შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ერთი მასწავლებლის ამბავი

ნინო ქართლის ერთი პატარა სოფლის ქართული ლიტერატურის მასწავლებელია. აი ისეთი სოფლის, საზარელ სახელს, ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრეს რომ ეძახიან, და ამ სიტყვების უკან ისეთი საფიქრალი რომ იმალება, რაზე საუბარიც ყველას გვიმძიმს და გვესიკვდილება.

ნინოს სახლი სოფლის განაპირასაა და ფანჯრიდან პირდაპირ მოჩანს რუსული საოკუპაციო ჯარის ბლოკსაგუშაგო. იქ დღისით და ღამით მორიგეობენ მთქნარია ჯარისკაცები და ღამღამობით მათ მიერ აბრჭყვიალებული პროჟექტორები ნინოს ძილს ხშირად უფრთხობს. ასეთ დროს არც ისე ადვილია, მშვიდად გეძინოს, უდრტვინველად ისწორებდე საბანს და მეორე დღეს სკოლაში წასვლაზე ფიქრობდე.

სკოლა სოფლის შესასვლელთანაა. სკოლის ორსართულიანი ძველი შენობის სახურავი ნინოს ეზოდანაც ჩანს და თუ კარგი ამინდია და გზები არ ატალახებულა, სკოლამდე მოკლე გზით მიდის. მისვლისთანავე ანთებს ძველ, მონჯღრეულ ფეჩს. მალე ბავშვებიც მოდიან.

მეხუთე კლასში სულ ხუთი მოსწავლეა – სამი გოგო და ორი ბიჭი. გაღმასოფლელი ლიზი სკოლაში ყოველთვის აგვიანებს, რადგან ომის დროს სოფლამდე მოსასვლელი ხიდი ააფეთქეს და სამკილომეტრიანი შემოვლითი გზით უწევს სკოლაში მისვლა. ნინო სიას არასოდეს კითხულობს, რადგან არცთუ რთულია ხუთი მოსწავლიდან რომელიმეს მოსაკლისება.

ომზე სკოლაში არასოდეს საუბრობენ. სასაუბრო პრინციპში არც არაფერია. ყველაფერი მათ გარეშე მოხდა და მათ გარეშე გადაწყვიტეს. ამ მდგომარეობას სულ სხვანაირად “ომის შემდგომი კრიზისული პერიოდი” ჰქვია, მაგრამ ყველაფერი, ცხადია, ვერ აიხსნება და არც უნდა იხსნებოდეს.

ნინოს სკოლაში სულ 51 ბავშვი სწავლობს და მოსწავლეთა რიცხვი ყოველწლიურად კლებულობს. სოფლიდან ქალაქში ადამიანების მიგრაციის ამბავი ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ეს ხომ ის სოფელია, სადაც ჯერ კიდევ გუშინ ომი იყო და დღესაც არავინ იცის, რა იქნება ხვალ. უნდა კი ვინმეს ასეთ ადგილზე ცხოვრება?

როდესაც გვიანი შემოდგომაა და ნინო სკოლიდან ბრუნდება, უკვე გვარიანად შებნელებულია. ბავშვების ნაწერების გასწორება ყოველთვის სკოლაში ურჩევნია, რადგან, ჯერ ერთი, სკოლის ფანჯრიდან რუსები ბლოკსაგუშაგო არ ჩანს და, ამას გარდა, რატომ უნდა მიგეჩქარებოდეს სახლში, როდესაც იქ სასიხარულო და საინტერესო არაფერი გეგულება.

სახლამდე გზად სოფლის ძველი მაღაზიაა, რომლისგანაც ახლა მხოლოდ ორი კედელია შემორჩენილი. ამ მაღაზიაში ადრე, საჭმლისა და ტანსაცმლის გარდა, ველოსიპედებიც კი იყიდებოდა. ნინოს კარგად ახსოვს, როცა პირველ კლასში მივიდა, ბებიამ როგორ სპეციალურად გამოპრანჭა, წაიყვანა ამ მაღაზიაში და ლამაზი, ყვითელი ველოსიპედი უყიდა.

მაღაზიის ნანგრევების გვერდით ძველი სალოცავის ნიშაა, რომლის ახლოს ამოთხრილ უზარმაზარ ორმოს ჯერ კიდევ ატყვია რუსული ბომბდამშენების კვალი. ნინო არასოდეს იხედება ნიშის მხარეს და პირჯვრის წერაც რატომღაც აღარასოდეს ახსენდება.

ნინო გამუდმებით ფიქრობს თბილისში საცხოვრებლად გადასვლაზე და ეს მხოლოდ რამდენიმე ადამიანს გაუმხილა. მას თავისი სკოლაც უყვარს, ბავშვებიც, სოფელიც, მაგრამ საკუთარ სახლში შესვლა ესიკვდილება. არადა, ადრე ასე არ იყო…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი