პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ორი მუზეუმი – შიშთან ბრძოლის გაკვეთილები  

 

დღემდე მეშინია მუზეუმების. დარწმუნებული არ ვარ, რომ რომელიმე ბნელ კუთხეში შემზარავ ექსპონატს არ გადავაწყდები – ვთქვათ, შავ ხავერდზე დასვენებულ მკვდრის ნიღაბს. მეშინია ნახევრად ჩაბნელებული ოთახების, უცნობი ნივთებითა და უცნობი ადამიანებით. ჩემს წარმოდგენაში მუზეუმი ისეთი ადგილია, სადაც კაცობრიობის ბნელი წარსული საიმედოს ვერაფერს გეუბნება, სრულყოფილება თავზარდამცემი სიცხადით წარმოაჩენს სამყაროს დანარჩენი ნაწილის არასრულყოფილებას, პირველი სართულის მაღაზია კი დაუნდობლად გიქრობს ყველა ილუზიას – როგორც ყოველთვის, ახლაც სამარცხვინო ასლებს დასჯერდი.

ცხადია, ვაზვიადებ. მიზეზებს ვეძებ სიმხდალის გასამართლებლად.

პირველი მუზეუმი, სადაც ძალიან პატარა – მეორეკლასელი თუ მესამეკლასელი წამიყვანეს, შუა გორში აღმართული სტალინის სახლ-მუზეუმი იყო. წელიწადი არ გავიდოდა, კლასის დამრიგებელსა თუ სხვა მასწავლებლებს არ გამოეცხადებინათ, შაბათს სტალინის სახლ-მუზეუმში მივდივართო – ახლოს იყო და დიდი დროც არ მიჰქონდა თვალშეჩვეული ნივთების კიდევ ერთხელ დათვალიერებას. სტუმრები ჩამოვიდოდნენ სხვა საბჭოთა რესპუბლიკებიდან და რა უნდა გეჩვენებინა? ისევ სტალინის მუზეუმი. დაზაფრული დავდიოდი დარბაზიდან დარბაზში, დერეფნიდან – დერეფანში – ზურგიდან დიდი ბელადის თვალი მიყურებდა, მწვავდა და მანადგურებდა. მაშინაც კი, როცა ბევრი არაფერი ვიცოდი მის პოლიტიკურ საქმიანობაზე და ზეადამიანური ძალის, დაუმარცხებელი ზღაპრის გმირი მეგონა, გული კარგს არ მიგრძნობდა – მთელი ეს არალეგალურად ნაბეჭდი გაზეთები და პროკლამაციები, კრემლიდან წამოღებული ნივთები, ბიუსტები, პორტრეტები, ძვირფასი საჩუქრები და სხვა დანარჩენი თითქოს ერთადერთი მიზნით გამოეფინათ – მეორეკლასელ თუ მესამეკლასელ გოგოებს გული რომ გახეთქოდათ. სუფთა წერაში ორიანი მიიღე, არა? რუსულის გაკვეთილი ისევ გააცდინე? ოქტომბრელის სამკერდე ნიშანი სახლში როგორ დაგრჩა? და მათემატიკის საკონტროლოში რა მიიღე? რატომ დაგაქვს წვერმოტეხილი ფანქრები სკოლაში? ხომ გაგაფრთხილეს, რომ თმა ბაფთით უნდა შეგეკრა?..

წლები გავიდა, შიში კი არ გამქრალა.

გაკვეთილი 1:  წარსულის აჩრდილები არ ქრებიან. ამ აჩრდილებთან ბრძოლისას, უმეტესწილად, ვერაფერს ვსწავლობთ. ნაბიჯის აწყობა – აი, რა იქნებოდა სწორი, მეტისმეტად რთული, თითქმის შეუძლებელი რომ არ იყოს. მათთან ერთად ცხოვრება – ბუნებრივად, ძალდაუტანებლად.

2013 წლის მაისში სტოკჰოლმში ვასა-მუზეუმი ვნახე. ჩემმა მასპინძელმა – 70 წელს გადაცილებულმა, სკანდინავიური თქმულებების გრძნეული და გულთამხილავი გმირების მსგავსმა, თეთრთმიანმა სტინამ მითხრა – თუ რაღაც ისეთს ეძებ, რაც არასოდეს დაგავიწყდება, მაშინ იურგორდენზე, ვასა-მუზეუმში წადიო. ფეხს ვითრევდი – გზას ვერ გავიგნებ-მეთქი. თავისი ხელით დამიხატა პატარა რუკა ბლოკნოტის ბოლო გვერდზე, მეტროს სადგურების სახელებიც ჩამომიწერა და სხვა საჭირო ინფორმაციაც. უარი ვეღარ ვუთხარი – საბჭოთა ბავშვობის სიმძიმესა და ბელადის ვაგონის ინტერიერზე ხმა არ ამომიღია. მაცდუნებელი ის იყო, რომ გემი უნდა მენახა – მე-17 საუკუნეში აგებული ერთადერთი საბრძოლო ხომალდი, რომელიც პირვანდელი სახითაა შემორჩენილი.

მთელი ცხოვრება გემებსა და ოკეანეებზე ოცნებებში გავატარე – ჯოზეფ კონრადიდან ჰერმან მელვილამდე; რომ აღარაფერი ვთქვა ბავშვობაზე – რაფაელ საბატინის, ჟიულ ვერნის, მაინ რიდის წიგნებში დაღამებულ დღეებსა და გათენებულ ღამეებზე.

პირველივე მოგზაურობისას ჩაძირული ხომალდი, მე-17 საუკუნის შვედეთის ხელუხლებელი ნაწილი, ზღვის ფსკერიდან ამოყვანილი მიმზიდველი ურჩხული – ეს უნდა მენახა!

დავდიოდი სართულიდან სართულზე, სხვადასხვა მხრიდან ვუყურებდი ამ გამაოგნებელ, თითქმის ცოცხალ არსებას, ვუსმენდი სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე გიდებს, აღტაცებულ დამთვალიერებლებს, დროდადრო მთავარ საექსპოზიციო სივრცეს ვტოვებდი და პატარა ოთახებში შევდოდი სხვა ექსპონატების სანახავად, ვაკვირდებოდი წვრილმანებს, რომლებიც წარმოსახვას მიფორიაქებდნენ, მერე ისევ ვბრუნდებოდი გემთან, წარმოვიდგენდი სცენებს, რომლებიც აქ უნდა გამართულიყო, მეზღვაურების შეძახილებს, ჟღალწვერა კაპიტნის ბრძანებებს, ტალღების ხმას… რაღაც არასწორად გათვალეს – ბრძოლის ჟინით სავსე მეფეს იმედი გაუცრუეს. დასაღუპად განწირული გემი ცალ მხარეს გადახრილიყო, ტრიუმი წყლით ივსებოდა, ცოტაც და ზარ-ზეიმით აფრებაშლილი ეს უცნაური ბედის ხომალდი ფსკერზე გაწვებოდა, მე კი მშვიდზე მშვიდი ვიყავი – ბოლოს და ბოლოს, იმ ადგილას მოვხვდი, სადაც აღარაფრის მეშინოდა.

მე სტინას იმედი გავუმართლე. იურგორდენსა და ვასა-მუზეუმს იოლად მოვაგენი. ჩაბნელებული ოთახების სულაც არ შემშინებია, არც – სუსტად განათებული გასასვლელების. როგორც ჩანს, იმაზე მეტი შემიძლია, ვიდრე წარმომიდგენია. ეს გემი ჩემს წარმოსახვაში სამუდამოდ დარჩება. აქ მოსახვედრად ბევრი არაფერი დამჭირდება – მხოლოდ თვალების დახუჭვა, ან ესეც არა…  

გაკვეთილი 2:  ყველაზე მშიშარა ადამიანსაც კი შეუძლია საბრძოლო ხომალდის გროტანძის წვერზე მოექცეს. მთავარია, სწორი საყრდენი წერტილი იპოვო საკუთარ წარსულში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი