პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ზაფხული ზამთარში

ამ ბოლო დროს, განსაკუთრებით კი ზამთარში, დიდი პოპულარობით სარგებლობს ეგვიპტის კურორტი შარმ ელ შეიხი. მეც უკვე ორი წელია ზამთრის არდადეგებს ამ ქალაქში ვატარებ და მინდა მის შესახებ მოგიყვეთ.
შარმ ელ შეიხი სინაის ნ/კ-ის სამხრეთით, წითელი ზღვის სანაპიროზე, ე.წ. ”ეგვიპტის რივიერაზე” მდებარეობს. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებამდე აქ პატარა სოფელი იყო, მაგრამ ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის, კარგი კლიმატური პირობებისა და მდიდარი ბუნებრივი სამყაროს გამო, ეს პატარა დასახლება სწრაფად განვითარდა და დიდი პოპულარობა მოიპოვა ტურისტებს შორის. ამასთან, ქალაქი საოცრად განსხვავდება სხვა ეგვიპტური ქალაქებისგან (ქაირო, ლუქსორი და ალექსანდრია) და უფრო მეტად ხელთაშუაზღვისპირეთის ევროპულ კურორტს მოგვაგონებს.

შარმ ელ შეიხი არაბულდან თარგმანში შეიხის ყურეს ნიშნავს, და მართლაც, ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით აკაბის ყურის დასავლეთ სანაპიროზე, თითქმის 30 კმ-ზეა გადაჭიმული. ქალაქს სამხრეთ-დასავლეთიდან ეროვნული პარკი რას-მოჰამედი აკრავს, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან – სახელმწიფო ნაკრძალი ნაბქი, რომელიც მას სინას მთიდან მონაბერი ქარებისგან და უამინდობისგან იცავს, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთიდან – წითელი ზღვა ესაზღვრება.

ქალაქის გეოგრაფიული მდებარეობა განაპირობებს მის სატრანსპორტო მნიშვნელობას მთელ სინაის ნ/კ-ზე. შარმ ელ შეიხი საჰაერო ჭიშკარია მთელი სინაისთვის. საერთაშორისო აეროპორტი პირველი და ყველაზე დიდი საერთაშორისო აეროპორტია სინაის ნ/კ-ზე. სწორედ მისი საშუალებით ხდება საჰაერო მიმოსვლა, არა მხოლოდ შარმ ელ შეიხიში, არამედ ნ/კ-ის სხვა კორორტებთანაც – დაჰაბასთან, ტაბიოსთან და ნუვეიბთან. 2007 წელს აეროპორტში გაიხსნა ახალი ტერმინალი, რომელსაც ერთდროულად 50 თვითმფრინავის მიღება შეუძლია.

შარმ ელ შეიხში ცხელი კლიმატია. ეს არცაა გასაკვირი. აქ ტროპიკული უდაბნოს ჰავაა და წლის განმავლობაში ძალიან მცირე რაოდენობით ნალექი მოდის. ზაფხულში ტემპერატურა ჩრდილში +45 °C და ზოგჯერ უფრო მაღალიცაა. ყველაზე თბილი თვე აგვისტოა. იანვარ-თებერვალში ჰაერის ტემპერატურა ღამით +15 °C -ს აღწევს (იშვიათადაა – +10 °C) და ზოგჯერ საკმაოდ ცივი ქარიც კი ქრის (ყველაზე დაბალი ტემპერატურა 2000 წელს დაფიქსირდა – +5 °C), მაგრამ დღისით კაშკაშა მზე ანათებს და დამსვენებლები პლაჟებზე სიამოვნებით ბანაობენ და ირუჯებიან. ზღვაში წყლის ტემპერატურა +20 °C-ზე დაბლა არასდროს ჩამოდის, მათ შორის ზამთარშიც კი. წვიმები აქ ძალიან იშვიათია. ჰაერი კი მშრალი და თბილია წლის ნებისმიერ პერიოდში. სწორედ ასეთი კლიმატური პირობების გამო აქ დასვენება ზამთარში სჯობს, რადგან წლის ამ პერიოდში მაინც ზაფხულში აღმოჩნდებით.

შარმ ელ შეიხი წყალქვეშა ცურვისთვის არაჩვეულებრივი ადგილია. სუფთა და თბილი წყალი, მდიდარი წყალქვეშა სამყარო და დიდი რაოდენობით მარჯნის რიფები არაჩვეულებრივ პირობებს ქმნიან დაივინგითა და სნორკელინგით (წყლის ზედაპირზე ცურვა სასუნთქი მილისა და მასკის გამოყენებით) დაინტერსებულთათვის, როგორც ზამთარში, ისე ზაფხულში. ტურისტების სამსახურშია მრავალრიცხოვანი დაივინგ კლუბები, წყალქვეშა ცურვის სკოლები, იახტები, ინსტრუქტორები, ასევე სპეციალური აღჭურვილობის (აკვალანგი, მასკა, ლასტები) გამქირავებელი პუნქტები.
წყალქვეშა სამყაროს მოყვარულთათვის ეწყობა ექსკურსიები რას-მუჰამედის ეროვნულ პარკშიც. შარმ ელ შეიხიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით (ისრაელის მხარეს), 100 კმ-ში მდებარეობს ბედუინების ქალაქი დაჰაბი, რომელიც ძალიან პოპულარულია მსოფლიოს დაივერებს შორის. სუეცის არში კი 1941 წელს ჩაძირული სატრანსპორტო დანიშნულების გემი ”ტისტლეგორმია” და სწორედ მას სტუმრობენ შესაბამისი მომზადებისა და სერთიფიკატის მქონე დაივერები.

თითქმის მთელი შარმ ელ შეიხის სანაპიროზე, მცირე გამონაკლისების გარდა, წყალში შესვლისას აუცილებელია სპეციალური ფეხსაცმლის გამოყენება, რადგან პირდაპირ სანაპიროზე იწყება ბასრი მარჯნის რიფები, რომლებზეც არც თუ ისე სტუმართმოყვარე ზღვის ზღარბები ბინადრობენ.

შარმ ელ შეიხი ევროპული დონის კურორტია. მის სანაპიროზე სხვადასხვა კლასის და დონის 200-მდე სასტუმროა, სადაც მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ჩამოდიან დამსვენებლები. თითქმის ყველა სასტუმროს აქვს აუზები. თუ სასტუმრო ზღვიდან დაშორებულია, ტურისტებს უფასო ავტობუსი ემსახურება.

ისტორიულად ქალაქი არ ექვემდებარება ერთიან განაშენიანებას და ამიტომ სხვადასხვა არქიტექტურული ”ოაზისების” გზით იზრდება. სწორედ მათზე გადის ქალაქის მთავარი მაგისტრალური ქუჩა – Peace Road-ის პროსპექტი, რომელიც ზღვის ნაპირას გაშენებულ უბნებს ერთმანეთთან აკავშირებს.

ქალაქი-კურორტი რამდენიმე რაიონისგან შედგება, რომლებიც სანაპიროზე ძირითადი უბეების გასწვრივ მდებარეობენ. ესენია: შარმ ელ მაია, რომელიც ცნობილია თავისი ქვიშიანი პლაჟებითა და სასტუმროებით. სწორედ აქ მდებარეობს აღმოსავლური ბაზარი, ე.წ. ”Old Market”-ი; ჰადაბა, რომელიც ამავე სახელობის კლდოვან უბეშია და მარჯნის პლაჟებითაა ცნობილი; ქალაქის სხვა რაიონებია გარდენ-ბეი, კორალ-ბეი, შარკს-ბეი, რას-ნასრანი, ნაბქ-ბეი. ეს უკანასკნელი ყველაზე მეტადაა დაშორებული ნამა-ბეიდან და ნაბქის ეროვნული ნაკრძალის მხარეს მდებარეობს.

ნამა-ბეი კი ყველაზე ცნობილი ტურისტული ადგილი და შარმ ელ შეიხის არაოფიციალური ცენტრია. შეიძლება ითქვას ნამა თავისებური ეგვიპტური და არაბული ლას-ვეგასია და აქ ცხოვრება პრაქტიკულად მთელი დღე-ღამის განმავლობაში არ წყდება. ნამაზე შეხვდებით ფეშენებელურ სასტუმროებს, ელიტურ სავაჭრო ცენტრებს, კაზინოს, სპორტულ მოედნებს, დაივინგის ცენტრს, რესტორანებს, ღამის კლუბებს და სხვ. ნამა-ბეის პლაჟები ქვიშიანია და მას ”ხელოვნების ნიმუშებს” უწოდებენ.
შარმ ელ შეიხის ღამის ცხოვრება ცნობილია თავისი დისკოტეკებით, ღამის კლუბებით, კაზინოებით. ტურისტების საყვარელი ადგილია ”პრომენადი” – პოპულარული გზა ნამა-ბეიში. აქ გვიანობამდე მუშაობს სავაჭრო ცენტრები და ქუჩის კაფეები, სადაც სტუმრებს სთავაზობენ არაბულ, იაპონური და ევროპული სამზარეულოს კერძებს, ზღვის პროდუქტებს და, რა თქმა უნდა, ჩილიმს.

შარმ ელ შეიხში ყოფნისას შესაძლებელია ექსკურსიაზე წახვიდეთ და მოინახულოთ ქაირო, გიზას პირამიდები, ალექსანდრია, ლუქსორი, წმინდა ეკატერინეს მონასტერი, მოსეს მთა, ასევე გაემგზავროთ ისრაელში, პალესტინასა და იორდანიაში.

ქალაქის ცხოვრება ტურიზმის ინდუსტრიაზეა დამოკიდებული. ქალაქის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ინგლისურად და რუსულად ლაპარაკობს.

ადგილობრივი მცხოვრებლები ტურისტების მიმართ კეთილგანწყობილები არიან. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ისინი უფრთხილდებიან თავიან სამუშაოს შარმ ელ შეიხში, სადაც ცხოვრების დონე ქვეყნის სხვა ქალაქებთან შედარებით მაღალია. სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულების მომსახურე პერსონალისთვის მუდმივად ტარდება ტრენინგები მომსახურების სფეროს ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქალაქში ჩვეულებრივ პოლიციასთან ერთად ფუნქციონირებს, ე.წ. ”ტურისტული პოლიციაც” (Touristiq Police) სპეციალურად მომზადებული თანამშრომლებით, რომელთა მთავარი საქმიანობა ქალაქის სტუმრების დახმარებაა.
შარმ ელ შეიხში ხშირად იმართება ეროვნული, პანარაბული და საერთაშორისო კონფერენციები. მაგ. 2005 წელს აქ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ლიდერთა სამიტი გაიმართა, 2006 და 2008 წლებში ქალაქმა ახლო აღმოსავლეთის რეგიონის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს უმასპინძლა. ქალაქის საერთაშორისო კონგრესცენტრს ერთდროულად 4700 მონაწილის მიღება შეუძლია.

იმის გამო რომ, შარმ ელ შეიხი ზღვის სანაპიროზე გამავალი ორი ეროვნული პარკითაა შემოსაზღვრული, ამიტომ ქალაქის განაშენიანების ხაზის სიგრძე 30 კმ-ია. ამჟამად შეიძლება ითქვას, რომ მშენებლობისათვის ხელსაყრელი სანაპიროს ხაზი მთლიანად ათვისებულია, თუმცა, მიუხედავად ამისა, ქალაქი მაინც იზრდება – კლიმატი და თანამედროვე ინფრასტრუქტურა სხვადასხვა ქვეყნების ინვესტორებისთვის მიმზიდველი ფაქტორებია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი