პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

შეუმდგარი ვუნდერკინდის ისტორიიდან

უილიამ ჯეიმს საიდისი XX საუკუნის ყველაზე ცნობილი ვუნდერკინდი გახლდათ. ჰარვარდის უნივერსიტეტის ისტორიაში ის ყველაზე ახალგაზრდა სტუდენტი იყო – ბიჭმა აქ 9 წლის ასაკში ჩააბარა. სწორედ ამის შემდეგ აღმოჩნდა ის მომაბეზრებელ რეპორტიორთა ლუპის ქვეშ. ჟურნალისტები მას არასოდეს ასვენებდნენ. ვუნდერკინდის ნიჭიც სწორედ მათ დაღუპეს.

ბიჭუნაზე ამბობდნენ, რომ ექვსი წლის ასაკში ის რვა ენაზე ლაპარაკობდა, მისი IQ კი ფანტასტიკურ 200-300 ბალს აღწევდა. თუმცა სამყაროს ამ საოცარი ადამიანისგან არაფერი მიუღია: განმარტოების სურვილით შეპყრობილი ვუნდერკინდი იძულებული გახდა, პრესას დამალვოდა და დაბალანაზღაურებად სამუშაოზე ემუშავა.

უილიამ ჯეიმს საიდისი ებრაელ ემიგრანტთა ოჯახში დაიბადა. მამამისი, ბორის საიდისი, ნიუ-იორკიდან 1886 წელს პოლიტიკურ დევნას გაექცა, დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი და ფსიქოლოგიის პედაგოგობას მიჰყო ხელი. 1898 წლის 1 აპრილს შეძენილ ვაჟიშვილს ბორისმა და მისმა მეუღლე სარამ მეჯვარის, ამერიკელი ფილოსოფოსის უილიამს ჯეიმსის სახელი დაარქვეს.

საიდის უფროსის სამეცნიერო ინტერესთა სფერო ფსიქოპათოლოგია იყო. უილიამსმა ისწავლა თუ არა ლაპარაკი, მამამისის ექსპერიმენტების ობიექტად იქცა. მას ადრეული ასაკიდანვე ასწავლეს წერა-კითხვა. წელიწად-ნახევრის ის უკვე „ნიუ-იორკ თაიმს“ კითხულობდა. ორწლინახევრის მშვენივრად ბეჭდავდა საბეჭდ მანქანაზე ინგლისურად და ფრანგულად. ხუთი წლის ასაკში კი შეეძლო მეხსიერებაში აღედგინა სხვადასხვა მიმართულებით გასული მატარებლების განრიგი.

ცხრა წლის უილიამსმა ლოგარითმული სისტემა შეიმუშავა. ამაყი მამა შვილის მიღწევებზე სამეცნიერო ჟურნალებში წერდა. 1911 წელს გამოცემულ წიგნში „ობივატელი და გენიოსი“ საიდისი განათლების ამერიკულ სისტემას აკრიტიკებდა და შინ სწავლების სასარგებლოდ საილუსტრაციოდ შვილის მაგალითი მოჰქონდა. წიგნის გამოცემის დროს უილიამსს აშშ-ში უკვე კარგად იცნობდნენ. ექვსი წლის ბავშვი მშობლებმა ბრუკლინის სახელმწიფო სკოლაში გააგზავნეს სასწავლებლად, სადაც მან ექვს თვეში შვიდი წლის სასწავლო პროგრამა წარმატებით აითვისა და მსხვილი ბეჭდური გამოცემების ყურადღება მიიქცია.

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ბავშვს რეპორტიორები გასაქანს არ აძლევდნენ. თუმცა მსოფლიო საზოგადოების საჯარო ყურადღება მან ჰარვარდში ჩაბარების შემდეგ მიიპყრო. მაშინ ის მხოლოდ ცხრა წლისა იყო. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ვერ შეძლო მცირეასაკოვანი სტუდენტის ლექციებზე დაშვება და მისი მიღების თანხმობა მხოლოდ ორი წლის შემდეგ გასცა. 11 წლის საიდისმა ჰარვარდის უნივერსიტეტის მათემატიკის კლუბში  წაიკითხა ლექცია ოთხგანზომილებიანი სივრცის შესახებ.

უილიამსის არაჩვეულებრივი ნიჭიერების ისტორიები გაზეთების პირველ გვერდებს აჭრელებდნენ. ჟურნალისტები ერთმანეთს ეპაექრებოდნენ, როდის გააკეთებდა ახალ აღმოჩენას ვუნდერკინდი, რა თემაზე, რა ასაკში. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. მრავალი დისკუსიის მონაწილეები ორ ბანაკად დაიყვნენ: ერთნი მიიჩნევდნენ, რომ საიდისი ბუნებრივად ნიჭიერი იყო; სხვები კი წერდნენ, რომ ეს მამამისის ინოვაციური აღზრდის მეთოდების დამსახურების შედეგი იყო. მამამ ბავშვს ფიქრი მცირე ასაკიდანვე ასწავლა.

1910-1912 წელს გამოქვეყნებული ასობით საგაზეთო სტატია იუწყებოდა, რომ უფასო სახელმწიფო სკოლები დროის ფუჭად ხარჯვა იყო და მას ბავშვებისთვის სარგებელზე მეტად ზიანი მოჰქონდა. მაგალითად კი საიდისის შემთხვევას იშველიებდა. ბევრი ჟურნალისტი პატარა ვუნდერკინდის ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობასაც უსვამდა ხაზს. ისინი კიცხავდნენ მამას, რომელმაც ბავშვს ბავშვობა წაართვა. ასეთი იყო „Science“-ში 1910 წელს დაბეჭდილი სტატია, რომლის ავტორის მოსაზრების თანახმად, მშობლები გენიოსთა გამოზრდაზე იყვნენ გადართული, სინამდვილეში საკუთარ შვილებს ტრავმას აყენებდნენ.

თუმცა ის ფაქტი, რომ მამამ უილიამს ბავშვობა წაართვა, არაფერი იყო იმ წნეხთან შედარებით, რომელსაც ბიჭუნა პრესის წარმომადგენლებისგან განიცდიდა. ეს მის ჯანმრთელობაზე დამღუპველად აისახა. 1910 წელს ბავშვს ნერვული შეტევა დაემართა, რის შემდეგაც თავი სანატორიუმში ამოჰყო. ჰარვარდში საიდისი დათრგუნული და საკუთარ თავში ჩაკეტილი დაბრუნდა. ის აღარ ატარებდა ლექციებს, გაურბოდა ადამიანებთან ახლო კონტაქტს. 1914 წელს მან ხელოვნებაში ბაკალავრის დიპლომი მიიღო.

ჟურნალისტები გენიოსზე მომართული წნეხის შემსუბუქებას არც ამის შემდეგ გეგმავდნენ. გაზეთ „Boston Herald“-ის რეპორტიორმა ინტერვიუს დროს 16 წლის საიდისს სქესობრივი ცხოვრების დეტალები გამოსტყუა. სენსაცია იმის შესახებ, რომ ვუნდერკინდმა საერთოდ უარყო ასეთი ცხოვრება, „ნიუიორკ თაიმსმა“ აიტაცა და ახალგაზრდა გენიოსის პირადი ამბები სრულიად ამერიკის განსასჯელი გახადა. მას ყველა დასცინოდა.

1915 წლის ბოლოს საიდისი ჰიუსტონში, უილიამ მარშ რაისის უნივერსიტეტში მათემატიკას კითხულობდა. პარალელურად სადოქტორო დისერტაციაზეც მუშაობდა. თუმცა განმარტოებისა და სიმშვიდის საშუალება  არც აქ მიეცა. დასავლეთ სანაპიროს მსხვილი გამოცემები რეგულარულად აქვეყნებდნენ მასზე სტატიებს, დასცინოდნენ მის ცუდ მანერებს, აბუქებდნენ ქალებთან და სტუდენტებთან ურთიერთობაში დაშვებულ ლაფსუსებს. დამცირებული საიდისი ბოსტონში დაბრუნდა და ჰარვარდის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა. ეს ფაკულტეტი მან მესამე კურსზევე მიატოვა.

1919 წელს უილიამსი სოციალისტთა დემონსტრაციის დროს დააპატიმრეს. ის წითელ დროშას აფრიალებდა. ახალგაზრდა კაცს 18-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს. მამამისმა შეძლო სასამართლოსთან გარიგება და შვილის დახსნა, მაგრამ პატიმრობამ კვლავ გამოაცოცხლა საიდისის მიმართ მინელებული ინტერესი და პრესამ მოუთოკავად გააგრძელა მის ნერვებზე თამაში.

საჯარო ყურადღებისგან თავის დასაღწევად საიდისმა ყველა კვლევა მიატოვა. ის ხშირად გადადიოდა ქალაქიდან ქალაქში, იცვლიდა გვარ-სახელს. ერთხელაც რიგითი კლერკის სტატუსით მომუშავე საიდისი „The New York Herald“-ის რეპორტიორმა უოლ-სტრიტის ერთ-ერთ ოფისში შენიშნა. ამ ფაქტმა დამცირების ახალი ტალღა ააგორა. „1909 წლის ვუნდერკინდი გამომთვლელი მანქანის ოპერატორად მუშაობს, კვირაში სულ რაღაც 23 დოლარის სანაცვლოდ“, – დამცინავი ტონით წერდნენ ჟურნალისტები ადამიანზე, რომელსაც შეიძლებოდა ბრწყინვალე მომავალი ჰქონოდა.

ამის შემდეგ „მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანმა ადამიანმა“ ჟურნალისტების რადარებიდან ათი წლით გაქრობა შეძლო. ეს დრო მან სიმშვიდესა და კომფორტში გაატარა, წერდა რომანებს. მისი  მთავარი გატაცება ტრამვაის ბილეთების კოლექციონირობა და მკვიდრ ამერიკელთა ერთ-ერთი ტომის ყოფა-ცხოვრების შესწავლა იყო. გენიალურ წარსულთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეკითხვას გაღიზიანებული პასუხობდა ან საერთოდ თავს არიდებდა პასუხებს. 1927 წელს საიდისმა უარი თქვა, დასწრებოდა მამის დასაფლავებას.

ვუნდერკინდის მიერ აღმართული ანონიმურობის ციხე 1937 წელს გატყდა. მან თავის ნაცნობ ქალს მცირე ინტერვიუ მისცა, რომელსაც ეყრდნობოდა ჟურნალ New Yorker-ში გამოქვეყნებული მასალა. საიდისი იქცა გმირად ციკლისა „სად არიან ისინი ახლა?“. ციკლისა, რომელიც საჯარო სივრციდან გაუჩინარებულ ცნობილ ადამიანებს ეხებოდა. სტატიაში საიდისი წარმოაჩინეს როგორც „უშნოდ ყბამოქცეული, მსუქანი, მსხვილკისრიანი და ჟღალულვაშებიანი კაცი, მოუქნელი და ბავშვურად კუშტი, რომელიც აზრის გამოსათქმელად დიდხანს უშედეგოდ ეძებს სიტყვებს“. ასეთი დახასიათებით შეურაცხყოფილმა საიდისმა გამოცემას პირად ცხოვრებაში შეჭრისთვის უჩივლა. მაგრამ სასამართლომ გადაწყვიტა, რომ საიდისი საჯარო ფიგურა იყო, მაშასადამე, მისი წარუმატებლობა თუ სისუსტე საზოგადოების მხრიდან ბუნებრივი ინტერესის საგანი შეიძლებოდა ყოფილიყო.

1944 წლის ივლისში საიდისი ბოსტონის საერთო საცხოვრებელში ნაქირავებ ოთახში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. შეუმდგარი ვუნდერკინდი 47 წლის ასაკში ინსულტით გარდაიცვალა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ჩემი „ვანგოგენი“

ეული ყველასთან ერთად

დარდისას გეტყვი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი