მასწავლებლის პროფესია და ფსიქოლოგიური მდგრადობა (ნაწილი 1)

ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მიდგომის დაპირისპირება ხშირ შემთხვევაში მესამეს აძლევს დასაბამს. ასე დაედო საფუძველი ფსიქოლოგიური მდგრადობის/სიცოცხლისუნარიანობის (რეზილიენტობის) შესწავლას, რომელიც პათოგენეზისა და სალუტოგენეზის გავლენით წარმოიშვა. პათოგენეზი ბერძნული სიტყვაა (pathos – ტანჯვა) და თანამედროვე მედიცინაში პათოლოგიური პროცესების, ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზების, მისი განვითარებისა და მკურნალობის მექანიზმებს შეისწავლის. იგი ეძებს პასუხებს ისეთ კითხვებზე, როგორიცაა: რატომ ხდებიან ავად? როგორ ხდებიან ავად? რა მექანიზმებითაა შესაძლებელი მკურნალობა?

სალუტოგენეზი (Salutogenesis, ლათ. Salus – ჯანმრთელობა), ერთი მხრივ, მოიცავს სამედიცინო მიმართულებას, ხოლო, მეორე მხრივ, ცდილობს უპასუხოს ისეთ შეკითხვებს, რომელიც მკურნალობის პროცესში ინდივიდზე გარეფაქტორების ზემოქმედებას შეეხება. მთავარი შეკითხვები, რომელიც ამგვარი მიდგომის დროს ჩნდება, შემდეგია: როგორ ინარჩუნებენ ადამიანები ჯანმრთელობას ხანგრძლივად? რატომ რჩებიან ადამიანები ჯანმრთელად, მიუხედავად ძლიერი უარყოფითი ცხოვრებისეული მოვლენებისა და გარეფაქტორებისა?

ამ ორი მიდგომის შეჯერებამ საფუძველი დაუდო რეზილიენტობის კვლევებს. რეზილიენტობა (Resilienz) ეს არის ფსიქოლოგიური მდგრადობა/სიცოცხლისუნარიანობა, რომელიც განისაზღვრება ინდივიდის უნარით, გადალახოს და დაძლიოს ცხოვრებისეული სირთულეები. იგი მე-20 საუკუნის 50-იან წლებში აღმოცენდა და ემი ვერნერის სახელს (Emmy Werner) უკავშირდება, რომელიც 32 წლის განმავლობაში იკვლევდა ბავშვებს მოწყვლადი ჯგუფებიდან. მსგავს საკითხს შეეხო ნორმან გარმეზი (Norman Garmezy) თავის ათწლიან კვლევაში, რომელიც მან მინესოტას შტატში ფსიქიკური აშლილობის მქონე მშობლების შვილებზე დაკვირვებით ჩაატარა. თავდაპირველი მიდგომის თანახმად, ფსიქოლოგიური მდგრადობის კვლევები მაღალი რისკის მქონე ბავშვებს უკავშირდებოდა. 90-იან წლებში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ მოზარდებში სირთულეების დაძლევის სტრატეგიების შესწავლისას სათანადოდ არ იყო შეფასებული გენეტიკური ფაქტორები. თანამედროვე ემპირიული კვლევები კი ასაბუთებს, რომ რეზილიენტობა გავრცელებული ფენომენია და კონკრეტულ რთულ სიტუაციებში ადამიანის ფსიქიკის ადაპტაციის შესაძლებლობას უკავშირდება.

თანამედროვე რეზილიენტობის კვლევები ბავშვებში მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა განვითარების დროს მნიშვნელოვანი ტენდენციების ფენომენოლოგიური შესწავლა, ფსიქოლოგიური დამცავი ფაქტორების ეფექტურობა და ფსიქოლოგიური სტაბილურობის ხელისშემწყობი და მხარდამჭერი გარემოებების იდენტიფიცირება. მისი მიზანია ამოიცნოს სტრესისაგან დამცავი ფაქტორები და მათგან წარმოქმნილი მოდელები, რათა ინდივიდმა შეძლოს ფსიქიკური ინტერვენციისა და პრევენციების მექანიზმების განვითარება.

უოლშის აზრით  (Walsh 2006),  რეზილიენტობა გულისხმობს ადამიანის  უნარს, რომ მან წინააღმდეგობა გაუწიოს ცხოვრებისეულ სტრესულ სიტუაციებს ისე, რომ შეინარჩუნოს ფსიქოლოგიური მდგრადობა და საბოლოო ჯამში ემოციურადაც გაძლიერდეს.

არის თუ არა შესაძლებელი რეზილიენტობის გამომუშავება? თუ ის თანდაყოლილი თვისებაა? ხანგრძლივი დისკუსიების მიუხედავად, მეცნიერებმა ამ კითხვის პასუხს დღემდე ვერ მიაკვლიეს. არგუმენტს, რომლის თანახმადაც ადამიანს ცხოვრებისეული გამოცდილებითა და საკუთარ თავზე მუშაობით სტრესის დაძლევის ეფექტური საშუალებების გამომუშავება შეუძლია, საწინააღმდეგო მოსაზრების მქონე მკვლევრებმა თავიანთი არგუმენტები დაახვედრეს. მათი აზრით, რომ ეს მიდგომა ვერ გავრცელდება როგორც ჭეშმარიტება, რადგან პიროვნების ფსიქოლოგიური მდგრადობის კვლევის პროცესში აუცილებელია გენეტიკური ფაქტორის გათვალისწინება.

რეზილიენტობა არის პიროვნების კომპლექსური მახასიათებლების შედეგი, რომელიც ვლინდება ცხოვრებისეულ სტრესულ სიტუაციებში და დაკავშირებულია სოციო-კულტურულ ფაქტორთან. მისი მთავარი მახასიათებლებია:

  • დინამიკურობა;
  • ცვლადობა;
  • სიტუაციასთან შესაბამისობა;
  • მრავალგანზომილებიანობა;
  • სპეციფიკურობა (კონტექსტიდან გამომდინარე);
  • სპეციფიკურობა (სოციალური როლებიდან გამომდინარე);
  • შესაძლებელია მისი პოზიტიური გამოწვევა და მხარდაჭერა.

რეზილიენტობა ნაწილობრივ დაკავშირებულია ემოციურ ინტელექტთან და განსაკუთრებული როლი ენიჭება მასწავლებლის მუშაობისას. მასწავლებლის პროფესიასა და რეზილიენტობას შორის კავშირი ოთხი ძირითადი განზომილებით განისაზღვრა. ესენია – პროფესიასთან, ემოციებთან, მოტივაციასთან დაკავშირებული და სოციალური ფაქტორები. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ოთხ ტოლ ნაწილად გაყოფილი წრე, რომლის შუაგულში მასწავლებელია, ხოლო წრის შემადგენელი ნაწილები ზემოხსენებული განზომილებებია, რომლებიც მოიცავს შემდეგ ფაქტორებს:

პროფესიასთან დაკავშირებული ფაქტორები – მასწავლებელი არის მოქნილი და შეუძლია პროფესიულ გარემოებებთან ადაპტირება, ფლობს სწავლების ეფექტურ მეთოდებს, გააჩნია დროის დაგეგმვის და მართვის უნარი, არის მოსწავლეზე ორიენტირებული, არის რეფლექსიური;

ემოციებთან დაკავშირებული ფაქტორები – მომხდარ მოვლენებს არ იღებს პირად შეურაცყოფად, გააჩნია იუმორის გრძნობა, აქვს ემოციების მართვის უნარი, სიამოვნებას იღებს სწავლის პროცესისგან, ზრუნავს სხვების კეთილდღეობაზე, უმკლავდება სამსახურებრივ სტრესს, საჭიროების შემთხვევაში შეუძლია უკან დახევა;

სოციალურ ფაქტორები – ეძებს/იღებს დახმარებას და მხარდაჭერას, წყვეტს პრობლემებს, ამყარებს ურთიერთობებს და თავად უჭერს მხარს სხვებს, აქვს მყარი ინტერპერსონალური და კომუნიკაციის უნარები;

მოტივაციასთან დაკავშირებული ფაქტორები  – არის პოზიტიური და ოპტიმისტური, მდგრადია, მიმართულია სწავლებისა და სასწავლო გარემოს განვითარებისაკენ, არის თავდაჯერებული და აქვს საკუთარი თავის რწმენა, არ უფრთხის სირთულეებს, ენთუზიასტი და მოტივირებულია, აქვს რეალური მოლოდინები და მიზნები.

მაღალი და დაბალი რეზილიენტობის მქონე მასწავლებლებს შორის არსებული განსხვავებები სწორედ ამ 4 ფაქტორს შორის თავსდება. განსაკუთრებული ყურადღება კი მოტივაციისა და ემოციურ ფაქტორებს ეთმობა. არსებობს კითხვარები, რომლის მიხედვითაც ადგენენ მასწავლებლებს შორის ფსიქოლოგიური მდგრადობის მაჩვენებელს. ყველაზე გავრცელებული მაგალითებია:

პროფესიასთან დაკავშირებული ფაქტორები

  • სამსახურში წარმოქმნილ ახალ გარემოებებთან შემიძლია სწრაფად ადაპტირება;
  • ჩემს სამუშაოსთან ორგანიზებულად ვუდგები.

ემოციასთან დაკავშირებული ფაქტორები

  • შემიძლია სიმშვიდე შევინარჩუნო მაშინაც კი, როდესაც გაბრაზებული და აღელვებული ვარ;
  • შემიძლია სამუშაოსა და პირადი ცხოვრების შეთავსება.

სოციალური ფაქტორები

  • როდესაც არა ვარ დარწმუნებული საკუთარ თავში, კოლეგებს ვთხოვ დახმარებას;
  • კარგად შემიძლია ახალ გარემოში ურთიერთობებეის აწყობა.

მოტივაციასთან დაკავშირებული ფაქტორები

  • საერთო ჯამში მოტივირებული ადამიანი ვარ;
  • ვისახავ მიზნებს და ვმუშაობ მათ მიღწევაზე.

სტატიის შემდეგ ნაწილი შეეხება გერმანელი მკვლევრების მიერ მასწავლებლებსა და სტუდენტებზე ჩატარებულ რეზილიენტობის ხარისხს.

კომენტარები

comments