ხართ თუ არა კარგი მასწავლებელი?

თავი კარგ მასწავლებლად მიგაჩნიათ? ამაზე ხშირად ფიქრობთ? ზუსტად ვერ ხვდებით, რას ნიშნავს იყო კარგი მასწავლებელი? არ იცით, რა არის მთავარი კარგი მასწავლებლისთვის – კომპეტენცია, ადეკვატურობა, ცოდნის გადაცემის უნარი, გამოცდილება თუ უშრეტი კრეატიულობა? ვეცდებით, ამ კითხვებზე პასუხი შემოგაშველოთ, თქვენ კი თავად განსაზღვრეთ თქვენი პროფესიული საქმიანობის ხარისხი.

  1. კარგი მასწავლებელი სვამს კითხვას და შეუძლია პასუხის მოსმენა. ეს უნივერსალური უნარია, რომელიც მასწავლებლის საქმიანობის რამდენიმე მხარეს წარმოაჩენს. კარგი მასწავლებელი მოსწავლეს სულელურ კითხვებს არ უსვამს, რადგან სულელურ კითხვებზე ასეთივე პასუხებს მიიღებს.

კითხვა უნდა იყოს მკაფიო. მას უნდა ჰქონდეს მიზანი. კარგი მასწავლებელი ბევრ კითხვას სვამს, ეს მისი მთავარი ინსტრუმენტია. კითხვამ მოსწავლეთა დიდ ნაწილს ინტერესი უნდა აღუძრას. კითხვა შეიძლება იყოს ირიბი. კითხვა შეიძლება კარნახობდეს პასუხს. კითხვა უნდა დაისვას ისე, რომ მასზე რაიმე პასუხი მაინც მოიძებნოს. კითხვამ უნდა დააფიქიროს მოსწავლე – ესაა მთავარი.

მასწავლებლები ხშირად ამბობენ, რომ კარგი კითხვის დასმა კარგ მოსწავლეს შეუძლია, მაგრამ ვინ ასწავლის ამას, თუ არა მასწავლებელი?..

  1. კარგი მასწავლებლის კლასში ყველა მოსწავლე ადამიანია. ალბათ ზედმეტი იქნება იმაზე მინიშნება, რომ კარგი მასწავლებელი ფიზიკურად არ სჯის მოსწავლეებს, არ შეურაცხყოფს, არ წყევლის და არ აგინებს, ბავშვების ერთ ჯგუფს მეორეს არ ამტერებს. მაგრამ, ყველაფერ ამასთან ერთად, კარგი მასწავლებელი ნორმალურად ექცევა მათ, ვისაც მისი საგანი მიზეზთა გამო არ უყვარს.

მოსწავლე მასწავლებელს რომც გადაემტეროს და მიზნად დაისახოს მისი დამცირება, მასწავლებელმა ასეთივე მეთოდებით არ უნდა უპასუხოს. ფსიქოპათი მოსწავლეც კი სწავლობს ურთიერთობის სხვა ფორმებს მასწავლებლისგან. ეს უნდა გვახსოვდეს.

  1. კარგი მასწავლებელი თავის ტემპერამენტს საქმის სასარგებლოდ იყენებს. მასწავლებელს შეიძლება ჰქონდეს რკინის ნერვები, მწარე ენა, კეთილი გული. მასწავლებელი შეიძლება იყოს ხანდაზმული მამაკაციც და ახალგაზრდა ქალიც, აუტისტიც და პიროვნებაც, რომელიც ზედმეტ ყურადღებას აქცევს საკლასო დისციპლინას, მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის, რომ მან, თავისი ფსიქოფიზიოლოგიის მიუხედავად, ყოველთვის მიაღწიოს მიზანს და სწავლების დროს თავს ისე გრძნობდეს, როგორც თევზი წყალში.

მასწავლებელი ქმნის სამყაროს, სადაც ის ზედმეტი კი არ არის, არამედ რომელსაც ორგანულად ავსებს. მისი რეაქციები და ემოციები მოსწავლეებისთვის სასარგებლოა. ასეთ კლასში მოსწავლეები მასწავლებლის ტალღაზე გადადიან, მისი ატმოსფერო მათთვის მისაღები ხდება. ისინი მშვიდდებიან, მაგრამ არ „მუხრუჭდებიან“, ცოცხლდებიან, მაგრამ არ ცელქობენ.

კარგი მასწავლებლის კლასში იმიტომ კი არ დგას სიჩუმე, რომ ბავშვებს ეშინიათ, არამედ იმიტომ, რომ კონცეტრირებულები არიან, ხმაური კი საკლასო ოთახიდან მხოლოდ დებატების დროს გამოდის.

არცთუ კარგ მასწავლებელს თავისი ტემპერამენტი ხელს უშლის, კარგ მასწავლებელს კი ხელს უწყობს სამუშაო პროცესის წარმართვაში. კარგი მასწავლებელი რეალისტურად აფასებს თავის თავს და არ სჭირდება, გამოიყურებოდეს იმაზე უკეთესად, ვიდრე სინამდვილეშია.

  1. კარგი მასწავლებელი სამართლიანი და ღირსეული პიროვნებაა. ბავშვებსა და მოზარდებთან სხვანაირად ვერც იმუშავებ. ჩვენს დროში ძნელია იყო სამართლიანი და ღირსეული, მაგრამ პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეს სავსებით შესაძლებელია. გაიხსენეთ, ასეთი მასწავლებლები თქვენც გვყავდათ.
  2. 5. კარგ მასწავლებელს სკოლის მიღმა თავისი ცხოვრებაც აქვს. მაგალითად, უყვარს არტჰაუსი ან დამატებით ლექციებს კითხულობს უნივერსიტეტში. ცხადია, არსებობენ ისეთი მასწავლებლებიც, რომლებიც მხოლოდ სასკოლო ცხოვრებით სუნთქავენ, მაგრამ, როგორც წესი, ისინიც ცდილობენ, გაიმრავალფეროვნონ ცხოვრება სკოლის სივრცეში – ხსნიან წრეებს, ხშირად დაჰყავთ ბავშვები ექსკურსიებზე, ანუ სკოლა მათთვის მხოლოდ სკოლა არ არის.
  3. 6. კარგ მასწავლებელს კარგი იუმორის გრძნობა აქვს. არ ვგულისხმობთ მასხარაობასა და ბრტყელ-ბრტყელ ხუმრობებს – ამ შემთხვევაში იუმორი მასწავლებლის ადეკვატურობის ნაწილია, სწორედ იმ დოზით და იმ დროს, როცა და რამდენიც საჭიროა. ჯანსაღი იუმორი მასწავლებელს სიტუაციის მართვაში, მოულოდნელი და კრეატიული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება. მასწავლებლის კარგ იუმორს მოსწავლეები ყოველთვის ჯეროვნად აფასებენ.

ცნობილია, რომ ცეკვა ყველაზე ეფექტიანად ებრძვის გუდ განწყობას. ცეკვის დროს ადამიანი ბევრი პატარ-პატარა მოძრაობას ასრულებს, რათა პარტნიორს შეეწყოს, ამიტომ ტვინი ინტენსიურად მუშაობს. კარგი მასწავლებლის სამუშაო პროცესი ცეკვას ჰგავს, ოღონდ მას მოსწავლეების სახით რამდენიმე ათეული პარტნიორი ჰყავს.

  1. კარგი მასწავლებელი მოწიფული ადამიანია. შესაძლოა, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის საგრძნობი ასაკობრივი სხვაობა არ იყოს, მაგრამ მასწავლებელი გაცილებით მომწიფებული იყოს სულიერად, ჰქონდეს ჩამოყალიბებული აზროვნება, რაც პასუხისმგებლობის აღებით გამოიხატება – მასწავლებელი პასუხს აგებს კლასის ყოველწუთიერ სიტუაციაზე, იქაურ ატმოსფეროზე, მოსწავლეებზე.

მასწავლებელს შეუძლია გაბრაზდეს, თავი ვერ მოთოკოს, უადგილოდ გაეცინოს – ისიც ადამიანია, მაგრამ მას არ აქვს უფლება, უსუსურობა გამოამჟღავნოს. მოსწავლის პროვოკაცია მასზე არ უნდა მოქმედებდეს.

კარგი მასწავლებლის კლასში არ არიან ფორმალური ლიდერები, ლიდერი მხოლოდ ერთია – მასწავლებელი.

  1. 8. კარგ მასწავლებელს ცოდნასთან ერთად ემოციის გადაცემა შეუძლია. იგულისხმება ის, რომ მასწავლებელს უყვარს თავისი საგანი. ინფორმაციას, როგორც ასეთს, არ აქვს ფასი, თუ ის ემოციურად არ გადაეცი. უემოციოდ გადაცემული მასალის დამახსოვრება ძნელია. მაგალითად, ფიზიკას თუ შეგაყვარებენ, ის უფრო იოლად ისწავლება. ემოციის გადასაცემად საჭიროა ემპათია, მსმენელის დაინტერესება, „დაბმა“. პედაგოგიკაში ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია. მისი არსი ის არის, რომ მასწავლებელმა უნდა შეაყვაროს თავისი საგანი მოსწავლეს. ხშირად საყვარელი მასწავლებლისა და საგნის გავლენის ქვეშ მოქცეული ნახევარი კლასი მართლაც ფიზიკის ფაკულტეტზე აბარებს. ის ფაქტი, რომ მასწავლებელი თავს გაყვარებს და მისი საგანიც გიყვარდება, მოსწავლის მომავალ ცხოვრებას მთლიანად ცვლის.
  2. კარგი მასწავლებელი დიდხანს ძლებს სკოლაში. სკოლა ის ადგილია, სადაც ბევრი რამ მოსაწყენი და არასწორია. ძნელია მშობლებთან ურთიერთობა, სკოლის ადმინისტრაციის ახირებების შესრულება, ქაღალდომანიისა და დაბალი ანაზღაურების ატანა… მასწავლებელი მითიური გმირივითაა, რომელმაც ისე უნდა შეძლოს ლავირება, რომ წყალქვეშა დინებამ არ გაიტაცოს და გაკვეთილებიც ეფექტიანი გამოუვიდეს. მასწავლებელი არ არის სასოწარკვეთილი ადამიანი. ის დიპლომატია, რომელიც უფრთხილდება საკუთარ დროსა და სივრცეს.

კარგი მასწავლებელი დარწმუნებულია, რომ სკოლას შეუძლია, თანამედროვე მიდგომების მეშვეობით აღზარდოს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი.

  1. კარგი მასწავლებელი არ არის „გადამწვარი“ მასწავლებელი. „გადაწვის“ საფრთხე ნებისმიერ ადამიანს ემუქრება, მაგრამ ამ კონტექსტში მასწავლებელი სწორედ ის პერსონაჟია, რომელსაც გამძაფრებული აქვს თვითგადარჩენის ინსტინქტი და პროფესიას საკუთარი თავის ბოლომდე „შეჭმის“ ნებას არ აძლევს. ხდება ხოლმე, რომ კარგი მასწავლებელი შედის „გადაწვის“ პირველ ან მეორე სტადიაში (დაღლილობა, აპათია, სიცარიელის განცდა), მაგრამ მაინც ახერხებს ძალ–ღონის მოკრებას და მესამე სტადიისთვის თავის დაღწევას (მესამე სტადიაზე მასწავლებელს სძულს ყველა მოსწავლე და კოლეგა). ძალ–ღონის მოკრებაში მასწავლებელს მეხუთე პუნქტი ეხმარება (სხვა ცხოვრება სკოლის გარეთ).
  2. კარგი მასწავლებელი არ აზროვნებს მხოლოდ სასკოლო კატეგორიებით. მას არ მიაჩნია, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მოსწავლემ თავი უნდა შეაკლას მისაღები გამოცდებისთვის მზადებას. ის მშვიდად უყურებს სკოლის ცხოვრების ფორმალობებს. მას ესმის, რომ თუ ვინმეს სწავლა არ უნდა, შეიძლება უამრავი მიზეზი ჰქონდეს და ყველა მიზეზის სასწრაფოდ აღმოფხვრა აუცილებელი არ არის. კარგ მასწავლებელს გააზრებული აქვს, რომ არ შეიძლება, ყველა მოსწავლეს უყვარდეს სკოლა.

კარგი მასწავლებელი მშვენივრად არჩევს ერთმანეთისგან შემოქმედებით ქაოსს და უბრალოდ ქაოსს საკლასო ოთახში.

კარგი მასწავლებელი თვალს ხუჭავს წვრილმანებზე, რათა ამასობაში ძირითადი არ გამოეპარპს. ის არ უკირკიტდება წვრილმანებს. მას სკოლაში სხვა, გაცილებით სერიოზული მისია აქვს.

კომენტარები

comments