პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

“ტროლეიბუსი ასტარიონი და მისი მგზავრები” -წიგნი, საკუთარ ქალაქზე ზრუნვას რომ გვასწავლის

 

მინდა ყველა ქალაქში დადიოდეს `ოცნებასავით ჩუმი~ ტროლეიბუსი ასტარიონი! მინდა, ყველა ქალაქში ცხოვრობდნენ კაზოს, გინგუს, კირკიმელის, ამუსა და კამას მსგავსი არსებები! მინდა, ყველა ქალაქს ჰყავდეს `ტლუებთან~ და `მოჟმეებთან~ მებრძოლი `უჩინარი მცველები!~

დარწმუნებული ვარ, თქვენც იგივე გსურთ, ოღონდ ამას სხვა სიტყვებით გამოხატავთ, დაახლოებით ასე:

გვინდა, შეწყდეს ხეების განადგურება! გვინდა, გაქრეს უგემოვნო შენობები! გვინდა ადამიანები პატივს სცემდნენ ერთმანეთს და ნებისმიერ სულიერ არსებას! გვინდა ბევრი ტყე-პარკი და სუფთა ჰაერი!

მე ერთი ზღაპრის ენაზე გამოვხატე სათქმელი. ზღაპრის, რომელიც ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ხშირად მახსენდება, რომელიც დღითიდღე ისეთი აქტუალური ხდება, თითქოს, რამდენიმე თვის წინ დაწერა ნაირა გელაშვილმა, თითქოს სულ ახლახანს, ჩვენს ქალაქებში მომხდარ ამბებს გამოეხმაურა (თუმცა, `ტრიოლეიბუსი ასტარიონი და მისი მგზავრები~ 2005 წელს გამოცემული წიგნია).

რაც დრო გადის, მედია-სივრცეში კოლეგები თუ შინაურ გარემოში მეგობრები გამალებულად ვმსჯელობთ საოცალურ და ეკოლოგიურ საკითხებზე. და, ნებისმიერ შემთხვევაში ერთი დასკვნა გამოგვაქვს – პრობლემებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოევლება, უმცროსი თაობას თუ ჩამოვუყალიბებთ სწორ დამოკიდებულებებს საკუთარი ქალაქისა თუ თანამოქალაქეების მიმართ. ამ საქმეში კი შესაბამის თემებზე დაწრილ საბავშვო წიგნებს დიდი დახმარების გაწევა შეუძლია.

უცხოურ ლიტერატურაში ამ მხრივ დიდი არჩევანია, ქართულში კი ასტარიონის შესახებ ამბავი ყველასგან გამორჩეულია. კარგი იქნებოდა, ეს წიგნი  დაწყებითი კლასებისთვის სავალდებულო საკითხავი ლიტერატურის სიაში, რამდენიმე თავი კი სახელმძღვანელოშიც შეგვეტანა.

 

თქვენს ქალაქში თვალი ხომ არ მოგიკრავთ ასტარიონისთვის?

 

ასტარიონი ვარდისფერი, თეთრად დაწინწკლული უნომრო ტროლეიბუსია, მხოლოდ ერთი, ღრუბელთან შეერთებული ბიგელი აქვს, წინა და უკანა შუშა მისი ცისფერი, უზარმაზარწამწამებიანი თვალებია.

ასტარიონი თავის ჭკუაზე დაეხეტაება, სადაც მოეპრიანება იქ ჩერდება, ვინც მოეწონება, კარს ფართოდ უღებს და ეპატიჟება. თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ასტარიონს ვერ ამჩნევენ, იმიტომ რომ ჭკუამხიარულ ტრანსპორტად თვლიან. სამაგიეროდ, ასტარიონში თავმოიყრილებს სიამოვნებთ ერთმანეთის აღმოჩენა.

ასტარიონის მგზავრები ძირითადად პოეტები, მხატვრები, მებაღეები, მომღერლები, ბალახით მკურნალები, ხალისინი მღვდლები, ბუნების დამცველები, საკუთარ ქალაქზე მზრუნველები, კარგი ამბების შეტყობინებით გახარებული ჟურნალისტები, უსახლკარო შეყვარებულები არიან. აქ შეიძლება ზოგიერთი მგზავრი ძალიან გეცნოთ, მარტივი მიზეზის გამო, ისინი ფიროსმანის ნახატიდან გადმოსული გმირები არიან: სევდიანი ჟირაფი, თეთრწინსაფრიან-ხელჯოხიანი მეთევზე, ბოჩლასთვალებიანი მუშა ზურგზე ღვინით სავეს ჭურჭელით, ვირზე ამხედრებული ექიმი შავი შლაპითა და ქოლგით, თეთრბუშტებიან გოგონა პეპლის საჭერით…

ასტარიონელები ზოგი მიწაზე ცხოვრობს, ზოგი ცაში, მაგრამ სადაც არ უნდა შეხვდნენ, მაშინვე სცნობენ ერთმანეთს. მათ დედამიწაზე ზრუნვა აერთიანებთ, ყველგან სამყაროს მეგობრებს დაეძებენ და ცდილობენ ყველას უხსნან, რომ `ჩვენ, დედამიწის ბინადართ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს. გარდა იმისა, რომ საკუთარ თავს, ოჯახსა და კარ-მიდამოს უნდა მოვუაროთ, თვით დედამიწაც მოსავლელი გვყავს. ტლუების მოდგმამ იგი ძალიან დააზიანა: ზღვები და მდინარეები მოწამლეს, ტყეები გაჩეხეს, ჰაერი და კოსმოსიც დააბინძურეს… გამოსწორებას მაშინ შევძლებთ თუ ძალიან ბევრი ადამიანი და არსება დამეგობრდება და ერთად შეუდგება საქმეს!~

 

მთავარი გმირების ორკესტრი

 

ორკესტრის თითოეული წევრი თავის საყვარელ ინსტრუმენტზე უკრავს:

გოგონა კაზო – ვიოლინოზე

კნუტი კამა – ფლეიტაზე

თაგუნა კირკიმელი – დოლზე

ბიჭი გინგუ – ფაგოტზე

ლეკვი ამუ – კონტრაბასზე

ერთ მშვენიერ დღეს ორკესტრის წევრები (`ტრიოლეიბუსი ასტარიონი და მისი მგზავრების~ მთავარი გმირები) ასტარიონით მგზავრობას დაიმსახურებენ!

რატომ?

შესაძლოა მიზეზები მარტივად მოგეჩვენოთ: მათი დაკრული მუსიკა ყველა სულიერს კარგი ფიქრებით ავსებს, ისინი უკანონო მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო კონცერტებს მართავენ, თავიანთი სიმღერებით ხან ზოოპარკის ბინადარ სევდიან ცხოველებს ახალისებენ, ხან ვეშაპ შამპიროს ზურგზე განლაგდებიან, სამი გოლიათის მწვანე კუნძულისკენ გასცურავენ და ომის შედეგად დანგრეული ქალაქიდან ჩამოყვანილ  ლტოლვილ ბავშვებს ართობენ, საავადმყოფოში კლოუნ ტიზასთან ერთად სიცილით, ხუმრობითა და სიმღერებით პატარებს კურნავენ.

ორკესტრის არც ერთ წევრს არ მოსწონს ის, ვინც ქუჩაში იფურთხება, იგნება, ნაყინისა და შოკოლადის ქაღალდს ურნაში არ აგდებს, განსაკუთრებით იმ ადამიანების მიმართ არიან შეუწყნარებლები, ნაგვით სავეს პარკებს ავნიდან რომ ისვრიან.

 

ფლორიან ნერგოვანის სანერგე

 

მგონი, უკვე ვთქვი, რომ ამ წიგნში ბუნება განსაკუთრებულად უყვართ!

დიდუდას ბინაც კი, რომელიც ცოცხალი არსებაა (სრულუფლებიანი პერსონაჟია), ცდილობს მხოლოდ მოწყვეტილი ყვავილებით არ შემოიფარგლოს, მეტად შემოუშვას ბუნება საკუთარ კედლებში. ამიტომ ძლიერი წვიმის დროს ლოჯიის ჭერიდან წვიმის წვეთებს ატარებს და არც იატაკზე გაჩენილი ერთი-ორი გუბის წინააღმდეგია.

ფლორიან ნერგოვანის სანერეგე კი ნერგებისა და თესლების ნამდვილი სამეფოა. იქ მიდის ყველა, ვისაც საკუთარი ეზო-კარის, ბაღებისა თუ სკვერების გამწვანება სურს. ვინც ზრუნავს ბავშვებზე და იცის, რომ მათთვის მისწრებაა ნაძვნარში სეირნობა და თამაში.

ფლორიან ნერგოვანის მეგობრები და თანამზრახველები ადამიანებს, რომლებიც ყველაფერს აზიანებენ და სანერგესაც განადგურებით ემუქრებიან, ტლუებს ან მოჟმეებს ეძახიან. იქ მისული ბავშებს დამყნობის, თესვისა თუ მცენარეების მოვლის პროცესებზე ისეთი ზღაპრული ხერხებით უამბობენ, რომ მთელი ცხოვრება დაამახსოვრდეთ, ტლუებივით და მოჟმეებივით მოქცევა არასდროს მოუნდეთ.

თავად ფლორიან ნერგოვანს აღარ იკითხავთ? – ტანსაცმლის ზემოდან ფესვებისგან დაწნული, ბადესავით პერანგი აცვია, ამ ბადე-პერანგში ყვავილები გაუჩრია და მართლაც სასურველი ნაცნობია! თუ ჩემი არ გჯერათ, დიდუდას (იგივე დიდლის, იგივე თავგვირილას) ჰკითხეთ. მასავით კომპეტენტური არავინ მეგულება ამ წიგნში `ტროლეიბუსი ასტარიონი და მისი მგზავრები~ რომ ჰქვია!

უჩინარი მცველები

 

ძნელია ძნელია,

ძალიან ძნელია

ამდენი რეგვენი

რომ შემოგვერია,

მაგრამ, მეგობარო,

სხვა რა დაგვრჩენია,

ჩვენც ვიყოთ ერთად!

ჩვენც ვიყოთ ერთად!

რადგანაც მოგველიან

უჩინარი მცველები…

 

დიახ, წიგნში ერთი ახალგაზრდა ბიჭის, ელექსის დაწერილი რეპიც გაისმის, ქალაქზე მზრუნველი `უჩინარი მცველები~ ვის არ აღაფრთოვანებენ, ვის არ მოიყვანენ სიმღერის ხასიათზე. ისინი ხომ ბაღების გადასათხრელად მობილიზებულ ბულდოზერებსა და ტრაქტორებს, ტყე-პარკების ნაცვლად აღმართულ მონსტრ შენობებს აქრობენ; მწყობრიდან გამოჰყავთ ბენზინგასამართი სადგურები, რომლებიც უხარისხო ბენზინს ყიდიან, ასევე მოუვლელი მანქანები, რომლებიც ჰაერს წამლავენ; ბევრს წვალობენ, `ვიდრე მერიას დაიყოლიებენ ან ხუთიოდ მდიდარს დაარწმუნებენ კარგი საქმეების კეთებაში.~

`უჩინარი მცველები~ ის ადამიანები არიან, რომლებსაც `სილამაზე ესმით,~ რომლებიც  ისეთი სახლების მშენებლობას ემხრობიან, უბანის კოლორიტს რომ არ ამახინჯებს და მიდამოს ეხამება. მათ გულით სჯერათ, რომ `თუ კარგ საქმეებს აღარ აკეთებ, თანდათან უშნოვდები და ავად ხდები.~ ისინი უმცროს თაობასაც უზიარებენ საკუთარ ცოდნას, ბავშვებს თანამებრძოლებად მიიჩნევენ და ასწავლიან: `როდესაც ვიღაც რაღაცას აზიანებს, ხმა უნდა ამოიღოთ!~

ნაირა გელაშვილის `ტროლეიბუსი ასტარიონი და მისი მგზავრები~ მართალია, ზღაპარივით ამბავია, მაგრამ მისი წაკითხვის შემდეგ ბავშვებს საკუთარი ქალაქის გაცნობა და მოვლა-პატრონობა აუცილებლად მოუნდებათ. ამავე დროს, ეს მართლაც საოცარი წიგნი პატარაობიდან შთაგვაგონებს, რომ `სამყარო მხოლოდ ის როდია, რასაც ყოველდღიურად, ჩვენს თვალწინ ვხედავთ!~ _ გაცილებით ფართედ ყურება გვმართებს და რთული სიტუაციებიდან გამოსავალს მხოლოდ ამ შემთხვევაში მივაგნებთ.

და, ვინ იცის, ერთ მშვენიერ დღეს იქნებ ასტარიონით მგზავრობაც დავიმსახუროთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ჩემი „ვანგოგენი“

ეული ყველასთან ერთად

დარდისას გეტყვი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი