგონა მარიამ ხეჩინაშვილია, წარჩინებული მოსწავლე და საუკეთესო კოლეგის ერთადერთი შვილი, იმ ადამიანთა მსხვერპლი, ვინც თავის საქმეს პასუხისმგებლობით არ ეკიდება.

ამ გამზირზე გასულ წელს ჩამონანგრევით დაღუპულა სხვა მარიამიც.
მარადისობის არსებობის რღვევა, სხვანაირად – ანტიდაბადება,  ბუნების საწინააღმდეგო მოვლენაა, ის პათოლოგიური შემთხვევა, როდესაც წამავალი მომავალს სპობს ან თუნდაც მოსპობით ემუქრება.

ადამიანის აღქმის  საზღვრებს სცდება ამ მოვლენის შემზარაობა და ვერაფრით იგებ, რატომ უნდა გაიმეტოს უფროსმა თაობამ უმცროსი სიკვდილისათვის სწორედ ისე, როგორც ისააკი გაიმეტა აბრაამმა ან იეფთაემ  – ერთადერთი ასული. აგამემნონმა  – იფიგენია, ბორგნეულმა ჰერაკლემ  კი  შვილები ამოხოცა, მერე რა, რომ  გიგანტები ეგონა, დიოსკორემ – წმინდა ბარბარე მოიშორა, ევრიპიდემ კი მცირეწლოვნები გააწირვინა მედეას, მერიმემ ფორტუნატო – მატეო ფალკონეს, გოგოლმა ანდრია მოაკვლევინა ტარას ბულბას, ყაზბეგმა ონისე – ხევისბერს. ისტორიიდანაც გვახსოვს უსაშინლესი მაგალითები იმისა, თუ რა უმოწყალოდ ხოცავდნენ ძალაუფლებისთვის, ტახტისთვის, შიშისთვის, რწმენისთვის, იდეა-ფიქსისთვის უმცროს მემკვიდრეებს.

ქრისტესთვის ჩაქოლეს ცხრა კოლაელი ძმა, სურამელი ზურაბი კედელს ჩააშენეს, ძალმომრეობა კი ასობით ახალგაზრდის სისხლს ჩვენში თუ სხვაგან კვლავაც ხარბად ითხოვს.

თუ მავანი ხელისუფალი ივანე მრისხანესა ან აღმოსავლური იმპერიების მმართველებივით სიკვდილისათვის გაიმეტებს შთამომავლობას, ეს ანტიდაბადებაა და უნდა დაისაჯოს!

თუ მავანი ხელისუფალი თავისი დაუდევრობით, უპასუხისმგებლობით, მოუცლელობით, უვიცობით მომავალი თაობების სიკვდილის მიზეზი ხდება, ეს ანტიდაბადებაა. მისი შემოქმედი კი დემიურგის მტერია და მისგან ყოველთვის დაისჯება!

თუ საზოგადოების წევრი სიჩუმით, უმოქმედობით, კომფორმიზმით, კანონის დაუცველობით მავან ხელისუფალს უმოქმედობასა თუ უკეთურობაში ეხმარება და ამით თაობების სიკვდილის მიზეზი უნებლიედ თავადაც ხდება, ეს ანტიდაბადებაა!

თუ უდანაშაულო ბავშვი ქუჩაში ჩამოვარდნილი ბათქაშით იღუპება, ის არც ისააკი ყოფილა და არც იფიგენია. უბრალოდ, გაწირეს და არსებობის კანონი დაარღვიეს. ეს შემზარავი ანტიდაბადებაა, რომელიც აუცილებლად უნდა შევაჩეროთ!

ცრემლით, მოთქმით, ლოცვით, ვანუგეშებთ განა შვლმკვდარ დედას, რომელიც ფრანგული ენისა და მუსიკის პედაგოგია და მარიამის სკოლაში ასწავლის?!

განა მისდამი თქმული თითო თბილი სიტყვით შევაჩერებთ მარადისობის რღვევას?!  უამრავჯერ დავწერთ და გულს მოვიოხებთ?! თუ ჰაჯი უსუფივით დავაბრალებთ თავს ამდენი დამნაშავის არსებობას და პატიოსნებით, სამართლიანობით, მაღალი პასუხისმგებლობით, შრომით, გაფაციცებით დავბადებთ  ისეთი თაობას, რომელსაც ეყოფა ღირსება, რომ ჯიბეში დაუმსახურებლად პრემია კი არა, ხელფასიც არ ჩაიდოს, რომელსაც ეცოდინება, რომ გამუდმებული შრომა და თავგანწირვაა საჭირო თავისი და სხვების სიცოცხლის გადასარჩენად, რომელიც ალტრუისტი იქნება და ვერასოდეს ავნებს სხვას, ვერასოდეს დააბნელებს მზეს, რომელიც ხვალ ახალ მარადისობას გვაზიარებს და ერთით ნაკლები ან მეტი სხივით გაჩნდება ცაზე?!

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი