შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

დიახ, დედამიწა ნამდვილად მრგვალია!

ოდესღაც მოგზაურებს რომ არ აღმოეჩინათ, დედამიწა მრგვალია,

ამას ოდესმე აუცილებლად შეძლებდნენ მკითხველები…

ავტორი

როცა წერა ამიტანს და რაღაც იდეა მომივა თავში, პირველ რიგში, ვგუგლავ ხოლმე ამ თემას, რომ  ახალი იდეით შეპყრობილმა ველოსიპედი ხელახლა არ გამოვიგონო და ტყუილა არ მოვკვდე სიხარულით… ახლა ეს წესი  დავარღვიე იმიტომ,რომ აზრი არ ჰქონდა: იმდენი რამ დაწერილა და თქმულა ამ საოცარ წიგნზე, რაღა დაგუგვლა ამას უნდა?! მაგრამ მაინც უნდა დავწერო,რადგან მართლა საოცარი და უიშვიათესი გრძნობაა,როცა კლასში შედიხარ, არდადეგებიდან დაბრუნებული ბავშვები თვალებანთებულები გელოდებიან,რომ მოგახარონ,როგორ ძალიან მოეწონათ….უკლებლივ ყველას! ბევრი კარგი წიგნი არსებობს,მაგრამ, მენდეთ, ასეთი რამ მაინც იშვიათად ხდება.

დიახ, ყველაფერი რ.ჯ. პალაციოს ,,საოცრებათი“ დაიწყო. ამ წიგნზე ისევ ის  ჩემი უსაყვარლესი წარწერა მახსენდება,რომლის გამო სრულიად უცნობი გერმანელი ავტორის წიგნი ვიყიდე – აეროპორტის მაღაზიაში შემთხვევით გადავაწყდი, ყდაზე ეწერა: ,,მიუხედავად იმისა, რომ ბესტსელერია, მაინც ძალიან კარგი წიგნია“. არც დავფიქრებულვარ,ისე ვიყიდე.

ოღონდ ახლა მხოლოდ პალაციოს ,,საოცრებაზე“ არ უნდა გელაპარაკოთ,უნდა მოგიყვეთ, როგორ ,, ვიმოგზაურეთ“  ორ განსხვავებულ სამყაროში და როგორ დაასკვნეს ბავშვებმა,რომ დედამიწა ნამდვილად მრგვალია.

დავუბრუნდები იმას, რომ კლასში შესულს საოცარი მუხტი დამხვდა.რაღაც სხვანაირი თანაგრძნობით ყვებოდნენ ავგუსტზე, რომელიც უიშვიათესი დაავადებით, ,,ერთნუკლეოტიდიანი დელეციური მუტაციით “, დაიბადა.

უცნაურ და უიშვიათესად კარგ სკოლის დირექტორზეც ჭიკჭიკებდნენ, რა მაგარი ვინმე იყო, მოსწავლის დახატული თავისი პორტრეტი ეკიდა ოთახში,სადაც გოგრას ჰგავდაო. ყველაზე მაგარი რამე ასწავლაო: ,, …არ კმარა,უბრალოდ კეთილი იყო. იმაზე კეთილი უნდა იყო, ვიდრე საჭიროაო“.

იმაზეც ილაპარაკეს, ყოველი ბავშვის ხასიათი და პრობლემა მშობელთან რომ მიდის და  მშობლობა ძალიან ძნელი რომაა.

თავიანთ საოცნებო სკოლებზეც ილაპარაკეს… კიდევ ბევრ რამეზე, მაგრამ ყველაზე ბევრი მაინც ავგიზე.

მივხვდი, რომ ეს საოცარი ემპათია არ უნდა გამეხუნებინა და ჩვენი კითხვის ორშაბათობებისთვის არ უნდა მეცადა. ახლა სხვა სამყაროდან უნდა დამენახვებინა იგივე პრობლემა.

არის ერთი, არანაკლებ საოცარი და საინტერესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი ლამაზი სათაურით ,,პეპლების ცირკი“ –

( რომელიც ყოფილმა მოსწავლემ, ჩემმა ,,ფილმოლოგმა“,  აღმომაჩენინა)

ერთ-ერთ მთავარ როლს ასევე უიშვიათესი ანომალიით დაბადებული ნიკ ვუიჩიჩი ასრულებს. ,,საოცრებასავით“  მარტივად გასაგები, ემოციური და ლამაზი ფილმია. ყველა ასაკის ადამიანზე რომ ერთნაირად მოქმედებს.

მეორე დღეს თავი მოვიყარეთ და ერთად ვუყურეთ. ისევ აღფრთოვანდნენ. ძალიან ადვილად დაიჭირეს რეჟისორის სათქმელი: მთავარი საკუთარი თავის პოვნაა და ამაში ხშირად ადამიანები გვეხმარებიან ( გაიხსენეს,როგორ ეხმარებოდა ავგის ოჯახი და რამდენიმე მეგობარი). კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი რამ დაასკვნეს: ადამიანის შესაძლებლობები შეუზღუდავია! უბრალოდ უნდა გვახსოვდეს: ,,რაც უფრო რთულია ბრძოლა,მით უფრო დიდებულია გამარჯვება“.

მხოლოდ ორმა იცოდა, რომ ნიკ ვუიჩიჩი რეალური პიროვნება იყო. ახლა სახლში მის შესახებ ცნობების მოძიება დავავალე. მოვიდნენ მეორე დღეს, ერთმანეთს ლაპარაკს არ აცდიდნენ, აღფრთოვანებულები ყვებოდნენ მის ,, ყოვლისშემძლეობაზე“. მოიტანეს უამრავი ფოტო მისი ბავშვობით დაწყებული, ლამაზი ცოლ-შვილით დასრულებული. ნიკი სერფერობისას,ნიკი გოლფს თამაშობს,ნიკი ბავშვებთან ერთად, ნიკი მილიონიანი აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოდის … რაც მთავარია, შეამჩნიეს, რომ ნიკი სულ იღიმება და ეს ღიმილი კიდევ ერთხელ არწმუნებს ამ პატარა ადამიანებს,რომ დიახ,ადამიანთა შესაძლებლობები შუზღუდავია!

მერე პატარა ადამიანებმა ილაპარაკეს, რომ საქართველოში ძალიან ძნელია ასეთი თავდაჯერების პოვნა. და ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ისიც კი თქვეს, რომ რაც უფრო დემოკრატიული და განვითარებულია საზოგადოება, მით უფრო მეტია მათში ადამიანის თანადგომის,ხელშეწყობისა,თანაგრძნობის სურვილი.

რადგან ასე იფიქრეს, ძალიან მომინდა, მეჩვენებინა,რომ საქართველოშიც ფიქრობენ და წერენ ამ პრობლემებზე. რომ მართლები არიან, ყველაფერი საზოგადოების მზაობაზეა დამოკიდებული. ნაირა გელაშვილის ,,მთავრით განათებული ბაღი“ გამახსენდა. ვიცოდი,რომ მათთვის უფრო ძნელად აღსაქმელი და უფრო მტკივნეულიც იქნებოდა, მაგრამ ჩავთვალე, მზად იყვნენ ასეთ საზოგადოებასთან შესახვედრად.

ისევ უკლებლივ ყველამ წაიკითხა, მაგრამ მეორე დღეს აღარ ჭიკჭიკებდნენ,რაღაცნაირად ყურებჩამოყრილები დამხვდნენ. დიდად ვერ გავიგეთო. გაუჭირდათ საუბრის დაწყება. ერთმა გარისკა და მერე აყვა დანარჩენი,ისევ არ აცდიდნენ ერთმანეთს, არ ელეოდათ სათქმელი:

ყველაზე კარგი ის იყო, დირექტორს რომ დაუწერა:  თუკი სასაცილო არაფერია, ვინმე გააცინო – მოტყუებააო!

იმ რეჟისორსაც არ სჯეროდა მათი, მაშინ შეცდა, ,, ლილიპუტების თეატრი“ რომ დააწერაო.

იმ ფილმში თუ ადამიანი დაეხმარა სხვა ადამიანებს საკუთარი თავის აღმოჩენაში, აქ წიგნებმა შეძლეს ყველაფერიო.

ის ცირკის დირექტორი რა საზარლად იცინოდა,რა კარგად არის აღწერილიო.

მხოლოდ იმ ბიჭმა დაინახა და განიცადა ის სპექტაკლი,რადგან მისთვის არ იყო მნიშვნელოვანი, რა სიმაღლის დამიანები თამაშობდნენ,მთავარია, გულით ასრულებდნენო.

კითხვებიც დასვეს, ,,მთვარით განათებული ბაღი“ რატომ ჰქვიაო. ერთმანეთს უპასუხეს: ალბათ, იმიტომ, რომ როგორც მთვარის შუქი არ არის საკმარისი სამყაროს კარგად დასანახავად, ასე ვერ ხედავს საზოგადოება ამ ადამიანების გულებსო … ვაააჰ!

მერე იმ ბიჭთან დაკავშირებით ანდერსენის ,,მეფის ახალი კაბაც“ გავიხსენეთ,ბავშვები ყველაზე კარგად რომ ხედავენ სიმართლეს,რეალობას, რადგან გულწრფელები არიან.

– მააასწ, დედამიწა მრგვალია, აბა, რა – სულ სხვადასხვა მხარეს, სხვადასხვა ქვეყანაში, სხვა ადამიანები ერთნაირ პრობლემაზე ფიქრობენ, დარდობენ, განიცდიანო!

ჩავთვალე,მეტის გაგრძელება ახლა ნამდვილად არ იყო საჭირო.

ამ პარასკევს დიდების ,,მკითხველთა და კრიტიკოსთა კლუბშიც“  მოვიწვევთ.თავიანთ  ,,ლიტერატურულ დღიურებშიც“ ჩაინიშნავენ განცდილ-გაგონილს და ამით დასრულდება მათი რიგითი ,,მოგზაურობა“ განსხვავებულ სამყაროში.

ჰოდა,უბრალოდ, მინდოდა, მეთქვა,ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პატარ-პატარა ,,მოგზაურობები“ პატარა ადამიანების გაზრდისთვის, პიროვნებად და ღირსეულ ადამიანად ჩამოყალიბებისთვის. ურთულესია პარალელების გავლება სხვადასხვა სამყაროს შორის და მაღალ სააზროვნო უნარებს უვითარებს მათ,კარგად ამახსოვრებინებს უკვე განცდილს.

რა ვქნა, ბევრი სკეპტიკოსისგან განსხვავებით,მე მჯერა,რომ კარგი წიგნი აკეთილშობილებს ადამიანს და ადამიანმა წიგნი იმიტომ შექმნა, რომ მერე წიგნს შეექმნა ადამიანი!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი