პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

თუ თქვენი შვილი მეოცნებეა

თქვენი შვილი წარმოსახვით მეგობრებს ელაპარაკება? ხშირად ჰყვება ისტორიებს, რომლებსაც არაფერი აკავშირებს სინამდვილესთან? თავისი ტყუილის თვითონვე სჯერა? მაშ, ბავშვი მეოცნებეა და განსხვავებული მიდგომა სჭირდება. ის შეიძლება გახდეს ცნობილი მხატვარი, მწერალი, გამომგონებელი, დიზაინერი, მსახიობი, მუსიკოსი, მეცნიერი… მაგრამ ხომ არ ვნებს თავისივე ფანტაზია? აუცილებელია თუ არა ბავშვის მიწიერთან დაბრუნება?

როგორც არ უნდა ჩანდეს შორიდან, ბავშვის ფანტაზიორობას ბევრი დადებითი მხარე აქვს. მეოცნებეს მდიდარი წარმოსახვა ახასიათებს, მისი გონება გამუდმებით მუშაობს, მისი ფანტაზია უშრეტია და შემოქმედებისთვის მსუყე ნიადაგს ქმნის. ასეთი ბავშვები კრეატიულ ადამიანებად იზრდებიან, მერე კი სწორედ ასეთი ადამიანები ხდებიან გამომგონებლები, ანგრევენ სტერეოტიპებს, ცვლიან სამყაროს…

მაგრამ მშობლებს აწუხებთ მეოცნებე ბავშვის მდიდარი ფანტაზია. ისინი შიშობენ, რომ მათი შვილი, ზრდასრულიც კი, თავის სამყაროში დარჩება, ცხოვრების მკაცრ მოთხოვნებს ვერ მოერგება.

ფსიქოლოგები განმარტავენ, რომ თუ ბავშვი მეტისმეტად მოსწყდა რეალობას, ესე იგი მან ან ტრავმა გადაიტანა, ან მშობლების ყურადღება დააკლდა, ან მორიდებულია და დაბალი თვითშეფასება აქვს.

მეოცნებეს ყურადღება სჭირდება. ჯერ ერთი, მას შეუძლია დაიჯეროს, რომ ფრენას მოახერხებს და მაღლიდან გადახტეს; ოცნებით გატაცებული, დაუდევრად გადავიდეს ქუჩაზე; შეუძლია, კლასში წარმოსახვით მეგობარს დაელაპარაკოს და თანაკლასელების დასაცინი გახდეს. მეორე – მეოცნებეს უჭირს თანატოლებთან კომუნიკაცია, უჩვეულო ბავშვს იოლად ამჩნევენ და იჩემებენ. მესამე – რეალობისგან გამოთიშვის ყველაზე მძიმე მხარე ის არის, რომ ბავშვის მიერ შექმნილი სამყარო საინტერესოა, რეალობა კი მის ფონზე ფერმკრთალი და ერთფეროვანი ჩანს. დროთა განმავლობაში ეს ბავშვს დეპრესიაში აგდებს და ფსიქოლოგის ჩარევის გარდა ვეღარაფერი შველის.

სპეციალისტები გვირჩევენ, ყურადღებით მოვეპყროთ ბავშვებს. შესაძლოა მათ ჩვენი თანადომა, გამხნევება და სითბო აკლდეთ. შესაძლოა, თავიანთ წარმოდგენაში ჯადოქრები და გმირები იყვნენ, რადგან ხშირად ეუბნებით, არაფრის მაქნისი ხარო.

მშობლებს შეუძლიათ, ბავშვის მდიდარი წარმოსახვა შემოქმედებითი საქმიანობისკენ მიმართონ. პირველი ნაბიჯის გადასადგმელად ჰკითხეთ ბავშვს, როგორია მისი სამყარო, ვინ ცხოვრობს იქ, ზღაპრულია ეს სამყარო თუ ნამდვილს ჰგავს. სთხოვეთ მისი დახატვა, მასზე მოთხრობის დაწერა. შეუქეთ თავისი სამყარო. წარმოსახვითი მეგობრებიც შეუქეთ – შესაძლოა, ისინი თქვენი მოკავშირენი გახდნენ. იქნებ ერთ-ერთმა მათგანმა შეახსენოს ხოლმე თქვენს შვილს, რომ ძილის წინ კბილების გახეხვა აუცილებელია J

მთავარია, ბავშვის ფანტაზიაში თქვენც არ ჩაყვინთოთ. ხშირად უთხარით: „წარმოიდგინე, რომ…“ ან „ვითომ ჩვენ…“ ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ რეალობა სხვაა და ის, რაზეც ოცნებობს – სხვა.

მშობლებმა და მასწავლებლებმა ბავშვს რეალური სამყარო უნდა შეაყვარონ. უნდა აჩვენონ, რომ აქ უამრავი რამაა საინტერესო. წაიყვანეთ ბავშვი პიკნიკზე. აუხსენით, რომ შეუძლია წარმოიდგინოს ზღაპრული ტყე, მაგრამ არც ნამდვილი ტყე ჩამოუვარდება ზღაპრულს. ის გაცილებით იდუმალია. ბევრი დრო გაატარეთ შვილთან ერთად: ეთამაშეთ, ეცეკვეთ, მასთან ერთად მოიგონეთ მუსიკა, მიეხმარეთ სხვა ბავშვებთან კომუნიკაციაში – ბავშვს რეალური მეგობრებიც უნდა ჰყავდეს.

ყოველ ასაკს განსაზღვრული ფსიქოლოგიური თავისებურებები ახასიათებს. ეს თავისებურებები განაპირობებს ბავშვის ქცევას, მის  წარმატებას, სოციალური მოთხოვნებისადმი შესაბამისობას და სხვა. ბავშვის ქცევის ხასიათზეა დამოკიდებული, როგორი რეაქცია ექნებათ მასზე გარშემო მყოფებს (მშობლებს, მასწავლებლებს, სხვა ბავშვებს). ფსიქიკური განვითარებიდან გადახვევა მაშინ ხდება, როდესაც გარშემო მყოფები ამძაფრებენ ბავშვის ფსიქოლოგიურ პრობლემებს. ბავშვთან ურთიერთობის დროს უფროსები თავიანთი ქცევით გაუცნობიერებლად ართულებენ მის მდგომარეობას, ამიტომ ბავშვის სწორ თუ არასწორ განვითარებაში უფროსების დდი წვლილია.

რეალობიდან ძლიერი ამოვარდნა შინაგან სამყაროში, ფანტაზიაში გადასახლებას ნიშნავს. ბავშვი თითქოს „სადღაც დაფრინავს“, არ ესმის გაკვეთილზე მასწავლებლის ხმა, არ რეაგირებს მშობლების მითითებებზე. ის თავის წარმოსახვაში ცხოვრობს და თამაშობს. ხან მონადირის როლს ირგებს, ხან მოგზაურისა და კინოვარსკვლავისას. წარმოსახვითვე იკმაყოფილებს თამაშის მოთხოვნილებას. შეუძლია, მოიაროს აფრიკა და აზია, გაეხვიოს თავგადასავლებში, იქცეს ყველასათვის სათაყვანებელ სუპერგმირად… ხშირად ბავშვს სინამდვილე და გამონაგონი ერთმანეთში ერევა. ის ისეთ ისტორიებს ყვება, რომ მშობლებიც კი ძნელად არჩევენ ტყუილსა და მართალს.

სასკოლო ასაკში რეალობიდან ამოვარდნა სკოლამდელი ცხოვრების, თამაშის გაგრძელებაა. დავალებებს ბავშვი საკუთარი აქტივობების ნაწილად აღიქვამს და მათ ზედმიწევნით შესრულებაზე არ არის ორიენტირებული. ინსტრუქცია ირღვევა, მაგრამ ბავშვი ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს.

მეოცნებეს განვითარების პროგნოზი დროული კორექციის შემთხვევაში არაჩვეულებრივია: ბავშვი კარგად სწავლობს და ძალიან კრეატიულია. მას ეადვილება ფიქრი, გონებრივი სამუშაოს შესრულება. შესაძლოა, სისტემური საქმიანობა ოდნავ უჭირდეს, მაგრამ მალევე აინაზღაურებს დანაკლისს.

მეოცნებე ბავშვისთვის დამახასიათებელია შფოთვის მაღალი დონე. შფოთვა ბარიერია, რომელიც ბავშვს გულღია ქცევაში ხელს უშლის, რადგან გარშემო მყოფთა ნეგატიური რეაქცია აშინებს. კონფლიქტი რეალური ყურადღების მიპყრობის სურვილსა და ამავე ყურადღების უქონლობას შორის დაუკმაყოფილებლობას, შფოთვას იწვევს. ეს მიზეზშედეგობრივი მანკიერი წრეა: ყურადღების მოთხოვნილების დაუკმაყოფილებლობა იწვევს შფოთვას, რომელიც, თავის მხრივ, ბლოკავს ქცევის იმ ფორმებს, რომლებითაც ბავშვი საკუთარი პიროვნებისადმი ყურადღების მიპყრობას მოახერხებდა.

მოზარდ ასაკში ქცევითი აქცენტები არცთუ იშვიათად იცვლება. თუ ადრე ბავშვი მხოლოდ სწავლაში იყო პასიური, ახლა თანატოლებთან ურთიერთობის დროსაც პასიურობს. რეალობიდან გაქცევის ტენდენცია მას მარტოსულობს, კარჩაკეტილს ხდის. მოზარდი ნელ-ნელა უუცხოვდება თანატოლებს, მისი ინტერესები სხვებისას არ ემთხვევა. სხვა მოზარდები „ვერ უგებენ“ მას და მის ფანტაზიებს არ იზიარებენ.

რეალობიდან გაქცევის ტიპური შფოთვის „განკურნება“ მოზარდის თეატრალურ სტუდიაში მიბარებით შეუძლებელია. თუ მოზარდი თავის შესაძლებლობებში არ არის დარწმუნებული, სცენაზეც შებოჭილი იქნება და ვერაფერს მიაღწევს. „განკურნებისთვის“ კი მას სწორედ წარმატება, ყურადღება, ემოციური მხარდაჭერა სჭირდება. ასეთ დროს გაცილებით ეფექტიანია სხვაგვარი შემოქმედებითი საქმიანობა, მაგალითად, ხატვის წრეზე ან ლიტერატურულ სტუდიაში სიარული. თუ მოზარდს მხატვრული ნიჭი არ აღმოაჩნდა, შეუძლია, აბსტრაქტულ მხატვრობას მოჰკიდოს ხელი. რეპროდუქციების ნახვა, საგამოფენო სივრცეში ნამდვილი ტილოების თვალიერება დაარწმუნებს მოზარდს, რომ აბსტრაქტული ხელოვნება არსებობს და საზოგადოების ინტერესს იწვევს.

მოიმარაგეთ ქაღალდი, გუაში, ფუნჯები და შესთავაზეთ მოზარდს, დახატოს აბსტრაქცია. ფერადი დეკორატიული ნახატები მეოცნებე ბავშვებს კარგად გამოსდით. ამ ნამუშევრების შინ გამოფენაც შეიძლება. მოზარდი უნდა დარწმუნდეს, რომ ამაყობთ მისით. ეს საუკეთესო თერაპიაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი