ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ფრანსუა ტრიუფო – თამაშის გაგრძელება

„როდესაც მესმის, ზრდასრულ ადამიანს როგორ ენატრება ბავშვობა, მგონია, რომ მას, უბრალოდ, ცუდი მეხსიერება აქვს“, – წერდა ფრანსუა ტრიუფო, ბავშვობის სიმძიმეზე, ხილულ თუ უხილავ წინაღობებზე გადაღებული საუკეთესო ფილმის, „400 დარტყმის“ ავტორი. მართალია, სისასტიკითა და ძალადობით სავსე სამყაროში ასეთი ფილმები ბევრს ვერაფერს ცვლიან, მაგრამ რეჟისორს მაინც სწამდა, რომ მისი თითოეული ნამუშევარი კვალს დატოვებდა; სწამდა ცვლილების შესაძლებლობის და იმისაც, რომ ფილმის გადაღება ბავშვობის თამაშების გაგრძელებაა.

მაყურებლის მეხსიერებაში ჩარჩენილი თორმეტი წლის ბიჭის – ანტუან დუანელის სახე ამოცანას ყოველთვის თავს გაართმევს: გულმავიწყ უფროსებს ბავშვობის წლებს გაახსენებს, მტანჯველი გაურკვევლობით, მოულოდნელი ტკივილის შიშით, ყოველდღიური წყენითა და დიდების სამყაროს უაზრობის განცდით სავსეს. კითხვებიც გაჩნდება: იქნებ მხოლოდ ანტუან დუანელის, ისევე როგორც თავად ფრანსუა ტრიუფოს ბავშვობა იყო მეტისმეტად მძიმე და განზოგადებას თავი უნდა ავარიდოთ? იქნებ მხოლოდ იმიტომაა მიშელ უელბეკის რომანებში შავბნელი სინამდვილე, მწერალს დედის სითბო და ალერსი რომ არასდროს ღირსებია? (ეს კითხვა ერთ-ერთ ფრანგულ გადაცემაში მოვისმინე). სახელდახელო ფსიქოანალიზის საფრთხეს თუ უკან მოვიტოვებთ, მარტივ პასუხებამდე მისასვლელი გზაც გამოჩნდება.

ბავშვობის განცდები არც არავის ავიწყდება.

„400 დარტყმაში“, დიდწილად ავტობიოგრაფიულ ფილმში, ფრანსუა ტრიუფომ მაყურებელს ბავშვობის სირთულეები დაუფარავად აჩვენა. მოგვიანებით კი დაწერა: „მინდა იცოდეთ – ჩემი გამოცდილება კიდევ უფრო მძიმეა, ვიდრე ის, რაც ფილმში გადმოვეცი“. მისი ჩანაწერების კითხვისას თვალშისაცემი სწორედ ეს სურვილია – იყოს ბოლომდე გულწრფელი, თქვას ძნელად მოსასმენი სიმართლე, არც საკუთარი თავი დაზოგოს და არც – სხვები. ქართულ ენაზე ცოტა ხნის წინ გამოსულ მისი ესეების კრებულში „რაც თვალს სიამოვნებს“ (მთარგმნელი – ნუცა ალექსი-მესხიშვილი) ვკითხულობთ: „როდესაც ჩემს მეგობარ მარსელ მუსისთან ერთად სცენარის წერა დავიწყე, ორივემ ვიგრძენით, რომ ეს ამბავი უნდა განგვევრცო და მისთვის სრულმეტრაჟიანი ფილმის განზომილება მიგვენიჭებინა. ჩვენს მუშაობას გასდევდა ერთი იდეა: გველაპარაკა ბავშვობაზე არა ჩვეული სევდიანი ნოსტალგიით, არამედ, პირიქით, აღგვეწერა ის, როგორც „მძიმე ხანა“, რომელიც უნდა გადააგორო“.

იშვიათი გულახდილობით დაწერილი ამ ესეების წაკითხვას, ისევე როგორც „400 დარტყმის“ ნახვას ყველას ვურჩევდი, ვისაც ბავშვებთან ყოველდღიური ურთიერთობა აქვს, ასევე მათ, ვინც პედაგოგიური პრაქტიკის დაწყებას აპირებენ.

ცამეტი წლისა მოუთმენლად ველოდი, როდის გავიზრდებოდი, რომ ყველანაირი ცუდი საქციელი დაუსჯელად ჩამედინაო, – აღიარებს ფრანსუა ტრიუფო და მაშინვე საკუთარი მეხსიერების გადასინჯვას ვიწყებთ: ჩვენ რას ვფიქრობდით ცამეტი წლის ასაკში? რა გვსურდა ყველაზე მეტად? როგორ წარმოგვედგინა ჩვენი თავი დიდების სამყაროში?

თხუთმეტი წლისა, ხულიგნობის გამო, ვილჟუიფის არასრულწლოვანთა კოლონიაში მოხვდა.

მე კი სწორედ ამ ასაკში ვნახე პირველად მისი ფილმი – „მეზობელი ქალი“, დაუვიწყარი ფანი არდანით და ჟერარ დეპარდიეთი, რომელსაც ფრანგული კომედიებიდან ვიცნობდი – ერთ შაბათ საღამოს, გადაცემა „ილუზიონში“. მსგავსი არაფერი მენახა და შთაბეჭდილებით გაბრუებული დავდიოდი მომდევნო დღეებში. მოზარდობის ხანაში სიმართლეს სულ სხვაგვარი გულმოდგინებით ეძებ. გეჩვენება, რომ ყველა რაღაცას გიმალავს. დიდების სამყაროს საიდუმლოებები გიზიდავს და ამავე დროს გაშინებს კიდეც. ცოტაც და ამ სამყაროს ნაწილი გახდები, საიდუმლოსაც ფარდა აეხდება, მაგრამ ვერ ითმენ – წარმოსახვა წაკითხულისგან, ნანახისა და ყურმოკრულისგან ახალ სინამდვილეს ქმნის, რომელიც ისევე საეჭვოდ გამოიყურება, როგორც სხვა დანარჩენი. ფრანსუა ტრიუფოს გმირები კი შენიანები არიან – ამას თავიდანვე გრძნობ და მშვიდად აგრძელებ ფილმის ყურებას. უკვე დიდი ხარ. აღარაფერს გიმალავენ.

„თავის შემოქმედებაში ფრანსუა ტრიუფო ორ თემას უტრიალებს სულ – სიყვარულსა და ბავშვებს. მოზრდილები, მაშინაც კი, როცა მათი ურთიერთობა ვნებიან სიყვარულს გამოხატავს, ტრიუფოსთან ყოველთვის ბავშვებს ჰგვანან. ისინი თამაშობენ სიყვარულით და თამაშს არ წყვეტენ მაშინაც კი, როცა სიყვარული სახიფათო ხდება; მაშინაც კი, როცა აშკარაა – სიყვარულობანას თამაში სიკვდილთან თამაშში გადადის“ (გოგი გვახარია, „ფრანსუა ტრიუფოს კინო ურჩევნია“). რა გასაკვირია, რომ ამ სიტყვების წაკითხვისას სწორედ „მეზობელი ქალი“ გამახსენდა – მივხვდი, რამ გახადა შეუძლებელი ამ ფილმის დავიწყება.

ფრანსუა ტრიუფო ამბობდა, ფილმებს ბავშვობის ოცნებების ასასრულებლად ვიღებო. ბავშვობის აჩრდილები მუდმივად თავს დასტრიალებდნენ, ის კი მათ სულაც არ უფრთხოდა, თამაშის გაგრძელება უხაროდა და იცოდა, რომ ყოველი ფილმის გამოსვლისას სამყაროში რაღაც იცვლებოდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი