შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ფარდის მიღმა, ანუ მოსწავლის თვალით დანახული სამყარო     

სტატიის თანაავტორი: მე-11 კლასის მოსწავლე, დიანა ოქროპირიძე.

გლობალური გეოგრაფიის შემაჯამებელი დავალებისთვის დიანამ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ანალიზი შემოგვთავაზა. მინდა გითხრათ, რომ პრეზენტაციას მშვიდად არ ჩაუვლია (დაუგეგმავი დისკუსია გაიმართა). დიანას ყავდა როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეებიც. მათ მსჯელობაში არ ჩანდა პოლიტიკური სიმპათიები (რასაც უფროსებზე ვერ ვიტყვით). ისინი საკუთარ პოზიციას არგუმენტებით ასაბუთებდნენ და გეოპოლიტიკაზე მსჯელობდნენ.

გთავაზობთ სტატია და სლაიდშოუს.

პოლიტიკა არასოდეს ყოფილა ყოველდღიური ცხოვრებისგან განცალკევებული. გვინდა ეს ჩვენ თუ არა, სწორედ ეს უკანასკნელი განსაზღვრავს მილიონობით უდანაშაულო ადამიანის ბედს და ზუსტად მაშინ, როდესაც გვესმის ფრაზა – „მე პოლიტიკა არ მაინტერესებს, ის ხომ მე არ მეხება?“  საქართველოსთან საკმაოდ ახლოს, სირიაში ხალხი იღუპება… დიახ, მათ არც მშვიდ გარემოში ცხოვრება დასცალდათ, არც სკოლაში სიარული და არც ის პატარა ბედნიერი მომენტები შეუგრძნიათ, რასაც ჩვენ, ჩვეულებრივ, აუცილებელ პირობებად აღვიქვამთ. ამ დროს ისინი დაკარგულ ძმას ეძებენ და საკუთარი მამის უძრავ სხეულს დასტირიან.

უფროსები ამბობენ, ახალგაზრდები ყველაფერს სხვანაირად აღიქვამთო და შეიძლება მართალია, ჩვენ სამყაროს სხვა თვალით ვუყურებთ, მაგრამ ის, რაც ჩვენ გარშემო ხდება ყველას გვეხება, მიუხედავად ასაკობრივი თუ რასობრივი განსხვავებისა. ეს საერთო ტკივილია, ეს ტკივილი  მოჭარბებული წითელი ფერია და  მას თავისი პოლიტიკური სარჩულები აქვს.

„ღმერთო, თუ გული მექნებოდა, მთელს ჩემს სიძულვილს სიტყვებით გადავიტანდი ყინულზე და დაველოდებოდი მზის ამოსვლას“.

რამდენმე წლის წინ  ალეპო (2.3 მილიონი მაცხოვრებლით) სირიის უდიდესი ქალაქი და უმნიშვნელოვანესი ტურისტული ცენტრი იყო. მისი ძველი  უბნები კი მსოფლიოს   უნიკალური ღირსშესანიშნაობაა. 2011 წელს სირიაში ბაშარ ასადის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. სამოქალაქო ომის ქარ-ცეცხლმა ქალაქს 2012 წლის ივლისში მიაღწია. საბოლოო გამარჯვების მოპოვება ვერცერთმა მხარემ ვერ შეძლო და შედეგად  ქალაქი ორ ნაწილად გაიყო. ალეპოს დასავლეთ უბნებს მთავრობა  აკონტროლებდა, აღმოსავლეთ ნაწილს კი – ამბოხებულები. ჩრდილოეთით შედარებით მშვიდი, ქურთების მიერ დაკავებული ტერიტორია იყო. მთელი ამ წლების განმავლობაში, ქალაქსა და მის შემოგარენში შეტაკებები სამთავრობო ნაწილებსა და ამბოხებულებს, ასევე ამბოხებულებსა და, ეგრეთ წოდებულ, „ისლამური სახელმწიფოს“ შორის გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ალეპოში, ისე იდლიბის პროვინციაში ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ ძალად დარჩა „ჯაბჰათ ფათაჰ აშ-შამ“ („სირიის დაპყრობის ფრონტი“), რომელიც ამა წლის 16 ივლისამდე ცნობილი იყო, როგორც „ჯაბჰათ ან-ნუსრა“ (მისი სრული სახელი „სირიელი ხალხის გამარჯვების ფრონტს“ ნიშნავდა). სახელი ამ ორგანიზაციამ იმისათვის შეიცვალა, რომ აღარ ყოფილიყო ასოცირებული და დაკავშირებული „ალ-კაიდასთან“, რომელმაც შექმნა კიდეც ეს ორგანიზაცია, როგორც სირიაში საკუთარი ერთგვარი ფილიალი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორგანიზაცია სხვა ოპოზიციურ გაერთიანებებთან  ერთად ებრძვის ასადის რეჟიმს, აღმოსავლეთ ალეპოს უბნები მთელი ეს წლები დანაწევრებული იყო როგორც სეკულარულ, ისე ისლამისტურ ძალებს შორის და „ჯაბჰათ ნუსრა“ უბრლოდ ყველაზე მრავალრიცხოვანი ორგანიზაცია იყო.

კონფლიქტის დაწყების დღიდან ირანი ბაშარ ალ ასადის მხარესაა. ასადს ასევე უჭერს მხარს რუსეთი, რომელიც 2015 წლის სექტემბრიდან მოყოლებული უშუალოდ ჩაერთო კონფლიქტში და განსაკუთრებით ალეპოს აღებისას გამოიჩინა თავი უსასტიკესი დაბომბვებით.

ჩნდება კითხვა: რატომ ჩაერია რუსეთი ამ კონფლიქტში?

პასუხი პრიმიტიული და ძალიან ლოგიკურია – პოლიტიკური გავლენის გაზრდის მიზნით (ისევე, როგორც ირანი და სხვა ქვეყნები).

სპარსეთის ყურიდან ბუნებრივი აირის ევროპაში ტრანსპორტირების ორი ალტერნატიული მარშრუტი არსებობს:
1.ყატარი-საუდის არაბეთი-იორდანია-სირია-თურქეთი-ევროპა;
2. ირანი-ერაყი-სირია-გაზის დაპრესვა და სპეციალური ტანკერებით ევროპაში გაყიდვა.

პირველ ვარიანტს მხარს უჭერს აშშ, ევროპა და მონაწილე ტრანზიტული ქვეყნები, მეორე ვარიანტის მხარდამჭერები, შესაბამისად, რუსეთი, ირანი, ერაყი, სირია არიან. პირველი ვარიანტის რეალიზება შეასუსტებს „გაზპრომის” დომინირებას ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე და, შესაბამისად, რუსეთის შემოსავლებს. ყატარი და საუდის არაბეთი აფინანსებენ “ისლამურ სახელმწიფოს”, რომლის ძირითადი მიზანია: ა) ჩამოაგდოს სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი, რომელიც წინააღმდეგია ყატარული გაზსადენის პროექტის; ბ) შეასუსტოს ერაყის შიიტური ხელისუფლება, რომელიც ირანის გაზსადენს უჭერს მხარს.

ეს რუსეთის ინტერესების მხოლოდ ერთი ნაწილია. სირიაში სამხედრო ინტერვენციამ და ტერორიზმის წინააღმდეგ „ბრძოლამ“ საერთაშორისო იზოლაციით და სანქციებით შეწუხებული რუსეთი კვლავ დააბრუნა მოლაპარაკებების მაგიდასთან (საფრანგეთში განხორციელებული ტერაქტების შემდეგ კიდევ უფრო ბევრმა საინფორმაციო საშუალებამ, მკვლევარმა თუ პოლიტიკოსმა დაიწყო რუსეთთან ერთობლივი მუშაობისაკენ მოწოდება).

გარდა ამისა, რუსეთს ძალიან სჭირდება, დაირღვეს ერთიანობა ევროკავშირში, რათა ვეღარ მოხერხდეს საერთო პოზიციის შემუშავება სანქციებთან დაკავშირებით. ამისათვის რუსეთი უმოწყალოდ მომბავს უდანაშაულო მოსახლეობას, რათა გაიზარდოს დევნილების ნაკადი ევროპაში, რაც ყველაზე უფრო ეფექტური იარაღია ევროპული ერთიანობის წინააღმდეგ. სწორედ დევნილებთან დაკავშირებით ვერ მოახერხეს ევროპულმა სახელწმიფოებმა საერთო პოლიტიკის შემუშავება.

რუსეთიც არ არის ერთადერთი, ვისაც ბრალი მიუძღვის კონფლიქტის გამწვავებაში. დღეს სოციალურ ქსელებში აქტიურად ადანაშაულებენ ხან ა.შ.შ-ს, ხან ირანს, ხანაც თურქეთს და ა.შ, მაგრამ მედლის მეორე მხარეს თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ მსოფლიოში 200-მდე დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელსაც სისხლისღვრის შეჩერება არ შეუძლია. გაზეთები, ჟურნალები, სატელევიზიო გადაცემები, რადიოები და  სოციალური ქსელები… ერთმანეთის მიყოლებით ჩნდება სტატიები და სიახლეები სამძიმრის წერილებზე, განცხადებებზე, ჰუმანიტარულ დახმარებაზე და სიტუაცია მაინც უცვლელია. დღეს საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი , ბრიუსელი და ალეპოა. და ხვალ?!

ეს მიზეზების არასრული ჩამონათვალი და ძალიან რთული, ხშირად გაუგებარი პოლიტიკური თამაშის ნაწილია. ისტორიაში სირიის მაგალითი, სამწუხაროდ, ერთადერთი არ არის და ვერც იმას ვიტყვით გადაჭრით, უკანასკნელი იქნება თუ არა. რეალობა უსიამოვნო, მტკივნეული და შემაშფოთებელია.  5 წელია ტრაგედია მძვინვარებს და  კონფლიქტის მსხვერპლთა რიცხვი მილიონს უახლოვდება, 11 მილიონზე მეტი დევნილადაც კი იქცა. ერთადერთი იმედი გონიერი და საღად მოაზროვნე მომავალი თაობაა, რომელმაც იცის სისხლის თითოეული წვეთის ფასი; იცის, რომ თვალის დახუჭვა გამოსავალი არ არის! თაობა, რომელიც გრძნობს პასუხისმგებლობას და იაზრებს, რომ ადამიანის სიცოცხლე უმთავრესი ღირებულებაა. თაობა, რომელიც მსოფლიოს, საქართველოს ნათელი მომავალი და გადარჩენის ერთადერთი გზაა, ახალგაზრდობა რომელსაც ესმის, რომ ყოველი შემდგომი ომი წინას გაუაზრებლობის შედეგია.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი