პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ლიტერატურული დღიური, როგორც სასწავლო აქტივობა

როგორ დაიბადა იდეა

ზაფხულის არდადეგებზე mastsavlebeli.ge-ზე სტატიის სათაურმა მიპყრო ჩემი ყურადღება.  ავტორი – ნინო ლომიძე –  საინტერესოდ წერდა ლიტერატურული დღიურის შესახებ. ძირითად პრობლემად ასახელებდა იმას, რომ ბავშვებს ხშირად უჭირთ პერსონაჟების სახელების დამახსოვრება, სიუჟეტის გადმოცემა, სათაურის გააზრება, ლიტერატურული დღიური კი შესანიშნავი გზაა მკითხველისთვის სხვადასხვა დეტალზე ორიენტირებისა და თვითგანვითარებაზე დაკვირვებისთვისო. სტატიას დღიურისთვის დართული ჰქონდა გარკვეულ ქარგა.

ინდივიდუალიზმი

            ლიტერატურული დღიურის იდეა ძალიან მომეწონა. გადავწყვიტე, სასწავლო პროცესის დაწყებისას სამოქმედო გეგმაში შემეტანა, როგორც ერთ-ერთი აქტივობა. წერილს კიდევ ერთხელ მივუბრუნდი, დავამუშავე და მიზნები ჩამოვწერე. სხვის იდეებს ცვლილებები  და ინდივიდუალური შტრიხებით გამრავალფეროვნება უხდება, ამიტომ გადავწყვიტე რამე განსხვავებული მომეფიქრებინა.

დღიურის ფორმა

 მავე ზაფხულს  ნაჭრების უცნაურ დახლთან მოვხვდი – გადავსებული იყო ჭრელი გობელენებითა და ფერადი ბარხატებით. ჩამოვდექი და ფიქრი დავიწყე, თუ რაში შეიძლებოდა გამომეყენებინა ისინი. მაშინ მომაფიქრდა, დღიურის ყდების ამ ნაჭრებით გაფორმება. შევარჩიე სხვადსხვა ფერის გობელენი და რაჭის გზას გამოვუყენე.  ნაჭრები შემოვაცვით რვეულებს და მათაც მოიხდინეს საინტერესო იერ-სახე.

16880982_1429243470421024_1549929754_o (1)

დღიურისთვის ჩვენეული ქარგა შევიმუშავეთ, რომელმაც საბოლოოდ ასეთი სახე მიიღო:

ავტორი –  მოკლე ინფორმაცია მის შესახებ, მოვიძიოთ ავტორის სურათი;

სათაური – რატომ  შეურჩია მწერალმა ამ ნაწარმოებს ეს სათაური;

შევქმნათ ისეთი ნახატი, რომელიც სათაურს  შეესაბამება;

სიუჟეტი –     სიუჟეტი არის ძალიან მოკლე შინაარსი წიგნში განვითარებული მოვლენებისა;                                     შევქმნათ ნახატი წიგნის სიუჟეტის მიხედვით;

        პერსონაჟები –  ამოვწეროთ მთავარი და არამთავარი  პერსონაჟის სახელი და გვარი;

                                  დავახასიათოთ/აღვწეროთ/დავხატოთ თითოეული მათგანი;

                                  პარალელი გავავლოთ სხვა ლიტერატურული ნაწარმოებების მოქმედ გმირებთან (საერთო თვისებები, თავგადასავლები და ა. შ.)

        ეპოქა –          მოვიძიოთ ცნობები ნაწარმოების დაწერისა და მასში ასახული ეპოქის შესახებ;

        ქუჩები –       ამოვწეროთ ქუჩებისა და ქალაქების სახელები;

                                  შევეცადოთ ისინი ჩვენი ფანტაზიით დავხატოთ;

                                  მოვიძიოთ ფოტო მასალა ინტერნეტში, ამოვბეჭდოთ და ჩავაკრათ დღიურში;

        ჟანრი –          მოვიძიოთ ინფორმაცია, რომელი ჟანრისაა წიგნი;

                                  შენიშვნა: დავიხმაროთ მასწავლებელი.

        ეპიზოდი , რომელიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა:

  • მოკლედ აღვწეროთ მისი შინაარსი;
  • დავწეროთ მიზეზი, რატომ შევარჩიეთ;
  • შევქმნათ ნახატი ეპიზოდის მიხედვით;

        ფრაზები – ამოვიწეროთ საინტერესო ფრაზები;

        წინადადებები –   ზოგჯერ გვხვდებიან ისეთი წინადადებები, რომლებიც ლექსების სტრიქონებს გვაგონებენ.

  • ვეძებოთ ისინი და ამოვწეროთ;
  • მათზე დავწეროთ თავისუფალი თემები;
  • შევქმნათ ნახატები;

რეცენზია – მოკლე აღწერილობა წიგნის შესახებ;

გაითვალისწინეთ: რეცენზია არ უნდა შეიცავდეს ისეთ დეტალებს, რომ სხვამ  წიგნის წაკითხვის ინტერესი დაკარგოს.

16930885_1429242650421106_522259103_o

შთაბეჭდილებები  და პარალელები საკუთარ ცხოვრებასთან, წიგნებთან, ფილმებთან, ადამიანებთან, მუსიკასთან;

  • რომელი სხვა ნაწარმოები გაგახსენათ ამ წიგნმა?
  • წელიწადის რა დროს კითხულობდით?
  • სად და როდის კითხულობდით?
  • რატომ გადაწყვიტეთ მისი წაკითხვა?
  • ყველაზე მეტად რომელ ადამიანს გახსენებთ ეს წიგნი?

 

            რჩევა: დღიურები შეგიძლიათ გააფორმოთ ფოთლებით, ყვავილებით, დაამზადოთ საინტერესო სანიშნეები, თქვენი კვალი დატოვოთ ფურცლებზე.

პროცესი

            როგორც ხდება ხოლმე, ნებისმიერი მეთოდისა და აქტივობის ასათვისებლად მოსწავლეებს გარკვეული დრო სჭირდებათ, ამიტომ თავდაპირველად მუდმივი ყურადღება და თვალისდევნების რეჟიმში მყავდნენ,  რომ პატარ-პატარა სირთულეებს არ შეეშინებინათ  და გული არ აცრუებოდათ.

            ამ ყოველივეს გათვალიწინებით ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყე ქმედება.

            შევიკრიბეთ სკოლის მედიათეკის ოთახში,  ქარგის თითოეული საფეხური განვიხილეთ, ამოვუბეჭდე განმარტებები და სახლში გავატანე, შემდეგ ეს ჭრელ-ჭრელი რვეულები დავურიგე და ერთად განვსაზღვრეთ რამდენი ფურცელი დასჭირდებოდა ავტორს, სათაურს, პერსონაჟებს, საყვარელ ეპიზოდებს, ფერად ფურცლებზე დავაწერეთ შესაბამისი მნიშვნელობები და რვეულის კიდეზე კიბეებივით ჩამოვამწკრივეთ.

            რადგანაც პედაგოგიკის წარმატებულობის უპირობო მიზეზი პირადი მაგალითია, ამიტომ მეც მათთან ერთად შევქმენი ჩემი დღიური. ასეთი ამბებით გამოწვეული სამზადისი, ფუსფუსი და ერთად ყოფნა ყველაზე სასიამოვნოა მასწავლებლისთვისაც და მოსწავლეებისთვისაც. პროცესი  თავისთავად მოიცავს კეთებით სწავლებას, უვითარდებათ შემოქმედებითი და ლოგიკური უნარ-ჩვევები, არაფორმალური გარემო ამაღლებს  მოტივაციას, ერთმანეთს ეხმარებიან და განსხვავებულ გარემოში ურთიერთობას სწავლობენ, უმაღლდებათ წიგნიერების დონე და, რაც მთავარია, სწავლობენ პრობლემების მართვას.

კავშირი სასწავლო პროცესთან

          ცარიელი დღიურები დავინაწილეთ და სახლებში გამოვამგზავრეთ, რომ კითხვის პარალელურად შეგვევსო და ასე ნელ-ნელა მის ფურცლებზე დავაბინავეთ სხვადასხვა ავტორი, სათაური, პერსონაჟი, საყვარელი ეპიზოდი.

            დღიურების ერთმანეთისთვის ჩვენება ლიტერატურულ კაფეში გადავწყვიტეთ, რომელსაც ჩვენს პატარა სკოლაში ყოველ ორ თვეში ერთხელ ვაწყობთ.

            საინტერესოა ის ფაქტი, რომ მოსწავლეთა ასაკის შესაბამისად მოფიქრებული ქარგის მიუხედავად,  დღიურს ერთნაირი ხალისითა და მონდომებით აწარმოებდნენ მეორეკლასელი თეკლა თუ მეცხრეკლასელი თამუნა და გიორგი.

            ყველაფერს ადვილად გაართვეს თავი, მაგრამ რეცენზიისა და ჟანრის გაგება-გააზრება გაუჭირდათ და აქილევსის ქუსლის სტატუსი მიანიჭეს.

            არადა, ერთ-ერთი საინტერესოდ და სპონტანურად მოფიქრებული რეცენზიის გამო  ახლაღა შემომეკითხა ბავშვობაში ვერწაკითხული გულივერის მოგზაურობა – იცით რატომ უნდა წაიკითხოთ გულივერი? იმიტომ, რომ მიხვდეთ, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ზემოდან დავყურებთ ჩვენ და ისეთი ადამიანებიც – რომლებიც ჩვენ დაგვყურებენ ზემოდანო, – მერვეკლასელმა თამუნამ  საუბრისას მითხრა და ინტერესი გამიღვივა.

16931299_1429243457087692_671425604_o

გაგრძელება ორი თვე უკვე გავიდა და მეათედ ვიკრიბებით ლიტერატურულ კაფეში „მირამისი“. წიგნის წარდგინების ფორმად ისევ ლიტერატურული დღიური ავირჩიეთ. ამჯერად პერსონაჟებისთვის განკუთვნილ გვერდებს  ესტუმრებიან:  ანე ფრანკი, ბიძია თომა, ჰოლდენ კოლფილდი, კაპიტანი ნემო, ჰარი პოტერი, ატიკუსი და ჭყიტა, რობიზონ კრუზო, ექიმი აიბოლიტი, ცქნაფი და ნინცო, ბიულერბიელი ბავშვები და კუნძულ სალტკროკას მცხოვრებლები…

ლიტერატურული დღიურების  მიხედვით სლაიდ შოუს აწყობაც მოგვაფიქრდა, რაც თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებასა და სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებას შეუწყობს ხელს.

16880739_1429242020421169_1880917712_o

დასკვნითი აბზაცისთვის

ასე რომ, mastsavlebeli.ge ერთ-ერთი საინტერესო საგანმანათლებლო ვებ პორტალია ინტერნეტ სივრცეში. ინსპირაციის წყაროდ ნებისმიერი სტატია შეიძლება გვექცეს, შემდეგ კი ჩვენი ინდივიდუალიზმით შევაზავებთ და სასწავლო პროცესს გავახალისებთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი