ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

თვითსწავლება  

 

თვითსწავლება – სწავლების მოწინავე ფორმაა. დამოუკიდებლად სწავლების წარმატებით ორგანიზებისათვის თქვენ დაგჭირდებათ უკვე ტრადიციული ფორმების გამოყენება.

როგორ შეძლებენ მოსწავლეები სწავლას თქვენი მხრიდან მინიმალური მონაწილეობით? „მეთოდოლოგიური კომპლექსებით სწავლების“, „დისტანციური სწავლების“ და სასწავლო კომპიუტერული პროგრამებით სწავლების მეთოდების არსი ის გახლავთ, რომ მასწავლებლის საჭიროების ჩანაცვლება ხდება სასწავლო მასალით. მაგრამ თვითსწავლება (თს) იყენებს რადიკალურად განსხვავებულ მიდგომას: არ არის არც მასწავლებელი, არც სპეციალურად შემუშავებული სასწავლო პროგრამა. მოსწავლეები თავად სწავლობენ და ერთმანეთს ასწავლიან. ეს სასწავლო-საინფორმაციო (სსტ) და ინფორმაციულ- კომუნიკაციური  ტექნოლოგიების (სკტ) გამოყენების საუკეთესო ვარიანტია.

თვითსწავლებისთვის, ჩვეულებრივ, ისეთ თემას არჩევენ, რომელიც მასწავლებელს არ უსწავლებია. ამასთან ყოველთვის ფასდება თვითსწავლების შედეგები. მოსწავლეებს ეძლევათ დამოუკიდებელი სამუშაოების სერია, რაც გულისხმობს სწავლების შედეგებისადმი მზარდ პასუხისმგებლობას, სანამ მოსწავლეები არ ისწავლიან დამოუკიდებლად მუშაობას. პროცესის მსვლელობისას მათ ეხმარებიან დამოუკიდებლად მუშაობის ჩვევების გამომუშავებაში, მაგრამ არა კონკრეტული თემის ათვისებაში. დასაწყისისათვის მასწავლებელს შეულია მიუთითოს შესაფერისი ინფორმაციის წყაროები და აწარმოოს სამუშაოს მონიტორინგი, მაგრამ საბოლოო მიზანი – სრული დამოუკიდებლობის მიღწევაა. აუცილებელია, რომ მოსწავლეებმა ისწავლონ შესაბამისი სასწავლო რესურსების შერჩევა, აღმოაჩინონ და გამოასწორონ საკუთარი ნაკლოვანებები სწავლებისას, შეაფასონ საკუთარი ნაშრომის შედეგიანობა მათივე დადგენილი სტანდარტების გამოყენებით.

თვითსწავლება ამცირებს ზედმეტად ვრცელი შინაარსის მცირე დროში გავლის აუცილებლობის უარყოფით ეფექტს. მისი გამოყენება რეკომენდებულია ნებისმიერი კურსის შესასწავლად. ეს მეთოდი მარტივი გამოსაყენებელი არაა, მაგრამ კარგად მუშაობს, თუკი საკმაო ყურადღება დაეთმობა დავალების შემუშავებას, მონიტორინგსა და სამუშაოს შეფასებას. ასევე  მნიშვნელოვანია დავალებების შერჩევა მოსწავლეთა შესაძლებლობების მიხედვით. თვითსწავლება საგანმანათლებლო და საორგანიზაციო უპირატესობების მდიდარი კომპლექსია, რასაც ჩვენ ქვემოთ განვიხილავთ.

 

თვითსწავლების გამოყენება

 

შეარჩიეთ თემა, რომელიც ფაქტებზეა ორიენტირებული, არაა ურთიერთსაწინააღმდეგო მომენტების შემცველი, უზრუნველყოფილია საჭირო რესურსებით, ანუ ხელთა გვაქვს კარგი სახელმძღვანელოები, საიტები, ვიდეოფილმები. დაყავით თემა  ნაწილებად ისე, რომ მოსწავლემ ისინი აითვისოს, მაგალითად, ორი-ოთხი კვირის მანძილზე. სანამ დამოუკიდებელი სწავლებისათვის დავალების შერჩევას შეუდგებოდეთ, მანამდე შეაფასეთ, რა სასწავლო რესურსები მოიპოვება ამ კონკრეტულ სამუშაოსთან მიმართებაში.

პედაგოგების ნაწილი დამოუკიდებელი სწავლებისათვის საჭირო მასალას წარმოადგენენ კლასში, რათა მოსწავლეები რთულ თემაზე მუშაობისათვის მოემზადონ. ასეთ შემთხვევაში რთული მასალის ათვისებისას მოსწავლეები არ არიან დამოუკიდებელი.

 

 

თვითსწავლებისათვის საჭირო თემის შემუშავება

 

ნებისმიერი თემის ათვისებისათვის საჭირო დავალებათა კომპლექტი, შეიძლება იყოს ინსტრუქციული და არაინსტრუქციული.

ინსტრუქციული დავალებები ითვალისწინებს პედაგოგის მიერ დეტალურად შემუშავებულ ეტაპებსა და კითხვარებს, რომლებზეც აუცილებელია პასუხის გაცემა მას შემდეგ, რაც გაეცნობიან სასწავლო ტექსტის მითითებულ გვერდებს. მოსწავლეები იღებენ მკაფიო ინსტრუქციებს, რისი შესწავლაა აუცილებელი.

ნაკლებად ინსტრუქციული დავალებები ითვალისწინებს კონსპექტების შექმნას  მასწავლებლის მიერ მოცემულ ლიტერატურაზე დაყრდნობით ან წაკითხულ ტექსტზე ორიენტირებულ კითხვებზე პასუხების გაცემას.

არაინსტრუქციული დავალებები ითვალისწინებს კონსპექტის მომზადებას მოცემულ თემაზე, როცა მოსწავლეები სასწავლო პროგრამაზე არიან ორიენტირებული.

რაც მეტად ინსტრუქციულია დავალება, მით ნაკლებადაა ალბათობა იმისა, რომ მოსწავლეები შეფერხდებიან სამუშაოს რომელიმე ეტაპზე ან დავალების არასწორ ინტერპრეტირებას მოახდენენ. ამიტომ დასაწყისისთვის ასეთი სახის დავალებების მიცემა იქნება უკეთესი.

 

დავალების შესასრულებლად გამოყოფილი დრო და სირთულის ხარისხი

 

დამოუკიდებლად სწავლების მთავარი პრობლემა ისაა, რომ მოსწავლეებს არავინ ეხმარება, როცა ისინი „იჭედებიან“. ამიტომ დავალებები მეტ-ნაკლებად იოლი უნდა იყოს. ფაქტობრივი მასალის მოძიება, დამუშავება და შესწავლა იდეალური ვარიანტია.

დასაწყისისათვის შესთავაზეთ შედარებით მცირე დავალება, რომლის შესასრულებლად ერთი-ორი კვირა დასჭირდებათ. ქვემოთ მოცემულია, სამუშაოს შესრულების სახელმძღვანელო თანმიმდევრობა.

  • შეადგინეთ და დაბეჭდეთ ჩანაწერები მიმოხილვისთვის, მათ შორის „მეხსიერების რუკა“;
  • მიღებული ჩანაწერები შეადარეთ მინიმუმ ორი სხვა მოსწავლის ჩანაწერებს;
  • ერთმანეთს ურჩიეთ, რა გზითაა შესაძლებელი კონსპექტების გაუმჯობესება. გაითვალისწინეთ ის რჩევები, რომლებიც სასარგებლოდ გეჩვენათ;
  • შეამოწმეთ ერთმანეთი ტექსტის მომზადების მხრივ, რამდენად კარგად შეგიძლიათ საკუთარი კონსპექტების შინაარსის დამახსოვრება.

მოსწავლეებს სწრაფად ბეზრდებათ დავალებები, რომლებიც მარტო უნდა შეასრულონ, ან იმ სახის დავალებები, როგორიცაა – „წაიკითხე-დაწერე“. შეეცადეთ გამოიყენოთ ქვემოთ მოცემული დავალებები, როგორც უფრო სერიოზული დამოუკიდებელი სამუშაოს ნაწილი:

  • მოცემულ თემაზე ან მის რომელიმე ასპექტზე პრეზენტაციის მომზადება და წარმოდგენა. კლასი ჯერ ითვისებს მთელ თემას, შემდეგ კი მოსწავლეები 5 წუთის განმავლობაში სათითაოდ წარმოადგენენ თემის ერთ-ერთ ასპექტს. საპრეზენტაციო კონკრეტული თემა მხოლოდ მას შემდეგ ცხადდება, როცა კლასი მასალას სრულად აითვისებს;
  • მოხდეს თემასთან დაკავშირებული ადგილის დათვალიერება, მაგალითად – მაღაზია ან დასასვენებელი ცენტრი;
  • სასწავლო ვიდეოფილმის ნახვა;
  • სასწავლო კომპიუტერული პროგრამის გამოყენება;
  • სახელმძღვანელოს მოცემული თავის წაკითხვა და მოკლე შინაარსის გადმოცემა, კლასში განხილვის მოსამზადებლად;
  • მოცემული დავალების წყვილებში ან ჯგუფურად განხილვა საკუთარი და სხვისი მოსაზრებებისა და დასკვნების ჩაწერა. ამ ჩანაწერების საფუძველზე მნიშვნელოვანი საკითხების განსაზღვრა შემდგომი დისკუსიებისა და დებატების მოსამზადებლად.

დანომრეთ დავალებები და ისე დაალაგეთ, რომ მათ შორის მეტ-ნაკლებად რთული და აღმოჩნდეს ბოლოში, რათა ეს არ იქცეს იმის მიზეზად, რომ მოსწავლემ უფრო მარტივი დავალების შეუსრულებლობა გაამართლოს.

რა სახის დავალებაც არ უნდა მისცეთ, სამწუხარო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მოსწავლეებს უნდა მოვთხოვოთ მასალის საკუთარი სიტყვებით  წარმოდგენა და ვთხოვოთ, რომ წერილობით ანგარიშებში არ ჩაურთონ ტექსტიდან ან ინტერნეტიდან ამონარიდი ფრაზები (გარდა ილუსტრაციებისა).

დავალების შედგენა უკეთესია ისე, რომ მისი შესრულება, სახელმძღვანელოში მოცემულ მიმდევრობას მიჰყვებოდეს.  თვითსწავლების წარმატება თუ წარუმატებლობა, კონკრეტული დავალების თავისებურებებზეა დამოკიდებული. დავალებები ადაპტირებული უნდა იყოს ყველა ჯგუფთან.

 

თვითშეფასება

 

თვითსწავლებისას თქვენ არ აფასებთ სამუშაოს, რომელსაც მოსწავლეები ასრულებენ სასწავლო ამოცანების გადაჭრისა და მიზნის მიღწევისათვის. თქვენ სამუშაოს დასრულების შემდეგ აფასებთ იმას, თუ რამდენად გაართვა ან ვერ გაართვა თავი მოსწავლემ მოცემულ ამოცანას. ხარისხის გასაკონტროლებლად აუცილებელი არაა ყველაფრის კონტროლი.

მნიშვნელოვანია იმის გათავისება, რომ მოსწავლეები ვერ აითვისებენ თვითშეფასების უმნიშვნელოვანეს უნარს, თუ თავად არ შეაფასებენ საკუთარ ნამუშევარს! ამასთანავე გირჩევთ, ჩაიწეროთ  თვითშეფასებისათვის  მათ მიერ შერჩეული მიდგომები. სასარგებლო შეკითხვა, რომელიც დავალების ბოლოს უნდა დაუსვათ, ასე ჟღერს: „როგორ მიხვდებით, რომ ტესტისათვის კარგად ხართ მომზადებული?“

დავალებები, რომლებიც თვითშეფასების პროცესში გამოგვადგება:

  • მოსწავლეებს  თვითშეფასებისათვის შესთავაზეთ კითხვები, რომლებიც დაეხმარება მათ, საკუთარი პროგრესის განსაზღვრაში და იმაში, გაიგეს თუ არა თემა. კითხვები გასაგებად ფორმულირებული, საკმაოდ იოლი, არაფორმალური ენით დაწერილი,  მათზე პასუხები კი ადვილად შესამოწმებელი უნდა იყოს. თქვენ შეგიძლიათ მოსწავლეებს მოსთხოვოთ, გაჩვენონ, რომ დავალება შესრულებულია, მაგრამ არ უნდა გაასწოროთ;
  • მოსწავლეებს შესთავაზეთ, „წაიკითხე-დახურე-ჩაიწერე-შეამოწმე“ ტიპის დავალება ან დავალება ურთიერთშეფასებაზე.
  • გაეცით პასუხები მოსწავლეებს დასმულ კითხვებზე ან ამოცანებზე და სთხოვეთ, შეამოწმონ ერთმანეთი ან საკუთარი თავი.
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ, მიეცით მოსწავლეებს პასუხების ნიმუშები ან ამოხსნილი მაგალითები, რომლებსაც გამოიყენებენ თვით- ან ურთიერთშეფასებისათვის.
  • სთხოვეთ მოსწავლეებს, შეაფასონ და ფორმულირება გაუკეთონ თვითშეფასების საკუთარ სტრატეგიას, როგორც თვითსწავლების დავალების ნაწილს. კარგი იქნება, თუ მოსწავლეები წარმოგიდგენენ ჩატარებული თვითშეფასების მაგალითებს. თვითსწავლება გამყარებული უნდა იყოს არა მხოლოდ კონსპექტებით, არამედ თვითშემოწმებისა და თვითშესწორების სამუშაო მაგალითებითაც.
  • შესთავაზეთ მოსწავლეებს მასწავლებლის როლში ყოფნა, მაგალითად, დააკისრეთ პასუხისმგებლობა პარტნიორის წარმატებაზე ტესტის ან დავალების შესრულებისას.

დასაწყისისთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მიერ თვითშეფასებისათვის გამოყენებული მეთოდების მონიტორინგი. მაგრამ შემდეგ თანდათან მოსწავლეებს სულ უფრო მეტი თავისუფლება უნდა მივცეთ. შედეგად ზოგი მათგანი იმედგაცრუებას გრძნობს, მაგრამ ეს არ შეიძლება იქცეს იმის მიზეზად, რომ უკან დავიხიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერასდროს ვერაფერს ისწავლიან.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ხშირად ყურადღების მიღმა რჩება – მოსწავლეები ორიენტირებული არიან მხოლოდ იმაზე, რაც უნდა შეფასდეს. ამიტომ, თუ თქვენ აფასებთ კონსპექტს და არა თემის ათვისების ხარისხს, მაშინ სუსტი მოსწავლეები, კონსპექტის შექმნაზე იქნებიან ფოკუსირებული, რაც არასასურველია. როცა თქვენი შეფასება შეეხება მხოლოდ დასახული ამოცანების გადაჭრის ხარისხს, მაშინ მოსწავლეები, სწორედ ამაზე ორიენტირებული იქნებიან და მოსამზადებელ სამუშაოს განიხილავენ, როგორც ამოცანის გადაჭრის საშუალებას და ეს მართებული მიდგომაა.

 

რესურსები

 

რესურსების ჩამონათვალი, შეიძლება თავად მიცემული დავალების ტექსტში იყოს გაწერილი, თუმცა ეს ჯგუფის თავისებურებაზეა დამოკიდებული.

  • ყუთში მოათავსეთ თქვენს ხელთ არსებული თემასთან დაკავშირებული ყველა რესურსი – წიგნები, ჟურნალები, საგაზეთო მასალა და ა.შ. ყველაფერი ამის გამოყენება შესაძლებელია კლასში ან ბიბლიოთეკაში, მაგრამ არ შეიძლება მისი სახლში წაღება. მოსწავლეებს შეგიძლიათ სთხოვოთ, შეავსონ ყუთში მოთავსებული მასალა, რასაც ჩვეულებრივ სიამოვნებით აკეთებენ.
  • ისეთი წიგნები, რომელთა მხოლოდ ერთი ეგზემპლარი გაქვთ ხელთ, შეგიძლიათ ბიბლიოთეკის სტენდზე განათავსოთ.
  • მოსწავლეებს მიაწოდეთ ინტერნეტში არსებული სასარგებლო მასალა და შესთავაზეთ ამ მასალის შევსება, მაგრამ წინასწარ შეამოწმეთ ყველა მათგანი.
  • მოსწავლეებს წარმოუდგინეთ ვიდეოფილმები, დისკები, სასწავლო- კომპიუტერული პროგრამები და ა.შ.
  • მიაწოდეთ თემის მოკლე რეზიუმე და დაავალეთ მისი განვრცობა.

რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ მისცეთ საჭირო ლიტერატურის ჩამონათვალი ან მოუნიშნოთ კონკრეტული გვერდები, მაგრამ არ ღირს ამის გაკეთება. თქვენი ამოცანაა, მოსწავლეებს განუვითაროთ საჭირო რესურსების მოძიების უნარ-ჩვევები. მოძიებული ლიტერატურის ჩამონათვალი შეიძლება შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ერთ-ერთ მოთხოვნად ჩაითვალოს. შეგიძლიათ მოსწავლეებს შეაფასებინოთ, რესურსების მოძიების თქვენი უნარი და შეადარებინოთ თქვენი და მათი ჩამონათვალები.

 

წყარო:

1.Geoff Petty.Teaching Today a Practical Guide. 4-th Edition Publisher: Oxford University Press. 2009, p.408-413.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი