პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

განმავითარებელი შეფასება საბუნებისმეტყველო საგნებში

სასწავლო პროცესში განმავითარებელი შეფასების გამოყენება მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლისთვის, ასევე მასწავლებლისთვის. შეფასების ამ ფორმის გამოყენებისას მასწავლებელი ხედავს, სად უნდა გააუმჯობესოს საკუთარი პრაქტიკა, ხოლო მოსწავლე ხედავს თავის ძლიერ და სუსტ მხარეებს,  მიღწეული შედეგის გაუმჯობესების გზებს (1).

ბუნებისმეტყველების სწავლებისას პედაგოგები ხშირად მიმართავენ პროექტით სწავლებას. პროექტით სწავლება და განმავითარებელი შეფასება მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს. ამ დროს მასწავლებლის როლი იცვლება და ის მხოლოდ შინაარსის „გადამცემი, მიმწოდებელი“ აღარაა. პროექტით სწავლებისას მოსწავლეები იყენებენ არსებულ ცოდნას, მასზე აშენებენ ახალს და ივითარებენ სხვადასხვა უნარს. შესაბამისად, პედაგოგი აფასებს როგორც მოსწავლის ცოდნას, ასევე განვითარებულ უნარებსაც.

შეფასების პროცესში პედაგოგს ეხმარება რუბრიკა. რუბრიკის შექმნა სერიოზულ მუშაობას მოითხოვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რუბრიკაში ზუსტად აისახოს, თუ რა ცოდნა უნდა მიიღოს მოსწავლემ და რა უნარების დემონსტრირება უნდა შეძლოს პროექტის დასრულების შემდეგ. ასევე ზუსტად უნდა განისაზღვროს მოსწავლეთა მიერ შესრულებული დავალებების დონე და ის, თუ რა მოლოდინი აქვს მასწავლებელს. როდესაც მოსწავლეებს ეცოდინებათ, როგორ გაიზომება მათი წარმატება, ექნებათ სამართლიანობის განცდა. გარდა ამისა, ეს დაეხმარება მათ, სრულად ჩაერთონ სამუშაოში, წაახალისონ ჯგუფის წევრები. შეფასების რუბრიკების შესახებ ჟურნალ „მასწავლებლის” წინა ნომერში უკვე გამოქვეყნდა სტატია (2). ამ სტატიაში რუბრიკებს დაწვრილებით აღარ განვიხილავ და მხოლოდ ერთ  ნიმუშს მოგაწვდით.

საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლები ხშირად იყენებენ ჯგუფური მუშაობის ფორმას, მაგ., ექსპერიმენტების ჩატარებისას, პრობლემების გადაჭრისას. ამ დროს მასწავლებლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, ხელი შეუწყოს თანამშრომლობითი გარემოს შექმნას კლასში. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები  ინტერესით ჩაერთონ ჯგუფურ სამუშაოში, მისცენ ერთმანეთს რჩევები, გაარკვიონ ბუნდოვანი საკითხები და ხელი შეუწყონ ერთმანეთს მუშაობის პროცესში. ამრიგად, კლასში იქმნება ჯანსაღი კონკურენცია და ერთი ჯგუფი მეორის წარმატებას დამსახურებულად მიიჩნევს.

როდესაც ჯგუფის საერთო ნამუშევარი ფასდება, რთულია, პედაგოგმა თითოეული მოსწავლის წვლილი შეაფასოს. სწორედ მოსწავლეთა ინდივიდუალური შეფასების მიზნით წარმოგიდგენთ თვითშეფასების რუბრიკის ნიმუშს. ამ შემთხვევაში ჯგუფის თითოეული წევრი თავად აფასებს საკუთარ ნამუშევარს. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა ასეთი შეფასების რუბრიკა მუშაობის დროსაც გამოიყენონ და არა მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ. მასწავლებელს საშუალება უნდა ჰქონდეს, მიმართოს განმავითარებელ შეფასებას და ხელი შეუწყოს მოსწავლეთა წარმატებას.

კრიტერიუმი                                         მიღწევის დონე
  4 3 2 1
თანამშრომლობა/

სამუშაოს გადანაწილება

კარგად ვმუშაობ ჯგუფის ყველა წევრთან, სამუშაოს თანაბრად ვინაწილებთ. კარგად ვმუშაობ ჯგუფის თითქმის ყველა წევრთან, სამუშაოს ყოველთვის თანაბრად არ ვინაწილებთ. ჯგუფში კარგად ვმუშაობ დროის გარკვეულ მონაკვეთში, ჯგუფის სხვა წევრები ასრულებენ ძირითად სამუშაოს. არ ვმუშაობ კარგად ჯგუფში, არ ვასრულებ ჩემთვის განკუთვნილ სამუშაოს.
ჩართულობა სრულად ვარ ჩართული სამუშაო პროცესში, ვასრულებ ყველა სამუშაოს. დროის ძირითად ნაწილში ჩართული ვარ სამუშაო პროცესში, თითქმის ყველა სამუშაოს ვასრულებ. მუშაობისას ბევრ დროს ვკარგავ სხვა საქმიანობაზე, სამუშაოს დიდ ნაწილს არ ვასრულებ. არ ვარ ჩართული სამუშაო პროცესში, დიდი დროის მანძილზე სხვა საქმით ვარ დაკავებული.
მოსმენა ყურადღებიანი ვარ და ყოველთვის ვუსმენ ჯგუფის წევრების მოსაზრებებს. ჯგუფის წევრებს ვუსმენ ძირითადი დროის განმავლობაში და ყურადღებას ვაქცევ, თუ რას იტყვიან ისინი. იშვიათად ვუსმენ ჯგუფის წევრებს, ხშირად ვაწყვეტინებ საუბარს. საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას, რაზე საუბრობენ ჯგუფის წევრები. მე ჩემი მოსაზრებები მაქვს.
უკუკავშირი ძირითადად კონსტრუქციულ უკუკავშირს ვაძლევ ჯგუფის წევრებს. კონსტრუქციულ უკუკავშირს ხშირად  ვაძლევ ჯგუფის წევრებს. უკუკავშირს მხოლოდ მაშინ ვაძლევ ჯგუფის წევრებს, როდესაც მეკითხებიან. არასოდეს ვაძლევ უკუკავშირს ჯგუფის წევრებს.
ლიდერობა/

ხელმძღვანელობა

სიამოვნებით ვარ/ვიქნები ლიდერი ჯგუფში, დავეხმარები ჯგუფის დანარჩენ წევრებს აქტიურ მუშაობაში. უმეტესი დროის განმავლობაში ვარ/მზად ვარ, ვიყო ჯგუფის ლიდერი. შემიძლია ვიყო ჯგუფის ლიდერი, მაგრამ ამას ჩემი სურვილით  არ გავაკეთებ. არ მსურს ჯგუფის ლიდერობა, ვიქნები ჯგუფის ჩვეულებრივი წევრი.
პასუხისმგებლობა/

მუშაობის ჩვევა

 

ყოველთვის ვასრულებ ჩემს სამუშაოს და არასოდეს მჭირდება შეხსენება. ყოველთვის ვცდილობ წავახალისო ჯგუფის სხვა წევრებიც. ძირითადად ვასრულებ ჩემს სამუშაოს და ძალიან იშვიათად მჭირდება შეხსენება. რამდენჯერმე დამჭირდა შეხსენება, რათა შემესრულებინა ჩემი სამუშაო. ყოველთვის მჭირდება შეხსენება, რათა შევასრულო ჩემი სამუშაო.

განმავითარებელი შეფასებისას ერთი-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია შეკითხვების დასმა. ის ეხმარება მასწავლებელს, შეაფასოს, რამდენად ღრმაა მოსწავლის ცოდნა ამა თუ იმ საკითხის შესახებ. შეკითხვები ზოგჯერ დისკუსიას იწვევს კლასში, რაც კიდევ უფრო ეხმარება მოსწავლეებს არსებული ცოდნის განმტკიცებასა და ახალი ცოდნის შეძენაში. განმავითარებელი შეფასების ამ ინსტრუმენტის შესახებ ჟურნალ „მასწავლებლის“ წინა ნომერში იყო საუბარი (3). აქ მხოლოდ ერთ ნიმუშს წარმოგიდგენთ, რომელიც აღწერს შემთხვევას სამეცნიერო მუზეუმში.

მუზეუმის თანამშრომელმა, ქვეწარმავლების შესახებ საუბრისას, დამთვალიერებლებს აჩვენა ერთ-ერთი ქვეწარმავალი და დასვა შეკითხვა: „გველის რა ნაწილია კუდი და რა ნაწილია სხეული?” იმისათვის, რომ ვიზიტორები წაეხალისებინა, მათ ასეთი ინფორმაცია მიაწოდა: „ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ გველი მთლიანად სხეულია, ზოგი კი ფიქრობს, რომ ის მთლიანად კუდია. თქვენი აზრით,, რომელი მოსაზრებაა სწორი? ან იქნებ სხვა მოსაზრება გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით?” მუზეუმის თანამშრომელმა ამ შეკითხვების დახმარებით დამთვალიერებლები საინტერესო დისკუსიაში ჩართო და მისცა საშუალება, გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები.

 

ერთმა ბავშვმა თქვა, რომ კუდი შუა ნაწილიდან იწყება. მუზეუმის თანამშრომელმა სთხოვა, აეხსნა, რატომ ფიქრობდა ასე. პასუხის მოსმენის შემდეგ მუზეუმის თანამშრომელმა კვლავ მიმართა დამთვალიერებლებს: ვინ ეთანხმება ამ მოსაზრებას და არგუმენტებს?” რამდენიმე სტუმარმა ხელი ასწია. გთხოვთ დამისაბუთოთ, რატომ ეთანხმებით ამ მოსაზრებას”, – მიმართა მათ და ყველამ მოისმინა პასუხები. შემდეგი შეკითხვა კი მან იმ დამთვალიერებლებს დაუსვა, ვინც არ იზიარებდნენ ამ მოსაზრებას და საპირისპირო არგუმენტები ჰქონდათ. არც ერთი გამოთქმული მოსაზრება არ იყო სწორი.

 

მუზეუმის თანამშრომელმა დამთვალიერებლებს უთხრა: „წარმოიდგინეთ კატა ან ძაღლი და მოიფიქრეთ, როგორ დაახასიათებთ იმ ადგილს, სადაც კუდი სხეულს უერთდება? მოსაზრებების გამოთქმის შემდეგ შეთანხმდნენ, რომ ეს არის ადგილი, სადაც ხდება ექსკრეციის გამოყოფა. ამის შემდეგ მუზეუმის თანამშრომელმა მიიწვია ერთ-ერთი ვიზიტორი გველის უფრო ახლოდან დასათვალიერებლად – შენიშნავდა თუ არა ის გველის სხეულზე ასეთ ადგილს. მან მართლაც იპოვა სხეულზე პატარა ხვრელი (4).

მოცემული მაგალითი ნათლად ასახავს, თუ როგორ შეუძლია მასწავლებელს განმავითარებელი შეფასების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში. ჯგუფური მუშაობისას მოსწავლეთა თვითშეფასება მიუთითებს მას, თუ სად სჭირდება დახმარება თითოეულ მოსწავლეს. ასევე, რაც უფრო მეტ ღია, მაპროვოცირებელ კითხვას დასვამს მასწავლებელი, მით მეტი შესაძლებლობა ექნება, შეაფასოს მოსწავლეთა ცოდნა და უნარები.

ამრიგად, განმავითარებელი შეფასება მასწავლებელს როგორც მოსწავლის ცოდნისა და უნარების, ასევე საკუთარი სასწავლო მეთოდების შეფასების საშუალებას აძლევს. შეფასების ეს ფორმა აჩვენებს მას, თუ რამდენად ეფექტურია მისი მიდგომები და რა მიმართულებით უნდა გააგრძელოს მუშაობა მოსწავლეთა წარმატების უზრუნველსაყოფად.

გამოყენებული ლიტერატურა:

 

  1. Black and C. Harrison, (2010). Formative assessment in science. Good Practice in Science Teaching. What Research has to say? Edited by J. Osborne and J. Dillon. Open University Press (გვ.183 – 210)
  2. ნ. ედიშერაშვილი, (2016). შეფასების რუბრიკების მნიშვნელობა სწავლა-სწავლების პროცესში და მათი ტიპები. ჟურნალი „მასწავლებელი,“ N5 (გვ. 20 – 23)
  3. ს. გორგოძე, (2016). ეფექტური განმავითარებელი შეფასება. ჟურნალი „მასწავლებელი,“ N5 (გვ. 15 – 19)
  4. A. Vasquez, C. Sneider & M. Comer, (2013). STEM. Lesson Essentials, Grades 3 – 8, (გვ.123 – 136)

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი