ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

აუტისტი ბავშვის მშობლის წერილი

ტერმინების „შეზღუდული შესაძლებლობა“ და „სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება“ გათავისების ურთულესი გზის მცირე მონაკვეთი უკვე გავიარეთ. მოსაყოლიც დაგვიგროვდა…

დიაგნოზი „ბავშვთა აუტიზმი“ და კითხვის ნიშნით – „ასპერგერის სინდრომი“ ოთხი წლის წინ მოვისმინე. ახლა ჩემი ბიჭი 9 წლისაა… მოვისმინე, მაგრამ მხოლოდ ის დავიმახსოვრე, რომ ჩემი შვილი იყო „სხვა პირის დახმარების მუდმივი საჭიროების მქონე“… მხოლოდ ის გავიაზრე, რომ გვჭირდა რაღაც, რაც არ იკურნებოდა. როცა დავფიქრდი, ვინანე კიდეც, შესაფასებლად რომ მივიყვანე. როგორც იტყვიან, ტკივილმა თხემით ტერფამდე დამიარა… მტკიოდა, რომ ვერაფერს ვუშველიდი… ნეიროგანვითარების ცენტრი მხოლოდ ბავშვის საზოგადოებაში ინტეგრირების საკითხში დახმარებას გვპირდებოდა, მე კი ვეძებდი წამალს, თუნდაც ძვირად ღირებულს, რომელიც იმ ბიჭს დამიბრუნებდა, სამ წლამდე რომ მყავდა – ხალისიანს, კომუნიკაბელურს, ტიტინას… შევყურებდი აბრებზე ცნობილი ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების გვარებს – ნუთუ ამდენ პროფესორს სულ ეს შეეძლო?!

მორჩილად დავიწყე ქცევითი თერაპევტის დავალებების შესრულება. იმავდროულად, ვეცნობოდი ლიტერატურას, ვუყურებდი ფილმებს – დოკუმენტურს და მხატვრულს, რომლებიც მაპოვნინებდა პასუხს კითხვაზე, რა მჭირდა.

ცენტრში რომ მივედით, ჩემი შვილის მდგომარეობა უმძიმესი იყო… სამ წლამდე არაფერს ვუჩიოდით, მერე სამსახურში გავედი და ჩემზე მოკედლებულმა პატარამ დედის მონაცვლე ბებია არ მიიღო. კომპიუტერს მიეჯაჭვა, კონტაქტი ყველასთან გაწყვიტა, დაძახებაზე არ რეაგირებდა, არაკომფორტულ მდგომარეობას კივილით გამოხატავდა. ლექსიკა იმდენად მწირი გაუხდა, რომ მარტივ წინადადებებსაც ვეღარ ამბობდა, ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოიძახებდა ხოლმე სიტყვებს. მეტყველების უნარი არ დაუკარგავს, ყველა ბგერას გამოთქვამდა, მაგრამ ლაპარაკს ყვირილს ამჯობინებდა. ტუალეტის ჩვევებიც დაივიწყა და დიდი ხნის მიტოვებულ პამპერსს დაუბრუნდა. ვერ ამჩნევდა სახლში შემომსვლელებს, დაკარგა შიმშილისა და ნაყროვანების შეგრძნებები. მისი ქცევა რობოტისას დაემსგავსა. მარტო თამაშობდა და მხოლოდ ცხოველები აინტერესებდა, მხოლოდ ზოოპარკში სიარული სიამოვნებდა. გამოიგონა ცხოველი „პაშეტი“, რომელსაც თავდაპირველად ჰაერში ხატავდა ხელის მოძრაობით, მერე – ფურცელზეც. ეს აგრესიული, რქიანი და გრძელკუდა ცხოველი იყო და ჩემი შვილი ხშირად ნამძინარევიც წამომხტარა, პაშეტი მომდევდაო.

სპეციალისტები აუტიზმის მიზეზს ვერ ასახელებენ, მე კი ვვარაუდობ, რომ ეს ჩემმა სამსახურში გასვლამ გამოიწვია… თუმცა მიზეზის ძებნას რაღა აზრი ჰქონდა, ამიტომაც „საშველის“ ძიება გადავწყვიტე…

ქცევითი თერაპიის ინტენსიურმა კურსმა უდავოდ გამოიღო შედეგი, მაგრამ ამ შედეგის დემონსტრირების არეალი იყო მხოლოდ დასწავლილი სივრცე-შენობა, ფსიქოლოგები და ცენტრის მეგობრები… სკოლაში მისვლამ მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა.

სკოლას კომუნიკაციის უნარების დახვეწა მივანდეთ. ბავშვებთან ძალიან ფრთხილი იყო – მათთან კონტაქტი ვერ მოხერხდა, გაკვეთილებზე მისი მართვა კი სრულიად შეუძლებელი აღმოჩნდა.

ჩემი შვილი მეოთხე კლასში გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ „მშობელთა სკოლის“ მსმენელიც ვიყავი და ტრენინგიც გავიარე, შესაძლოა, ბევრი მაინც არაფერი მესმოდეს, მაგრამ შვილზე დაკვირვებამ გარკვეულ დასკვნებამდე მიმიყვანა. არ ვიცი, რამდენად კომფორტულია საზღვარგარეთ ამ ტიპის პრობლემის მქონე ბავშვების „ჩვეულებრივ“ მოსწავლეებთან ერთად გაკვეთილებზე ყოფნა, მაგრამ საქართველოში ეს გაუმართლებლად მიმაჩნია. მზრუნველობა სფეროს ნამდვილად ეტყობა – საზოგადოება მზადაა და ინფორმირებულია, მასწავლებლების მიმართ, რომლებიც ჩემს შვილზე დედასავით ზრუნავენ, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. იმავეს თქმა შემიძლია თანაკლასელებსა და მათ მშობლებზეც. რა გასაოცარიც უნდა იყოს, თანაკლასელებმა მისი „მეურვეობა“ იკისრეს და მას დიდი სიყვარულით უვლიან.

ახლა ვაცნობიერებ პრობლემის არსს, მაგრამ დანებება არ მინდა, არა სიჯიუტის, არამედ გამოცდილების გამო. ორი წელი ვაკვირდებოდი, რისი სწავლა შეეძლო ჩემს შვილს – აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ლექსებს იზეპირებდა. ითვლიდა ასამდე, მაგრამ ანგარიშს ხუთის ფარგლებშიც ვერ ახერხებდა. ტექსტის წაკითხვის შემდეგ მარტივ კითხვებზეც ვერ პასუხობდა. მესამე წელს მისი ინდივიდუალურად მომზადება დავიწყეთ. წელს პირველი კლასის მათემატიკა სრულფასოვნად დაძლია, გამართულად წერს და კითხულობს, სვამს კითხვებს და პასუხობს. შეუძლია პერსონაჟის ქცევის შეფასება, მოვლენის მიზეზის პოვნა და ასე შემდეგ.

ამან კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ჩემს შვილს ბევრი რამის სწავლა შეუძლია გაგებით, სააზროვნო უნარების დახვეწაზე მუშაობით, მაგრამ ასეთი შედეგის მიღება შეუძლებელია იმ მიდგომით, რომელიც დღეს გვაქვს სკოლებში. სისტემა რომ იხვეწება, კარგია, მაგრამ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებთან სამუშაოდ ათასობით მასწავლებლის გადამზადებას უამრავი დრო სჭირდება, ბავშვები კი იზრდებიან და მათი საჭიროება სცდება სისტემის დახვეწა-განვითარებისთვის დაწესებულ ვადებს. ან რომელ სპეციალურ პედაგოგს ძალუძს, ყველა საგანში დაეხმაროს მოსწავლეს? ჩემი აზრით, ჯობია უფრო მარტივი ინსტრუმენტის მოფიქრება, რომელიც დააჩქარებს სისტემის დახვეწის პროცესს. სხვისი არ ვიცი, მე კი მირჩევნია, ჩემი შვილი სწავლობდეს საჯარო სკოლის სპეციალურ ჯგუფში, სადაც ერთი ადამიანი იქნება მისი კურატორი და უნარების დახვეწაში დაეხმარება.

უნდა შეიქმნას პროგრამა, რომელიც ბავშვებს საზოგადოებაში ინტეგრირებას გაუადვილებს. ეს პროგრამა უნდა განსხვავდებოდეს სასკოლო პროგრამისგან. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა დღეს მასალის შემცირებას და ეტაპობრივ გართულებას გულისხმობს. არადა რამდენი რამის სწავლა შეუძლიათ „შეზღუდული“ უნარების მქონე ადამიანებს, პრაქტიკულ ცხოვრებას თუ ვასწავლით…

ჩემი ოცნებაა, ჩემი შვილი სწავლობდეს სკოლაში, სადაც დაეუფლება პრაქტიკული ცხოვრებისთვის საჭირო ცოდნას იმ უნარებსა და ინტერესებზე დაყრდნობით, რომლებიც აქვს. სწორედ ამგვარი მიდგომა შეუწყობს ხელს საზოგადოებაში მის ინტეგრირებას. პრობლემის „შეფუთვა-შელამაზება“ საქმეს ვერ უშველის, ყველა მშობელი უსწორებს თვალს რეალობას, მათ შორის – მეც. მოსასმენად სასიამოვნოა, რომ ჩემი შვილიც „ჩვეულებრივი“ ბავშვია და დანარჩენებთან ერთად უნდა სწავლობდეს, აღსაქმელად კი სურათი სხვაგვარია: ჩემი შვილი სწავლაში სხვასაც უშლის ხელს და ვერც თვითონ სწავლობს ვერაფერს, ირღვევა როგორც მისი, ისე დანარჩენ მოსწავლეთა უფლებები. გთხოვთ, შექმენით ამ ტიპის ჯგუფები სკოლებში და მოგვეცით არჩევანის გაკეთების საშუალება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი