პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

        კიდევ ერთხელ შვილებისა და ზღაპრების შესახებ

ადრე უკვე მომიყოლია ერთი პატარა ბიჭის შესახებ, რომელმაც სანამ ლაპარაკს დაიწყებდა, ხატვა ისწავლა. ისიც განახეთ, როგორ ავალაპარაკე მისი ნახატები, როგორ მივყევი მის მინიშნებებს და ჩვენი ერთობლივი, საინტერესო თამაში როგორ შევქმენით.  მინდა კიდევ რამდენიმე ზღაპარი გაგიზიაროთ და განახოთ, რომ ამ მეთოდით, შეგიძლიათ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზეც ესაუბროთ თქვენს შვილებსა თუ მოსწავლეებს, მრავალი საჭირბოროტო თემა განიხილოთ.

  1. ორი

გი1

იყო ერთი ცალრქა ცხენი, თეთრი, მოვერცხლისფრო ფაფრით და გრძელი წამწამებით. ჩვეულებრივი ცალრქა იყო, ჩვეულებრივი ზღაპრული ცალრქა, მაგრამ ერთი უცნაური თვისება ჰქონდა – თავისი თავის გარდა ვერავის ხედავდა. მხიარულად დარბოდა ყაყაჩოების მინდორსა თუ ხორბლის ყანაში, სვამდა გამჭვირვალე, ცივ წყალს ანკარა წყაროებიდან, დიდხანს უყურებდა ლურჯ, ვარსკვლავებით მოჭედილ ზაფხულის ცას და ეგონა, რომ მხოლოდ თვითონ იყო ამ საოცარ, ფერად და ჯადოსნურ ქვეყანაზე. ჩაიხედავდა ტბაში – მხოლოდ საკუთარ ანარეკლს ხედავდა, მომყუდროვდებოდა უღრანი ტყის სიმშვიდეში- მხოლოდ ის იყო და სხვა არავინ…

იქვე ახლოს მეორე ცალრქა ცხენი ცხოვრობდა, ნაცრისფერი, პრიალა ფაფრით, ნაღვლიანი მზერით… ხშირად ხედავდა თეთრ, თავისნათქვამა, უცნაურ ცხენს, რომელიც ისე იქცეოდა, თითქოს მხოლოდ თვითონ იყო ამ სამყაროში. მოსწონდა  და თანაც როგორ ! ძალიან, ძალიან მოსწონდა, გაცნობაც უნდა, ნამიანი ბალახის ერთად მოკიკნაც, ერთად ჯირითი, გასწრობანას თამაში და ჩანჩქერის ვერცხლისფერ, ყინულიც ჩქერებში ერთად წუწაობაც, მაგრამ ვერაფრით დაანახა თავი თეთრ ცხენს. გაურბენდა, გამოურბენდა, ხან კესანეებს მოუწყვეტდა, ხან ოქროსფერი ხორბლის თაველებს, მაგრამ ვერაფრით, ვერაფრით დაანახა თავი…

-დე, შეხედე, ეს ორი ცალრქა ცხენი თითქოს ერთია – უთხრა გიომ დედას.

-ერთი? არა, ორნი არიან, დე!

-ორია, მაგრამ თითქოს ერთიცაა – თქვა გიორგიმ და ისინი ერთად, ყელგადაჭდობილები დახატა.

თეთრმა ცხენმა ბიჭის ნახატში, როგორც ტბის ანარეკლში ისე ჩაიხედა და დაინახა სულახლოს მყოფი, ნაცრისფერი ცალრქა ცხენი, პრიალა ფაფარით და ნაღვლიანი თვალებით.

„ მარტო აღარ ვყოფილვარო“ – გაიფიქრა თეთრმა ცხენმა და გადაწყვიტა ნაცრისფერი ცხენი კარგად გაეცნო…

აი, ასეთი ამბები ხდება ზოგჯერ პატარა ბიჭის ნახატებში.

გი2

ერთ დღეს დედიკომ გიორგი გააბრაზა.

ხომ იცით, ასეც ხდება ხოლმე, რამდენ რამეს ვერ ხვდებიან ეს უფროსები.

ხან საჭმელს გაძალებენ, ხან პიჟამას ჩაცმას გაიძულებენ, ხან წამალს გასმევენ, ხან დაყრილი სათამაშოების გამო გეჩხუბებიან, ხან დაპირებას არ ასრულებენ, ხან კი, იმ სათამაშოს ნაცვლად, რომელიც ძალიან გინდოდა, ის მოაქვთ, რომელსაც მაღაზიაში შემთხვევით წააწყდნენ.

ასეც ხდება. როგორ გააბრაზა?

-იცით, არ ლაპარაკობს – უთხრა ნაცნობს, რომელიც ჯიუტად ცდილობდა თავის არცთუ ჭკვიანურ კითხვაზე გიორგის პასუხი მოესმინა.

-არ ვლაპარაკობ?  – გაბრაზდა გიორგი – ამდენს ვხატავ, ვწერ, ვძერწავ და ვმღერი, ვფიქრობ და მძინავს და ყოველთვის, ყოველთვის ვლაპარაკობ, როცა საჭიროა,  უბრალოდ თქვენ არ გესმით – გაიფიქრა და დედაზე გაბრაზდა.

რადგანაც ძალიან კარგი და კეთილი ბიჭი იყო, გაბრაზება არ შეიმჩნია, მაგრამ გულში ხომ იცოდა, როგორი გაბრაზებულიც იყო?

-მე გაბრაზებული ვარ – ფიქრობდა თავისთვის, გულში და გონებაში.  არაფრით გამოუმჟღავნებია, ერთი ის იყო, რომ სახლში მისვლისთანავე დედას კალთაში არ ჩაუხტა და ლოყაზე არ აკოცა.

ითამაშა, სათამაშოები აალაგა, იბანავა, ივახშმა და ისე, რომ არავისთვის უთქვამს, დასაძინებლად წავიდა.  დედამ ჰკითხა  – აბა, ძილის წინ რა წავიკითხოთო. მან კი შუქი ჩავაქროთ და დავიძინოთო, ითხოვა.

დედას გაუკვირდა, მაგრამ არაფერი უთქვამს, ძილი ნებისა უსურვა, აკოცა და ოთახიდან გამოვიდა. გიორგის ხმა არ ამოუღია.

ბიჭი გულაღმა იწვა თავის საწოლში, ვარსკვლავებიანი პიჟამა ეცვა და ნეონის ვარსკვლავებიან ჭერს ასცქეროდა, ახსოვდა, რომ გაბრაზებული იყო და გული სწყდებოდა, რომ არავინ შეამჩნია ეს.

-შუშის ჭიქაში რომ პატარა გემი დაცურავს, ასე ვარ, ვერსად გავცურდები – იფიქრა ბოლოს და გული მოეწურა.

-დიანა დედიკო – დაუძახა დედას.

დედა მოვიდა, მალევე, როგორც ყოველთვის.

-ხო, დე.

-წყალი დამალევინე

დედამ წყალი დაალევინა, ჩაეხუტა  და წყენა  თითქოს არც ყოფილა, მისი პატარა გემი  წყალს თან გაჰყვა.

მიხვდა, რომ გაბრაზება დიდხანს არ უნდა დაიტოვო გულში, უნდა თქვა ანდა დაივიწყო, მითუმეტეს, როცა საყვარელ ადამიანებს ეხება. თორემ ბრაზი დიდხანს, დიდხანს დაცურავს და არსად მიდის, როგორც გემი შუშის ჭიქაში.

-ღამე მშვიდობისა, დე – უთხრა დედას, აკოცა და დაიძინა.

დილით კი თავისი გაბრაზება დახატა.

აი, ასე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი