პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

როგორ გავართვათ თავი მასწავლებლის საქმიანობას

ახალბედა მასწავლებლების უმეტესობას ჰგონია, რომ მასწავლებლად მუშაობა ძნელია, მერე კი აღმოაჩენენ, რომ ეს საოცრად ძნელი ყოფილა! შეუძლებელია, მუდამ საუკეთესო იყო და შეცდომა არასოდეს მოგივიდეს, ყველა მოსწავლისა გესმოდეს და არასოდეს დაკარგო წონასწორობა, არ გიღალატოს რაციონალიზმმა და პროფესიონალიზმმა.

წერილში აღწერილი სამუშაო პრაქტიკა მხოლოდ და მხოლოდ საორიენტაციოდ გამოგადგებათ. ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ ქვემოთ მოცემული რჩევებით ყოველგვარ სიტუაციაში იხელმძღვანელებთ – გაგიმართლებთ, თუ გაკვეთილის მოსამზადებლად აუცილებელი დრო და  რესურსები გამონახეთ.

ეცადეთ, რაც შეიძლება ეფექტურად გამოიყენოთ დრო. შეინახეთ და დახვეწეთ დავალებების, თამაშებისა და საგაკვეთილო გეგმების ტექსტები. თვითორგანიზება დროის ეკონომიის საწინდარია, მაგრამ შესაძლოა, ყველაფერში გასარკვევად ორი-სამი წელი დაგჭირდეთ. შეგიძლიათ თუ არა, საქმე კოლეგასთან გაიყოთ? მოიპოვება თუ არა თქვენს სკოლაში (ან ინტერნეტში) მზა მასალა?

დროის ეფექტურად გამოყენება

 

დრო თქვენი ცხოვრებაა, ამიტომ გონივრულად ხარჯეთ. განსაზღვრეთ პრიორიტეტები, ორიენტაცია აიღეთ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანი და სასწრაფოა საქმე. დრო დაუთმეთ მხოლოდ იმას, რაც მართლაც აუცილებელია (მაგალითად, მოსწავლეებთან დიალოგს).

მასწავლებლის იდეალური ორგანაიზერია საქაღალდეთა ნაკრები, რომელიც შეიცავს:

  • განრიგს;
  • კლასში მოსწავლეთა განლაგების გეგმას;
  • გაკვეთილების თანმიმდევრულ გეგმას;
  • თემატურ გეგმასა და „იდეათა ბანკს“ – სწავლების მეთოდებსა და მიდგომებს ყოველი თემისათვის: თამაშებ, დავალებებს, ექსპერიმენტებს, საინტერესო ფაქტებს და სხვ.;
  • დავალებათა ტექსტებს, ტესტებს, დასარიგებელ მასალას და სხვ.;
  • „სამუშაო“ ასლებს, რომლებზეც დავალებების დახვეწისა და სრულყოფის მიზნით შენიშვნებს გააკეთებთ;
  • შეფასების კრიტერიუმთა სისტემის ვარიანტების შეფასებას;
  • დასარიგებელი მასალის საქაღალდეებს, კოდოფირებს და ა.შ.;
  • საკურსო დავალებების ჩაბარების, მეოთხედის დასასრულის, საანგარიშო მასალების ჩაბარების და სხვ. თარიღებით გაწერილ წლიურ გეგმას.
ხმის შესანარჩუნებლად

● გაკვეთილის განმავლობაში სვით წყალი – ეს ატენიანებს ხორხს;

● ნუ ეცდებით გაკვეთილზე ხმაურის ყვირილით გადაფარვას. ყურადღების მისაპყრობად შემოკარით ტაში და დაელოდეთ კლასის გაჩუმებას.

● ჩახველება ძაბავს ყელს, ამიტომ ეს ფრთხილად გააკეთეთ ან უბრალოდ მოსვით წყალი.

● გამოიყენეთ მიდგომა „სწავლება ლაპარაკის აუცილებლობის გარეშე“ (იხ საიტი www.geoffpetty.com).

 

როგორი მასწავლებელი ხართ – აქტიური თუ პასიური?

 

ყველამ იცის, რომ არსებობენ აქტიური და პასიური მოსწავლეები, მაგრამ ის თუ იცოდით, რომ აქტიური და პასიური მასწავლებლებიც არსებობენ? თუ თქვენ აქტიური მასწავლებელი ხართ, მაშ, თქვენი დევიზი უნდა იყოს „ხელში აიღეთ სადავეები და აკონტროლეთ“ და „მე შემიძლია ყველაფრის უკეთესობისკენ შეცვლა“. თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას, აქტიურად ეძებთ პრობლემებს და ცდილობთ მათ გადაჭრას. თუ რომელიმე მიდგომა არ „მუშაობს“, უფრო დაჟინებით მოქმედებთ, ხოლო თუ ესეც არ შველის, ცვლით მიდგომას.

მაგალითად, თუ დავალებების დროულად ჩაბარების პრობლემა წარმოიშვა, კლასთან ერთად განიხილავთ შექმნილ სიტუაციას, ყურადღებას ამახვილებთ დავალების დროულად შესრულების აუცილებლობაზე. თუ ამან არ გაჭრა, ალტერნატიულ მიდგომას მოსინჯავთ: მოსწავლეებს ეკითხებით, რა უშლით ხელს, მერე დავალებას პატარ–პატარა საფეხურებად ყოფთ და მათზე სათითაოდ იწყებთ მუშაობას. შეგიძლიათ შეამოწმოთ შედეგები, როცა სამუშაოსთვის განკუთვნილი დროის ნაწილი გავა, რჩევისთვის მიმართოთ კოლეგებს და ა.შ. ერთი სიტყვით, ცვლილებებთან ადაპტაცია სცადოთ და გამუდმებით ეძებოთ შედეგების გაუმჯობესების გზები.

თუ პასიური მასწავლებელი ხართ, თქვენი დევიზია „ეს ჩემი ბრალი არ არის“ და „მე ვერაფერს გავხდები“. მიგაჩნიათ, რომ პრობლემები დამოკიდებულია განსაზღვრულ ფაქტორებზე, რომელთა კონტროლი თქვენს ხელთ არ არის, მაგალითად, თანდაყოლილ ნიჭზე, საგნის თავისებურებებზე ან თქვენთვის გამოყოფილ რესურსებზე. თუ ამან არ გაამართლა, ადანაშაულებთ გარეგან ფაქტორებს: თავად მოსწავლეებს, დირექტორს, შეზღუდულ რესურსებს – და ხელებს უმწეოდ შლით.

კვლევები მოწმობს, რომ პრობლემის ანალიზის დროს აქტიური და პასიური ადამიანები სხვადასხვა ასპექტებზე ამახვილებენ ყურადღებას.

აქტიური ადამიანები კონცენტრირებულნი არიან:

  • პროცესზე: „რა უნდა გაკეთდეს ამის შემდეგ?“;
  • გაუმჯობესებზე: „როგორ შეიძლებოდა ამის უკეთ გაკეთება?“;
  • პოზიტივზე: „ასეა თუ ისე, ამ ფაქტორმა არცთუ ურიგოდ იმუშავა“;
  • გამოცდილებაზე: „რა დასკვნის გამოტანა შეიძლება აქედან?“.

მაშინ როდესაც პასიური ადამიანები კონცენტრირებულნი არიან:

  • შესაძლო უარყოფით შედეგებზე: „ეს კატასტროფა იქნება!“;
  • პერფექციონიზმზე: „არასოდეს გამომივა კარგად“;
  • ნეგატივზე: „ეს საშინელება იქნება!“;
  • „დამნაშავის“ ძებნაზე: „ეს მოსწავლის ბრალია“.

აქტიური ან პასიური პოზიცია შეიძლება გქონდეთ სამსახურში არსებული სირთულეების, პირადი ურთიერთობების, ბავშვების აღზრდის, პირადი პრობლემების და სხვა ყველაფრის მიმართ. გასაკვირი არ არის, რომ, კვლევების თანახმად, „აქტიური პოზიცია“ ეფექტური მუშაობის განმსაზღვრელი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. პასიურ პოზიციასა და დაუკმაყოფილებლობის მდგომარეობას შორის ძლიერი ურთიერთკავშირია.

აქტიურ პოზიციას დაიკავებთ თუ პასიურს, თქვენი არჩევანია, მაგრამ იცოდეთ: აქტიური პოზიცია გაცილებით უკეთესია თქვენთვისაც და თქვენი მოსწავლეებისთვისაც. ვერ ვიტყვით, თითქოს სხვები სირთულეებს არ გვიქმნიდნენ ან არ არსებობდეს გარემოებები, რომელთა მართვა ჩვენზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ, თქვენი მხრივ, პრობლემის მინიმუმამდე დასაყვანად ყველაფერი უნდა იღონოთ.

მუდმივ სირთულეებზე აქტიური რეაგირება ადვილი არ არის. ამ დროს ზოგიერთი მასწავლებელი ცინიზმამდე ეშვება. ეს არაჯანსაღი მდგომარეობაა, რომელიც მასწავლებელსაც ვნებს და მოსწავლესაც, ამიტომ ეცადეთ, საკუთარი პრობლემები მოსწავლეებსა და კოლეგებთან განიხილოთ. თუ მათაც აწუხებთ მსგავსი პრობლემები, მათი გადაჭრა ერთობლივად უფრო გაგიადვილდებათ. თუ სხვას ეს პრობლემები არ აქვს, შეგვიძლია, მისგან ავიღოთ მაგალითი. დახმარების თხოვნა ან რჩევის კითხვა სულაც არ ნიშნავს საკუთარი უძლურების აღიარებას, პირიქით – ეს უმაღლესი პროფესიონალიზმია.

 

 რ

 სრულ განაკვეთზე მუშაობის პირველი წელი თქვენს პედაგოგიურ კარიერაში ყველაზე რთული წელი იქნება. გაკვეთილზე საჭიროზე მეტს ნუ გააკეთებთ; გახსოვდეთ, რომ სამუშაო მოსწავლეებმა უნდა შეასრულონ და არა თქვენ! პედაგოგის სამუშაო ერთ–ერთი ყველაზე სტრესული სამუშაოა – ნუ მიმართავთ განტვირთვის ისეთ საშუალებებს, როგორებიცაა მოწევა ან ალკოჰოლი. გამონახეთ დრო განტვირთვისთვის და ნუ გექნებათ ამის გამო დანაშაულის განცდა; განაწილეთ სამუშაო პრიორიტეტების მიხედვით და ისწავლეთ უარის თქმა, როცა ისედაც დატვირთული ხართ.

აქტიური პოზიციის ქონა ერთია, საკუთარი თავისთვის გადაჭარბებული მოთხოვნების წაყენება კი – მეორე. ნუ მოსთხოვთ საკუთარ თავს იმაზე მეტს, ვიდრე სხვებისგან ითხოვთ. თქვენ ვალდებულება გაკისრიათ არა მხოლოდ მოსწავლეების, არამედ საკუთარი თავისა და ოჯახის წინაშეც.

რაც მოგეთხოვებათ, განსხვავებულ სიტუაციებში საუკეთესოდ მოქმედებაა, განსაკუთრებით – ისეთ სიტუაციებში, სადაც პასუხისმგებლობა არ გაკისრიათ.

მარტო თუ გუნდურად?

 

შეუძლებელია, არ მოგიწიოთ მუშაობა პედაგოგთა გუნდში. სწორედ ეს არის პედაგოგის სამუშაოს როგორც მთავარი ხიბლი, ისე მთავარი სირთულეც. როცა მე მასწავლებლად დავიწყე მუშაობა, ჩვენს კოლექტივში იყო ერთი ხანდაზმული პედაგოგი. შუალედური შეფასებები მასზე გახლდათ დამოკიდებული. ის გამუდმებით აგვიანებდა შეფასებებს, მე კი სითამამე არ მყოფნიდა, მეთქვა მისთვის, როგორ გვაბრკოლებდა ამით მეც და მოსწავლეებსაც.

თუ გიჭირთ გუნდის წევრების დარწმუნება, რომ ვადების დაცვა ან მობილიზება ისწავლონ, სცადეთ ღირებულებებზე აპელირება. ქვემოთ მოყვანილ მტკიცებულებათაგან რომელი გეჩვენებათ უფრო დამაჯერებლად?

  • ორშაბათისთვის კლასის შეფასებები მჭირდება.
  • ჩვენი ხარისხის მართვის სისტემა ითხოვს, შეფასებები ორშაბათისთვის იყოს მზად.
  • ვისურვებდი, ორშაბათისთვის მოსწავლეებმა მიიღონ შეფასებები და მიეცეთ თქვენი კომენტარების გაცნობის საშუალება.

მოსწავლეთა მოთხოვნებს იმაზე მეტი მნიშვნელობა აქვთ, ვიდრე თქვენ და პედაგოგიურ სისტემას.

კოლეგა პედაგოგის „მედლით“ დაჯილდოება თუ მისთვის „მისიის“ დასახვა თითქოს არ არის ადვილი, მეტადრე მაშინ, როცა ის თქვენზე უფროსია, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ყველა კოლეგას სთხოვთ საგნის სწავლების შედეგიანობისა და ხარისხის თვითშეფასებას (სავსებით შესაძლებელია, თქვენს დაწასებულებაში იყოს მსგავსი მოთხოვნები). თქვენს კოლეგებს მოუწევთ, განსაზღვრონ საკუთარი საქმიანობის როგორც ძლიერი, ისე სუსტი მხარეები, თქვენ კი ეს „მედლებისა“ და „მისიების“ ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ.

გაუზიარეთ კოლეგებს თქვენი მოსაზრება იმის თაობაზე, რა სარგებლობა მოაქვს მათ სამუშაოს. ისინი იგრძნობენ, რომ მათ აფასებენ და პატივს სცემენ. იფიქრეთ, უკეთ როგორ მოახერხოთ ეს – არაფორმალურად და პრივატულად თუ ფორმალურად და საჯაროდ. თუ კოლეგები იგრძნობენ, რომ აფასებთ მათ, აღარც იმის განცდა გაუჩნდებათ, რომ „გადაეკიდეთ“ და თავდაცვით პოზიციას აღარ დაიკავებენ.

ბავშვების ინტერესების დაცვა განსაკუთრებულ ძალას შეგძენთ. თუ გადაწყვეტილების მიღებისას ყოველთვის მოსწავლეთა ინტერესებს დაეყრდნობით, შეკრული და ეფექტური გუნდის შექმნასაც შეძლებთ.

წყარო:

1.Geoff Petty.Teaching Today a Practical Guide. 4-th Edition Publisher: Oxford University Press.. 2009, p.611-615

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი