ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

„ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი“

ეს სიტყვები იმდენჯერ მოგვისმენია, ხშირად ღიმილსაც გვგვრის და სიზარმაცის უწყინარ გამართლებად მივიჩნევთ. სინამდვილეში კი რამდენიმე ათეული წელია, აღზრდა-განათლებასთან დაკავშირებულ დასავლურ სამეცნიერო ლიტერატურაში ეს მოვლენა ცნობილია როგორც „Gifted Underachievement“ და ფსიქოლოგები, ბავშვთა განვითარებისა და განათლების სპეციალისტები მის მიზეზებს იკვლევენ.

ტერმინი „Gifted Underachiever“ გულისხმობს ადამიანს, რომლის ნიჭიერება აშკარა იყო, მან კი ეს პოტენციალი ვერ გამოიყენა, წარმატებას ვერ მიაღწია (თუმცა ეს სიტყვა სრულყოფილად ვერ ასახავს პრობლემას). კვლევები უმთავრესად ეხება ნიჭიერ მოსწავლეებს, რომლებიც მაღალ აკადემიურ შედეგებს ვერ აღწევენ, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის ყველა პირობა აქვთ, ზოგჯერ კი სულაც გულს იცრუებენ სწავლაზე. აშშ-ში, სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ნიჭიერ ბავშვთა დაახლოებით 40%-ს დაბალი აკადემიური მოსწრება აქვს. საქართველოში ასეთი კვლევა არ ჩატარებულა, მაგრამ ალბათ ყველას გვყავს ნაცნობი, რომელზეც სინანულით გვითქვამს: „სიზარმაცე ხელს რომ არ უშლიდეს, რამდენს მიაღწევდა!“ საქართველოში მასწავლებლები და მშობლები ასეთ შემთხვევებს მარტივად, სიზარმაცით ან მოტივაციის ნაკლებობით ხსნიან. სინამდვილეში კი ნიჭიერი ბავშვი არაერთი მიზეზის გამო ხვდება ამ მდგომარეობაში. ამ მიზეზთა გააზრება აუცილებელია, რათა მშობლებმაც და მასწავლებლებმაც სწორი სტრატეგია შეიმუშაონ ბავშვის დასახმარებლად და მისი შესაძლებლობების მაქსიმალურად განსავითარებლად.

 დიხ

ნიჭიერი, მაგრამ დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეთა საერთო მახასიათებლები

მკვლევართა აზრით, ნიჭიერ მოსწავლეთა დაბალ აკადემიურ მოსწრებას უმთავრესად სამი რამ განაპირობებს:

  1. სწავლის მიმართ ინტერესისა და მოტივაცისი უქონლობა;
  2. გარემო, რომელიც არ უწყობს ხელს მათი ნიჭის განვითარებას და არ წაახალისებს აკადემიურ მიღწევებს;
  3. განვითარების ან სწავლის უნარის დარღვევა, რომელიც ჩქმალავს მათ ნიჭს.

სამივე კატეგორიის მოსწავლეებისთვის დამახასიათებელია დიდი განსხვავება მათ პოტენციალსა (რომელსაც ამჟღავნებს ინტელექტუალური უნარების ტესტირება, მათი ზოგადი ცოდნა, შექმნილი პროდუქტი თუ მშობლების, ახლობლებისა და მასწავლებლების დაკვირვება) და სკოლაში მიღწეულ აკადემიურ წარმატებას შორის. მიუხედავად თითოეული მოსწავლის უნიკალურობისა, „წარუმატებელი“ ნიჭიერი ბავშვების დიდი ნაწილი თითქმის ერთნაირად რეაგირებს ერთნაირ სირთულეებზე და ერთნაირად ახასიათებთ:

  • დაბალი თვითშეფასება;
  • ნეგატიური დამოკიდებულება სკოლისა და სწავლის პროცესის მიმართ;
  • წარმატებისთვის ძალისხმევის დახარჯვისა და გარისკვის სურვილის ნაკლებობა;
  • კონკურსში მონაწილეობის მიმართ დისკომფორტი;
  • შეუპოვრობის, სირთულეებისადმი გამძლეობის ნაკლებობა;
  • კონკრეტული მიზნის მისაღწევად საჭირო ნაბიჯების დაგეგმვის უუნარობა;
  • დაბალი სოციალური უნარები;
  • ორგანიზებულობისა და შესრულების სუსტი უნარები;
  • საკლასო აქტივობებზე უარის თქმა;
  • მასწავლებლისთვის ხელის შეშლა და გაკვეთილის ჩამშლელი ქცევა.

უმცროსკლასელი და სკოლამდელი ასაკის ნიჭიერი ბავშვები, ჩვეულებრივ, გამოირჩევიან ენერგიით, ხალისით, ცნობისმოყვარეობითა და სწავლის სიყვარულით. შემდეგ ისინი იცვლებიან სასკოლო გარემოს შეზღუდვების, თანატოლთა ზეწოლის, უფროსების არასწორი მოლოდინებისა და საკუთარი შიშების გამო. ცოდნის შეძენის დაუოკებელი წყურვილი თითქოს უეცრად უქრებათ და საკუთარ თავში იკეტებიან.

მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ხშირად ვერ ხვდებიან ნიჭიერ ბავშვთა პრობლემების სიღრმესა და მასშტაბს. ამის ერთ-ერთი მიზეზია ნიჭიერების სტერეოტიპი – ჯერ კიდევ ბევრი მასწავლებელი აიგივებს ნიჭიერებას აკადემიურ მიღწევებთან. ძნელია, ნიჭიერი გეგონოს უპასუხისმგებლო, არაორგანიზებული და მეამბოხე მოსწავლე, რომელიც იშვიათად იღებს მაღალ ქულებს. მეორე: მაშინაც კი, როცა მასწავლებლები აცნობიერებენ რთული მოსწავლის რეალურ პოტენციალს, ისინი ფიქრობენ, რომ წარუმატებლობა მხოლოდ ბავშვის პრობლემაა, რომლის მოგვარება თავადვე შეუძლია – არ ესმით, რომ სინამდვილეში ამ ტიპის სირთულეები პასუხია ოჯახში ან სკოლაში არსებულ პრობლემებზე. ხშირად მასწავლებლები მხოლოდ ასეთი ფრაზებით შემოიფარგლებიან: „ოდნავ მეტი ძალისხმევა რომ დახარჯოს, გაკვეთილზე უკეთ რომ იქცეოდეს და ყველას ხელს არ უშლიდეს, გაცილებით უკეთესი ნიშნები ექნებოდა“.

ნიჭიერ ბავშვთა „წარუმატებლობის“ ზოგადი მიზეზები

მკვლევრები ნიჭიერ მოსწავლეთა დაბალი აკადემიური მოსწრების მიზეზებს 5 ზოგად ჯგუფად აერთიანებენ:

  1. ოჯახის გავლენა – პრობლემები ოჯახში, სტრესი, კონფლიქტი, მშობლების არასწორი მიდგომა, წარმატების შესახებ არასწორი მესიჯები, როლური მოდელის არარსებობა, მეტისმეტი ზეწოლა წარმატების მისაღწევად ან სწავლის პროცესის სრული უგულებელყოფა, ყურადღების ნაკლებობა ან გადაჭარბება – ეს ყველაფერი ნეგატიურ გავლენას ახდენს ნიჭიერი ბავშვის სურვილზე, განავითაროს საკუთარი შესაძლებლობები.
  2. ინდივიდუალური თვისებები – ნიჭიერ ბავშვებს ხშირად ახასიათებთ დაუცველობის შეგრძნება, პერფექციონიზმი, შეცდომის შიში, პასიურ-აგრესიული ქცევა, ეგზისტენციალური დეპრესია და გადაჭარბებული თვითკრიტიკულობა. ეს თვისებები ხელს უშლის მოსწავლეს, დაგეგმოს დავალებების შესრულება, მიმართოს ძალისხმევა კონკრეტული მიზნისკენ, გარისკოს, როცა წარუმატებლობის თუნდაც მცირე შანსი აქვს და აიტანოს თანატოლებისგან გამორჩეულობა.
  3. სოციოკულტურული მიზეზები – თანატოლთა წნეხი, სტანდარტებში მოქცევის სურვილი. ბევრი ნიჭიერი მოსწავლე მალავს საკუთარ ნიჭს, რომ სხვებისგან არ გამოირჩეოდეს, რადგან სოციალური თვალსაზრისით ეს სირთულეებს იწვევს. ზოგი ასე იმისთვის იქცევა, რომ ბულინგისგან თავი დაიცვას.
  4. სკოლის კულტურა – ნიჭიერების განსაზღვრის არასწორი მეთოდები, ნიჭიერ მოსწავლეთა უნარების შესახებ არასწორი წარმოდგენა, მოუქნელი სასკოლო პროგრამა, რომელიც ნიჭიერ ბავშვთა საჭიროებებს ვერ ერგება, ხელს უწყობს ასეთი ბავშვების წარუმატებლობას. სასკოლო პროგრამა, რომელიც არ შეიცავს პროგრამის გამრავალფეროვნების ან დაჩქარების, უნარების მიხედვით დაჯგუფების ან ალტერნატიული სწავლების პოტენციალს, ვერ ქმნის ნიჭიერ ბავშვთა განვითარებისთვის საჭირო გარემოს. სასწავლო პროგრამის სათანადო გამოწვევების, სიღრმისა და რიტმის გარეშე ბევრი ნიჭიერი ბავშვი კარგავს სწავლის მიმართ ინტერესს და სკოლის კულტურის მიმართ პატივისცემას.
  5. სწავლების არასათანადო მეთოდები – ნიჭიერი ბავშვები ხშირად რჩებიან სასწავლო პროცესის მიღმა. ბევრი მასწავლებელი არ იცნობს ნიჭიერი ბავშვების საჭიროებებს და სტერეოტიპულად აღიქვამს ნიჭიერებას. მასწავლებელი, რომელსაც არ ესმის, რომ ხშირად ნიჭიერი ბავშვი არათანაბრად ვითარდება ან ჰგონია, რომ ნიჭიერება მხოლოდ აკადემიური წარმატებით გამოიხატება, არარეალურად მაღალ მოლოდინს ამჟღავნებს მოსწავლის მიმართ და იმედგაცრუებას განიცდის, როცა ის ამ მოლოდინს ვერ ამართლებს. ზოგი მასწავლებელი ნიჭიერ ბავშვს „მასწავლებლის ასისტენტად“ იყენებს. ნიჭიერი ბავშვის ასეთი გამორჩევა ხელს უწყობს მის იზოლაციას და ბიძგს აძლევს ბულინგს თანატოლების მხრივ. ბევრ საკლასო ოთახში კი ნიჭიერი ბავშვები უბრალოდ საკუთარი თავის იმედად არიან – მასწავლებლებს მიაჩნიათ, რომ ისინი მაინც იოლად აითვისებენ მასალას, ამიტომ დროსა და ენერგიას სხვა მოსწავლეებს ახარჯავენ. რთული დავალებების გარეშე, რომელიც მათ ძალისხმევას და კონცენტრაციას მოითხოვს, ნიჭიერი ბავშვებისთვის სკოლა მოსაწყენი ხდება, ისინი კარგავენ ინტერესს და ეფანტებათ ყურადღება. როცა მასალა მათთვის მეტისმეტად იოლია, მათ არ უვითარდებათ მასალის გარჩევის და ათვისების უნარი, შრომის უნარი, რაც აუცილებელია მაღალ კლასებში აკადემიური წარმატებისთვის.

ნიჭიერ, მაგრამ ნაკლებად წარმატებულ მოსწავლეებთან მუშაობის სტრატეგიები

მასწავლებლისა და მშობლის თანამშრომლობა. მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთობლივად უნდა იმუშაონ და ბავშვის შესახებ ინფორმაცია და გამოცდილება ერთმანეთს გაუზიარონ. შემდეგ ერთობლივი ქმედებები დაგეგმონ ბავშვის განვითარებისა და მიღწეული შედეგების ეფექტური შეფასებისთვის. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა სწორი კითხვების დასმა:

  • რაში ამჟღავნებს ბავშვი განსაკუთრებულ ნიჭს?
  • სწავლების როგორ მეთოდებს ანიჭებს უპირატესობას?
  • მშობლებისა და მასწავლებლების აზრით, რომლებია ბავშვის სუსტი ან ძლიერი მხარეები?
  • რას ფიქრობს ბავშვი საკუთარი საჭიროებების, ინტერესებისა და სკოლის შესახებ და როგორ შეიძლება ამ ინფორმაციის ინტერპრეტაცია?

გამოიყენეთ ბავშვის ნიჭიერება. როცა ბავშვის წარუმატებლობის მიზეზების აღმოფხვრას ცდილობთ, დაიწყეთ მისი ძლიერი მხარეებით. ნაკლოვანებებზე ყურადღების გამახვილება უბიძგებს ბავშვს, მეტისმეტად მწვავედ აღიქვას თავისი სუსტ მხარეები და უფრო მეტად მოექცეს მათი გავლენის ქვეშ. საჭიროა ეფექტური გზების პოვნა, რომ ბავშვი თავად ჩაერთოს საკუთარი ნიჭისა და ინტერესების ძიებაში. ეს შექმნის იმ თავდაჯერებასა და ძალას, რომელიც ბავშვს სირთულეების გადალახვაში დაეხმარება.

შეიმუშავეთ ბავშვისთვის ინდივიდუალური გეგმა მისი კონკრეტული ნიჭისა და წარუმატებლობის მიზეზების საფუძველზე. ზოგჯერ სწავლის არასათანადო სტილიც აფერხებს ნიჭიერი ბავშვის პროგრესს. მკვლევართა აზრით, ნიჭიერი ბავშვები ზოგჯერ იმიტომ ვერ სწავლობენ კარგად, რომ მათი აზროვნება სრულიად განსხვავდება სკოლების მიერ დამკვიდრებული სტანდარტული აზროვნებისგან. ამ ტიპის ბავშვები თავს არიდებენ კონკურენციას და მაღალი შედეგები აქვთ მხოლოდ იმ კლასებში, სადაც თავიანთ ნებაზე შეუძლიათ საკუთარი ნიჭის გამოყენება სწავლისა და საკუთარი თავის გამოხატვისთვის. ამ ტიპის მოსწავლეეები უკეთ ვითარდებიან გარემოში, რომელიც მათ მოქმედების თავისუფლებას აძლევს და ნაკლებად მოითხოვს ორგანიზების უნარების გამოყენებას. ასეთ გარემოში მასწავლებელს აქვს შესაძლებლობა, მოსწავლის კონკრეტულ საჭიროებაზე იმუშაოს – ორგანიზებისა და დაგეგმვის, მიზნის დასახვისა და შესრულების უნარების განვითარება იქნება ეს თუ მიმდევრობითი დავალებების შესრულების სირთულეების გადალახვა. იმავდროულად, არ გაამახვილოს ყურადღება მოსწავლის სუსტ მხარეებზე და არ შეზღუდოს ის ერთი ტიპის სწავლებით ან აქტივობებით. კვლევები მოწმობს, რომ ნიჭიერი ბავშვები გაცილებით მეტს აღწევენ დიფერენცირებულ გარემოში, სადაც სწავლის მრავალი განსხვავებული მეთოდი არსებობს და სწავლის პროცესი შედეგზე მეტად ფასდება.

უპოვეთ როლური მოდელი. ნიჭიერი, მაგრამ „წარუმატებელი“ ბავშვების პოტენციალის გამომჟღავნებისა და განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს როლურ მოდელს და მენტორს, რომელთანაც მოსწავლეს შეუძლია თავის იდენტიფიცირება და რომელსაც ბაძავს, როცა სირთულეებს აწყდება. ნიჭიერ ბავშვებს ახასიათებთ გადაჭარბებული სენსიტიურობა და თუ თავდაჯერება აკლიათ, განსაკუთრებით უჭირთ ინტერესის შენარჩუნება ან ძალისხმევის მიმართვა პრობლემის გადაჭრისკენ. ამ შემთხვევაში მათ დიდად ეხმარება როლური მოდელის მაგალითი.

მკვლევართა აზრით, ნიჭიერი ბავშვის სიზარმაცეს დაწყებითი კლასების შემდეგ იჩენს თავს და განსაკუთრებით მკაფიოდ უფროს კლასებში მჟღავნდება, ამიტომ დიდი ყურადღბა უნდა მივაქციოთ სკოლამდელ თუ დაწყებით საფეხურებზე ნიჭიერი ბავშვების განვითარებას. ამასთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე მარტივი რჩევა, განსაკუთრებით – მშობლებისთვის:

  1. არ შევუქმნათ ნიჭიერ ბავშვს არასათანადოდ მაღალი მოლოდინი საკუთარი ნიჭის მიმართ – ნუ შევაქებთ მის უნარებს, უმჯობესია, შევუქოთ მიზნის მისაღწევად დახარჯული ძალისხმევა.
  2. ნიჭიერებისა და იოლად ათვისების უნარების გამო არ დავტოვოთ მარტივი სასკოლო პროგრამის ანაბარა – ასეთ ბავშვებს დაწყებითი კლასების პროგრამის ათვისება ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე შეუძლიათ, რის გამოც ვერ ახერხებენ ორგანიზებული შრომისა და დაგეგმვის უნარების განვითარებას; ამასთან, მარტივი პროგრამა იწვევს მოწყენილობას და გაკვეთილის მობეზრებას, რაც ბავშვს ინტერესს უკარგავს სკოლისა და სწავლის პროცესის მიმართ და ხშირად იწვევს მის ხმაურიან ქცევას გაკვეთილზე.
  3. ნუ გავამახვილებთ ყურადღებას მიღწევებზე და ნუ შევადარებთ სხვებს – ამის შედეგად ნიჭიერ ბავშვს პერფექციონიზმი გამოუმუშავდება და ის წინასწარ ამბობს უარს აქტივობაზე, რომელშიც უმაღლეს შედეგს იოლად ვერ მიაღწევს.
  4. ნიჭიერი ბავშვების დიდი ნაწილი დაბალი თვითშეფასებითა და თვითკრიტიკით გამოირჩევა, ამიტომ აუცილებელია, ხელი შევუწყოთ თავდაჯერების გამომუშავებაში. ნუ გავუმახვილებთ ყურადღებას შეცდომებზე, ჯობს, დადებითად შევუფასოთ შრომის პროცესის თითოეული ნაბიჯი.
  5. ნიჭიერი ბავშვები ხშირად არათანაბრად ვითარდებიან – სოციალურ-ემოციური განვითარება და ორგანიზაციული უნარები ჩამორჩება მათ ინტელექტუალურ განვითარებას, ამიტომ ყურადღება მივაქციოთ საჭირო უნარების ჩამოყალიბებას სკოლამდელ ასაკში და დაწყებით კლასებში. ნუ გვექნება ერთი და იგივე მოლოდინი მათი სხვადასხვა უნარების მიმართ, მაგალითად, არაფრით არ შეიძლება ასეთი ფრაზების გამოყენება: „ასეთ ჭკვიან ბავშვს დავალება როგორ გავიწყდება?“, „ამდენი რომ გესმის, ასე ცუდად რატომ იქცევი?“.
  6. ნიჭიერ ბავშვებს ხშირად განსხვავებული აზროვნება ახასიათებთ, რის გამოც ბუნებრივად უჭირთ თანატოლებთან ურთიერთობა. ნუ გამოვარჩევთ ბავშვს თანატოლებისგან და ნუ დავუსახავთ მას მაგალითად სხვებს – ეს მის იზოლირებას გამოიწვევს.

მთავარია, გვახსოვდეს, რომ ჩვენი – როგორც მშობლების, ისე მასწავლებლების – მთავარი მოვალეობაა, მაქსიმალურად განვავითაროთ თითოეული ბავშვის პოტენციალი. გვახსოვდეს, რომ ნიჭიერ ბავშვთა მესამედზე მეტი საშუალო კლასებშივე კარგავს ინტერესს სწავლის მიმართ სხვადასხვა მიზეზის გამო და ერთად ვიმუშაოთ ამ სირთულეების გადასალახავად. დაბოლოს, ნურასდროს ვიტყვით მოსწავლეზე: „ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი“, – რადგან ეს „სიზარმაცე“ სინამდვილეში კომპლექსური მიზეზებითაა გამოწვეული, უმთავრესად – ჩვენ, უფროსების, მიერ, რომლებმაც ვერ შევუქმენით ნიჭიერ ბავშვს სათანადო გარემო და არასწორი ქმედებებით გავუძლიერეთ შიში თუ გულგრილობა სწავლის მიმართ. ჩვენვე შეგვიძლია დავეხმაროთ მათ გადალახვაში.

გამოყენებული ლიტერატურა:

Beyond intellect: Exploring the social and emotional aspects of giftedness, Gail Post;

Meeting the needs of gifted underachievers – individually”, J. Smutney

The underachievement of gifted students: What do we know and where do we go?” Reis, S. & McCoach, D.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი