პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

„არ წაიკითხავენ, იძულებას კი აზრი არ აქვს“

Z თაობის[1] წარმომადგენლები 16 წელზე მეტისანი არ არიან, თუმცა „ციფრულმა“ ბავშვებმა უკვე გაუჩინეს მშობლებს თავსატეხი. რატომ შეუცვალა მათ წიგნები გაჯეტებმა? გვეშინოდეს თუ არა ინტერნეტდამოკიდებულების? როგორ ჩნდება ყურადღების დეფიციტის სინდრომი? ამ საკითხების შესახებ საუბრობს ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, ოჯახის კონსულტანტთა და ფსიქოთერაპევტთა საზოგადოების გამგეობის წევრი, ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტის „ეკონომიკის უმაღლესი სკოლის“ სამაგისტრო პროგრამის „სისტემური საოჯახო ფსიქოთერაპია“ აკადემიური ხელმძღვანელი, ოჯახის ფსიქოთერაპევტთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი ანა ვარგა. ესაუბრება იულია ფუკოლოვა, «Harvard Business Review – რუსეთის“ უფროსი რედაქტორი.

– რა პრობლემები აღელვებთ თანამედროვე მშობლებს?

– პრობლემა სხვადასხვაგვარია, არსი კი ერთი – ბავშვთან კავშირის დაკარგვა, ურთიერთგაგების დეფიციტი და კონტროლის სირთულეები. მუდამ ასე იყო, თუმცა, შესაძლოა, ახლა უფრო მწვავედ განიცდებოდეს, რადგან მშობლები და ბავშვები არა მხოლოდ სხვადასხვა თაობის, არამედ განსხვავებული საკომუნიკაციო სისტემების წარმომადგენლებიც არიან. ბავშვები მთლიანად კომპიუტერულ სამყაროში ცხოვრობენ, მშობლები – ჯერ კიდევ წიგნებისაში.

– როგორ მოვიქცეთ? კითხვა ვაიძულოთ?

– ცხადია, არა. არ წაიკითხავენ. იძულებას აზრი არ აქვს, მხოლოდ კონფლიქტი მოჰყვება. პერიოდულად კაცობრიობის ისტორიაში საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ცვლილება ხდება. ეს ბუნებრივი პროცესია, უბრალოდ, ჩვენ ამ პროცესის დასაწყისში ვართ. შეიცვალა სენსორული მოდალობა – ბავშვები აღარ კითხულობენ, უყურებენ. კითხვის დროს წარმოსახვა ერთვება, უნდა წარმოიდგინოთ ყველაფერი, რასაც კითხულობთ. ყურებისას წარმოსახვა არ არის საჭირო. სიგნალი პირდაპირ მიდის თავის ტვინის ქერქის კეფის ნაწილში, ეს სხვაგვარი აღქმაა. ბავშვები ახალი საკომუნიკაციო კულტურის წარმომადგენლები არიან. მშობლებს მხოლოდ ის შეუძლიათ, თავად წაუკითხონ – ისარგებლონ იმით, რომ ბავშვებს მოსწონთ მათ გვერდით ყოფნა, ან აუდიოწიგნები შესთავაზონ.

– რას გულისხმობს ტერმინი „საკომუნიკაციო კულტურა“?

– ტორონტოს სკოლის კომუნიკაციის თეორიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საკომუნიკაციო ტექნოლოგიები განსაზღვრავს ადამიანთა კულტურასა და მენტალიტეტს. მაგალითად, შუა საუკუნეების ადამიანი განსხვავდება თანამედროვე ადამიანისგან, მას სამყაროს შესახებ განსხვავებული წარმოდგენა და ფასეულობები აქვს. ცნობიერება დამოკიდებულია სოციუმზე, ჩვენ სოციალური ცხოველები ვართ, სოციუმს კი ადამიანთა ურთიერთქმედება განსაზღვრავს. კომუნიკაციის ახალი საშუალების გაჩენა ყოველთვის იწვევს პიროვნების, კულტურისა და საზოგადოების სერიოზულ ცვლილებებს. მკვლევრები კომუნიკაციის განვითარების სამ – ზეპირ, წერილობით და აუდიოვიზუალურ სტადიას გამოყოფენ. შუა საუკუნეებში ადამიანები ურთიერთობისთვის მეტყველებასა და სმენას იყენებდნენ, მთავარი ერთმანეთის ენის ცოდნა იყო. იმ საზოგადოებაში არ არსებობდა ბავშვობა როგორც სოციალური კატეგორია. ხუთი წლიდან, მეტყველების დაწყებისთანავე, ბავშვი საზოგადოების სრულფასოვანი წევრი ხდებოდა. მას ზრდასრულივით აჭმევდნენ და აცმევდნენ. ის ზრდას აგრძელებდა, უფრო ძლიერი ხდებოდა, მაგრამ არავითარი შეღავათი არ ჰქონდა.

– როდის გაჩნდა ბავშვობის თანამედროვე გაგება?

– ზრდასრულობისა და ბავშვობის კონცეფციები წიგნის საბეჭდი დაზგის წყალობით გაჩნდა. წიგნიერმა ადამიანმა თავდაპირველად უნდა ისწავლოს და ინფორმაციულმა უფსკრულმა ადამიანები ორ კატეგორიად დაყო: იმად, ვისაც ინფორმაციის მიღება წიგნიდან შეეძლო და  იმად, ვისაც არ შეეძლო. ბავშვი აღარ აღიქმებოდა პატარა ზრდასრულად, დაიწყეს მისი მიზანმიმართული აღზრდა. ზრდასრული რომ გამხდარიყო, ბავშვს ძალისხმევა სჭირდებოდა, ხოლო მისი აღზრდის პასუხისმგებლობა მშობლებს დაეკისრათ. საზოგადოებაში შეიქმნა განსაზღვრული წარმოდგენა იმის თაობაზე, რას ნიშნავს კარგი ბავშვი, კარგი მშობელი, რა უნდა ვასწავლოთ ბავშვს, რისთვის უნდა დავსაჯოთ, დავაჯილდოოთ. ეს კარგად არის აღწერილი ფრენსის ბიორნეტის რომანში „პატარა ლორდი ფაუნტლეროი“. ასე გრძელდებოდა 300 წელზე მეტხანს.

– რა მოსდის ბავშვობას ინფორმაციულ ეპოქაში?

– ჩვენ წარმოსახვაზე თანდათანობით ვამბობთ უარს და მხედველობით რეგისტრში გადავდივართ. მხედველობით აღქმას სწავლა არ სჭირდება, შესაბამისად, ბავშვობა კვლავ ქრება, ისევე როგორც ზრდასრულობა. გაქრა საყოველთაოდ მიღებული სტანდარტები კარგი ბავშვისა და მისი სწავლების სავალდებულო შინაარსის შესახებ. ცოდნის მოცულობა იმდენად გაიზარდა, რომ არავის შესწევს უნარი, დაიმახსოვროს ყველაფერი, რაც კაცობრიობამ დღემდე დააგროვა.

– როგორც ჩანს, სწორედ ეს – ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი აწუხებთ მშობლებს. ბავშვებს არ შეუძლიათ ყურადღების კონცენტრაცია, ინფორმაციის დიდი ულუფების ათვისება.

– მთლად ასე არ არის. უბრალოდ, სკოლა არ იძლევა ინფორმაციას იმ სახით, რა სახითაც ბავშვს შეუძლია მისი ათვისება.

– მაშ, პრობლემა სკოლაში უნდა ვეძებოთ და არა ბავშვში?

– რა თქმა უნდა. სკოლა არ არის მზად, მოერგოს თანამედროვე ბავშვს და იმ საზოგადოებას, რომელშიც მას მოუწევს ცხოვრება. მოსწავლეებს ძველებურად ახრჩობენ დიდი მოცულობის ინფორმაციით, არადა ის კომპეტენციები, გზები უნდა ვასწავლოთ, რომელთა საშუალებითაც თავად შეძლებენ ცოდნის მოპოვებას. მოწინავე სასწავლო დაწესებულებები არაფრის სწავლას არ აიძულებენ, ისინი წაახალისებენ დისკუსიებს, იყენებენ თამაშებს, ონლაინ სწავლებას, ბავშვები ამზადებენ მოხსენებებსა და პრეზენტაციებს. ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი იმის შედეგია, რომ თანამედროვე ბავშვი ძველსა და ახალ თაობას შორის არსებულ ნაპრალში ჩავარდა. ზრდასრულებს დიდი თავსატეხი გაუჩნდათ შვილებისა და მათი მომავლის სახით.

– მიუხედავად ამისა, ბევრი მშობელი მოითხოვს აკადემიურ მოსწრებას, ბავშვები კი სწავლისადმი ყოველგვარ ინტერესს კარგავენ.

– სკოლა კვლავ ნებისმიერ ყურადღებას მოითხოვს, ბავშვი კი მზად არ არის – ის ტელევიზორის, კომპიუტერის, სმარტფონის ეკრანის ტყვეა.

– გამოდის, ბავშვებს გაჯეტები უნდა ჩამოვართვათ?

– არა. უნდა ვასწავლოთ მათსავე უნებლიე ყურადღებაზე დაყრდნობით. ეს ობიექტური მოცემულობაა და ვერ შევცვლით. როცა ახალი თაობის მასწავლებლები გამოჩნდებიან, ისინი ახალ მეთოდებს გამოიყენებენ და ბავშვებს სწორად ასწავლიან. მანამდე კი ბავშვი იძულებულია ისწავლოს სისტემაში, რომელიც არ არის მორგებული აღქმისა და კომუნიკაციის მისეულ ხერხს. ყოველდღე ის ოჯახიდან სხვა სამყაროში ხვდება, ამიტომ მშობელი უნდა დაეხმაროს. სხვათა შორის, სკოლას ძალიან კარგად ესმის საკუთარი უძლურება, ამიტომაც დავალებებს უფრო მშობლებისთვის იძლევა, ვიდრე ბავშვისთვის.

– საშინაო დავალება ცალკე თემაა. ზოგჯერ ზრდასრულებსაც უჭირთ მისი შესრულება. ეს ნორმალურად გეჩვენებათ?

– საქმე დავალებებში როდია, არამედ იმაში, რომ სკოლა ცდილობს, მშობელი ჩაითრიოს სასკოლო პრობლემების გადაჭრაში. ეს სწორად უნდა გავიგოთ.

– კერძოდ ,როგორ?

– ბავშვის მხარეზე უნდა ვიყოთ, დავეხმაროთ სწავლაში და იმედი გვქონდეს, რომ სკოლის საკმაოდ უაზრო წლების გავლით იპოვის იმას, რაც აინტერესებს და ნებისმიერი ყურადღების განვითარებას ისწავლის.

– გამოდის, სკოლაში კარგი შეფასებები უნდა დავივიწყოთ?

– თუ მშობელი სახლში ებრძვის ბავშვს, მასწავლებელი კი სკოლაში, მას არა მხოლოდ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი ელის, არამედ მძიმე ნევროზი და შემეცნებითი მოტივაციის დაკარგვაც. ბავშვები პატარა მარსელები არიან, დღეს სწორედ ისინი დგანან პროგრესის დანის პირზე, ამიტომ სამყარო მათ უნდა მოერგოს. დღეს წინა თაობას მომდევნოსთვის არაფრის მიცემა არ შეუძლია. 10–20 წლის შემდეგ თაობათა შორის ნაპრალი ამოივსება, მაგრამ მანამდე ძალიან გაგვიჭირდება.

– კიდევ რა განასხვავებს თანამედროვე ბავშვებსა და მოზარდებს მათივე ასაკში მყოფი მშობლებისაგან?

– თანამედროვე ბავშვები სოციალიზაციას ინტერნეტის საშუალებით ახერხებენ, მათ მშობლებს კი პირადი ურთიერთობები ჰქონდათ.

– დღეს ბავშვები თითქმის არ სეირნობენ, ეზოები დაიცალა. როგორ უნდა შეძლონ პირადი ურთიერთობა?

– უფროსებს სამყარო ძალიან საშიში ეჩვენებათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის რეალურად საშიშია. სკოლის გარეთ თანამედროვე ბავშვები, ალბათ, ზაფხულში ან მოგზაურობისას თუ ამყარებენ პირად ურთიერთობებს, სპორტის გუნდურ სახეობებში მონაწილეობაც ეხმარებათ. მათ ონლაინ ურთიერთობა უფრო იზიდავთ. ამისი არ უნდა გვეშინოდეს. ის, რომ საკუთარი შვილისა არ გვესმის, ნორმალურია. სამაგიეროდ, თავად ის შეძლებს, უკეთ გაუგოს შვილებს.

– ინტერნეტი შეიძლება საშიშიც იყოს.

– წინათ მშობლები იმაზე წუხდნენ, რომ შვილი შუაღამემდე ქუჩაში იყო და შესაძლოა ცუდ წრეში აღმოჩენილიყო. ახლა ფსიქოლოგიურ ანალოგად ინტერნეტი იქცა. თუმცა, ცხადია, უნდა არსებობდეს კონტროლი, გარკვეული შეზღუდვები. შეიძლება ფილტრის დაყენება, პროვაიდერთან მოლაპარაკება, რომ ბავშვებს ღამით ინტერნეტი არ ჰქონდეთ.

– პრობლემები ონლაინ ურთიერთობებშიც ჩნდება. გახსოვთ სტიოპას ისტორია? სოციალურ ქსელში მეგობრები დასცინოდნენ მის გვერდს, პატარას უწოდებდნენ. სტიოპას დედამ ნაცნობებს შვილის გვერდის მოწონება სთხოვა. ბავშვი უცებ ზეპოპულარული გახდა. სწორად მოიქცა დედა?

– რა თქმა უნდა, სწორად მოიქცა, ბავშვებს უნდა დავეხმაროთ. დედამ ის კომუნიკაციები გამოიყენა, რომლებიც მისი შვილისთვის აუცილებელი იყო. მშობლები მუდამ ერეოდნენ, თუ შვილს ურთიერთობა არ გამოსდიოდა, უბრალოდ, წინათ დახმარებას სხვა ფორმა ჰქონდა. დედა შვილის მეგობრებს შინ იწვევდა, უმასპინძლდებოდა, მამა ფეხბურთის თამაშს სთავაზობდა. დღეს შვილთან ერთად შეგვიძლია ვიმსჯელოთ ინტერნეტში მისი პირადი გვერდის გაფორმებაზე; უთვალავ ინტერნეტსაზოგადოებას შორის ერთად მოვძებნოთ სასურველი.

– სოციალურ ქსელში ბავშვები ხშირად ბილწსიტყვაობენ. ამას რა მოვუხერხოთ?

– მშობლებს და მასწავლებლებს ეს აშინებთ, მეც ვწუხვარ ჩემს შვილიშვილებზე. აკრძალვით ვერაფერს გავხდებით. ბავშვობაში ბევრი იყენებს უცენზურო ლექსიკას, მაგრამ მხოლოდ პირად ურთიერთობაში. ახლა ბავშვებს ურთიერთობა სოციალურ ქსელში აქვთ, მშობელს ყველაფრის წაკითხვა შეუძლია. მოზარდი საკუთარ პოპულარობაზე ზრუნავს და ყოველთვის მოიძებნება ვინმე, ვინც ბილწსიტყვაობას იწყებს. როგორ მოვიქცეთ? მშვიდად. საზოგადოდ, ინტერნეტურთიერთობა ძალზე სასტიკია, რადგან მეტწილად ანონიმურია.

– ბევრი ბავშვი საათობით ონლაინ რეჟიმშია. როგორ ამოვიცნოთ ინტერნეტდამოკიდებულება?

– თუ ბავშვი არ შორდება გაჯეტს, ხოლო თუ გამოვართვით, ბრაზდება ან სასოწარკვეთილება ეუფლება, ეს უკვე დამოკიდებულებაა. საშიში ნიშანია, თუ ბავშვი არ გამოდის ოთახიდან და არც მასთან შესვლა შეიძლება, საჭმელს კართან ვუტოვებთ. ამ შემთხვევაში საჭიროა პროფესიონალის დახმარება. თუ სკოლაში დადის, სწავლობს, ურთიერთობს ახლობლებთან, დანარჩენ დროს კი კომპიუტერთან ატარებს, არ იდარდოთ, ახლა ეს ნორმალურია.

– მშობელი ძნელად შეურიგდება შვილის ასეთ ყოვლისმომცველ გატაცებას კომპიუტერით.

– მათ მხოლოდ უნდა თანავუგრძნოთ რთული მშობლობის გამო. არსებობს გამოთქმა: „მშობელი ის ადამიანია, რომელიც ჯიბის ფულს გვაძლევს“. არა, მშობელი ის ადამიანია, რომელსაც მოფერება, ნუგეშისცემა, მხარდაჭერა შეუძლია. ინტერნეტში ბავშვი ამას ვერ იპოვის. არასწორი იქნება, თუ მხარდაჭერის ნაცვლად მას დამოძღვრას, ყვირილს და დასჯას დავუწყებთ.

– კიდევ რა უნდა იცოდნენ „ციფრული“ ბავშვების მშობლებმა?

– უარი უნდა თქვან საკუთარ ამბიციებზე. კულტურის რაობა შეიცვალა და ჩვენი ცოდნა ბავშვებს არ გამოადგებათ. ჩვენ შეგვიძლია ემოციურად დავეხმაროთ. თავის ტვინის ქერქქვეშა უბნები უფრო ნელა ვითარდება, ვიდრე ქერქი, ამიტომ ბავშვის, ისევე როგორც დიდის, ემოციური ფუნქციონირება არ იცვლება – ჩვენ ისევე განვიცდით, როგორც პირველყოფილი ადამიანები. ბავშვს დასჭირდება ფსიქიკური სიჯანსაღე, რომელსაც მაღალი ფსიქოთერაპიული პოტენციალის ოჯახში მიიღებს. ეს ის ოჯახია, სადაც ადამიანები მშვიდად ცხოვრობენ, დროს ერთად ატარებენ და ერთმანეთს მხარში უდგანან. ასე იქმნება ემოციური საყრდენი, რომელიც მნიშვნელოვანია ბავშვისთვის.

– რას ფიქრობთ დასჯაზე, ღირს მისი გამოყენება?

– დასჯის მიმართ თანამედროვე ბავშვი ნაკლებმგრძნობიარეა. სწორედ ამიტომ არის საჭირო ბავშვთან ემოციური კავშირის დამყარება, რომ დისტანციამ დისკომფორტი შეუქმნას, ემოციური სითბოს დაკარგვის შიში გაუჩინოს. ეს მთავარი ბერკეტია. სხვაგვარი აღარ არსებობს.

შეძლებული ოჯახების შვილებს დღეს ყველაფერი აქვთ, რასაც მოისურვებენ. ამ პირობებში როგორი მოტივაცია უნდა შევთავაზოთ წინსვლისთვის?

– რთული საკითხია. მყავს ღარიბ ოჯახებში გაზრდილი კლიენტები, რომლებიც გამდიდრდნენ. მათ სურთ, შვილებსაც ჰქონდეთ წარმატების ისეთივე მოტივაცია და ლტოლვა, როგორიც თავად ჰქონდათ. ბავშვებს კი ეს არ სჭირდებათ. ინტერესის გასაღვიძებლად ე.წ. განმავითარებელი დისკომფორტის შექმნაა საჭირო.

არ შეიძლება ბავშვის სურვილების პირველი მოთხოვნისთანავე ასრულება – მოთხოვნილებები უნდა ჩამოყალიბდეს. გაჯეტი არ უნდა წავართვათ, რადგან ის უკვე ციფრულ სამყაროში ცხოვრობს, მაგრამ სხვა დანარჩენის თავზე დაყრა აუცილებელი არ არის. განსაზღვრული ასაკიდან ბავშვს შეუძლია, ფული გამოიმუშაოს. ასეთი შესაძლებლობა უნდა მივცეთ, ზოგჯერ უნდა მოვთხოვოთ კიდეც. საზოგადოება, რომელშიც ფული უკვე დიდი ხანია გამომუშავებულია, სწორედ ასე იქცევა. არ აქვს მნიშვნელობა მდიდარი მშობლები გყავს თუ ღარიბი, არდადეგებზე ყველა უნდა ცდილობდეს დამატებითი შემოსავლის შოვნას.

– ნუთუ შეძლებული მშობლები ამისთვის მზად არიან?

– დიახ. ჩვენ დეტალურად ვმსჯელობთ პროგრამაზე, სად და როგორ უნდა გამოიმუშაოს ბავშვმა ფული. სურს უახლესი ვერსიის ტელეფონი? მაშინ გაისარჯოს. ზოგიერთი ბავშვი საკუთარი მშობლების, ნათესავების ან ნაცნობების კომპანიაში მუშაობს, ზოგი საოჯახო საქმეს აკეთებს. პატარასაც შეუძლია დაეხმაროს ბებოს, ჭუჭყიანი ჭურჭელი ნიჟარაში ჩაალაგოს, სუფთა კი კარადაში შეაწყოს, დედ–მამას ბუტერბროდი მოუმზადოს. ბავშვმა გაცვლის იდეა უნდა აითვისოს – ვიღებ, თუ რაღაცას მეც გავცემ.

– როგორ ვასწავლოთ ბავშვს მიზნების დასახვა და მიღწევა, თუ განსაკუთრებით არაფერი აინტერესებს?

– მიზანი ჩნდება, როცა ჩნდება რაღაცის საჭიროება. საჭიროა დეფიციტი. თანამედროვე ბავშვები გვიან იზრდებიან, რადგან დღეს არ არსებობს ბავშვობა და ზრდასრულობა. თუ ბავშვმა არ იცის, რა უნდა აკეთოს საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, შეუძლია იმუშაოს და ადრე თუ გვიან იპოვის თავის გზას. სკოლაში მრავალი შესაძლებლობა უნდა მოსინჯოს – ფეხბურთი თუ არ გამოუვა, რობოტების გაკეთება სცადოს. თუ ესეც არ მოეწონა, ძებნა განაგრძოს. ბიჭები იშვიათად ავლენენ სურვილებს, გოგონებთან საქმე უფრო მარტივადაა – სხვა თუ არაფერი, მათ მეგობრებთან ყოფნა მაინც უნდათ. ბევრია დამოკიდებული პედაგოგსა თუ მწვრთნელზე.

– Z თაობის წარმომადგენლები სჭარბობენ წინამორბედებს – Y თაობას. როგორც ჩანს, მათ კიდევ უფრო მკაცრი კონკურენცია ელით ადგილის დასამკვიდრებლად. მუჯლუგუნებიც უნდა აიტანონ?

– დიახ, ასეა. ცხადია, ახალი საკომუნიკაციო ტექნოლოგიები სიტუაციას ამსუბუქებს. უმაღლესი განათლების მქონე ამდენი ადამიანი, რომელიც თავით გამოიმუშავებს ფულს, საზოგადოებას არ სჭირდება. ინტერნეტში კი ყველა თანასწორია, აქ ყველას შეუძლია, აკეთოს საქმე და გამოიმუშაოს.

– დღეს მშობლები საუკეთესო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს ეძებენ. გგონიათ, რომელიმე მათგანი შეეგუება იმას, რომ შვილი უმაღლესი განათლების გარეშე დარჩეს?

– ეს მშობლების საქმე არ არის – მშობლები მიმავალი თაობაა. ბავშვებზე ორიენტირებაა საჭირო და არა მშობლებზე. თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებს ვერ აბარებს ან უმაღლეს განათლებას ვერ ძლევს, ესე იგი, სხვა ბედი ელის. მისი ცხოვრებაც აეწყობა. უნდა ავუხსნათ, რომ მთავარი საყვარელი საქმის პოვნაა. სხვას ყველაფერს თვითონ გაუმკლავდება.

წყარო: https://hbr-russia.ru/biznes-i-obshchestvo/fenomeny/a18445/

[1] Y თაობის შემდგომი თაობა, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი თარიღები უცნობია, დემოგრაფები და მკვლევრები, როგორც წესი, ასახელებენ 1990–იანი წლების შუა პერიოდსა და 2000–იანი წლების დასაწყისში დაბადებულებს. ამ თაობისთვის დამახასიათებელია ინტერნეტის ფართო გამოყენება ადრეული ასაკიდან. ისინი ადვილად ერკვევიან ტექნოლოგიებში, სოციალიზაციას ძირითადად სოციალური მედიის საშუალებით ახდენენ. ზოგიერთი მკვლევარი აღნიშნავს, რომ გლობალური ფინანსური კრიზისის პერიოდში (2000–2010) ცხოვრებამ მათ გაუბედაობისა და დაუცველობის განცდა გაუჩინა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი