შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

გოგოებისთვის

ფანჯრიდან კორპუსები.

კორპუსებიდან ფანჯრები და სხვა კორპუსები.

ხეები შიგადაშიგ და ზამთრულად. ხეები ზამთარში დიდებულია, სადა.

შენობები მნიშვნელობას იძენენ. „შევიდეთ“,- ვამბობთ. „შიგნით“,- ვაზუსტებთ. „გარეთ“- იძულებით და თბილად.

ზამთარიც იძულებით. არ გვინდა. არ უნდათ. უფრო მეტად არ უნდათ, ვიდრე უნდათ. მწყინს, კაშნეს ვიხვევ და გავდივარ.

სევდიანი ზამთარი მაქვს, ვფიქრობ. ბავშვები სკოლიდან ბრუნდებიან და ვერ ვიხსენებ, რა მაგარია, ბრუნდებოდე სკოლიდან. რა მაგარია, როცა გელიან. გაკვეთილებსაც სიამოვნებით ჩავაბარებდი ვინმეს, ოღონდაც მელოდებოდნენ. მაგრამ არა, ვერ ვიხსენებ. დედები დარჩნენ შორს.

მერე წასვლა დაიწყო. მოდიოდნენ და მერე მიდიოდნენ და ჩვენ გვასწავლეს, რომ აუცილებლად ბედნიერები უნდა ვყოფილიყავით, არ გვეტირა, როცა გვტოვებდნენ. საზიზღრობაა. ყველას აქვს უფლება, ხანდახან იყოს უბედური. მოწყენილი. იმედგაცრუებული. იტიროს მეტროში, ავტობუსში, ქუჩაში.

მე ვიცნობ მობუზულ, მტირალ გოგოებს. და ერთადერთ მტირალ ბიჭს. ის ბიჭი წარსულშია, თვრამეტი წლის და ამბობს- მოდი, არ დავშორდეთ. ამბობს- რა მაგარია, რომ მიყვარხარ, როგორ მშორდები.

მერე, როცა მე დამშორდნენ, ჯერ ვიტირე,- „როგორ მშორდები“ და მხოლოდ შემდეგ გამიკვირდა.

დედაჩემს ახსოვს: დავდიოდი ოთახებში, უკვე უცრემლოდ. დავდიოდი დაუსრულებლად და დაუსრულებლად მიკვირდა, როგორ შეეძლოთ, დათანხმებოდნენ მარტო ყოფნას, შეეწყვიტათ ჩემი სიყვარული. დედას ვახსოვარ, დედებს ვახსოვართ ჩვენ, გოგოები, რომლებიც დადიოდნენ ოთახიდან ოთახში და ამბობდნენ,- „ვერ გადავრჩები“.

ყველა გადავრჩით.

მერე ვთქვით, გოიმობაა სიყვარული. როგორი გოიმურია, ვარდები და სუნამოები, როგორი ძველმოდურია ხელი- ხელჩაკიდებული სიარული, გოიმურია სასიყვარულო მესიჯები, არ ვამბობთ სიტყვას „საყვარელო“, არც- „ძვირფასო“, არ ვსხდებით პარკებსა და სკვერებში, რადგან ძმეტისმეტად გოიმურია.

გულის სიღრმეში გვეშინია, ვაითუ შეგვიყვარდეს. ვაითუ ისევ. ისევ თავიდან. დედები ვეღარ გადაიტანენ,- თავს ვიმართლებთ.

სევდიანია ეს ზამთარი. დედები ვეღარ გვხედავენ და ოთახებიდანაც გამოვედით. დავდივართ უზარმაზარ ქალაქში და ვფიქრობთ, ხვალ ყველაფერი შეიცვლება, დღეს გვაქვს უფლება, ვიაროთ უხმოდ, უცრემლოდ, მარტო და ვიფიქროთ, ვისთან წავიდა ჩვენი ყოფილი შეყვარებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ჩემი „ვანგოგენი“

ეული ყველასთან ერთად

დარდისას გეტყვი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი