პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ბედნიერება

ნეტავი რა აბედნიერებს ადამიანს? რისგან შედგება ბედნიერება და გვიან რატომ ვხვდებით, რომ ოდესღაც ბედნიერები ვყოფილვართ? რატომ არის, რომ ყოველთვის უფრო მეტი გვინდა?

აი, იქ ვიღაც დგას… მზეს შესცქერის და უხარია. მგონი, ბედნიერიც უნდა იყოს. ეს ავსტრალოპითეკი ლუსია. მის განამარხებულ ნაშთს 1974 წელს ეთიოპიაში აღმოაჩენენ, თუმცა ახლა, ამწუთას, მზე აბედნიერებს.

დროის მიღმა, აი, იმ ფერდობზე „მარჯვე ადამიანები“ შეკრებილან. აზრადაც არ მოსდით, რომ ასე ჰქვიათ. 1964 წელს ლუის ლიკი და მისი კოლეგები ტანზანიაში მათ განამარხებულ ნაშთებს იპოვიან და სახელსაც დაარქმევენ. მანამდე კი… „მარჯვე ადამიანები“ ქვას აღმოაჩენენ. ქვით ქვის გატეხვა შეიძლება… უჰ, ხელის გაჭრაც… და ხელს თუ ჭრის, ტახსაც ხომ გაუფატრავს მუცელს? ხორცი ექნებათ… განა არ არის ბედნიერების საბაბი?

იქით, იმ ველზე, „მშრომელ ადამიანებს“ მოუყრიათ თავი. გამართულად დადიან, ცეცხლითა და იარაღებით აღჭურვილან, უმცროს თაობას რაღაცებს ასწავლიან კიდეც, გამოცდილებას გადასცემენ და მათი წარმატება ახარებთ, მალაყებზე გადადიან… ბედნიერები არიან.

კიდევ უფრო იქით, დათოვლილი მთის ძირას, გამოქვაბულში, ნეანდერტალელები მონადირებული ცხოველების ტყავებს იზომებენ. ამიერიდან სიცივე ისე აღარ შეაწუხებთ… ისინიც ბედნიერები არიან.

ჰომო საპიენსები კი ყველაფრით უკმაყოფილოები ვართ. ვერც კი ვამჩნევთ, რომ ორი ფეხი გვაქვს და სირბილი შეგვიძლია, ორი ხელი, რომლებითაც ყველაფერს ვაკეთებთ, ორი ყური, რომლებითაც გვესმის, ორი თვალი, მზე რომ დავინახოთ, ენა, საჭმლის გემოთი რომ ვისიამოვნოთ და ცხვირი, იის სურნელი რომ ვიგრძნოთ. ტვინიც გვაქვს, ოღონდ ხან ვიყენებთ, ხან – არა.

მოკლედ, ჯანმრთელები ვართ და ეს უკვე ბედნიერებაა.

ბედნიერებას განწყობა ქმნის. განწყობას პატარ-პატარა დეტალები აყალიბებს. ამ დროს ჩვენს ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონი სეროტონინი გამომუშავდება და აგვაფორიაქებს ხოლმე. ან, უბრალოდ, კარგად გვაგრძნობინებს თავს.

ვწერ, თან შავ შოკოლადს გეახლებით და მისი გემოთი ვტკბები. შოკოლადი ერთბაშად ამაღლებს განწყობას. ალბათ ამიტომ იყო, მეთვრამეტე საუკუნის ევროპაში აფთიაქებში რომ იყიდებოდა წამალივით და ძალიან ძვირი ღირდა. სხვათა შორის, ლუდოვიკო მეთხუთმეტის ფავორიტს, მადამ დე პომპადურს, ძალიან ჰყვარებია ცხელი შოკოლადი. ის კი არა, ნაპოლეონიც ყოველ დილით გეახლებოდათ. ამბობდა, მამხნევებს და ძალას მმატებსო. ასე რომ, ნაპოლეონის გამარჯვებებში შოკოლადსაც მიუძღვის წვლილი.

კაკაოს მარცვლები ცხოველურ ცხიმს – ტრიგლიცერიდ ტრისტეარინს შეიცავს. ზოგიერთი თანამედროვე მწარმოებელი ამ ცხიმს მცენარეული ზეთით (უმეტესად – პალმის ზეთით) ცვლის. ასეთ შოკოლადს ნამდვილთან საერთო არაფერი აქვს.

როგორ ამოვიცნოთ ნამდვილი?

ა) შოკოლადის ფილა სახეხზე გავხეხოთ. თუ შოკოლადში მცენარეული ზეთი ურევია, მას პლასტილინივით დავსრესთ, ნამდვილი შოკოლადის ნაფხვენის დასრესა კი არ გამოვა.

ბ) შოკოლადის ფილა ორი წუთით მოვათავსოთ მიკროტალღოვან ღუმელში. ნამდვილი შოკოლადი დარბილდება, მაგრამ არ დადნება.

გ) შოკოლადის ნატეხი რძიან ჭიქაში ჩავაგდოთ. ნამდვილი ჩაიძირება, მცენარეული ზეთის შემცველი კი ზედაპირზე იტივტივებს.

დ) შოკოლადის ფილა 30 წუთით შევდოთ საყინულეში. ნამდვილი შოკოლადი კაკაოს ცხიმის პატარა წვეთებით დაიფარება.

ეკვადორისა და ვიეტნამის ტერიტორიაზე მოყვანილი კაკაოსგან დამზადებული შოკოლადი განსაკუთრებით გემრიელი ყოფილა. ეკვადორში, ქალაქ კიტასთან, მდებარეობს ნახევრად მთვლემარე ვულკანი კატაპაკი. ნიადაგიც მისგან ამოსროლილი კვამლითა და ფერფლით არის გაჟღენთილი. სწორედ ეს მიაჩნიათ მიზეზად, რომ აქაური კაკაო განსაკუთრებით ნოყიერია. თუმცა ეკვადორული კაკაოსგან დამზადებული შოკოლადიც კი ვერ იქნება სასარგებლო, თუ გულსართით უხვადაა ამოვსებული. რაც უფრო მეტია ნაწარმში გულსართ, მით უფრო ნაკლებია შოკოლადი.

მოდით, გავახუროთ თეთრი, რძიანი და შავი შოკოლადი. რომელი უფრო ადრე გალღვება? კაკაოს ცხიმი 36 გრადუსზე ლღვება, ამიტომ პირველი სწორედ შავი შოკოლადი დაიწყებს ლღობას, მერე – რძიანი, თეთრი კი ყურსაც არ შეიბერტყავს. მასში კაკაოს პროდუქტის შემცველობა სულ 20%-ია. სტანდარტის მიხედვით, შოკოლადი 35% კაკაოს პროდუქტს მაინც უნდა შეიცავდეს. თუ ის 40%-ს აღწევს, მაშინ ეს შავი შოკოლადია, თუ 55%-ს – მწარე. რძიან და გულსართიან შოკოლადში კი კაკაოს პროდუქტი 25%-ს არ აღემატება.

კაკაოს მარცვლები კიდევ ერთ საინტერესო ნივთიერებას – ალკალოიდ თიობრომინს შეიცავს. თვისებებით ის კოფეინს ჰგავს, ოდნავ მომწარო გემო აქვს და დიდი რაოდენობით მომწამლავია. ქიმიური ბუნებით სუსტი ფუძეა. რეაქციაში შედის როგორც მჟავებთან, ისე ფუძეებთანაც.

„თიობრომინი“ ლათინურად ღმერთების საკვებს ნიშნავს. ზომიერი მიღებისას წნევას მაღლა არ სწევს, სამაგიეროდ, ტვინს ასტიმულირებს, ანტიდეპრესანტი და ანტიოქსიდანტია.

ეს ალკალოიდი შოკოლადის სისუფთავის ერთგვარი ინდიკატორიც არის: რაც უფრო მეტი კაკაოს მარცვალია გამოყენებული წარმოებისას, მით უფრო მეტ თიობრომინს შეიცავს შოკოლადი. ყველაზე მეტი შავ შოკოლაშია, თეთრში კი თითქმის არ არის. რძიან და გულსართიან შოკოლადს შუალედური ადგილი უკავია. თუ შოკოლადი შავია, მაგრამ თიობრომინს არ შეიცავს, გაუყალბებიათ და ეგ არის…

კაკაოს მარცვლებში ცოტაოდენი ეპიკატექინიც მოიპოვება. ეს პოლიფენოლების ჯგუფის ნივთიერებაა და კუნთებს ასტიმულირებს. მიტოქონდრიებზე ზემოქმედებს და მათ რეპარაციას, ფუნქციის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

ექიმები ირწმუნებიან, შოკოლადი ალპინისტებისთვისაც კარგიაო. კაკაოს პოლიფენოლები მაღლა სწევს სისხლში აზოტის ოქსიდის კონცენტრაციას, სისხლძარღვებს ადუნებს და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. ამის შედეგად ძლიერი დატვირთვის დროს ჟანგბადის შიმშილობაა არ შეინიშნება.

შოკოლადის გამოყენება ქიმიის გაკვეთილზეც შეიძლება. მიხვდით ალბათ – გემრიელი ცდების ჩასატარებლად.

 

ცდა #1

ჩაყარეთ სინჯარაში გახეხილი შოკოლადი (ასე, 1 სმ-დე სიმაღლეზე), დაასხით 2 მლ გამოხდილი წყალი, კარგად შეანჯღრიეთ და გაფილტრეთ. ფილტრატს 1მლ ნატრიუმის ტუტის ხსნარი და 10%-იანი სპილენძის სულფატის 2-3 წვეთი დაამატეთ. კვლავ შეანჯღრიეთ. წარმოიქმნება კაშკაშა ლურჯი ფერი. ეს საქაროზას აღმომჩენი რეაქციაა.

 

ცდა #2

შოკოლადი დაფხვენით და კოლბაში ჩაყარეთ. დაამატეთ 15 მლ 965-იანი ეთილის სპირტი. შეანჯღრიეთ და 15-20 წუთით შედგით სპირტქურაზე, ოღონდ არ აადუღოთ. მერე გააცივეთ და გაფილტრეთ. ფილტრატი სხვა კოლბაში გადაიტანეთ, დაამატეთ 5 მლ 1M გოგორდმჟავას ხსნარი და ადუღებამდე გააცხელეთ 15 წუთის განმავლობაში. კვლავ გააცივეთ და გაფილტრეთ. მოვარდისფრო-ყავისფერ ხსნარს მიიღებთ. გაცივების შემდეგ 1 მლ ფილტრატის დაამატეთ 1 მლ მოლიბდენის რეაქტივი (7,5გ ამონიუმის მოლიბდატი (NH4)6Mo7O24 ხსნიან 100მლ 32%-იან აზოტმჟავაში) და ნარევი წყლის აბაზანაში გააცხელეთ. წარმოიქმნება ყვითელი წვრილკრისტალური ნალექი. თუ შოკოლადი რძიანია, ეს რძის ფოსფოპროტეინების დამსახურება იქნება, თუ სუფთა – ლეციტინში შემავალი ფოსფატიონებისა, რომლებიც ამონიუმის მოლიბდატთან რეაგირებენ.

 

ცდა #3

ჩაყარეთ სინჯარაში გახეხილი შოკოლადი (1 სმ-დე სიმაღლეზე), დაასხით 2-3 მლ გამოხდილი წყალი, კარგად შეანჯღრიეთ და გაფილტრეთ. 1 მლ ფილტრატს დაამატეთ 0,5 მლ კონცენტრირებული აზოტმჟავა. ნარევი გააცხელეთ. წარმოიქმნება ყვითელი მასა. თუ 25%-იან ამიაკს დაამატებთ, ნარინჯისფერში გადავა. ეს სინჯი რძიან შოკოლადში შემავალი ცილის ამინმჟავებზეა გათვლილი.

და მაინც – სად არის ბედნიერება?

აბრაამ ლინკოლნს უთქვამს: „თუ გინდა, ბედნიერი იყო, აქციე ბედნიერება შენი ცხოვრების მთავარ მიზნად“.

თუ მთლად ასე არ გამოდის, ცოტა შოკოლადიც მიაშველეთ…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი