შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

“ევროპული” იმერული ღვინო

ციცქა ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ცნობილი საღვინე ჯიშია. იგი იმერეთის აბორიგენულ ვაზის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება. ციცქა გვიან მწიფდება. გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს რაიონებში, უმთავრესად იმერეთში.

ციცქას  ფოთლები საშუალო ზომისაა, სამ ან ხუთნაკვთიანი. ფორმით მომრგვალო ან ოდნავ ოვალურია. ფოთლის ზედაპირი ბადისებრ დანაოჭებული ან წვრილბურთულებიანია,  მუქი მწვანე ფერის. ფოთლის ქვედა მხარე ბუსუსიანია -მოკლე ჯაგრისებრი ბუბუსითა და სქელი აბლაბუდისებრი  ბეწვით, რომლებიც ერთად საკმაოდ სქელ ქეჩისებრ შებუსუსებას ქმნიან.

ისევე როგორც ფოთლები, ციცქას მტევანიც საშუალო ზომისაა, მისი ძირითადი ფორმა კონუსისებრი ან ცილინდრულ-კონუსისებრია, იშვიათად ცილინდრული ფორმისაც გვხვდება. მტევნები ძალიან მკვრივი ან მკვრივია. მარცვალი საშუალო ზომისაა, ძირითადად მომრგვალო, იშვიათად ოდნავ ოვალური ფორმის.  ფერი მომწვანო-ყვითელია. კანი  დაფარულია საკმაოდ სქელი ცვილისებრი ფიფქით. თხელია, მაგრამ საკმაოდ მკვრივი. რბილობი წვნიანია, წვენი უფერული. გემო ჰარმონიული.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს ჯიში  შედარებით მაღალი გამძლეობით ხასიათდება ფილოქსერასა და ჭრაქის მიმართ. ხოლო სუსტი გამძლეობით  – ნაცრის მიმართ. ზამთრის ყინვების მიმართ უფრო გამძლეა, ვიდრე მეორე ცნობილი იმერული ჯიში – ცოლიკაური. კვირტის გაშლას იწყებს აპრილის მეორე დეკადაში. სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის  მეორე ნახევარში. საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე დაახლოებით 6-10 ტონას აღწევს.

ციცქას ბოთლში დღეს როგორც შედარებით მცირე მარნები, ასევე დიდი კომპანიებიც აწარმოებენ. ამ ჯიშის ყურძნისგან დაყენებული ღვინო წარმატებით იყიდება დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაშიც.

ციცქა მაღალმჟავიანი საშუალო შაქრიანობის განსხვავებული არომატების ყურძენს იძლევა. ციცქა ცოლიკაურთან და კრახუნასთან ერთად საუკეთესოდ კუპაჟდება. მტევანი შეკრულია საშუალოზე პატარა მჭიდრო მარცვლებით. კანი თხელი აქვს. წვენის გამოსავლიანობა ცოლიკაურზე 10%-ით მეტია. თვითონ ვაზი საკმაოდ მგრძნობიარეა ჭარბტენიანი ნიადაგის მიმართ, ამიტომ უფრო მზიან დახრილ ფერდობზე ვარგობს. ცოლიკაურთან და სხვა ჯიშებთან შედარებით სუსტია ნაცრისა და ჭრაქის წინაშე.

მეღვინეების დაკვირვებით, ციცქა  იძლევა საუკეთესო ღირსების ევროპული და იმერული ტიპის  ღვინოებს და ხარისხოვან მასალას ცქრიალა ღვინისათვის. ციცქას სუფრის ღვინო ღია ჩალისფერია მომწვანო იერით, იგი ხასიათდება სხეულით, ენერგიითა და სიხალისით.

ციცქა როგორც უკვე აღვნიშნეთ ძირითადად დასავლეთ საქართველოში, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელოს, აფხაზეთი, გურიისა და აჭარის რეგიონებში ხარობს. დასავლეთ საქართველოში ციცქას ხშირ შემთხვევაში ცოლიკაურთან საკუპაჟედ იყენებენ, თუმცა მეღვინეები ამბობენ, რომ ცალკე დაყენებული ციცქასგანაც შესანიშნავი ღვინო დგება.

იმერულ ღვინოს და მათ შორის, რა თქმა უნდა, ციცქასაც, მრავალი პრობლემა აქვს. იმერეთში, მიუხედავად ჯიშების მრავალფეროვნებისა, ღვინოს ყურძნის მოსავლის სიმცირის გამო მხოლოდ რამდენიმე ჯიშისგან ამზადებენ. ამიტომ ოჯახში დამზადებული ღვინო ნატურალური არ არის, გათვლილია მხოლოდ ერთი წლის მარაგის დამზადებაზე. ერთ წელიწადში კი ღვინო თავისი ღირსებების გამოვლენას ვერ ასწრებს.

იმერული ყურძნის ჯიშები საბჭოთა პერიოდში განადგურდა, რადგან კოლმეურნეობებს ყურადღება გამახვილებული ჰქონდათ რაოდენობაზე და არა ხარისხზე. მოჰყავდათ ისეთი ჯიშები, რომელთა მოვლაც გაცილებით იოლი იყო. იმერეთში გლეხებმა უკვე დაიწყეს იშვიათი ჯიშების მოშენება, თუმცა ეს მაინც იშვიათად ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ციცქა იშვიათ ჯიშებს ალბათ ნაკლებად განეკუთვნება, მისი ფართობები დღეს იმერეთშიც კი ძალიან მცირეა და ეს ჯიში განსაკუთრებულ ყურადღებასა და დაფასებას საჭიროებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი