პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ყველაზე, ყველაზე, ყველაზე…

იმ დღეს უცნაური ამბები ხდებოდა. ჯერ იყო და ლაბორატორიაში ასულს ფანჯრის რაფაზე პაწაწინა ჩიტუნა დამხვდა. ლაბორატორიაში  მეცადინეობის დაწყებამდე ავედი, ვიფიქრე, გავანიავებ და რეაქტივებს გადმოვალაგებ-მეთქი. ფანჯარა გავაღე თუ არა, რაფაზე ჩიტუნია დასკუპებულიყო. მულტფილმიდან გადმოსულს ჰგავდა. ერთი ციცქნა იყო, ფეხები წვრილი ჰქონდა და რაღაცნაირად განზე გაწეული. ფეხები კი არა, უფრო ფეხუჭები ეთქმის. ნისკარტიც ძალიან სასაცილო სანახავი იყო, ბოლოში ორად ეყოფოდა და გაოცებულ მზერას აძლევდა.  თავზე ყვითელი, აბურძგნული ქოჩორი ჰქონდა. გეგონება სალონიდან ახლა გამოვიდაო.

ყველაზე, ყველაზე, ყველაზე ლამაზი ჩიტუნა იყო.

ფანჯრის გამოღებისას სულაც არ დაფრთხა. მეც ამით გათამამებულმა, ხელი შევაშველე. ისიც ადგა და ზედ დაბრძანდა. ფანჯარა დავკეტე და ლაბორატორიაში შემოვბრუნდი. ჩიტუნა ჩემს ხელზე გაუნძრევლად გამაგრებულიყო. ცხოველები და ფრინველები ძალიან მიყვარს. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ადამიანებივით ვესაუბრები ხოლმე. ამასაც ოჯახის ამბები გამოვკითხე. თავის ენაზე მითხრა, რა ვიციო… ერთი ის ვიცი, რომ მე გაყინული ჩიტუნა ვარო. ბევრი აღარ მიფიქრია და ორი სართულით ქვემოთ, ორნითოლოგებთან (როგორც, კოლეგები  ხუმრობით ეძახიან – „მეჩიტეებთან“) ჩავედი. ჩიტუნა „ყვითელქოჩორა ნარჩიტა“ აღმოჩნდა. „მეჩიტეებმაც“ დაადასტურეს, რომ შეციებული და ცოტა მოშიებულიც ბრძანდებოდა. შემპირდნენ მივხედავთო და იქვე პიპეტით შაქრიანი წყალიც შესთავაზეს.

რა ცოტა უნდა ადამიანს ბედნიერებისთვის. იმ დღეს ნარჩიტას დაბინავებით  ყველაზე, ყველაზე, ყველაზე… ბედნიერი ვიყავი. ჰოდა, საღამოს ორი დღით ადრე, შესავალი კურსის სტუდენტების მიერ დაწერილი ტესტების გასწორებას მივყავი ხელი. რას არ წააწყდები ასეთ დროს. ახლაც შეკითხვაზე – HF-ს რა სახელწოდება აქვსო, სტუდენტს ეწერა, თეთლუნდ მჟავა არისო. „თეთლუნდ მჟავა“ ფთორწყალბადმჟავაზე ურიგოდ არ უნდა ჟღერდეს, თუმცა ქულის დაწერის საშუალებას არ იძლევა.

ფთორი ძალიან აქტიურია. რასაც კი გზად შეხვდება, ყველაფერთან ნაერთს ქმნის და მხოლოდ ნაერთების სახით არსებობს. 1771 წელს, კარლ შეელემ მინერალი ფლუორიტი გოგირდმჟავით დაამუშავა და მიიღო მჟავა, რომელსაც „მლღობი მჟავა“ უწოდა. ლავუაზიემ კი ჩათვალა, რომ მჟავას შემადგენლობაში ახალი ქიმიური ელემენტი შედიოდა და მას სახელად „ფლუორი“ უბოძა. შემდეგ  ის, როგორც ელემენტი,  ნიულენდსმა თავის ცხრილში და მენდელეევმა პერიოდულ სისტემაში შეიტანა.  მიღება  ბევრჯერ სცადეს, მაგრამ ამაოდ. ძალიან ბევრი მეცნიერი შეეწირა კიდეც ფთორის მიღების მცდელობას. ალბათ ამის გამო, ახალ ელემენტს სახელი შეუცვალეს და ფთორი უწოდეს (ბერძნული „ფთორუსიდან“, რაც ნგრევას და განადგურებას ნიშნავს).

ასი წლის შემდეგ, ფთორის თავისუფალი სახით მიღების პატივი ფრანგ ქიმიკოსს ანრი მუასანს ხვდა წილად. მან განსაზღვრა, რომ ფთორი პლატინასთან რეაქციაში ნაკლებად შედიოდა  და ელექტროლოზის ხელსაწყოში ყველაფერი პლატინისგან და ირიდიუმისგან დაამზადებინა. მართალია, ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნება იყო და თითოეული გრამი გამოყოფილი ფთორი ექვს გრამ პლატინას ანადგურებდა,  მაგრამ დანახარჯი ღირდა, რადგან ფთორი თავისუფალი სახით მიიღო.

ისიც უნდა ითქვას, რომ მუასანმა სახელი ოდნავ სხვა რამით გაითქვა. ნახშირისგან სინთეზური ალმასის მიღება სურდა. ფიქრობდა, მაინც ერთმანეთის ალოტროპული სახესხვაობები არიან და იქნებ ცდად ღირდესო. ხის ნახშირს რკინის ფხვნილში აცხელებდა და ფიქრობდა, რომ მაღალი ტემპერატურის პირობებში კრისტალურ მესერში ატომების გადაწყობა მოხდებოდა. ცდა პირველივე ჯერზე წარმატებით დასრულდა და სარეაქციო არეში მუასანმა რამდენიმე პაწაწინა ალმასი აღმოაჩინა. თუმცა ამავე შედეგს ვერასდროს ვეღარ მიაღწია.

მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ… მოწაფეები გაეხუმრნენ და სარეაქციო არეში ალმასები სპეციალურად ჩაუყარეს.

პირველი ხელოვნური ალმასის მიღების მცდელობა კი წლების შემდეგ შოტლანდიელმა ქიმიკოსმა ჯეიმს ჰენეიმ განაგრძო. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს გადაწყვიტა, გრაფიტის ნაჭრები გაეცხელებინა. ადგა და ხანგრძლივად გააცხელა ნარევთან ერთად, რომელიც პარაფინისგან, ზეთისგან და ლითიუმისგან შედგებოდა. მართლაც მიიღო რაღაც სუბსტანცია, რაც მაშინდელმა ექსპერტებმა ხელოვნურ ალმასად აღიარეს. თუმცა მისი არანაირი ნიმუში არ შემორჩენილა…

ყველაზე, ყველაზე, ყველაზე… უცნაური ექსპერიმენტი იყო.

კვლავ ფთორს დავუბრუნდეთ.

ყველაზე, ყველაზე, ყველაზე… აგრესიული, ელექტროუარყოფითი, აქტიურია…

ჩვეულებრივ პირობებში მომწვანო-მოყვითალო შეფერილობის გაზია. ძლიერი გაციებისას თხევად მდგომარეობაში გადადის, რომელიც – 219,6 ცელსიუს გრადუსზე მყარდება. ძალიან მომწამლავია (გამონაკლისს წარმოადგენენ CF4, SF6 და ზოგიერთი ინერტული ქიმიური ნაერთი).

ძლიერი მჟანგავია და „ყველაფერს ჭამს“, მის გარემოში იწვიან ისეთი მდგრადი ნივთიერებებიც კი, როგორიცაა: მინა (ბამბის სახით) და წყალი. აღსანიშნავია, რომ  ამ რეაქციების მიმდინარეობისას ერთ-ერთ პროდუქტს ჟანგბადი წარმოადგენს.

თითქმის ყველა ელემენტთან ენერგიულად მოქმედებს. გამონაკლისს ჰელიუმი და ნეონი წარმოადგენს. კრეპტონი ფთორის გარემოში, ელექტრონული განმუხტვის პირობებში იწვის. ქსენონი ფთორის ატმოსფეროში მკაფიო ალით იწვის და XF4-ს წარმოქმნის. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ფთორის გავლენით აზბესტიც კი იწვება.

ფთორის ყველაზე, ყველაზე, ყველაზე… განსაკუთრებული ქიმიური აქტივობა განპირობებულია ელემენტებთან დიდი ბმის ენერგიით. მაგ. წყალბადთან მისი ბმის ენერგია – E 566-ია, ხოლო სილიციუმთან E 582 კ.ჯოული/მოლის ტოლია. ასევე,  განპირობებულია მოლეკულაში ფთორის ატომებს შორის დაბალი ბმის ენერგიით E 151 კჯოული/მოლი.

ფთორწყალბადმჟავა (სტუდენტს, რომ „თეთლუნდ მჟავა“ ეგონა) უფერო ნივთიერებაა და ძლიერ მომწამლავია. თუმცა ქლორწყალბადმჟავას მსგავსად დამახასიათებელი მკვეთრი სუნი არ ახასიათებს. ეს კი მის გამოცნობას ოდნავ ართულებს. სხეულზე მოხვედრისას დამწვრობას იწვევს, რაც შესაძლოა ძალიან გართულდეს. HF-ში ცილები იხსნება. ასე რომ, სხეულზე მოხვედრისას ის თანდათანობით შეაღწევს სხეულის სიღრმეში და დააზიანებს.

  შენახვა მხოლოდ პოლიეთილენის ჭურჭელში შეიძლება, რადგან ძლიერად მოქმედებს მინასა და კვარცზე.

ფთორწყალბადმჟავა ძლიერ ასოცირებული ნივთიერებაა, რაც წყალბადური ბმებით არის გამოწვეული. წყალში HF  ყველა პროპორციით იხსნება. წყალხსნარი, რომელიც შეიცავს 35,4% HF-ს აზეოტროპულ ნარევს წარმოადგენს.

ფთორწყალბადმჟავა მინების ამოსაჭმელად და მეტალურგიაში სხმულებიდან სილიციუმისა და მისი ნაერთების მოცილების მიზნით გამოიყენება. ქიმიურ ანალიზებში მას სილიკატების დასაშლელად იყენებენ.

სადარბაზოში, სწორედ ჩემს სართულზე, ორი ფისო დაბინავდა. კატები არც ძალიან   მიყვარს, უფრო სწორედ, ნეიტრალურად ვარ განწყობილი. თუმცა პატარა ციცქნა ფისოს მიმართ, რომელიც ჩემ თვალწინ გაიზარდა,  გულგრილი ვერ დავრჩი და მას შემდეგ მათი (ფისოს და დედამისის) გამოკვება ჩემს მოვალეობაში შევიდა. როგორ უნდა გამიძლოს გულმა, თუ ჩემს კართან ორი ცოცხალი არსება იშიმშილებს?

არადა, ყველაზე, ყველაზე, ყველაზე გაუმაძღარი კატები არიან…

ჰოდა, მთელი ზოომაღაზიები ზეპირად ვიცი. სად როგორი ფასებია, ეგეც შევისწავლე.

ამას წინათ რაღაც ახალი მაღაზია აღმოვაჩინე და ვესტუმრე. ჩემი ყურადღება საშუალო ზომის ნახევრად გაპრტყვნილმა თუთიყუშმა მიიპყრო. ტანზე ბუმბული ჰქონდა,  თავი კი  „კიტაია“ ქათამივით მოტვლეპოდა. უჰ, ამას რა დაემართა-მეთქი, შევიცხადე. გამყიდველმა დამამშვიდა – ბუმბული გამოიცვალა, ტანზე უკვე შეიბუმბლა და თავი ჯერ „ტიტლიკანა“ აქვსო. გასაგებია-მეთქი, გამეღიმა.

მიდით აბა და ჰკითხეთ:

  • „შენ მელოტი ხარ?“, – მიდით, მიდით – გამამხნევა გამყიდველმა.

მივუახლოვდი და შევაპარე

  • შენ მელოტი ხარ?

ამის გაგონებაზე ჩიტუნა აიფხორა (მხოლოდ ტანზე, თავზე ბუმბული არ ჰქონდა) და რაც შეეძლო ხმამაღლა დამყვირა:

-არაააა…

ქოჩორი  მალე ამოუვა და…

ყველაზე, ყველაზე, ყველაზე ლამაზი ჩიტუნა იქნება…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი